კინო თითქმის უკვე საუკუნენახევარია ჩვენი ცხოვრების ნაწილია. პირველად 1870-იან წლებში ედვარდ მაიბრიჯმა სცადა ადამიანთა და ცხოველთა მოძრაობის ფირზე აღბეჭდვა (ქრონოფოტოგრაფია), თუმცა ძმები – ოგუსტ და ლუი – ლუმიერები იყვნენ პირველები, რომლებმაც არა მარტო მოკლემეტრაჟიანი უხმო კადრების გადაღება, არამედ მათი აუდიტორიისათვის წარდგენაც დაიწყეს. ამგვარად, ჯერ კიდევ 1895 წლიდან ნელა, მაგრამ წარმატებით დაიწყო კინოხელოვნების იმ სახით ჩამოყალიბება, რომელსაც დღევანდელობაში ვხვდებით.

მე-19 საუკუნის კინოკამერით აღბეჭდილ სცენებში ვერ გადააწყდებით რაიმე სახის მონტაჟსა და ვერც დაქირავებულ მსახიობებს, რადგან ეს კადრები მოიცავს მხოლოდ ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებს: მატარებლის სადგურში შემოსვლა, ბანქოს თამაში, ადამიანთა გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე და ა.შ. იდეა იმისა, რომ ფირზე "ყალბი" ქმედების აღბეჭდვა შეიძლება, მოგვიანებით, მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაყურებელს მობეზრდა იმ მოვლენების "ეკრანზე" ხილვა, რაც ისედაც ხდებოდა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მის გარშემო. საჭირო გახდა, დიდი ცვლილების შემოტანა კინემატოგრაფიაში — კინოს მაყურებლისთვის უნდა შეეთავაზებინა უფრო მძაფრი შეგრძნებები და ემოციები. ეს პირველი კადრები გარკვეულწილად დოკუმენტური ხასიათისა იყო და ალბათ, სწორედ აქედან წარმოიშვა იდეა იმისა, რომ დოკუმენტური კადრები მხოლოდ და მხოლოდ დროსა და სივრცეში რეალურად მიმდინარე მოვლენებს უნდა ასახავდეს, ხოლო სხვა ყველაფერი მხატვრული გამონაგონია და სწორედ ამ ჟანრს განეკუთვნება.

ედვარდ მაიბრიჯის მორბენალი ცხენი.

ფოტო: SSPL/Getty

პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად მიჩნეულია ამერიკელი რეჟისორის რობერტ ფლაერტის მიერ კანადის ჩრდილოეთში გადაღებული ფილმი ჩრდილოეთის ნანუკი (Nanook of the North, 1922). ფილმში, რომელიც ამ ჟანრის პირველ ნიმუშად უნდა განვიხილოთ, თითქმის ყველა კადრი დადგმულია და უამრავი რამაა გამოგონებული, მათ შორის მთავარი პერსონაჟის სახელი და მისი ოჯახური მდგომარეობა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფილმში აღწერილი ესკიმოსების ცხოვრება ისეთი არ იყო, როგორც ეს ფლაერტმა გადმოსცა. ძირითადად, კადრების წინასწარ დადგმას იმ პერიოდის აპარატურის გაუმართავობა განაპირობებდა: ესკიმოსებმა ახალი, უფრო დიდი იგლუც კი ააგეს, რადგან ჩვეულებრივში კამერის განთავსება ვერ მოხერხდა. ფლაერტიმ თავისი ხედვით მხატვრული ელემენტები დაამატა, რათა ფილმი კიდევ უფრო საინტერესო გაეხადა იმ პერიოდის მაყურებლისათვის.

აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ჯერ კიდევ 1912 წელს ქართველმა რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო ფილმი აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, რომელიც პირველ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმად ითვლება.

კადრი ფილმიდან ჩრდილოეთის ნანუკი.

ფოტო: Pathé Exchange

იმ ვიზუალურმა მასალამ, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით და ვუყურებთ სხვადასხვა არხის საშუალებით, თითოეულ ჩვენგანს ჩამოუყალიბა გარკვეული წარმოდგენები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ კინო, არამედ ნებისმიერი ვიზუალური ხელოვნების ნიმუში. თუმცა თანამედროვე ეპოქაშიც არსებობენ ხელოვანები, რომლებიც არღვევენ არსებულ წესებსა თუ დაუწერელ კანონებს და ამით სხვადასხვა სფეროს კიდევ უფრო განვითარებას უწყობენ ხელს.

