მხატვრობის სამყაროს უდიდესი მუზის ტრაგედია
ლეგენდარული ლამაზმანის — ლიზი სიდალის უჩვეულო ისტორია გამაოცებელი და ამავდროულად ტრაგიკულიცაა. ამ გარემოებამ იმ უცნაური მითის შექმნა გამოიწვია, რომელმაც ჩვენამდეც მოაღწია. სიდალის ცხოვრებასა და მემკვიდრეობაზე ბიოგრაფი ლუსინდა ჰაქსლი გვიყვება.
1849-1850 წლების ზამთარში ხელოვანები, დანტე გაბრიელ როსეტი და უილიამ ჰოლმან ჰანტი ერთად ხატავდნენ, როცა მათი მეგობარი, უოლტერ ჰოუელ დევერელი სტუდიაში აღელვებული შეიჭრა და აღტაცებით განაცხადა: "თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა მშვენიერი არსება აღმოვაჩინე… ის დედოფალს ჰგავს, თან საოცრად მაღალია", — სწორედ ამ სიტყვებით იწყებს ელისაბედ სიდალის უჩვეულო სილამაზე ისტორიის შექმნას.
დღეს ცოტა ადამიანს თუ ახსოვს მხატვარი დევერელი, რომელიც 27 წლის ასაკში ბრაიტის (თირკმლის) დაავადებით გარდაიცვალა. მაგრამ ის მეცხრამეტე საუკუნეში მხატვრებისა და მწერლების იმ ჯგუფის გამორჩეული წევრი იყო, რომელიც იმ პერიოდში ახლადწარმოქმნილი მიმდინარეობის — პრერაფაელიტების საძმოს იდეებს იზიარებდა. შვიდი ახალგაზრდისგან შემდგარი ეს საიდუმლო საზოგადოება ლონდონის სამეფო აკადემიის სტუდენტებმა, როსეტიმ, ჰოლმან ჰანტმა და ჯონ ევერეტ მილემ, 1848 წელს დააფუძნეს. ამასთან, მიმდინარეობის შიგნით არსებობდა პრერაფაელიტი დების ჯგუფიც, რომელიც აერთიანებდა ქალ მოდელებს, მხატვრებსა და მწერლებს. ლიზი სიდალმა საქმიანობა ჯერ მოდელობით დაიწყო, შემდეგ ხატვა ისწავლა და მოგვიანებით პოეზიაშიც მოსინჯა ძალები, როცა ლექსების წერას მიჰყო ხელი.
როცა დევერელმა სიდალი პირველად აღმოაჩინა, ის ჯერ კიდევ ლონდონის ცენტრში მდებარე ქუდების მაღაზიაში მუშაობდა. ლიზის ბევრი დროის გატარება უწევდა არახელსაყრელ სამუშაო პირობებში, ამიტომ ოჯახი მის ისედაც ფაქიზ ჯანმრთელობაზე ძალიან ნერვიულობდა. ალბათ სწორედ ამის გამო მიიღო სიდალის დედამ ყველასთვის გასაკვირი გადაწყვეტილება და შვილს უფლება მისცა, მხატვრებისთვის მოდელად ემუშავა: ეს პროფესია მაშინ მიუღებლად მიიჩნეოდა და მას პროსტიტუციასთანაც აიგივებდნენ. დევერელმა ვერ გაბედა ლიზი სიდალის დედასთან პირისპირ გასაუბრება, ამიტომ მასთან ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციის მქონე დედამისი გაუშვა. როცა მისი მოკრძალებული სახლის წინ დევერელების გრანდიოზული ეტლი შეჩერდა, მისის სიდალი აღტაცებამ მოიცვა.
თავიდან სიდალმა ნახევარ განაკვეთზე დაიწყო მოდელობა, პარალელურად კი ქუდების მაღაზიაშიც აგრძელებდა მუშაობას. ამ მომენტიდან ლიზი სიდალის შთაგონებით რიგი ნახატები იქმნება: დევერელი ხატავს მას, როგორც ვიოლას შექსპირის მეთორმეტე ღამიდან; ლიზი ასევე ფიგურირებს ჰოლმან ჰანტის ორ ცნობილ ნახატში — ახლადმოქცეული ბრიტანული ოჯახი იფარებს დრუიდების დევნიდან გამოხსნილ ქრისტიან მღვდელს (1850 წელი) და ვალენტინი იხსნის სილვიას პროტეოსისგან (1850-1851 წლები). როსეტისთვის სიდალმა პირველად 1850 წელს იმოდელა მისი ნაკლებად ცნობილი ნახატისთვის, სახელწოდებით, წითლებში შემოსილი (Rossovestita).
ლიზი სიდალის მფარველის, ჯონ რესკინის თქმით, როსეტისა და სიდალის მრავალწლიანი ურთიერთობის მანძილზე მხატვარს ქალი ათასჯერ მაინც ჰყავს დახატული.
მართალია, დღეს ლიზი სიდალის ნატიფი აღნაგობა, თხელი ნაკვთები და მოელვარე სპილენძისფერი თმა სილამაზესთან ასოცირდება, მაგრამ 1850-იან წლებში სიგამხდრე მიმზიდველად ნამდვილად არ მიიჩნეოდა, ხოლო წითელი თმა იმ დროის ერთ-ერთმა ქალმა ჟურნალისტმა "საზოგადოებრივ თვითმკვლელობადაც" კი მოიხსენია. სამოდელო საქმიანობის საშუალებით და იმ ნახატების წარმატებით, რომლებშიც ფიგურირებდა, ლიზი სიდალმა თავისი წვლილი შეიტანა საზოგადოებაში არსებული სილამაზის სტანდარტების გარდაქმნაში.
ორიოდე წელიწადში ლიზის უკვე საკმარისი შემოსავალი ჰქონდა იმისთვის, რომ ქუდების მაღაზია დაეტოვებინა. როგორც მილეს ცნობილი ნახატის, ოფელიას მოდელმა, მან სახელი სწრაფად გაითქვა და ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ იქცა. სხვა მხატვრებსაც სურდათ ლიზის დახატვა, თუმცა როსეტი, რომელიც იმ პერიოდში ქალის პარტნიორი იყო, ეჭვიანობდა, რის გამოც სიდალს სთხოვა, რომ მხოლოდ მისთვის ემოდელა. ჩარლზ ოლსტონ კოლინზი იხსენებს, ნახატისთვის მოდელობის თხოვნისას როგორ გაისტუმრა ლიზიმ ის "ცივი უარით".
სიდალისა და როსეტის სიყვარულის ისტორია თინეიჯერული ფილმის სცენარს ჰგავს: ისინი 10 წელი "დანიშნულები" იყვნენ, თუმცა როსეტი ქორწილის დღის თარიღის დანიშვნაზე უარს ამბობდა. ამასთან, არცერთი მათგანი იყო იდეალური პარტნიორი: სიდალი ოპიუმზე გახლდათ დამოკიდებული, როსეტი კი მას გამუდმებით ღალატობდა.
1854 წელს სიდალმა მხატვრის კარიერა დაიწყო. მას ხატვას როსეტი ასწავლიდა. როცა რესკინმა ლიზის ნამუშევარი იხილა, ქალი "გენიოსად" მოიხსენია. ხელოვნებათმცოდნეები ხშირად აკრიტიკებდნენ სიდალის ნახატებს, მაგრამ გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ მას ახალი დაწყებული ჰქონდა ხატვა, მაშინ, როცა მისი წრის კაც ხელოვანებს იმ დროისთვის სწავლისა და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ დაგროვილი. სიდალის გასაოცრად სწრაფი პროგრესის დამსახურებაა, რომ რესკინმა ასეთი ინტერესი გამოიჩინა მის მიმართ. მან ლიზის წლიურ ხელფასად 150 ფუნტი დაუნიშნა, რათა ქალს ხატვის გაგრძელების საშუალება ჰქონოდა. შესადარებლად, ქუდების მაღაზიაში სრულ განაკვეთზე მუშაობისას სიდალის წლიური შემოსავალი მხოლოდ 24 ფუნტს შეადგენდა.
