BoJack Horseman: ცხენი, რომელიც ვერ დარბის
სცენა ასეთია: სავარჯიშო ტანსაცმელში გამოწყობილი ცხენი, რომელიც ცდილობს, გრძელი აღმართი სირბილით აიაროს, ძლივძლივობით მიძუნძულებს და სრულიად გადაქანცული ხმამაღლა ქოშინებს. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ფილტვებზე ცეცხლი უკიდია: "მეზიზღება! სირბილი საშინელებაა! ყველაფერი საშინელებაა!", — გაიძახის, მაგრამ მაინც აგრძელებს აღმართის ავლას. როგორც კი ბოლომდე ააღწევს, არაქათგამოცლილი მიწაზე ეშვება და ხმამაღლა მოთქმას განაგრძობს. ალბათ, ასე ბალახზე გაწოლილი კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ხვნეშასა და წუწუნს, უცებ თავზე ჩამოფარებული ჩრდილი რომ არ ეგრძნო. მართლაც, თვალების გახელისთანავე ამჩნევს ზემოდან წამომდგარ უცნობს, რომელიც ასევე სავარჯიშო ფორმაში გამოწყობილა, თუმცა დაღლა არ ეტყობა. უცნობი მშვიდი ტონით ეუბნება: "მარტივდება. დღითიდღე ცოტათი უფრო მარტივდება. მაგრამ ყოველ დღეს უნდა აკეთო — ეს ყველაზე რთული ნაწილია", — მეტს აღარაფერს ამატებს, მიდის და ძირს მიგდებულ ცხენს, რომელიც ვერ დარბის, გაოცებულს ტოვებს: განა, შეიძლება, ამ უსასრულოდ გრძელი აღმართის არბენა გამარტივდეს? და თუ კი, ყოველდღე ამის დაძლევას როგორ შეძლებს?
ეს სცენა 2014 წელს გამოსული ანიმაციური სერიალის, ბოჯეკ ჰორსმენის ერთ-ერთი ეპიზოდიდანაა, თუმცა, შესაძლოა, ბევრ მაყურებელს ისეთი შეგრძნება გაუჩნდეს, რომ მსგავსი სიუჟეტი აქამდეც სმენია. არც შეცდებიან: ფრანგი მოაზროვნე, ალბერ კამიუ ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იმავე ამბავს მოგვიყვა, როცა 1942 წელს დაჯდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფიური ესე, სიზიფის მითი დაწერა. სიზიფე ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟია, რომელმაც ღმერთები განარისხა, სასჯელად კი უზარმაზარ კლდეზე მძიმე ლოდის აგორება დაიმსახურა. ოღონდ სასჯელის არსი ის არის, რომ რამდენჯერაც მწერვალამდე მიაღწევს, სიზიფეს ლოდი უკან უგორდება, ამიტომ თავიდან უნდა დაიწყოს მისი ზიდვა და ასე უსასრულოდ განაგრძოს ჭიდილი. კამიუმ — ხოლო მოგვიანებით ბოჯეკ ჰორსმენის რეჟისორ-სცენარისტებმა — თავიანთ ნაშრომებში ამ მითის საშუალებით ადამიანური ყოფის აბსურდულობისა და ამ აბსურდში არსებობის პრობლემატიკა წამოჭრეს.
ბოჯეკ ჰორსმენის ერთხელ ნახვის შემდეგაც კი მისი პერსონაჟები, ფრაზები, სცენები და ზოგჯერ მთელი სერიაც ისე ჩაგელექება გონებაში, რომ ვერაფრით ამოიგდებ თავიდან: გაგახსენდება მაშინ, როცა გაიღვიძებ და ისეთი შეგრძნება დაგეუფლება, თითქოს უჩინარი ხარ; გაგახსენდება, როცა მიხვდები, რომ ყველაფერი გაქვს, რაც გინდოდა, მაგრამ ეს სულაც არ აღმოჩნდა ის, რაც გჭირდებოდა; მაშინაც, როცა მეგობრებთან დაჯდები და როგორმე ეცდები, იმ არაჯანსაღ დამოკიდებულებებზე, უცნაურ შფოთსა და დაუსრულებელ სევდაზე დაელაპარაკო, რომელსაც მუდმივად განიცდი. უყურებ ბოჯეკ ჰორსმენს — ამ მაღალი დონის სატირულ ანიმაციას — და იცინი სიტუაციების კომიკურობაზე; მწარედ გხვდება დახვეწილი ირონია, რომელსაც რეჟისორები შემალულად გადმოსცემენ; და, რაც მთავარია, მთლიანად ერთვები საოცრად საინტერესო პერსონაჟების ცხოვრებაში. ზიხარ და სულ გეფიქრება: შეძლებენ ისინი სიმშვიდის პოვნას ამ ქაოსურ სამყაროში?