ერთ-ერთი ასეთი გერმანელი რეჟისორი ვერნერ ჰერცოგია, რომლისთვისაც არ არსებობს ბარიერი, რაც მას შეზღუდავს და ამის გამო თავისუფლად შეგვიძლია მას ლეგენდარული ვუწოდოთ. რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ვერნერ სტიპეტიჩი მიუნხენში, 1942 წელს დაიბადა, თუმცა მოგვიანებით დედამისი, ელიზაბეთი, ჩვილთან ერთად მეორე მსოფლიო ომს ბავარიის მთების ერთ-ერთ სოფელში — ზახრანში გაექცა, სადაც ვერნერი კომფორტის საგნებისგან სრულად მოწყვეტილ გარემოში გაიზარდა. მომავალმა რეჟისორმა ბავშვობაში არც კი იცოდა კინოს არსებობის შესახებ, თუმცა პირველი ფილმი, ჰერაკლე, მან 19 წლის ასაკში გადაიღო 35 მმ-იანი კამერით, რომელიც მიუნხენის კინოსკოლიდან მოიპარა: "მე ამას ქურდობად არ მივიჩნევ. ეს უბრალოდ საჭიროება იყო", — ამბობს ის ამ ფაქტის გახსენებისას. ამავდროულად, მან სტიპეტიჩი მამის გვარით, ჰერცოგით შეიცვალა, რადგან მიაჩნდა, რომ ასე უფრო რეჟისორისთვის შესაფერისად ჟღერდა. ჰერცოგს თავიდანვე სჯეროდა, რომ სწორედ კინემატოგრაფია იყო ის სფერო, რომელშიც უნდა ემუშავა, თუმცა მისთვის ფილმების გადაღება და მათი წარმოება ადვილი ნამდვილად არ აღმოჩნდა.

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ... თუკი არ წაიკითხავთ, მაშინ ვერასდროს გახდებით კინორეჟისორი.

ვერნერ ჰერცოგი

IMDb-ის მიხედვით, ვერნერ ჰერცოგის სახელს, როგორც მხოლოდ რეჟისორს, 73 ფილმის შექმნა უკავშირდება (როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული). აღარაფერს ვამბობთ მის სცენარებსა და სამსახიობო როლებზე, საიდანაც მიღებულ თანხას ჰერცოგი ისევ და ისევ ახალი ფილმების გადასაღებად იყენებს ხოლმე. მაგალითად, მანდალორელში (The Mandalorian) შესრულებული როლისთვის მიღებული ანაზღაურებით მან კინოსურათის შპს ოჯახური რომანი (Family Romance, LLC, 2019) გადაღებები დააფინანსა. ასევე უნდა აღვნიშნოთ მისი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ხმა, რომელსაც მძიმე, გერმანული აქცენტი დაჰკრავს: ამ ხმას არა მარტო ჰერცოგის დოკუმენტურ ფილმებში, არამედ მულტფილმ სიმფსონებშიც (The Simpsons) კი ვხვდებით.

ჰერცოგი სერიალში მანდალორელი.

ფოტო: Disney+

შეგვიძლია, დაუსრულებლად ვისაუბროთ ვერნერ ჰერცოგის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე — ამის საშუალებას კი მის მიერ გადაღებული უამრავი ფილმი გვაძლევს, თუმცა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჰერცოგის მხატვრულ შემოქმედებაში სწორედ ის ნამუშევრებია, რომლებიც მან გერმანელ მსახიობ კლაუს კინსკისთან ერთად გადაიღო (მათ ერთად სულ 5 ფილმზე იმუშავეს). თუკი აქამდე კინსკის ხასიათისა და მისი მუშაობის მეთოდების შესახებ არ გსმენიათ, შეგიძლიათ, ჰერცოგის 1999 წელს გადაღებულ ფილმს ჩემი საყვარელი მტერი (Mein liebster Feind) უყუროთ და იმ სრული სიგიჟის მონაწილე გახდეთ, რომელიც რეჟისორმა და მსახიობმა გადასაღებ მოედანზე დაატრიალეს.

