BBC-მ ვაქცინის გარშემო არსებული ყველაზე გავრცელებული მითები გამოიკვლია — ყველაფერი, დაწყებული ადამიანებში მიკროჩიპების ჩადგმის შეთქმულებით და დამთავრებული ჩვენი გენეტიკური კოდის შეცვლის მითით.

1. "დნმ-ის შეცვლის" მითი

იმის შიში, თითქოს ვაქცინა როგორღაც თქვენს დნმ-ს შეცვლის, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია.

BBC-მ ამის შესახებ სამი დამოუკიდებელი მეცნიერი გამოკითხა. მათ თქვეს, რომ კორონავირუსის ვაქცინა ადამიანის დნმ-ს არ ცვლის.

ახლახან შექმნილი ვაქცინებიდან ზოგიერთი — მათ შორის Pfizer/BioNTech-ის ის ვაქცინა, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაამტკიცეს — ვირუსის გენეტიკური მასალის, ინფორმაციულ რნმ-ის, ფრაგმენტს იყენებს.

"სხეულში რნმ-ის შეყვანა ადამიანის უჯრედის დნმ-ს არაფერს უშვრება", — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი ალმონდი.

ვაქცინის მოქმედების პრინციპი შემდეგნაირია: ის სხეულს ინსტრუქციებს აძლევს, რომ წარმოქმნას ცილა, რომელიც კორონავირუსის ზედაპირზე გვხვდება. იმუნური სისტემა შემდეგ ამ ცილის ამოცნობასა და მის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოებას სწავლობს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც BBC-მ კორონავირუსის ვაქცინის მიერ დნმ-ის შეცვლის მითი შეისწავლა. მათ გამოიკვლიეს პოპულარული ვიდეო, რომელიც ამ თეორიას მაისში ავრცელებდა.

პოსტებში აღნიშნული იყო, რომ ინფორმაციული რნმ-ის (ი-რნმ-ის) ვაქცინის ტექნოლოგია "აქამდე არასდროს შემოწმებულა ან დამტკიცებულა".

მართალია, რომ ი-რნმ-ის ვაქცინა აქამდე არასდროს დამტკიცებულა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელიწადში ადამიანებში ი-რნმ-ის ვაქცინის გამოყენების არაერთი კვლევა ჩატარდა. გარდა ამისა, პანდემიის დაწყების შემდეგ ვაქცინა ათიათასობით ადამიანზე შემოწმდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მან უსაფრთხოების ზომების ძალიან საგულდაგულო შემოწმების პროცესი გაიარა.

ყველა სხვა ახალი ვაქცინის მსგავსად, მანაც უსაფრთხოების ზომების საგულდაგულო შემოწმებები უნდა გაიაროს, რათა მასობრივი გამოყენებისთვის რეკომენდებული გახდეს.

საცდელი ტესტირებების 1-ლ და მე-2 ფაზებში ვაქცინებს მოხალისეების მცირე რაოდენობაზე ტესტავენ, რათა შემოწმდეს, რამდენად უსაფრთხოა ისინი, და დადგინდეს სწორი დოზირება.

მე-3 ფაზის დროს ვაქცინა ათასობით ადამიანზე იტესტება მისი ეფექტურობის სანახავად. ჯგუფს, რომელსაც ვაქცინა გაუკეთდა, და საკონტროლო ჯგუფს, რომელმაც პლაცებო მიიღო, გვერდითი ეფექტების სანახავად ყურადღებით ადევნებენ თვალს. უსაფრთხოების მონიტორინგი მაშინაც გრძელდება, როცა ვაქცინას გამოყენებისთვის დაამტკიცებენ.

2. ბილ გეიტსისა და მიკროჩიპების მითი

ამ შეთქმულების თეორიამ მთელი დედამიწა მოიცვა.

ამ თეორიის მიხედვით, კორონავირუსის პანდემია მხოლოდ ნიღაბია, ნამდვილი გეგმა კი GPS-იანი მიკროჩიპების იმპლანტაციაა და მის უკან Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი დგას.

არ არსებობს ვაქცინის "მიკროჩიპი" და არ არსებობს იმის მტკიცებულება, თითქოს ბილ გეიტსი რამე მსგავსს აპირებდეს მომავალში.

