4 გზა, როგორ გადავეჩვიოთ დღემეხვალიეობას
ბევრი ჩვენგანისათვის დღემეხვალიეობა, იგივე პროკრასტინაცია — ყველაფრის ბოლო წუთამდე გადადება — მეტად ნაცნობი სიტუაციაა. დიდი ალბათობით, თქვენც არაერთხელ გადაგიდიათ მნიშვნელოვანი დავალება, პროექტი ან სამუშაო ოპტიმისტური ფრაზით "მერე გავაკეთებ". არც იმას გამოვრიცხავთ, ახლაც რაღაც მნიშვნელოვანი გქონდეთ გასაკეთებელი და მის ნაცვლად ამ სტატიას კითხულობდეთ. არა უშავს, 10 წუთიც მოიცდის — ბოლომდე ჩაიკითხეთ ეს ტექსტი და მერე გულმოდგინედ შეუდექით საქმეს.
რატომ გვიყვარს საქმის გადადება?
2015 წლის კვლევის მიხედვით, საქმის გადადებისკენ მიდრეკილება იმპულსურობას უკავშირდება. ამასთან, თუ ახლა დღემეხვალიეობასთან გამკლავება გიხდებათ, დიდად სავარაუდოა, ეს ჭიდილი მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
საქმის გადადებისკენ მიდრეკილების უამრავი მიზეზი არსებობს. შესაძლოა, წარუმატებლობის გვეშინია, ვუფრთხით საქმის დაწყებას ან, უბრალოდ, დავალებას დროულად გასაკეთებლად არ აღვიქვამთ. მიუხედავად მიზეზების ნაირგვარობისა, ჩვენი გამოცდილებით კარგად ვიცით, რა შედეგიც მოჰყვება ამას.
"ამიტომ ვამბობთ, რომ პროკრასტინაცია ირაციონალური ქმედებაა", — ამბობს შეფილდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ფიუშა სიროი, — "აზრი არ აქვს იმის კეთებას, რასაც იცი, რომ ცუდი შედეგი მოჰყვება".
პროფესორი სიროი თავის ნათქვამს უფრო ვრცლადაც ხსნის.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საქმეს გვერდზე იმიტომ ვდებთ, რომ დავალების შესრულების თანმხლები უარყოფითი ემოციები თავიდან ავიცილოთ. ეს შეიძლება თვითონ დავალების უსიამოვნებით აიხსნას, ან, შესაძლოა, ყველაფერი ჩვენს შიშებს, თავდაჯერებულობის ნაკლებობასა და შფოთვას უკავშირდებოდეს.
ფსიქოლოგ ჰელ ჰერშფილდის თქმით, საქმის გადადების გადაწყვეტილებას "ამჟამინდელი მიკერძოების" გამო ვიღებთ — როცა ხანგრძლივი შედეგების ნაცვლად ხანმოკლე საჭიროებებზე ვკონცენტრირდებით.
იგი ასევე დასძენს, რომ ჩვენს თავს მომავალში, გარკვეულწილად, უცხოდ აღვიქვამთ და ამიტომ აწმყოს თავს ვაჯერებთ, რომ გადადებული საქმე რეალურად სხვისი პრობლემაა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქრონიკული პროკრასტინაცია ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯამრთელობასაც აყენებს ზიანს, იწვევს სტრესს, დეპრესიას, შფოთვას და გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემებსაც კი.
როგორ გადავეჩვიოთ საქმის გადადებას? ამ სტატიაში ოთხ რჩევას გთავაზობთ, რომელიც დასაწყისისთვის ემოციების მართვაში დაგეხმარებათ.
1. საქმე უფრო პატარა დავალებებად დაყავით
საქმის გადადების მიზეზი რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, მისი შესახედაობა იყოს. ხშირად იგი იმდენად დიდ და დაუსრულებელ სამუშაოდ გვეჩვენება, რომ ყველანაირად ვცდილობთ, გვერდი ავუაროთ. თუმცა, "დაყავი და იბატონეს" პრინციპი ამ შემთხვევაშიც მუშაობს — სამუშაოს უფრო პატარა დავალებებად დაყოფა განწყობას ცვლის.
კარლტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, ტიმ პიჩილის თქმით, ამგვარად მოქცევის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მხოლოდ მომდევნო გასაკეთებელ დავალებაზე კონცენტრირდეთ. ეს ყველა სიკეთესთან ერთად, დაგამშვიდებთ კიდეც.
როცა გასაკეთებელი დავალებების სიას მიჰყვებით, საქმის გაგრძელების მოტივაციაც მოგეცემათ.
"მოტივაცია ქმედებას მოჰყვება. დაიწყეთ და მიხვდებით, რომ მოტივაციაც მოგდევთ", — ამბობს პიჩილი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საქმის პატარა დავალებებად დაყოფისას დროის გათვალისწინებაა. შეაფასეთ, საშუალოდ, რა დრო სჭირდება სიაში ჩამოთვლილი თითოეული დავალების შესრულებას. "დედლაინების" დაწესებით მოტივაციასთან ერთად პასუხისმგებლობასაც იგრძნობთ.