თითოეულ ჩემს ჭაღარას კინსკის ვეძახი.

ფილმიდან ჩემი საყვარელი მტერი

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად აღიარებული კინსკი ნამდვილად არ გამოირჩეოდა მშვიდი ხასიათითა და კარგი მანერებით: იგი მუდმივად ატერორებდა გადამღებ ჯგუფს და იმუქრებოდა, რომ გადასაღებ მოედანს მიატოვებდა. სურათზე აგირე, ღვთის რისხვა (Aguirre, the Wrath of God, 1972) მუშაობის დროს, ადგილობრივებმა ჰერცოგს მსახიობის მოკვლაც კი შესთავაზეს და მართალია, რეჟისორმა ეს წინადადება უარყო, ერთხელ გადასაღებ მოედანზე კინსკის თავადაც დაუმიზნა იარაღი და დაემუქრა, რომ მოკლავდა, შემდეგ კი თავსაც მოიკლავდა, თუკი მსახიობი მუშაობას შეწყვეტდა. როგორც ჩანს, ამ მუქარის სისრულეში მოყვანა საჭირო აღარ გახდა და გადამღებმა გუნდმა ფილმის დასრულება შეძლო.

კადრი ფილმიდან ჩემი საყვარელი მტერი.

ფოტო: Anchor Bay

ჰერცოგის ფილმებს განსაკუთრებულსა და გამორჩეულს არა მხოლოდ მისი, როგორც რეჟისორის, მიდგომა და გადაღების თავისებურებები ხდის, არამედ თვითონ რეჟისორის პიროვნება და პირადი ცხოვრება, რომელიც, შესაძლოა, წარმოუდგენლადაც მოგვეჩვენოს. ჰერცოგი შეუჩერებელია, როდესაც საქმე იდეების განხორციელებას ეხება და ამის დასამტკიცებლად რამდენიმე მაგალითის მოყვანაც კმარა. ფიცკერალდოს (Fitzcarraldo, 1982) გადაღებისას ჰერცოგმა გადაწყვიტა, რომ როგორც სცენარი მოითხოვდა, ზუსტად ისე აღებეჭდა კადრები და რეალურად გადაეტანა დიდი გემი მთაზე. ალბათ, ეს იდეა უკვე აბსურდულად გეჩვენებათ, თუმცა კიდევ იმასაც გეტყვით, რომ გადაღებები ამაზონის ჯუნგლებში, ცივილიზაციიდან საკმაოდ შორს მიმდინარეობდა, რამაც პროცესი კიდევ უფრო გაართულა. 20th Century Fox-ს სურდა, რომ ჰერცოგს სტუდიაში გადაეღო კადრები და ამისთვის სპეცეფექტები გამოეყენებინა, რაზეც რეჟისორმა მაშინვე უარი განაცხადა. საბოლოოდ, გემის აგების, უამრავი ფიზიკური ჭრილობის (ერთ-ერთ ოპერატორს ხელი დაუზიანდა, ხოლო გადამღები ჯგუფის სხვა წევრს გველმა უკბინა, რის გამოც მას ტერფის მოკვეთა დასჭირდა) და სხვა გართულებების შემდეგ, რაც ჯამში 3 წელიწადს გაგრძელდა, ფილმის გადაღებები დასრულდა და ჰერცოგმა ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო — მან მთაზე გემი გადაატარა და ეს ფირზე აღბეჭდა.

ფოტო: Filmverlag der Autoren

თავის ფილმებთან ერთად ვერნერ ჰერცოგს გადასაღებ მოედანზეც არაერთხელ დაუტრიალებელია ექსცენტრიკული, კომიკური თუ დაუჯერებელი ამბები: მაგალითად, ფილმის აგირე, ღვთის რისხვა ერთ-ერთი სცენისთვის მას მაიმუნები სჭირდებოდა და თავისი მიზნის განსახორციელებლად პერუში, უკაიალის რეგიონში მცხოვრებ ადგილობრივებს ფული გადაუხადა, თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, ოთხასი დაჭერილი მაიმუნი მათ მაინც სხვას მიჰყიდეს. ამ ფაქტის გამო გაბრაზებული რეჟისორი აეროპორტში სწორედ იმ დროს მივიდა, როდესაც ცხოველები სხვა ქვეყანაში თვითმფრინავით უნდა გადაეყვანათ და თავი ვეტერინარად წარადგინა, რომელსაც მაიმუნებისთვის აუცილებელი აცრა უნდა გაეკეთებინა. როგორც კი ჰერცოგის სიტყვამ გაჭრა, ცხოველები ამჯერად მან საკუთარ მანქანაში ჩაისვა და ტერიტორია დატოვა.

