საქართველოში შექმნილი "ჭკვიანი მაღაზია", სადაც რიგი და მოლარე არასდროს დაგხვდებათ, 2021 წელს გაიხსნება
ყველასთვის მოსაბეზრებელი და ხანგრძლივი პროცესია მაღაზიის რიგში დგომა. ეს გამაღიზიანებელ გამოცდილებადაც იქცევა ხოლმე, როცა ცხადად ხედავ, როგორ კარგავ დროს ლოდინში, მით უფრო, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ. ამ პრობლემის გადაჭრას ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის Amazon, აქტიურად ცდილობენ და მსგავსი მცდელობები საქართველოშიც გვხვდება. ვსაუბრობთ NOKA-ზე, ანუ კომპანიაზე, რომელიც უკვე 2021 წლიდან აპირებს, საქართველოში მოლარეებისა და რიგებისგან თავისუფალი მაღაზიები შემოგვთავაზოს.
"წარმოიდგინეთ, შედიხართ მაღაზიაში, ირჩევთ პროდუქტს და კალათაში ათავსებთ, ბარათის საშუალებით კი იხდით მის საფასურს. ეს ხომ ძალიან მარტივია", — ამბობს FINA-ს დირექტორი, დავით თოფჩიშვილი.
FINA NOKA-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს და როგორც დავითი ამბობს, მის პროგრამულ უზრუნველყოფას 3500-ზე მეტი ბიზნესი იყენებს. მათი კლიენტების უმეტესობა სავაჭრო თუ კვების ობიექტებს წარმოადგენს. ამიტომაც, გამოცდილებაზე დაყრდნობით, ლოგიკურიც კია NOKA-ს შექმნა და ამ მიმართულებით ძალების მოსინჯვა.
დავით თოფჩიშვილი აღნიშნავს, რომ რიგების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის პირობებში გახდა, ამიტომაც ბევრი ფიქრის შემდეგ მსგავსი იდეის შემუშავება და განხორციელება გადაწყვიტეს, რომელიც, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ხალხისთვისაც იქნებოდა მოგებიანი.
"ამით ჩვენ ავიცილებთ უსასრულო რიგთა სერიას და დალოდების დროს მინიმუმამდე დავიყვანთ“, — ამბობს დავითი.
უფრო კონკრეტულად, თუ როგორი შეიძლება იყოს NOKA-ს მაღაზიაში პროდუქციის შეძენის პროცესი, ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნახავთ:
ბევრ ჩვენგანს, მოლარისა და რიგების გარეშე მაღაზიის წარმოდგენისას Amazon Go ახსენდება, თუმცა, Amazon-ის ამ პროდუქტისგან საქართველოში შექმნილ სისტემას ბევრი რამ განასხვავებს. როგორც დავით თოფჩიშვილი ამბობს, NOKA არ იყენებს ბიომეტრიულ და პროდუქტების გრაფიკული ამოცნობის სისტემას, რაც აღნიშნული ტექნოლოგიის ფასს მკვეთრად ამცირებს. ასევე, მას არ სჭირდება მძლავრი ინფრასტრუქტურა შესანახად.
ტექნოლოგია, რომლითაც NOKA-ს სისტემა ფუნქციონირებს, არ იყენებს ვიდეო კამერებს და ეყრდნობა რამდენიმე სახის სენსორს. მაგალითად, როგორიცაა წონის სენსორი, რომელიც მომხმარებლის მიერ აღებული პროდუქტის რაოდენობის განსაზღვრაში ეხმარება სისტემას, ჭკვიანი ბარიერის დახმარებით კი ანგარიშსწორებას მაღაზიიდან გასვლისას შეძლებთ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშსწორებისთვის ბარათის, ან Apple Pay-ს გამოყენება შეგეძლებათ, სამომავლოდ კი ნაღდი ფულით გადახდის ფუნქციაზეც ფიქრობენ NOKA-ს შემქმნელები.
NOKA-ში, პროდუქტის შექმნისას მომხმარებლის ინტერესები გაითვალისწინეს, ისევე, როგორც გამოყვეს ყველა ძირითადი ქცევა, რომელიც პროდუქციის შეძენისას გვახასიათებს ადამიანებს. მაგალითად, შეიძლება მომხმარებელმა პროდუქტის ყიდვა გადაიფიქროს და უკან დააბრუნოს. "ეს ყველაფერი ტექნოლოგიამ უნდა დააფიქსიროს და გადაცვალოს პროდუქტი. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კალათში შეიძლება არა ერთი, ან რამდენიმე, არამედ ათეულობით პროდუქტი მოთავსდეს, ყველა მათგანი უნდა აღირიცხოს“, — გვიყვება დავით თოფჩიშვილი.
ვიდეოშიც ნახავდით, რომ პროდუქცია სპეციალურ მაცივრებსა თუ კარადებშია განთავსებული. ასე სისტემა დაცულია მოპარვის მცდელობებისგან, რადგან აქედან პროდუქციის აღება მომხმარებელს მხოლოდ იდენტიფიცირების შემდეგ შეუძლია. ხოლო როგორც დავით თოფჩიშვილი ამბობს, "იდენტიფიცირებისთვის ინოვაციური ტექნოლოგია იქნება გამოყენებული, რომლის მსგავსიც ამ დარგში ჯერ არავის შეუქმნია". რაც შეეხება მომხმარებლის პირად ინფორმაციას, დავითი ამბობს, რომ NOKA ინფორმაციას არც რაიმე სახით ინახავს და არც ამუშავებს.
ქართულ ბაზარზე მოლარისა თუ რიგების გარეშე ვაჭრობის შესაძლებლობის გაჩენა ვაჭრობის ტრადიციულ მეთოდებს ხელს ნაკლებად შეუშლის. ამ მოსაზრებას დავით თოფჩიშვილი კონკრეტული მაგალითით ამყარებს:
"სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების გახსნას არ გამოუწვევია აგრარული ბაზრობების მოსპობა, დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი დადის ბაზარში პროდუქციის საყიდლად და ეს მათთვის პირიქით, სასიამოვნო პროცესია. იგივეა ამ შემთხვევაშიც, მომხმარებლების ნაწილს საშუალება ექნება, ვაჭრობის ტრადიციული მეთოდი გამოიყენოს, ნაწილი კი, ვისთვისაც NOKA-ს ტექნოლოგია მისაღები და კომფორტულია, უფრო მარტივად და სწრაფად ივაჭრებს“.
პირველი მაღაზიის გახსნას NOKA 2021 წლის თებერვალში გეგმავს. ამ შემთხვევაში, მაღაზია 24/7-ზე არ იმუშავებს, უფრო საცდელ რეჟიმში იქნება. მას ჩვეულებრივ მოემსახურებიან სადისტრიბუციო კომპანიები და მარკეტში იქნება პასუხისმგებელი პირი, რომელიც პროდუქციას მაცივრებსა თუ კარადებში განათავსებს. თუმცა, NOKA-ში შესული მას ვერ ნახავთ, ისევე, როგორც აქ ვერ შეხვდებით მოლარეებსა თუ კონსულტანტებს, რადგან, როგორც ჩანს, NOKA-ს ტექნოლოგიას ადამიანური რესურსის ფიზიკური ჩარევა მხოლოდ მომარაგების ნაწილში სჭირდება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები