2020 წლის 10 საუკეთესო საშინელებათა ჟანრის ფილმი
2020 წელი, ალბათ, უკლებლივ ყველასთვის ერთი გაწელილი საშინელებათა ჟანრის ფილმი გამოდგა, რის გამოც გასული თვეების განმავლობაში შემზარავი, დამთრგუნველი თუ სახიფათო ისტორიის პერსონაჟები ჩვენ, ყველანი ერთად ვიყავით. თანაც ჯერ მისი ფინალიც არ გვინახავს.
შესაბამისად, ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რაღა საჭიროა საშინელებათა ჟანრის ფილმებზე საუბარიო, თუმცა არაერთი მაყურებლისთვის, ვისაც მსგავსი სანახაობა იზიდავს, წელს, როგორც არასდროს, ამ ჟანრის ატმოსფერო ყველაზე მეტად იყო ახლობელი.
მართალია, 2020 ფინანსური კუთხით მთელი კინოინდუსტრიისთვის უზომოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ზოგადი უიმედობის ჟამს კარგი კინოსურათები მაინც გამოჩნდა, მათ შორის ხელოვანებმა არაერთი საინტერესო პროექტი შემოგვთავაზეს საშინელებათა ჟანრშიც, რომლებზეც გვერდის ავლა ამ სასტიკ წელსაც კი უსამართლობა იქნება.
ამ სტატიაში თავმოყრილი ფილმები ერთგვარი გზამკვლევი იქნება მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, წელს კიდევ რით ეცადნენ ჩვენს შეშინებას კინოხელოვანები და რამდენად წარმატებულად გამოუვიდათ ეს, რაც საშუალებას მოგცემთ, ცხადია, სუბიექტური შთაბეჭდილებებით აღწერილ, თუმცა საშინელებათა ჟანრში წლის მეტ-ნაკლებად გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ გაიგოთ.
10. Relic / რელიკვია, რეჟისორი ნატალი ერიკა ჯეიმსი (ავსტრალია)
ეს სურათი განსაკუთრებულად მოეწონება მას, ვისაც სტანდარტული საშინელებათა ჟანრის ფილმები უყვარს, რადგან ის ბოლო ათწლეულებში გადაღებული ამ ჟანრის უმეტეს ფილმში გამოყენებული სიუჟეტის განვითარების ფორმებსა და ხერხებს არ სცდება: ადამიანის გაუჩინარება, იდუმალი მოხუცი ქალი, საშიში სახლი, ყოფითი, თუმცა თან თითქოს საშიში მოვლენებით (იატაკის კრაჭუნი, ღამით სარეცხის მანქანის მოულოდნელი ხმაური) მაყურებლის განწყობასთან თამაში და ა.შ. რელიკვიას ბევრი ხარვეზი აქვს, თუმცა სხვა რამდენიმე ფილმისგან განსხვავებით, რომლებიც ამ სიაში ვერ მოხვდნენ, მისი რეჟისორი ამბის შეკვრას მაინც ახერხებს და ასე თუ ისე, გამართულ სიუჟეტს გვთავაზობს. ყველაზე საინტერესო, რაც ამ ფილმს აქვს, ფინალია: მაყურებელი ბოლო წუთამდე ელოდება დემონის, მოჩვენებისა თუ მონსტრის გამოჩენას, თუმცა მთელი ფილმი ერთ ძალიან მტკივნეულ, ადამიანურ დრამად იკვრება — რა რთულია ახლობელ ადამიანთან გამომშვიდობება, როგორ სჭირდება ოჯახის მოხუც წევრს ჩვენგან ყურადღება და როგორ უნდა შევეგუეთ სიკვდილს, როგორც აუცილებელ გარდაუვალობას.