ბოჯეკ ჰორსმენის ყურება რომ დავასრულე, გავიფიქრე, ნამდვილი ხელოვნება ზუსტად ასე უნდა გაგრძნობინებდეს თავს-მეთქი. ბოლო სეზონი რამდენიმე თვის წინ გამოვიდა და დამსახურებული ყურადღებაც მოიპოვა. დროის გასვლასთან ერთად მისი პოპულარობა საქართველოშიც იზრდება, რაც ძალიან კარგია, რადგან სერიალი მნიშვნელოვან თემებს ეხება — მასში რთული ეთიკური თუ ფილოსოფიური დილემები ისეთი სიზუსტით არის გადმოცემული, რომ არა მხოლოდ პერსონაჟებთან ემოციურად დასაკავშირებლად, არამედ საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლადაც არაჩვეულებრივ საშუალებას წარმოადგენს.
ქვემოთ სერიალში წამოჭრილ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გესაუბრებით, თან სპოილერების გარეშე, ამიტომ, თუ ჯერ არ გინახავთ, შეგიძლიათ, მშვიდად განაგრძოთ კითხვა და დაახლოებითი წარმოდგენა შეიქმნათ, რა ემოციები გელით წინ.
1. ეგზისტენციალური ნიჰილიზმი: "არ შეწყვიტო ცეკვა ფარდების ჩამოშვებამდე"
სერიალის მთავარი ფილოსოფიური ხაზი ეგზისტენციალური ნიჰილიზმია. მისი პროტაგონისტი 90-იანების ცნობილი სიტკომის ვარსკვლავი, ბოჯეკ ჰორსმენია. მიუხედავად იმისა, რომ მას მერე, რაც პოპულარობის მწვერვალზე იყო, დიდი ხანი გავიდა, ბოჯეკი ჯერ კიდევ ეღწვის ხალხისგან დაფასებასა და ძველი დიდების აღდგენას. ის და მისი მეგობრები ჰოლივუდის — სერიალისებური ვერსიით, "ჰოლივუს" — ინდუსტრიაში მუშაობენ. გარდა იმისა, რომ ასე რეჟისორებმა მშვენივრად შეძლეს შოუბიზნესის გაშარჟება, ჰოლივუ მთლიანად მეტაფორადაც აქციეს და ცხოვრების სატირულ გამოხატულებად წარმოგვიჩინეს.
ბოჯეკ ჰორსმენი უხეშად, მოურიდებლად აღგვიწერს იმ რეალობას, რომელშიც თითოეული ადამიანი, სხვა ყველაფრის მსგავსად, გასაყიდი პროდუქტია: მან შოუ უნდა დადგას და მაყურებელთან თავი წარმოაჩინოს, რათა ამის შედეგად ფინანსური სარგებლის მიღება შეძლოს. მართლაც, სერიალის პერსონაჟებისთვის ცხოვრება დაუსრულებელი თამაშია. ისინი ყურადღებასა და დიდებას ეღწვიან და ყველგან და ყველაფერში მუდმივად მატერიალურ მოგებას ეძებენ. დაუსრულებელი სიყალბე, ათასნაირად გადამღერებული ერთი სცენარი და ფარდებს მიღმა დატოვებული ნამდვილი ემოციები — ბოჯეკ ჰორსმენის გმირები სწორედ ასეთ სივრცეში ცხოვრობენ. მათ შემხედვარეს, მეც მეუფლებოდა ის უსიამოვნო განცდა, რომ ამგვარად შეფუთული ყოფა ძალიან უაზროა. თუმცა სერიალის შემქმნელების მიზანი აბსოლუტური ნიჰილიზმის, ცხოვრების ხალისის სრულად დაკარგვის იდეალიზება სულაც არაა. ისინი ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში მყოფი გმირების სიუჟეტურ ხაზს ისე ავითარებენ, რომ მაყურებელსაც ძალაუნებურად ეფიქრება: "აჰ, ცხოვრება, ალბათ, სულ ასეთი უაზროც არ არის".