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა BBC-ს განუცხადა, რომ ეს ბრალდება "სიცრუე" იყო.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

ეს ჭორები მაშინ გავრცელდა, როდესაც მარტში ბილმა ინტერვიუში თქვა, რომ საბოლოოდ "ჩვენ გვექნება ციფრული სერტიფიკატები", რომლებსაც იმის საჩვენებლად გამოვიყენებთ, თუ ვინ გამოჯანმრთელდა, ვინ გაიარა ტესტირება და საბოლოოდ ვინ მიიღო ვაქცინა. მას მიკროჩიპები საერთოდ არ უხსენებია.

ამ ინტერვიუს მოყვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტატია სათაურით: "ბილ გეიტსი კორონავირუსთან საბრძოლველად მიკროჩიპების იმპლანტებს გამოიყენებს".

ამ სტატიაში საუბარი იყო გეიტსის ფონდის მიერ დაფინანსებულ კვლევაზე, რომელიც შეისწავლიდა ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია, ადამიანის ვაქცინაციის ჩანაწერები შეინახოს სპეციალურ მელანში, რომელიც ვაქცინის გაკეთებისისას შეიყვანება ორგანიზმში.

მიუხედავად ამისა, ეს ტექნოლოგია არ არის მიკროჩიპი და ის უფრო მეტად უჩინარი ტატუა. კვლევაში მონაწილე მეცნიერი ანა იაკლენეჩი ამბობს, რომ ეს ტექნოლოგია ჯერ წარმოებაში არ გაშვებულა და ის არც ხალხისთვის თვალის დევნების საშუალებას იძლევა და არც მათი პირადი ინფორმაცია შევა რამე მონაცემთა ბაზაში.

Microsoft-ის დამფუძნებელი ჯანდაცვასა და ვაქცინების შემუშავებაში მისი საქველმოქმედო საქმიანობის გამო პანდემიის დროს არაერთი ყალბი ბრალდების სამიზნე გამხდარა.

მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მაისში YouGov-ის გამოკითხვამ, რომელშიც 1640 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ამერიკელების 28%-ს სჯერა, რომ გეიტსს სურს, ვაქცინები ადამიანებში მიკროჩიპების ჩასადებად გამოიყენოს, ეს რიცხვი კი რესპუბლიკელებს შორის 44%-მდე იზრდება.

3. ემბრიონული ქსოვილის მითი

BBC-მ აღმოაჩინა ისეთი მითიც, რომლის მიხედვით, ვაქცინაში იყენებენ ჩანასახის ფილტვის ქსოვილს აბორტის შემდეგ. ეს ტყუილია.

"ვაქცინების წარმოების პროცესში ფეტალური (სანაყოფე) უჯრედები არ გამოიყენება", — ამბობს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის დოქტორი მაიკლ ჰედი.

ერთ ცალკეულ ვიდეოში, რომელიც Facebook-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტივაქსერულ გვერდზე დაიდო, საუბარია კვლევაზე, რომელიც, ნარატორის თქმით, იმის მტკიცებულებაა, თუ რისგან შედგება ის ვაქცინა, რომელსაც AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი ქმნიან. თუმცა ნარატორის ინტერპრეტაცია მცდარია — ამ კვლევამ შეისწავლა, თუ როგორ რეაგირებდა ვაქცინა ლაბორატორიაში ადამიანის უჯრედებში შეყვანისას.

დაბნეულობა, შესაძლოა, იმან გამოიწვია, რომ ვაქცინის შექმნის პროცესში არის ერთი ეტაპი, რომლის დროსაც ლაბორატორიაში გამოზრდილ უჯრედებს იყენებენ, რომლებიც იმ ემბრიონული უჯრედების შთამომავლები არიან, რომლებიც სხვა შემთხვევაში განადგურდებოდა. ეს ტექნიკა 1960-იანებში შემუშავდა და კვლევის მიზნებისთვის არც ერთი ორსულობა არ შეწყვეტილა.

ბრისტოლის უნივერსიტეტის დოქტორი დევიდ მეთიუზი განმარტავს, რომ ბევრი ვაქცინა კეთდება ამ გზით, და ამატებს, რომ ამ უჯრედების ნებისმიერი კვალი ვაქცინას საგულდაგულოდ შორდება "ძალიან მაღალი სტანდარტით".