9. I'm Thinking of Ending Things / ყველაფრის დასრულებაზე ვფიქრობ, რეჟისორი ჩარლი კაუფმანი (აშშ)
ბევრისთვის ჩარლი კაუფმანის რიგით მეოთხე სარეჟისორო ნამუშევარი წლის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია, თუმცა სხვებისთვის პირიქით — წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა. ასეთ აზრთა სხვადასხვაობაში უცნაური არაფერია, მით უმეტეს მსგავსი ტიპის კინოსურათისთვის, რომელსაც დევიდ ლინჩის გავლენა დაჰკრავს. საკამათო დეტალების მიუხედავად, ერთი რამ მაინც ცხადია: ფილმს კარგი სამსახიობო გუნდი ჰყავს, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ჯესი ბაკლისა და ტონი კოლეტის შესრულებაა. ვინც ეს უკანასკნელი მანამდე არი ასტერის შთამბეჭდავ ფილმში Hereditary იხილა, აუცილებლად ემახსოვრება ოჯახის წევრებთან ვახშმობის სცენა, სადაც მისი პერსონაჟი, დედა, სახელად ენი, სისხლის გამყინავი სიტყვით მიმართავს თავის ვაჟს. ტონი კოლეტი ამ ახალ ფილმშიც ყველაფრის დასრულებაზე ვფიქრობ კვლავ ოჯახის წევრების გვერდით გვევლინება ფანტასმაგორიულ სუფრასთან და მხოლოდ ამ მონაკვეთის დამსახურებით მოხვდა ეს ფილმიც ამ სიაში.
8. The Call / ზარი, რეჟისორი ლი ჩანგ-იანი (სამხრეთ კორეა)
წელს განსაკუთრებით საინტერესო ნამუშევრები იმ რეჟისორებმა შემოგვთავაზეს, რომლებმაც სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმები გადაიღეს. მათ შორისაა სამხრეთკორეული ზარი, რომელიც საოცრად დაძაბული სიუჟეტით მაყურებელს თითქმის ორი საათის განმავლობაში ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს: ერთმანეთს მუდმივად ენაცვლება მისტიკის, თრილერის, დრამისა და საშინელებათა ჟანრის ელემენტები. ახალგაზრდა რეჟისორი დროში მოგზაურობის იდეას ახლებურად შლის და ერთი სახლის ტელეფონით დაკავშირებული ორი ქალის ისტორიას მოგვითხრობს: წარმოიდგინეთ, რომ მოულოდნელად წარსულიდან გირეკავენ და დახმარებას გთხოვთ ადამიანი, რომელიც თქვენგან ოცი წლითაა დაშორებული. რამდენადაც გაცვეთილ ან არასერიოზულ თემად შეიძლება მოგეჩვენოთ სიუჟეტის კვანძის მსგავსად შეკვრა, რეჟისორი ლი ჩანგ-იანი საპირისპირო შედეგს გვაჩვენებს: ორი პერსონაჟის ცხოვრება, რომლებიც პროტაგონისტისა და ანტაგონისტის როლებს ხშირად უცვლიან ერთმანეთს, ერთი ავბედითი ზარის გამო ისე თავდაყირა დგება, რომ ვერ მოისვენებთ, სანამ არ გაიგებთ, თუ რა ბედი ეწიათ მათ საბოლოოდ.
7. His House / მისი სახლი, რეჟისორი რემი უიკსი (დიდი ბრიტანეთი)
მისი სახლი კარგი მაგალითია იმ ნამუშევრისა, რომელსაც პოტენციალი ჰქონდა, ბოლომდე სრულყოფილი კინოსურათი გამოსულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, რეჟისორმა ვერ მოახერხა, ფილმის მეორე ნახევარიც ისევე გაემართა, როგორც პირველი. ამის მიუხედავად, რემი უიკსი მაინც ძალიან საინტერესო ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაყურებლისგან მეტ ყურადღებას იმსახურებს: სუდანელი ემიგრანტები, რომლებმაც ევროპაში უკეთესი ცხოვრების პოვნის იმედით ღია ზღვა გადაცურეს, ბრიტანეთში არც ისე სახარბიელო თავშესაფარში აღმოჩნდნენ, მოგვიანებით კი დასავლური ლიბერალური თუ ტოლერანტული სანაქებო პოლიტიკის წყალობით ლონდონის მივარდნილ გარეუბანში "თავისუფლად" ცხოვრების შანსი მიეცათ. მისი სახლი ერთი მხრივ უცხო მიწაზე მოხვედრილი ადამიანების შოკის, აგორაფობიის, ნოსტალგიის, დანაშაულის გრძნობისა თუ ასიმილაციის სასოწარკვეთილი მცდელობების შესახებ გვიყვება, ამავდროულად კი გვაჩვენებს, როგორი მოჩვენებითი და დაუნდობელი შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიდგომა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს ფილმი განსაკუთრებულ აღნიშვნას სწორედ იმის გამო იმსახურებს, რომ ის საშინელებათა ჟანრის საშუალებით თანამედროვე სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პრობლემების გლობალურ სიმწვავეს გადმოგვცემს.