სამყარო მხოლოდ მათ უმჟღავნებს საკუთარ თავს, ვინც ფეხით მოგზაურობს.

ვერნერ ჰერცოგი

ფილმისთვის შვილო ჩემო, შვილო ჩემო, ეს რა ჩაიდინე (My Son, My Son, What Have Ye Done, 2009) ვერნერ ჰერცოგი და მისი ჯგუფი ჩინეთში, ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად კონტროლირებად ქვეყანაში, სტუდენტური ვიზით გაემგზავრა და იქ კონკრეტული სცენა ოფიციალური ნებართვის გარეშე, მეტიც — არალეგალურად გადაიღეს. ხოლო ფილმში შუშის გული (Heart of Glass, 1976) რეჟისორმა მთელი სამსახიობო ჯგუფი ჰიპნოზის მდგომარეობაში ჩააგდო, რათა ზუსტად ისეთი შესრულება მიეღო მათგან, როგორიც სურდა. ჰერცოგისთვის არც ისეთი ცნობილი მსახიობი აღმოჩნდა დაბრკოლება, როგორიც კრისტიან ბეილია: მან ოთხ თვეში 25 კგ დაიკლო, რადგან მომთხოვნმა რეჟისორმა ისევ და ისევ უარი თქვა სპეცეფექტების გამოყენებაზე, რადგან სურდა, მაყურებლისთვის რეალური, ხელშესახები კადრები ეჩვენებინა ფილმში განთიადის იმედი (Rescue Dawn, 2006).

კრისტიან ბეილი ფილმში განთიადის იმედი.

ფოტო: MGM Distribution Co.

და ამით არ სრულდება ვერნერ ჰერცოგის წარმოუდგენელი ცხოვრება. რეჟისორს რომ BBC-ისთვის ინტერვიუს მიცემის დროს პნევმატური იარაღიდან ესროლეს, ალბათ, აღარც უნდა გაგვიკვირდეს — არც ჰერცოგს გაჰკვირვებია და ამაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "ეს ტყვია უმნიშვნელოა". თუმცა, უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ეს დიდებული ადამიანი სხვა ყველაფერთან ერთად უცნაური სანაძლეოების სიყვარულით გამოირჩევა: რეჟისორ ეროლ მორისთან პირობა დადო, რომ თუ ის ფილმის სამოთხის კარიბჭენი (Gates of Heaven, 1978) გადაღების დასრულებას შეძლებდა, ჰერცოგი საკუთარ ფეხსაცმელს — ჩექმას, რომელიც იმ მომენტში ეცვა — შეჭამდა. გამოუცდელმა რეჟისორმა მორისმა თავისი პირველი ფილმის ბოლომდე გადაღება შეძლო, ხოლო ჰერცოგმა საკუთარი სიტყვა შეასრულა: ფეხსაცმელი ნიორთან და მწვანილებთან ერთად მოხარშა და გემრიელად მიირთვა — ამის ხილვა ლეს ბლანკის მოკლემეტრაჟიან ფილმში ვერნერ ჰერცოგი ჭამს თავის ფეხსაცმელს (Werner Herzog Eats His Shoe, 1980) შეგიძლიათ. კიდევ ერთი უცნაური სანაძლეო კი რეჟისორმა ფილმის ჯუჯებმაც მცირედიდან დაიწყეს (Even Dwarfs Started Small, 1980) სამსახიობო გუნდთან დადო, რომლის წევრებმაც გადასაღებ მოედანზე მანამდე ფიზიკური დაზიანება მიიღეს: თუკი გუნდი გადაღების პროცესის დასრულებამდე ნებისმიერი გართულების თავიდან არიდებას მოახერხებდა, მაშინ ჰერცოგი კაქტუსების ბუჩქში ჩახტებოდა და თან მათ ამის გადაღების უფლებას დართავდა. რეჟისორმა ეს სანაძლეოც წააგო: "[ბუჩქიდან] ამოსვლა უფრო რთული იყო, ვიდრე მასში ჩახტომა".