ჰოლივუს მორევში ჩათრეული პერსონაჟები ცდილობენ, სწორედ ამ აბსურდიზმის უწყვეტ ხაზთან ერთად ისწავლონ ცხოვრება. მართლაც, როგორ უნდა არსებობდე რეალობაში, რომლის ღირებულების დანახვაც არ შეგიძლია? ეს საკითხი ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში ცნობილმა მოაზროვნემ, ბლეზ პასკალმა წამოჭრა, როცა განაცხადა, რომ ადამიანებს ეგზისტანციალური კრიზისი მაშინ ეწყებათ, როცა ბევრი ფიქრის დრო აქვთ. სწორედ ამიტომ, მისი მოსაზრებით, ყველა ჩვენგანს აქვს გამომუშავებული ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი, რომელიც გვმართავს და გვაიძულებს, საკუთარი თავები მაქსიმალურად დავტვირთოთ განსხვავებული საქმეებით. ამ გზით ჩვენ ყურადღებას მივმართავთ წვრილმანებისკენ, რათა ნაკლებად მოგვეცეს ჩაფიქრების საშუალება.
ცხენი ბოჯეკის პერსონაჟების მთავარი სტრატეგიაც სწორედ ეს არის. სერიალის თითოეულ გმირს ბრძოლის განსხვავებული ტაქტიკა აქვს: ზოგი სამუშაოთი იტვირთავს თავს, ზოგი ურთიერთობებში იბლანდება, ზოგი წერს, ზოგი კიდევ ალჰოკოლითა და ნარკოტიკებით ებრძვის სამყაროს. თუმცა მიზანი მაინც ყველასი ერთია — გაექცნენ ყოფის აბსურდულობას. ამ გზით ისინი ბედნიერები თუ არა, შრომისუნარიანები მაინც არიან და იმის ილუზიას იქმნიან, რომ პროდუქტიულობის შენარჩუნებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.
2. წარსულის ტრავმების გავლენა: "შენში რაღაც გაფუჭებულია და ის ვერასდროს შეკეთდება"
მაგრამ რა ხდება, როცა ერთ დღესაც გავჩერდებით და ირგვლივ მიმოვიხედავთ? როგორც ალბერ კამიუ ამბობს, ამ დროს "დეკორაციები ინგრევა" და ჩვენს ცხოვრებაში ახალი კითხვა — "რატომ?" ჩნდება. რაც უნდა მტკივნეული პროცესის დასაწყისი იყოს ეს კითხვა, კამიუს აზრით, მას ცალსახად უარყოფითად ვერ შევაფასებთ, რადგან სწორედ ამის შედეგად ადგება ჩვენი ცნობიერება გამოფხიზლების გზას.
თუმცა ბოჯეკ ჰორსმენის პერსონაჟების ცხოვრებას რომ ადევნებ თვალს, ისეთი ძლიერი შფოთი, ტკივილი, ტანჯვა იკვეთება მათ ქცევებში, რომ ნამდვილად ჭირს ამ პროცესში დადებითი მხარის დანახვა. მიუხედავად ამისა, რეჟისორები ცნობიერების გამოღვიძების პროცესის ყველა ასპექტის წარმოჩენას არ ერიდებიან. პერსონაჟები — კონკრეტულად, ბოჯეკი და დაიანა — მთლიანად ეშვებიან ოკეანის ფსკერზე, შესაბამისად, მაყურებელს მიწაზე ფეხის დარტყმის, წყლის ზედაპირზე ამოყვინთვის მცდელობების ხილვისა და პიროვნული ზრდის ამ პროცესში მშვენიერების აღმოჩენის საშუალება ეძლევა.