ოქსფორდის უნივერსიტეტში ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ ისინი კლონირებულ უჯრედებზე მუშაობდნენ, მაგრამ თვითონ ეს უჯრედები შეწყვეტილი ორსულობის შედეგად არ მიუღიათ.

ეს უჯრედები ქარხნის როლს ასრულებს და აწარმოებს ვირუსის ძალიან დასუსტებულ ფორმას, რომელიც ისეა ადაპტირებული, რომ ვაქცინასავით იმოქმედოს.

და, მიუხედავად იმისა, რომ დასუსტებული ვირუსი ამ კლონირებული უჯრედების გამოყენებით იქმნება, ვირუსის გაწმენდის შემდეგ ეს უჯრედული მასალა სრულად შორდება ვაქცინას და მასში არ გამოიყენება.

4. გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მითი

სოციალურ მედიაში BBC კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ ისეთ არგუმენტებსაც წააწყდა, თუ რატომ იყო საერთოდ საჭირო ვაქცინა, თუკი ვირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასეთი დაბალი იყო.

ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ხალხის მიერ გაზიარებული მიმის მიხედვით, დაავადებისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 99.97%-ია, ამიტომ COVID-19-ით დასნებოვნება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ვაქცინის გაკეთება.

პირველ ყოვლისა, მიმში არსებული "გამოჯანმრთელების მაჩვენებელი" — რომელიც ამბობს, რომ ესაა იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც ვირუსი დაემართა და გადარჩა — მცდარია.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მთავარი სტატისტიკოსი ჯეისონ ოკი ამბობს, რომ კოვიდით დაინფიცირებულთა დაახლოებით 99% ახერხებს ვირუსის დაძლევას.

აქედან გამომდინარე, ყოველი 10 000 ინფიცირებულიდან დაახლოებით 100 დაიღუპება, რაც გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მიმის მიერ ნავარაუდები 3 ადამიანი 10 000-იდან.

მიუხედავად ამისა, ჯეისონ ოკი ამბობს, რომ "ინფიცირების თითოეულ შემთხვევაში რისკი დიდწილად დამოკიდებულია ასაკზე და ის არ ითვალისწინებს COVID-19-ით დასნებოვნებას მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში".

ამიტომაც საქმე მხოლოდ გადარჩენას არ ეხება. ვირუსით დაღუპულ თითოეულ ადამიანზე მოდიან სხვები, რომლებიც ვირუსს გადაურჩნენ, მაგრამ სჭირდებათ ინტენსიური სამედიცინო დახმარება, და ისინი, ვის ჯანმრთელობაზეც ვირუსის გამოვლის გრძელვადიანი შედეგები უარყოფითად მოქმედებს.

ამან შეიძლება ჯანდაცვის სისტემა COVID-19-ის პაციენტებით გადატვირთოს, რომლებიც საავადმყოფოს შეზღუდული რესურსებისთვის კონკურენციას შეემატებიან — იმ რესურსებისთვის, რომლებიც სხვა დაავადებებისა და ტრავმების სამკურნალოდაა საჭირო.

ლონდონის ჰიგიენის სკოლის პროფესორი ლიამ სმიტი ამბობს, რომ სიკვდილიანობის ჯამურ მაჩვენებელზე ყურადღების გამახვილება ან ვაქცინის გაკეთების ინდივიდუალურ აქტამდე დაყვანა ვაქცინაციის მთელი არსის უგულებელყოფაა. მისი თქმით, ვაქცინაციას ისე უნდა შევხედოთ, როგორც საზოგადოების მცდელობას, დაიცვას სხვები:

"დიდ ბრიტანეთში პანდემიის ყველაზე ცუდი ნაწილი და 'ლოქდაუნის' მიზეზი ისაა, რომ სხვაგვარად ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთებოდა. ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფი ასაკოვანი და ავადმყოფი ხალხია, მძიმედ დასნებოვნების უფრო მაღალი რისკი აქვთ, თუ მათ ვირუსი შეეყრებათ".

სტატია On.ge-მ მოამზადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.