ფოთოლმჭრელი ჭიანჭველა პირველი მწერია, რომელსაც ბიომინერალური ჯავშანი აღმოაჩნდა — კვლევა
ეს მას, ფაქტობრივად, დაუმარცხებელს ხდის.
ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ფოთოლმჭრელი ჭიანჭველების სხეული დაფარულია ბიომინერალური ჯავშნით. მნიშვნელოვანია, რომ ასევთი კავშანი ჯერ არც ერთი სახეობის მწერში არ აღმოუჩენიათ, ეს კი ამ ჭიანჭველებს, ფაქტობრივად, დაუმარცხებლებს ხდის. შესაბამისი კვლევა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
რა თქმა უნდა, ეს ბუნებაში ბიომინერალური ჯავშნის აღმოჩენის პირველ შემთხვევას არ წარმოადგენს. ეს გარეგნული თვისება ახასიათებთ ზღვის ცხოველებსაც, მათ შორის კი ლობსტერებსა და კიბოსნაირებს. მათი ჯავშანი კალციუმის კარბონატს შეიცავს.
თავდაპირველად, მეცნიერები იკვლევდნენ კავშირს Acromyrmex echinatior-სა და ანტიბიოტიკის წარმომქმნელ ბაქტერიას შორის, რომელიც ზემოხსენებულ ჭიანჭველებს მათ მიერ მოშენებული სოკოების დაცვაში ეხმარება. სწორედ ამ კვლევის დროს, მეცნიერებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ამ სახეობის ჭიანჭველებს ბიომინერალური ჯავშანი გააჩნიათ.
კვლევის თანაავტორის, ვისკონსინ მედისონის უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიის პროფესორის, კამერონ ქარის განცხადების მიხედვით, მათ შეამჩნიეს, რომ შედარებით დიდი ზომის ჭიანჭველების სხეულის ზედაპირს "მოთეთრო გრანულირებული საფარი" ფარავდა.
კამერონმა აღნიშნა, რომ ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის მთავარი ავტორი, ჰანგჯი ლი განცვიფრებული დარჩა, როდესაც ჭიანჭველების სხეულის ზედაპირზე კრისტალები დაინახა. აღმოჩნდა, რომ ეს ბიომინერალური საფარი იყო, რომელიც მწერების მთელ სხეულს ფარავს და მათში ზრდასთან ერთად ყალიბდება, რის შედეგადაც იზრდება ამ ჭიანჭველების ეგზოჩონჩხის სიმკვრივეც.
მკვლევრებმა ჯერ ზუსტად არ იციან, თუ რას უკავშირდება ეს გარეგნული ნიშან-თვისება, თუმცა, ქარის მიერ AFP-ისთვის მიცემული ინტერვიუს მიხედვით, ისინი ეჭვობენ, რომ ჭიანჭველებში ჯავშნის არსებობა დაკავშირებულია ჭიანჭველების სხვა სახეობასთან, რომელსაც Atta cephalotes ეწოდება. (აღსანიშნავია, რომ ეს ჭიანჭველებიც, Acromyrmex echinatior-ის მსგავსად, სოკოების მოშენებით არიან დაკავებულნი).
ამ ორი სახეობის ჭიანჭველებს შორის ხშირად იმართება ხოლმე ომები ტერიტორიის "დაპყრობის" მიზნით. მეცნიერები შეეცადნენ მათი ბრძოლის სიმულირებას ლაბორატორიულ პირობებში.
"როდესაც Acromyrmex echinatior თავიანთი ჯავშნის გარეშე იბრძოდნენ, Atta-ს ჯარისკაცები მათ ნაწილებად შლიდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუ ამ შემთხვევაში ისინი სულ მარცხდებოდნენ, სანაცვლოდ, ჯავშნით ბრძოლის დროს პირიქით, ისინი თითქმის სულ გამარჯვებულები ასრულებდნენ ბრძოლას", – ამბობს ქარი.
თუმცა, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ბიომინერალიზებული ჩონჩხის უპირატესობა მხოლოდ ბრძოლაში არ გამოიხატება და მას სხვა დანიშნულებაც უნდა ჰქონდეს, გარდა ბრძოლის დროს თავდაცვისა. მათი კვლევების მიხედვით, გამაგრებული ეგზოჩონჩხი მათ ასევე იცავს იმ ინფექიებისგან, რომლებსაც სოკო Metarhizium anisopliae იწვევს და რომელიც საკმაოდ სწრაფად დაფარავდა ჭიანჭველების მთელ სხეულს მჭიდრო კოლონიებით, რომ არა ბიომინერალიზებული ეგზოჩონჩხი.
დღემდე მიიჩნევა, რომ ჭიანჭველებმა სოკოების საარსებო მეურნეობა დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ, სამხრეთ ამერიკაში დაიწყეს. 20 მილიონი წლის წინ ამ პრაქტიკამ უფრო ინდუსტრიული სახე მიიღო. ფოთლების მჭრელი ჭიანჭველების ისეთმა სახეობებმა, როგორებიცაა Acromyrmex echinatior და Atta cephalotes, დაიწყეს ფართო, კომპლექსური კოლონიების ჩამოყალიბება, სადაც მათ მასიურად დაიწყეს მცენარეული საშუალებით სოკოების მოშენება. Acromyrmex echinatior-ის კოლონიები ასობით და ათასობით პატარა ჭიანჭველისგან შედგება.
"ზომით შედარებით დიდი ჭიანჭველები ჭრიან ფოთლებს, მიაქვთ ისინი ბუდემდე. ისინი ასევე, სხვა სახეობების წინააღმდეგ წამოწყებულ ომებშიც მონაწილეობენ. შედარებით მცირე ზომის მწერები კი მებაღეობით არიან დაკავებულნი", – ამბობს ქარი. "რაც შეეხება Atta-ს, მათი კოლონიები მოლიონობით ჭიანჭველას მოიცავს და მასში 7 სხვადასხვა ზომის მწერია გაერთიანებული. მათ შორის არიან ჯარისკაცები, რომლებიც მონაწილეობენ თავდაცვით ომებში", – განმარტავს იგი.
Acromyrmex echinatior-ის ჯავშანი უხვად შეიცავს მაგნიუმის კალციტს და სწორედ ეს ანიჭებს მას ასეთ სიმტკიცეს, თუმცა ეს ბიომინერალიზაციის უფრო იშვიათ ფორმას წარმოადგენს. ვინაიდან ჯავშანი ახლახან აღმოაჩინეს, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს თვისება შესაძლოა უფრო ფართოდ იყოს გავრცელებული მწერებში, ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი იმის გასარკვევად, თუ რა დანიშნულება აქვს ჭიანჭველებში ამ ჯავშანს.
კომენტარები