კადრი ფილმიდან ვერნერ ჰერცოგი ჭამს თავის ფეხსაცმელს.

ფოტო: Everett

მსგავსი ეკლექტური გამოცდილების რეჟისორის შემოქმედებაში, რომელიც ერთადერთია, ვისაც დედამიწის ყველა კონტინენტზე აქვს ფილმები გადაღებული, მაინც ყველაზე შთამბეჭდავი დოკუმენტური ნამუშევრებია, რომელთა გადაღების პროცესიც ასევე გამოირჩევა უჩვეულო თავისებურებებით. ზემოთ აღწერილი ისტორიების შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰერცოგს არ უყვარს სპეცეფექტები, არც სტუდიაში მუშაობა და ამჯობინებს, ყველაფერი რეალური იყოს, რათა, როგორც თვითონ ამბობს, მაყურებელს "ექსტაზური ჭეშმარიტება" გადასცეს. მიუხედავად ამისა, ჰერცოგის დოკუმენტურ ფილმებში, ანუ სწორედ იქ, სადაც მაყურებელი ყველაზე მეტად მოელის რეალურ კადრებს, ვხვდებით დადგმულ სცენებსა და დიალოგებს. რეჟისორს რეალობის სრულიად სხვა აღქმა აქვს: რაკიღა დადგმული სცენებიც რეალურად დროსა და სივრცეში გათამაშდა, ის შეგვიძლია, რეალობად და დოკუმენტური კინოს ნაწილად მივიჩნიოთ. ჰერცოგის ფილმებში, იქნება ეს მხატვრული თუ დოკუმენტური, მოშლილია ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის და ხშირად ეს ორი მოცემულობა ერთმანეთსაც კი ჰფარავს.

ფაქტები ჭეშმარიტებას არ წარმოადგენენ. ეს შეცდომაა. ისინი ქმნიან ნორმებს, ხოლო ჭეშმარიტებას მოაქვს გასხივოსნება.

ვერნერ ჰერცოგი

ფილმში თეთრი ალმასი (White Diamond, 2004) ვაწყდებით კადრს, სადაც ფოთოლზე ჩამოცურებულ წყლის წვეთში უკუღმა არეკლილ ჩანჩქერს ვხედავთ, თუმცა რეალურად, წვეთი გლიცერინისაა, რომელიც სინათლეს უკეთესად ირეკლავს. როგორც მთლიანად ეს კადრი, ისე მიმდინარე დიალოგიც რეჟისორის მიერაა დადგმული: ჰერცოგს არ სურდა, მხოლოდ ეს კადრი მოხვედრილიყო ფილმში, რადგან ის ვულგარულად ეჩვენებოდა, ამიტომაც მას დამატებითი შტრიხები შემატა — რეჟისორი ადგილობრივს ეკითხება, ხედავს თუ არა ის ამ წყლის წვეთში მთელ სამყაროს, კაცი კი პასუხობს, რომ მას წარმოდგენაც არ აქვს, რაზე საუბრობს ჰერცოგი.