ხარისხიანი ლიტერატურის/ფილმების/სერიალების მთავარი ღირებულება, ფიქრისა და ემპათიის უნარის განვითარების გარდა, ის არის, რომ მოვლენების მრავალმხრივი აღქმისკენ გიბიძგებს. დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩვენგანს დამართნია მსგავსი რამ: უყურებ ან კითხულობ, მშვიდად მიყვები სიუჟეტს და ვიღაც ცალსახად უარყოფითი პერსონაჟი გხვდება. შენც თავს ვერ იკავებ და ძალაუნებურად ზიზღი გიჩნდება მის მიმართ. მაგრამ მოულოდნელად მონეტის მეორე მხარეს ეცნობი და გეფიქრება: იქნებ, ეს გმირი დამნაშავეზე მეტად მსხვერპლია? მაგრამ მაშინ ვინაა მის ასეთად ქცევაზე პასუხისმგებელი? და ასე გრძელდება უსასრულოდ.
ამ სერიალშიც არაერთი რთულად შესაყვარებელი პერსონაჟი შეგხვდებათ. აღსანიშნავია, რომ მათ შორისაა მთავარი გმირიც — ბოჯეკი, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის შოუს. ამ ტიპის პერსონაჟებს წარსულის ტრავმები არ ტოვებენ და აგრესია უგროვდებათ: ბრაზობენ, რადგან ის ცხოვრება არ აქვთ, რომელიც სულ უნდოდათ, რომ ჰქონოდათ. შედეგად კი მათ საკუთარი თავები ეზიზღებათ და რადგან ვეღარაფერს ცვლიან, ამ შეგრძნებასთან გასამკლავებლად, სხვებზე იყრიან ჯავრს. ასე ებმევიან ისინი აგრესიის დაუსრულებელ ჯაჭვში, რომლითაც პირველ რიგში საკუთარ თავებს ვნებენ. მაგრამ არის კი ეს საკმარისი მათი მავნე, მიუღებელი საქციელის გასამართლებლად?
ამ კითხვაზე დასაფიქრებლად ბოჯეკისა და მისი მშობლების ურთიერთობის მაგალითი გამოდგება: ბოჯეკის მშობლები ალკოჰოლზე დამოკიდებულები იყვნენ და ერთმანეთში მუდმივად ჩხუბობდნენ — პატარ ბოჯეკს ბავშვობაში აგრესიის მეტი არაფერი უნახავს. ერთი შეხედვით, მისი მშობლები უარყოფითი პერსონაჟები არიან, თუმცა მოგვიანებით სერიალში მათი სიუჟეტური ხაზიც იშლება — მშობლების ადრეული ისტორიების გაცნობით მათზე არსებული შთაბეჭდილება მთლიანად გარდაიქმნება და მაყურებელს შეხედულებების გადაფასებისკენ უბიძგებს.
ბოჯეკ ჰორსმენის პერსონაჟებს ტკივილი, წარსულის ტრავმები არ უტოვებენ სივრცეს იმისთვის, რომ საკუთარი თავები იყვნენ, ამიტომაც იქცევიან ისინი ანტიგმირებად.
3. პიროვნული ზრდის გამოწვევები: "როგორ გგონია, ჩემთვის უკვე ძალიან გვიანია? ანუ განწირული ვარ, ისეთ ადამიანად დავრჩე, როგორიც ახლა ვარ?"
ფოტო: Netflix
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს: ძალიან ირონიულია ის, რომ ბოჯეკი ცხენია, მაგრამ ვერ დარბის. ის მძიმე წარსულის წყალობით ჩამოშორებულია თავის ნამდვილ "მეს"; უუნაროა, რომ ის იყოს, ვინც სინამდვილეშია, რადგან მასში ყოველთვის ცუდი, ბნელი მხარე იმარჯვებს. თუმცა, ამის მიუხედავად, არ უნდა დავივიწყოთ ამ მხარესთან წინააღმდეგობის გაწევის მის მიერ გამოვლენილი არაერთი მცდელობაც. სწორედ ეს გარემოება სძენს სერიალს ემოციურ სიღრმეს: ძალიან რთულია, თვალი ადევნო პერსონაჟებს, რომლებსაც ცვლილების სურვილი კი აქვთ, მაგრამ უნარი — არა.
სერიალის ყურებისას ბოლომდე ვცდილობდი, იმის რწმენა შემენარჩუნებინა, რომ ადამიანებს შეუძლიათ, უკეთესები გახდნენ. მაგრამ ასეა კი? შეგვიძლია, უკეთესი ადამიანები ვიყოთ? თუ ის ბნელი მხარე, რაც გვაქვს, ყოველთვის დაფარავს სხივებს, რომლებსაც შემოვუშვებთ? სირბილის უუნარო ცხენში კეთილისა და ბოროტის, მორალურისა და ამორალურის მუდმივი ბრძოლა მიდის, ამას კი ზოგჯერ სავალალო შედეგებამდე მივყავართ, რაც სერიალში შეუფარავად არის გადმოცემული.
4. რადიკალური თავისუფლების პრობლემა: "საქმეც ესაა — არ მგონია, გულის სიღრმეების მწამდეს. ვფიქრობ, შენ ყველაფერი ის ხარ, რასაც აკეთებ"
ფოტო: Netflix
"ადამიანი განწირულია თავისუფლებისთვის", — წერს ფრანგი მოაზროვნე ჟან-პოლ სარტრი თავის ნაშრომში ეგზისტენციალიზმი — ეს ჰუმანიზმია, — "[ადამიანი] როგორც კი ამ სამყაროს მოევლინება, უკვე თავის ყოველ ქმედებაზე პასუხისმგებელი ხდება". სარტრი ამ ნაშრომში რადიკალური თავისუფლების სენზე საუბრობს, რომელიც თავად ბოჯეკსაც აწუხებს. სერიალში კარგად ჩანს, თუ რა ხდება, როცა ადამიანს შეუზღუდავი თავისუფლება ენიჭება: ბოჯეკი მდიდარი, თავნება და ამპარტავანია, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რაც მოესურვება. ამ გზით ის საკუთარ თავში არსებულ ცხოველურ მხარეს საშუალებას აძლევს, ადამიანურ ნაწილზე გაიმარჯვოს.
თუმცა, ბოჯეკსვე რომ დავესესხოთ, "ამ შემზარავ სამყაროში ერთადერთი რამ, რაც გვაქვს, ის კავშირებია, რომლებსაც ვამყარებთ". მას მართლაც ჰყავს ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად უყვარს — მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა ამ გრძნობის სწორად გამოხატვა. ზუსტად მათი არსებობა აიძულებს მას, უკეთესი იყოს და თავისი შეუზღუდავი თავისუფლება ჩარჩოებში მოაქციოს. სასოწარკვეთილი ბოჯეკი — შეწუხებული თავისი მავნე ქცევების გამო, რომლებითაც ძვირფას ადამიანებს ზიანი მიაყენა — ცდილობს, თავი იმით ინუგეშოს, რომ გულის სიღრმეში კარგი ადამიანია. მაგრამ აქვს კი მნიშვნელობა იმას, როგორები ვართ გულის სიღრმეში? განა, ჩვენი ქმედებები არ განგვსაზღვრავენ? ჩვენვე არ უნდა ავიღოთ პასუხისმგელობა მათზე? სერიალი ამ პრობლემებსაც აშუქებს.
5. მენტალურ დაავადებებთან ბრძოლა: "დიდი დრო სჭირდება იმის გაცნობიერებას, თუ როგორი უბედური ხარ და კიდევ უფრო დიდი ხანი იმის გააზრებას, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ასე გრძნობდე თავს"
ფოტო: Netflix
დასაწყისში ტყუილად არ მიხსენებია, რომ ბოჯეკ ჰორსმენი არა მხოლოდ პერსონაჟებთან ემოციურად დასაკავშირებლად, არამედ ცნობიერების ასამაღლებლადაც ძალიან კარგი საშუალებაა. საზოგადოებაში ნელ-ნელა იხსნება სტიგმა მენტალურ ჯანმრთელობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, მის მთლიანად განადგურებამდე ჯერ კიდევ შორია. ფაქტია, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი ჯერჯერობით არ არის მზად ამაზე ღიად სასაუბროდ: ფეხს თუ მოიტეხავ, ყველა დაგეხმარება — მოგიკითხავენ, ჩანთას გამოგართმევენ, კარებს გაგიღებენ, სკამს დაგიდგამენ. მაგრამ თუ ფიზიოლოგიური ტრავმის არარსებობისას გრძნობ თავს ცუდად — მაგალითად, დეპრესიას ებრძვი — დამოკიდებულება სრულიად იცვლება: თავს გარიდებენ, თურმე "გიჟი ხარ", "ყურადღების მისაქცევად იქცევი ასე", "სირცხვილია, მეზობლებმა არ გაიგონ", "ჯობს, ჩუმად იმკურნალო" და ასე დაუსრულებლად.