6. La Llorona / ლა ლორონა, რეჟისორი ხაირო ბუსტამანტე (გვატემალა)
ლა ლორონა, იგივე მოტირალი ქალი, ლათინურამერიკული ფოლკლორის ცნობილი პერსონაჟია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჯერ ზეპირსიტყვიერების საშუალებით უყინავდა ბევრს სისხლს, უკანასკნელ წლებში კი მისი ისტორიის შთაგონებით საშინელებათა ჟანრის არაერთი ფილმიც გადაიღეს. ამ სახელგანთქმული მოჩვენების გავლენით შექმნილი ჯერჯერობით ბოლო და ალბათ, საუკეთესო კინოსურათიც ხაირო ბუსტამანტეს ეკუთვნის, რომელმაც საშინელებათა ჟანრი უფრო მასშტაბური იდეის გადმოსაცემად გამოიყენა, ვიდრე უბრალოდ მაყურებლის შეშინებაა. ერთი შეხედვით, ფილმში ფინალამდე არ ჩნდება პარანორმალური მოვლენები, ცბიერი დემონი ან დაუნდობელი სერიული მკვლელი (როგორც ამას ჟანრის კანონები მოითხოვს ხოლმე), თუმცა ერთი ოჯახის ირგვლივ აწმყოში განვითარებული პოლიტიკური სკანდალი, რომელსაც ფონად წარსულის ენით აღუწერელი ტრაგედია გასდევს, კამერის საშუალებით ისეა გადმოცემული და პერსონაჟების განწყობები თუ მთელი სივრცე ეკრანზე ისეა აღბეჭდილი, რომ ბოლო წუთამდე შფოთვის შეგრძნებას ვერ იშორებ. ლა ლორონა, რომელიც გენოციდში ბრალდებული უკვე მოხუცებული დიქტატორის ცოდვებზე მოგვითხრობს და ამით ყველა პოლიტიკური დამნაშავის კოშმარად უნდა იქცეს, მომავალ ოსკარებზე გვატემალას სახელით საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.
5. Swallow / გადაყლაპვა, რეჟისორი კარლო მირაბელა-დევისი (აშშ)
იშვიათია, მაყურებელს საშინელებათა ჟანრის ფილმის ყურებისას ამის თქმა მოუნდეს: "რა შემზარავია, მაგრამ თან როგორი ლამაზია" (ისე, როგორც, მაგალითად Midsommar-ის შემთხვევაში). კარლო მირაბელა-დევისმა კი თავის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში თვალწარმტაცი კადრებით, სადაც ფერების შეხამება, მსახიობების გარეგნობა თუ ზოგადი სიმეტრია სრულყოფილებასთანაა მიახლოებული, ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ისტორია გვიამბო, რომელიც ზოგადად ასეც შეგვიძლია დავახასიათოთ: ქალების ცხოვრება პატრიარქალურ სამყაროში. ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა ჰანთერის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც, როგორც თავისი დედამთილი ეუბნება ფილმში, ძალიან გაუმართლა და მდიდარმა კაცმა შეირთო ცოლად. თავდაპირველად თავადაც ფიქრობს, რომ ძალიან იღბლიანია, თუმცა სრულიად მოულოდნელად უცნაური, მეტიც — საშიში საგნების გადაყლაპვას დაიწყებს: მართალია, ის ჭიკარტსა თუ ლურსმანს ნერწყვმომდარი შესცქერის ხოლმე და პირის წკლაპუნით ყლაპავს, მაგრამ ეს პროცესი ისეთი შემზარავი სანახავი და წარმოსადგენია, რომ მაშინვე მუცელი აგტკივდებათ. შეიძლება, შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ ფილმი უბრალოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალზეა, თუმცა სინამდვილეში, გადაყლაპვა ქალების მუდმივ ბრძოლაზე მოგვითხრობს, რათა საკუთარ სხეულზე კონტროლი დაიბრუნონ, რისი მეტაფორაც ფინალში აბორტის უფლების მოპოვებით გვირგვინდება კიდეც.
