SpaceX-ის ახალი რაკეტის პროტოტიპის საცდელი ფრენა აფეთქებით დამთავრდა
SpaceX შემდეგი თაობის რაკეტას, Starship-ს ტესტავს, რომელმაც ბოლო აფრენისას 12,5 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია, მაგრამ დაშვება არც ისე კარგად გამოუვიდა. სატესტო ფრენა დაახლოებით 7 წუთი გრძელდებოდა, რომელიც რაკეტამ მიწასთან დაჯახებით დაასრულა.
როგორც ჩანს, მაქსიმალური სიმაღლის მიღწევისას, Starship-ის მთავარი ძრავები გაითიშა და დაშვებისას, რაკეტა თავისუფალ ვარდნაში იყო. მიწასთან მიახლოებისას ძრავები ამუშავდა, მაგრამ უკვე გვიან იყო.
Starship ერთ-ერთი ყველაზე ამბციური პროექტია, რომელიც SpaceX-მა წამოიწყო. ის ერთდროულად ლენდერია, ხომალდი და რაკეტა. მეორენაირად რომ ითქვას, ფრენისას ის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს და აჩქარებისთვის, დაჯდომისთვის ან კოსმოსში ფრენისთვის ცალკე მოდულები არ აქვს.
როგორც ჩანს SpaceX-ში ელოდნენ, რომ ფრენა იდეალურად არ ჩაივლიდა. სააგენტომ ფრენამდე თავის ვებსაიტზე აღნიშნა, რომ წარმატების მარკერი მხოლოდ სრულყოფილი ფრენა არაა. ილონ მასკმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ რაკეტის დაუზიანებლად დაშვების ალბათობა 1/3 იყო.
SpaceX-ს ორი მსგავსი პროტოტიპი, SN9 და SN10 უკვე მზადყოფნაში აქვს. მსგავსი პროტოტიპების გამოცდით SpaceX იმედოვნებს, რომ ახალი მოდელის ნაკლოვანებებს კარგად შეისწავლიან, რაც "სრულყოფილი" საბოლოო ხომალდის შექმნაში დაეხმარებათ, რომელსაც ასტრონავტების გადაყვანა მოუწევს. თუმცა, არავინ იცის საბოლოო პროდუქტი როდის იქნება მზად.
2019 წლის სექტემბერში ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starship ორბიტაზე 6 თვეში გავიდოდა, თუმცა მას მერე წელზე მეტი გავიდა და ორბიტაზე გასვლა ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.
კომენტარები