რამდენად მიმზიდველად გთვლის ხელოვნური ინტელექტი? — ნახე ინტერაქტიული პროექტი
ხელოვნური ინტელექტი და სახის ამომცნობი ტექნოლოგია ჩვენს ცხოვრებაში უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს. არტისტმა ტიჯმენ შეპმა გადაწყვიტა, ინტერაქტიული პროექტით გვაჩვენოს, რა შეუძლია და არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს. პროექტს How Normal Am I ჰქვია და ის Next Generation Internet Summit-ზე წარადგინეს.
რამდენად ხშირად აფასებენ თქვენს სახეს სხვადასხვა აპლიკაციები? გასაცნობი აპლიკაციები ხშირად მიახლოებული "მიმზიდველობის ქულის" მქონე ადამიანებს ერთმანეთთან აწყვილებენ, ტიკტოკი კი უფრო ლამაზი მომხმარებლების კონტენტს მეტ ადამიანს აჩვენებს. ასე რომ, ხელოვნური ინტელექტი მაშინაც გაფასებთ, როცა თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ.
მას შემდეგ, რაც ვებკამერას ჩართავთ, ალგორითმი თქვენს სახესა და ემოციებს შეისწავლის და დასკვნებს გამოიტანს. მართლა შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს იმის თქმა, რა წონის ხართ, რამდენად ლამაზი ხართ, რამდენი წლის ხართ და, სავარაუდოდ, კიდევ რამდენ წელს იცოცხლებთ? პასუხი ცალსახა არაა. პროექტის ავტორი გვიხსნის, რომ ხელოვნური ინტელექტი ხშირად "მიკერძოებულია", მაგალითად, სათვალის მოხსნის ან თავის გვერდზე მიტრიალების შემთხვევაში თქვენი მიმზიდველობის ქულა იცვლება, ხოლო თუ შავკანიანი ხართ, დიდი შანსია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა თქვენი ნაკვთები კარგად ვერ შეისწავლოს. ხელოვნური ინტელექტი ადამიანების მიერ შეფასებულ ათასობით ფოტოს აანალიზებს, შემფასებლები კი ხშირად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. სხვადასხვა გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით, სილამაზის აღქმაც შეიძლება განსხვავდებოდეს.
How Normal Am I გვაჩვენებს, როგორ მუშაობს ალგორითმი და ეთიკურ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. ასე რომ, ცდად ნამდვილად ღირს.
პ.ს. ვებსაიტი თქვენს პირად ინფორმაციას არ იმახსოვრებს, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება.
კომენტარები