4. The Platform / პლატფორმა, რეჟისორი გალდერ ურუტია (ესპანეთი)
როგორც წესი, როცა ფილმში ჭამის სცენაა ნაჩვენები, ხშირად თავადაც გვშივდება ხოლმე და იმ შემთხვევაში, თუ ხელთ არაფერი მოგვეპოვება, ვნანობთ, სასუსნავი რომ არაფერი მოვიმარაგეთ. აი, პლატფორმის შემთხვევაში კი სულ პირიქით ხდება: თუ ვინიცობაა, ფილმის ყურების დაწყების წინ ბატიბუტი გქონდათ გამზადებული, მაშინვე გვერდით გადადებით. მეტიც, რაც მანამდე ჭამეთ ან მერე უნდა ჭამოთ, მცირე ხნით მაინც შეგზიზღდებათ. არადა რეჟისორი გალდერ ურუტია, როგორც იტყვიან, ჩიტის რძე რომ არ აკლია, ისეთ სუფრას შლის ჩვენ თვალწინ, თუმცა ამ ფილმის პერსონაჟები ცხოველებივით თქვლეფენ ყველაფერს და დაცარიელებული თეფშების ალოკვასაც არ თაკილობენ. ოღონდ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ველურები არიან და ზომიერების განცდა არ აქვთ, არა, ეს იმ სისტემის ბრალია, რომელიც ყველას აიძულებს, სხვას წაგლიჯოს, რათა თავად გადარჩეს. პლატფორმაში ნაჩვენები დისტოპიური გარემო, რომელიც კოშმარული სცენებითაა სავსე (მათ შორის, კანიბალიის), თანამედროვე სოციალური თუ ეკონომიკური უთანასწორობის შთამბეჭდავად საზიზღარი იგავია.
3. The Hunt / ნადირობა, რეჟისორი კრეიგ ზობელი (აშშ)
ვისაც სერიალები უყვარს და ისეთი შოუები უნახავს, როგორებიცაა ნარჩენები (The Leftovers), დარაჯები (Watchmen) თუ დაკარგულები (Lost), დაახლოებით შეუძლია წარმოიდგინოს, თუ როგორი სანახაობა ელოდება ფილმში ნადირობა, რადგან ამ ყველა ჩამოთვლილი პროექტის სცენარზე დეიმონ ლინდელოფმა იმუშავა. 2020 წელს გამოსული ეს კინოსურათი, რომელიც აშშ-ში სკანდალშიც კი გაეხვა, პირველ რიგში უნიკალურია იმის გამო, რომ საშინელებათა ჟანრის სიუჟეტურ ქარგას დასცინის: იწყება ფილმი და კამერა ახლო ხედით გაჩვენებს პერსონაჟს, ემზადები, რომ ის მთავარი გმირი იქნება, რომელსაც შემდეგი საათნახევრის განმავლობაში უნდა გაჰყვე უკან და უგულშემატკივრო, მაგრამ უცებ მოვლენები ისე ვითარდება, რომ ჯერ ბრაზდები, ეს სადაური წესიაო, მერე კი იქ დატრიალებული "საუკეთესო სისხლისღვრის" მიუხედავადაც გეცინება. თამაშის ამ ახალ წესებთან ერთად, რითიც ფილმის ატმოსფერო კვენტინ ტარანტინოს ესთეტიკას მოგვაგონებს (განსაკუთრებით ფინალური ბრძოლისას), ნადირობა გამორჩეული სატირაა, რომელიც პრივილეგირებული ვიწრო დაჯგუფებების — ელიტების თავშესაქცევებსა და მათი პოლიტკორექტულობის ფარსზე მოგვითხრობს.