ვერნერ ჰერცოგმა ზუსტად იცის, რა უნდა მოხვდეს მის ფილმში და რა — არა, რისი ჩვენება შეიძლება მაყურებლისთვის და რა უნდა დარჩეს სამუდამოდ გაუთქმელი. დოკუმენტური ფილმი ადამიანი გრიზლი (Grizzly Man, 2005) გვიყვება ტიმოთი თრედველის შესახებ, რომელიც ალასკაში 13 ზაფხულის განმავლობაში დათვებთან ერთად ცხოვრობდა, რაც იმით დამთავრდა, რომ ბოლოს ის და მისი პარტნიორი ქალი სწორედ ამ ცხოველმა იმსხვერპლა. ამ ტრაგიკულ ფაქტამდე თრედველს 100 საათზე მეტი ხანგრძლივობის მასალა ჰქონდა გადაღებული, რომლის მცირე ნაწილსაც ფილმშიც ვხვდებით, თუმცა დროის სვლასთან ერთად ვამჩნევთ, რომ თრედველი არა მარტო უბრალოდ იღებდა და აღწერდა დათვებთან თანაცხოვრებას, არამედ გარკვეულწილად თვითონაც კი დგამდა კადრებსა და სცენებს და ასე "ალამაზებდა" რეალობას. ამ დოკუმენტურ ნაშრომში ვხვდებით ერთ ძალიან საინტერესო დეტალს — როდესაც თრედველის მეგობარი ჰერცოგს მისი სიკვდილისწინა აუდიოჩანაწერს აწვდის, რეჟისორი მას ყურსასმენებით უსმენს და ქალს ეუბნება: "თქვენ ამას არასდროს არ უნდა მოუსმინოთ". შემდეგ კი ურჩევს, რომ საერთოდ გაანადგუროს ჩანაწერი. მაყურებელი ვერ ხედავს ჰერცოგის სახეზე აღბეჭდილ ემოციებს და არც აუდიოჩანაწერის ხმა ესმის, რადგან ექსცენტრიკული რეჟისორისთვისაც კი არსებობს ზღვარი: სხვებისთვის გასაზიარებლად ყოველთვის შეიძლება რაღაც ძალიან პირადული ან ზედმეტად შემზარავი იყოს.

კადრი ფილმიდან ადამიანი გრიზლი.

ფოტო: Lions Gate Films

1993 წლის ფილმში ზარები სიღრმიდან (Bells from the Deep) ვხვდებით გაყინულ ტბაზე მწოლიარე მორწმუნეებს, რომლებიც ცდილობენ, დაკარგული ქალაქის — კიტეშის დანახვას. ამ სცენისთვის რეალურად ჰერცოგმა ორი მთვრალი ადამიანი დაიქირავა და ყინულზე დაწოლა სთხოვა: "ერთ-ერთ მათგანს სახე ყინულზე უდევს და ისე ჩანს, თითქოს ღრმა მედიტაციის ფაზაში იმყოფება. აი, თვითმხილველის სიმართლე: ის მთვრალი იყო, ჩაეძინა და მხოლოდ სცენის დასრულების შემდეგ გავაღვიძეთ". ჰერცოგის აზრით, ეს სცენა ზუსტად ასახავს რუსეთის სულსა და ბედისწერას.

დაახლოებით იმავე სცენას ვხვდებით ფილმში შეხვედრები ქვეყნის დასალიერში (Encounters at the End of the World, 2007), სადაც მეცნიერები ყინულზე წვებიან და სელაპების ხმას უსმენენ, თუმცა იმ მომენტში შეუძლებელი იყო ამ ხმის გაგონება — ის მოგვიანებით ჩაამატეს ფილმში.

ზარები სიღრმიდან

ფოტო:
Werner Herzog Filmproduktion

შეხვედრები ქვეყნის დასალიერში

ფოტო: Image Entertainment

ჰერცოგის დოკუმენტური ფილმებიდან კიდე უამრავი კადრის გახსენება შეგვიძლია, რომლებიც მისივე დადგმული და წინასწარ გაწერილია. ის 78 წლის ასაკშიც კი არ წყვეტს მუშაობას და მიაჩნია, რომ გაცილებით პროდუქტიულია, ვიდრე ადრე იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები მის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს უარყოფითად აფასებენ, როგორც ჩანს, ჰერცოგს ეს დიდად არ აწუხებს და ჯიუტად განაგრძობს საკუთარი იდეების განხორციელებას: "[ამსტერდამში] ასეთივე აუდიტორიაში ზოგიერთი რეჟისორი საუბრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიღოთ დოკუმენტური ფილმები; რომ ჩვენ უნდა ვგავდეთ კედელზე მჯდომ ბუზს და უბრალოდ ვაკვირდებოდეთ. ამის გაძლება აღარ შემეძლო, ამიტომაც ავიღე მიკროფონი და ვთქვი: „არა! ჩვენ ვართ რეჟისორები. ჩვენ ვართ შემოქმედები, ამიტომაც უნდა ვიყოთ ბზიკები, რომლებიც იკბინებიან. ჩემ წინ ზიზღის ტალღა აღიმართა, ამიტომაც დავიყვირე — ახალ წელს გილოცავთ, ლუზერებო!"