1857 წელს ის ერთადერთი ქალი არტისტი იყო, რომლის ნამუშევრებიც ლონდონში მოწყობილ პრერაფაელიტების გამოფენაზე გაიტანეს. შედეგად, მისი ერთ-ერთი ნახატი, კლერკი სანდერსი, ამერიკელმა გავლენიანმა კოლექციონერმა, ჩარლზ ელიოტ ნორტონმა შეიძინა. სულ მალე სიდალმა, რომლის პირადი ურთიერთობებიცა და ჯანმრთელობაც სულ უფრო უარესდებოდა, უარი თქვა რესკინის მიერ დანიშნულ წლიურ შემოსავალზე. როსეტი და რესკინი ლიზის ცხოვრებას აკონტროლებდნენ და ქალს ამ მარწუხებისგან თავის დახსნა სურდა. დანაზოგების საშუალებით, ის დასთან ერთად საკურორტო დაბა მატლოკში გაემგზავრა. შემდეგ კი, ლონდონში დაბრუნების ნაცვლად, შეფილდში, მამის სამშობლოში ჩავიდა ბიძაშვილებთან დასარჩენად. მალევე სიდალმა სახლი იქირავა და რადგან დამოუკიდებელ ხელოვანად ჩამოყალიბება სურდა, შეფილდის ხელოვნების სკოლაში გადაწყვიტა ხატვის სწავლის გაგრძელება.
შეფილდში ყოფნისას სიდალს როსეტი პერიოდულად სტუმრობდა ხოლმე, მაგრამ ისინი 1858 წელს დაშორდნენ. მიზეზი როსეტის სხვა ქალებთან გაბმული ურთიერთობები იყო, რომლის შესახებაც ლიზიმ ლონდონელი მეგობრების წერილებიდან შეიტყო. ქალის ცხოვრების მომდევნო ორ წელში მომხდარი მოვლენების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, ამიტომ ეს პერიოდი დღემდე საიდუმლოდ რჩება. მხოლოდ ის ვიცით, რომ 1860 წელს სიდალის ჯანმრთელობა შესამჩნევად დამძიმდა. ლიზის ოჯახი რესკინს დაუკავშირდა, რომელმაც, თავის მხრივ, როსეტის შეატყობინა ქალის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ. როსეტი სასწრაფოდ გაეშურა სიდალის მოსანახულებლად. ის ამ დროისთვის სამკურნალოდ სასექსის ქალაქ ჰასტინგსში იყო გადასული — მაშინ ამ ადგილს გამოსაჯანმრთელებლად ბევრი დაავადებული სტუმრობდა. აღსანიშნავია, რომ როსეტი ლიზისთან ქორწინების ლიცენზიით ხელში დაბრუნდა და როგორც კი სიდალი მომჯობინდა, წყვილმა მაშინვე იქორწინა.
დასასრულის დასაწყისი
ახლადდაქორწინებულებმა გრძელი თაფლობის თვე პარიზში გაატარეს, იქიდან კი ქუჩიდან აყვანილი ორი ძაღლით დაბრუნდნენ. მალევე ლიზიმ აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო და ბედნიერი როსეტიც გამუდმებით ხატავდა თავის ცოლს. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი ცნობილი ნამუშევარი, სახელწოდებით, გულების დედოფალი (Regina Cordium). სიდალსაც ახარებდა მოსალოდნელი დედობის ამბავი, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ფეხმძიმობა ტრაგიკულად დასრულდა — ის კვლავ დამოკიდებული იყო ოპიუმზე და, შესაძლოა, სწორედ ამიტომ 1861 წლის 2 მაისს მკვდარი ჩვილი შობა.
ლიზიმ ვერასდროს დაძლია ის ტკივილი და დეპრესია, რომელიც ბავშვის დაკარგვამ მოუტანა. ამ ტრაგედიამ მის ქორწინებაზეც იმოქმედა — სიდალი ეჭვობდა, რომ როსეტი კვლავ ღალატობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობრები საპირისპიროს ირწმუნებოდნენ და ქორწინების შემდეგ როსეტის ერთგულებას ადასტურებდნენ.
1862 წლის 10 თებერვლის საღამოს როსეტების ოჯახმა პოეტ ელჯერნონ ჩარლზ სუირბერნთან ისადილა. წყვილი სახლში ერთად დაბრუნდა, მაგრამ მალევე როსეტი გაკვეთილის ჩასატარებლად მშრომელ კაცთა კოლეჯში გაემართა. თუმცა სანამ წავიდოდა, მან შენიშნა, რომ ლიზი უკვე დაწოლილიყო — მას ოპიუმის ჩვეული დოზა მიეღო, ნახევრად დაცლილი ბოთლი კი იქვე ჩამოედო. როცა როსეტი სახლში დაბრუნდა, ბოთლი მთლიანად ცარიელი დახვდა. ლიზის წერილი დაეტოვებინა. ქმრის მოსვლისას მას უკვე იმდენად ღრმად ეძინა, რომ როსეტიმ ქალის გაღვიძება ვერ შეძლო. სასოწარკვეთილმა, ბინის პატრონი ექიმის მოსაყვანად გაგზავნა, ხოლო საბედისწერო მამხილებელი წერილი გადამალა.