2. Possessor / მესაკუთრე, რეჟისორი ბრენდონ კრონენბერგი (კანადა)
ლეგენდარული დევიდ კრონენბერგის ვაჟმა, ბრენდონ კრონენბერგმა გადაიღო ფილმი, რომლითაც ცდილობს, კინოსამყაროში საკუთარი მამის ჩრდილისგან დამოუკიდებლად თქვას ახალი სიტყვა. ეს საკმაოდ წარმატებულად გამოუვიდა კიდეც, რადგან მისი რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის ნაზავით ნამდვილად დაამახსოვრებს მაყურებელს თავს. მესაკუთრის სიუჟეტური ქარგა იმდენად მრავალშრიანია, რომ საფიქრალს დიდხანს გიტოვებს: განსაკუთრებით შოკისმომგვრელი დასასრულის შემდეგ. ფილმი რამდენიმე ისეთ ძალადობრივ სცენას შეიცავს, ერთი-ორჯერ მაინც მოგინდებათ, სახეზე ხელები აიფაროთ და ეკრანს თვალი მოარიდოთ, ან გაოგნებისგან სახე ისე ჩამოგეღვენთოთ, როგორც ზემოთ მოცემულ ფილმის კადრშია. სხეულისა და გონების გათიშულობა, იდენტობის კრიზისი, სოციალური როლების თამაში და ტოტალური კონტროლი ის ძირითადი თემებია, რომლებზეც ეს ფილმი მოგვითხრობს. მისი ნახვის შემდეგ რაღაც მიახლოებული, მსგავსი სანახაობით თუ დაინტერესებით, ასევე შეგიძლიათ უყუროთ იორგოს ლანთიმოსის ჯერჯერობით ბოლო, მოკლემეტრაჟიან ფილმს Nimic, სადაც რეჟისორი ზუსტად 12 წუთში თქვენს გონებაში ქაოსს ისევე დაატრიალებს, როგორც ამას კრონენბერგი ახერხებს.
1. The Invisible Man / უჩინარი კაცი, რეჟისორი ლი უონელი (ავსტრალია, აშშ)
ლი უონელმა ჰერბერტ უელსის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო რომანის კონცეფციის გამოყენებით #Metoo ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კინოსურათი გადაიღო: იმასთან ერთად, რომ ფილმი საუკეთესოდ გაჩვენებს, თუ როგორი უნდა იყოს დაძაბული, საინტერესო და ჩამთრევი თრილერი თუ საშინელებათა ჟანრის ფილმი, ამავდროულად ქალთა მიმართ ძალადობს ზოგად ბუნებას ამხელს. სამყაროში, სადაც კაცებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ეკონომიკური დოვლათი და სახელი მოიხვეჭონ, უფრო მეტი ოსტატობით ახერხებენ მიზოგინური ომის გაჩაღებას: მათ მიერ ფსიქოლოგიური, ემოციური, ეკონომიკური თუ ფიზიკური ძალადობა ხშირად უხილავია. ამ საერთო უსამართლობის სიმძიმეს კი ელიზაბეტ მოსი ტრადიციულად თვალისმომჭრელი სამსახიობო შესრულებით გადმოგვცემს და მხოლოდ თავისი ერთი, ფინალური ღიმილითაც მაყურებელს კათარზისს განაცდევინებს.
კომენტარები