ბოჯეკ ჰორსმენი იმით არის გამორჩეული, რომ ზუსტად აჩვენებს, რა ხდება ასეთ დროს კულისებს მიღმა და, სინამდვილეში, რა არის ის, რასაც შორიდან დამკვირვებლები "სირცხვილს" უწოდებენ. თითოეული პერსონაჟის ფსიქოლოგიური პორტრეტი ძალიან კარგადაა გაშლილი: ჩანს, როგორი პროცესია მენტალურ დაავადებებთან ბრძოლა; რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ესა თუ ის აშლილობა, როგორ განაპირობებს ის ადამიანის ქცევებსა და როგორია მკურნალობის პროცესი.
ბოჯეკ ჰორსმენი ზუსტად ისე მოქმედებს მაყურებელზე, როგორც ეს ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს სჩვევია: ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს, ნუგეშს გვრის, ხოლო ვისაც არ გამოუცდია, აფხიზლებს — შეიძლება, თავი ცოტა არაკომფორტულად აგრძნობინოს, მაგრამ, სამაგიეროდ, იმ საკითხებსაც აცნობს, რომლებიც ნამდვილად საჭირბოროტოა.
რაც შეეხება იმ მაყურებლებს, რომლებიც თავად ებრძვიან მენტალურ დაავადებებს: ისინი პერსონაჟების ისტორიებსა და ქცევებში საკუთარი თავების ამოცნობას შეძლებენ, თუმცა მთლიანობაში სერიალი სულაც არ არის მსუბუქი სანახავი. მეტიც — ხანდახან ისე ნამდვილდება, შესაძლოა, ისეთი განცდაც დაგეუფლოთ, თითქოს ჭრილობაზე ფეხს გაჭერენ. მაგრამ, ამავდროულად, ზუსტად ამ პირდაპირობის დამსახურებით, ძალიან კარგადა ჩანს ის, თუ რა ხდება, როცა უბრალო "ცუდად ვარ" მუდმივ მდგომარეობაში გადადის. სერიალის რეჟისორები დახმარების თხოვნის აუცილებლობასა და უკეთ გახდომის შესაძლებლობებსაც ეხებიან, რაც ზოგიერთი მაყურებლისთვის ერთგვარ მოტივატორადაც შეიძლება იქცეს.
6. პიროვნული ამბოხი: "ზოგჯერ ცხოვრება განადგურებს და შენ მაინც აგრძელებ ყოფნას"
ფოტო: Netflix
მიუხედავად იმისა, რომ მთელი სერიალი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსების იდეებზეა დაფუძნებული, მათგან ყველაზე მეტი საზიარო დასაწყისში ნახსენებ ალბერ კამიუს მოსაზრებებთან აქვს. ესეში, სიზიფის მითი, კამიუ აბსურდთან ბრძოლის სამ შესაძლო შედეგს გვიხატავს: თვითმკვლელობას, ყურადღების გადატანის რეჟიმთან მიბრუნებას და ამბოხს, ანუ რეალობის აბსურდულობის მიღებას. კამიუ რეალურ გამოსავლად მესამე გზას გვისახავს და ზუსტად ამ ფილოსოფიაზე დგას ბოჯეკ ჰორსმენის მთავარი იდეაც: მიიღო რეალობა მთელი თავისი აბსურდულობით, მაგრამ მაინც იცხოვრო და, არსებობის მიზნის ძიების ნაცვლად, მწვერვალის დაპყრობისას განცდილი წამიერი სიამოვნებისკენ იღწვოდე, გამოიმუშაო მისით ტკბობის უნარი და ამ გზით არ მისცე აბსურდულობას შენი განადგურების საშუალება.
სწორედ ამ სტრატეგიით შეძლებს სავარჯიშო ტანსაცმელში გამოწყობილი ცხენი, რომელიც აღმართის ავლას ცდილობს, სირბილის სწავლას, რადგან, კამიუსვე რომ დავესესხოთ, "მწვერვალისკენ სწრაფვაც საკმარისია ადამიანის გულის ასავსებად. წარმოვიდგინოთ, რომ სიზიფე ბედნიერია".
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
კომენტარები