ოთხი ექიმის მცდელობების მიუხედავად, ლიზი როსეტი 1862 წლის 11 თებერვლის განთიადისას გარდაიცვალა. ოჯახის მეგობრის, ფორდ მადოქს ბრაუნის რჩევით, როსეტიმ ქალის მიერ დატოვებული უკანასკნელი წერილი დაწვა, რათა ეკლესიას სიდალის გარდაცვალება თვითმკვლელობად არ შეერაცხა და ის ქრისტიანული წესით დაესაფლავებინათ. ლიზი სიკვდილის წინ კვლავ ფეხმძიმედ იყო. შესაძლოა, ქალს მოეჩვენა, რომ ბავშვი აღარ მოძრაობდა და ტრაგედიის გამეორების პანიკურმა შიშმა მოიცვა.
ლიზის ამბავი მისი გარდაცვალებით არ სრულდება. ისტორიის ავბედითი და მისტიკური გაგრძელების გამო ის გოთიკურ სუბკულტურაში საკულტო ფიგურად იქცა. ცნობილია, რომ როსეტიმ თავისი პოეტური კრებულის ერთადერთი ეგზემპლარი დასაფლავებისას მეუღლის კუბოში ჩადო და შვიდი წლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ლექსების უკან დაბრუნება სურდა.
პროცესი დიდად გასაიდუმლოებულად წარიმართა: 1869 წლის შემოდგომის ღამეს, ლონდონის ჰაიგეიტის სასაფლაოზე სიდალის საფლავი ამოთხარეს და კუბო გახსნეს. თვითონ როსეტი, რომელსაც ნაცნობები ამ დროისთვის "შეშლილად" მოიხსენიებდნენ, იქ არ იმყოფებოდა. ამ ოპერაციას მისი მეგობარი, ჩარლზ ავგუსტუს ჰოუელი, ამბავთა ბრწყინვალე მთხრობელი, ხელმძღვანელობდა. გადმოცემის თანახმად, სასაფლაოზე ძალიან ბნელოდა, ამიტომ დიდი ცეცხლის დანთება მოუწიათ.
მოგვიანებით ჰოუელმა როსეტის უამბო, რომ როცა კუბო გახსნეს, მისი ცოლის სხეული ხელუხლებელი და გაუხრწნელი დახვდათ. ის თავგამოდებით ირწმუნებოდა, რომ სიდალი ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც ცხოვრებაში. უფრო მეტიც: მისი წითური თმა, რომელიც კიდევ უფრო გაზრდოდა, თვალისმომჭრელად მიმოფენილიყო და ცეცხლის შუქზე სპილენძის ბრწყინვალე ელვარებით ავსებდა კუბოს სიცარიელეს. ჰოუველის ჩინებულად შეთხზულმა მითმა სიკვდილის მერეც კი უკვდავყო მხატვრობის სამყაროს უდიდესი მუზის დიდებული მშვენიერება. სწორედ ეს არის ის მითი, რომლის წყალობით დღესაც კი ბევრს სწამს, რომ ლიზი სიდალი უკვდავია.
ათწლეულების შემდეგ შეფილდის ხელოვნების სკოლის ყოფილმა მოსწავლემ ლიზი სიდალის ხსოვნას ნაკლებად მითოსურად მიაგო პატივი, როცა ადგილობრივ გაზეთს მისწერა: "მასთან მცირე ნაცნობობა მაკავშირებდა, თუმცა ამ უმნიშვნელო ურთიერთობამაც კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე". ავტორის ვინაობა ცნობილი არაა, რადგან მან თავი "AS" ფსევდონიმით წარადგინა.
ლიზი სიდალი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მის მიერ დატოვებული გამორჩეული მემკვიდრეობა კვლავ განაგრძობს არსებობას. როსეტის ლექსების კრებული გამოქვეყნდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა ამ პოეტური ნაშრომების მისტიკური ისტორია დიდხანს ინახებოდა საიდუმლოდ.
კომენტარები