Earth არის Google-ის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დედამიწის 3D ვიზუალიზაციას, სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით. პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გაეცნონ და დაათვალიერონ მათთვის აქამდე უცხო, თუ ნაცნობი ლანდშაფტები სხვადასხვა რაკურსით. მომხმარებლებს შეუძლიათ შეისწავლონ დედამიწა, ან მისი რომელიმე კონკრეტული რეგიონი მისამართებისა და კოორდინატების გამოყენებით. ეს ერთგვარი "მოგზაურობის მეთოდი" კი, პანდემიის პირობებში, უფრო აქტუალური შეიძლება იყოს.

დედამიწის ლანდშაფტის მრავალფეროვნება, რასაკვირკველია, Google Earth-ზეც ვრცელდება და ეჭვგარეშეა, რომ თუ თქვენ Earth-ით მოგზაურობას გადაწყვეტთ, მრავალ მომხიბლავ და უცნაურ ადგილს წააწყდებით.

Google Earth მართლაც უცნაურობების საგანძურია, ამის საილუსტრაციოდ კი რამდენიმე საუცხოო, მისტიკურ და საინტერესო ადგილს გტავაზობთ, რომლის მონახულებასაც თავადაც შეძლებთ Earth-ის გამოყენებით. ჩვენი რეკომენდაციების მიუხედავად კი, დარწმუნებულები ვართ, პლატფორმის საშუალებით თქვენთვის საინტერესო ადგილების მოძიებასაც მარტივად შეძლებთ.

გიტარის ფორმის ტყე, კორდობა, არგენტინა


მწვანე ფერის, გიტარის ფორმის ტყე, არგენტინელი ფერმერის პედრო მარტინ ურეტას ნახელავია. კორდობელმა ფერმერმა გიტარის ამგვარი დიზაინი მრავალი წლის წინ შექმნა, გარდაცვლილი მეუღლის — გრაციელა ირაიზოზის პატივსაცემად. მოხუცი არგენტინელი დღემდე საგულდაგულოდ უვლის ტყეს.

ფოტო: Google Earth

გულის ფორმის ტბა, ოჰაიო, აშშ

გულის ფორმის რომანტიული ტბა, ოჰაიოში აშშ-ში ბუნების ქმნილება ნამდვილად არ არის, ტბა კერძო მესაკუთრემ შექმნა, სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანის გასახარებლად.

ფოტო: Google Earth

მისტიკური გამოსახულება, გობის უდაბნო, ჩინეთი

გობის უდაბნოში არსებული იდუმალი მოხატულობა 65 მეტრის ზომისაა და ვარაუდობენ, რომ ეს კვალი, ჩინელმა სამხედროებმა, რომელიმე მძლავრი იარაღის გამოყენების შემდეგ დატოვეს.

ფოტო: Google Earth

გიგანტური სამიზნე, ნევადა, აშშ

გიგანტური სამიზნე, ნევადის გულში, მოულოდნელად გაჩნდა. მისი წარმომავლობა არავინ იცის, მაგრამ ნათელია რომ Earth-ით დანახული ეს გამოსახულება ნამდვილად შთამბეჭდავია.

ფოტო: Google Eart

კოკა-კოლას ლოგო, ჩილე

კოკა-კოლას უზარმაზარი ლოგო, რომელსაც პლატფორმაზე შესაბამისი კოორდინატების მითითების, ან ამ ბმულზე გადასვლით ნახავთ, 50 მეტრი სიგრძისა და 150 მეტრი სიგანისაა. ეს მსოფლიოში უდიდესი კოკა-კოლას ლოგოა და ის შეგიძლიათ ნახოთ ჩილეს ჩრდილოეთით. ლოგო იმდენად მასშტაბურია რომ, მისი დათვალიერება და აღქმა მხოლოდ ზემოდან, დედამიწის ზედაპირიდან საკმაო დაშორების შემდეგაა შესაძლებელი.

ფოტო: Google Earth

საჰაერო ძალების ბაზა, ტუსონი, არიზონა

ტუსონის საჰაერო ძალების ბაზა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია აშშ-ში, აღნიშნული ბაზა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და მალევე იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საჰაერო ბაზად. ტერიტორიაზე არსებული დაბალი ტენიანობა და ნალექის რაოდენობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მსგავსი მასშტაბის ბაზა შეიქმნა არიზონას ტერიტორიაზე.

ფოტო: Google Ear

ულურუ, ჩრდილოეთ ტერიტორია, ავსტრალია

ულურუ, წმინდა ქვად იწოდება ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობისთვის, აგრეთვე ცნობილია როგორც აიერს-როკი, იგი მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილოეთით არსებული უმსხვილესი ქალაქის — ელის სპრინგსის სამხრეთ-დასავლეთით.

ფოტო: Google E

პრიზმული ტბა, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი

პრიზმული ტბა, იელოუსტოუნის ეროვნული პარკში 1871 წელს ჩატარებული ჰეიდენის გეოლოგიური კვლევის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ტბამ ყურადღება მისი განსაკუთრებული შეფერილობისა და ტემპერატურის გამო მიიქცია. ტბას, წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეფერილობა აქვს.

ფოტო: Google Earth

კახისის ტბა, საქართველო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდებარეობს კახისის ტბა, ზღვის დონიდან 1752 მეტრზე მდებარე კახისის ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მონახულებადი ტბაა. სუფოზიის შედეგად წარმოქმნილი კახისი 10 მეტრის სიღრმისა და 0,05კმ2 ფართობისაა.

ნიადაგზე გამოსახული მცველები, კანადა

გეომორფოლოგიური შედევრი, რომელიც კანადის პროვინცია ალბერტაშია გამოსახული, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ მთას გვაგონებს, მაგრამ Google Earth-ით ჰაერიდან შეხედვით დავინახავთ, რომ მთას ადამიანის სახის ფორმა აქვს. კანადელები ამ მთას ნიადაგზე გამოსახულ "მცველს" უწოდებენ. მეტიც, გზა რომელიც ამ მთაზე ჭაბურღილამდე გადის ერთგვარ ილუზიას ქმნის იმისას, რომ ადამიანის სახის ფორმის მთას ყურსასმენები უკეთია.

ფოტო: Google Earth

მსოფლიოს ყველაზე დიდი აუზი, ჩილე

San Alfonso del Mar, მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი, მდებარეობს ჩილეში, დაახლოებით 100კმ-იანი აუზი კერძო საკურორტო ზონაშია. მისი მშენებლობა 2006 წელს დაასრულეს და დასრულებისთანავე, გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი აუზი. San Alfonso del Mar ჯამში 20 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, მასში 250 მილიონი ლიტრი წყალია ჩაშვებული. გიგანტური აუზი წყალს წყნარი ოკეანიდან, გაფილტვრის შემდეგ იღებს. აუზზე შესვლა კი დაშვებულია მხოლოდ კურორტის დამსვენებლებისთვის.

ფოტო: Google Earth