2. გახადეთ გასართობი ნაკლებად ხელმისაწვდომი
ყველა ჩვენგანს გვაქვს წარმოსახვითი სია მაინც, რის გაკეთებას ვაპირებთ მაშინ, როცა, წესით, საქმეს უნდა ვაკეთებდეთ. ყურადღების გადასატანი საშუალება, შესაძლოა, სოციალური ქსელი, სერიალი ან, თუნდაც, ფრიად პროდუქტიული საქმე — სახლის დალაგება — იყოს.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პროდუქტიულად გეჩვენებათ საქმე, რომლის კეთებაც იმ მომენტში არ გევალებათ, აუცილებელია, იგი ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს. გამორთეთ ტელეფონი (ან შეტყობინებები) და დატოვეთ სხვა ოთახში, დაბლოკეთ სოციალური ქსელები ბრაუზერში რამდენიმე საათით. ამინდით და რესურსებით ხელშეწყობის შემთხვევაში (თუკი უსაფრთხოცაა), იმუშავეთ სახლის გარეთ, სადაც გასართობი საშუალებები არ გექნებათ.
გრეტჰენ რუბინი, რომელმაც მავნე ჩვენებებზე გამარჯვებას წიგნიც კი მიუძღვნა, ამბობს, რომ ამგვარად მოქცევით თქვენ ისპობთ იმ საშუალებებს, რომლებიც პროკრასტინაციის ჯაჭვში არიან ჩაბმულნი; მათგან გათავისუფლებით თქვენ ერთადერთი არჩევანიღა გრჩებათ — აკეთოთ ის, რაც იმ დროისათვის ნამდვილად გჭირდებათ.
"გაარღვიეთ ყველა ბარიერი", — დასძენს გრეტჰენი და აღნიშნავს, რომ ეს დავალების შესრულებასაც აადვილებს.
3. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი
პროკრასტინაცია ერთგვარად ჯილდოსაც ჰგავს — საკუთარ თავს დავალების შესრულებასთან დაკავშირებულ უსიამოვნო ემოციებს ვარიდებთ. ხშირად ამას არ ვკმარდებით და გასართობი საშუალებების დიდ არჩევანსაც ვთავაზობთ ჩვენს თავს.
"ჩვენი ტვინი ყოველთვის შედარებით უკეთეს ჯილდოს ეძებს. თუკი პროკრასტინაციის გარშემო ტრიალის ჩვევა გვაქვს და გასართობზე უკეთესი ჯილდო მას არ მოჰყვება, ტვინიც გამუდმებით აგრძელებს ამის კეთებას, სანამ რაიმე უკეთეს არ გასამრჯელოს არ დაინახავს", — ამბობს ფსიქიატრი და ნეირომეცნიერი ჯადსონ ბრიუერი.
ბრიუერის თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ტვინისთვის "უკეთესი შეთავაზების" მოფიქრებაა. იგი აღნიშნავს, რომ ეს, შესაძლოა, ჩვენს ემოციებზე კონცენტრირება იყოს — მაგალითად, საკუთარი თავისთვის თანაგრძნობა და მიტევება. როცა ამას ტვინს შევთავაზებთ, პროკრასტინაციის გარემომცველი ფსიქოლოგიური წნეხიც მცირდება. კვლევები აგრეთვე მიუთითებს, რომ საკუთარი თავისთვის თანაგრძნობა მოტივაციას ზრდის და იწვევს დადებით ემოციებს, რის შემდეგაც, ნაკლებსავარაუდოა, საქმის გვერდზე გადადება განვაგრძოთ.
როცა პროკრასტინაციას შევწყვეტთ და დავალების დასრულებით მიღებულ კმაყოფილებას ვიგრძნობთ, ესეც შეიძლება ჯილდოდ იქცეს. თუმცა, თუ მაინცდამაინც არ მოქმედებს იგი, შეგიძლიათ, საქმის გაკეთების შემდეგ საკუთარ თავს რეალური ჯილდო გადასცეთ — სასუსნავი, ახალი ფილმი ან მეგობრის ნახვა; თუმცა, აუცილებელია, ასე მხოლოდ საქმის ან მისი ცალკეული დავალების დასრულების შემდეგ მოიქცეთ.
როცა მოსალოდნელ ჯილდოზე ფიქრობთ, ეს გასაკეთებელი საქმისადმი შემართებით განგაწყობთ და დავალებასაც უფრო ადვილად შესასრულებელს ხდის.
4. იპოვეთ ადამიანი, ვის მიმართაც პასუხისმგებლობას იგრძნობთ
მიზნის მისაღწევად მაშინ უფრო ვილტვით, როცა ვიღაც სხვა აქტიურად გვადევნებს თვალყურს. მოძებნეთ მეგობარი, კოლეგა, მენტორი ან სხვა ნებისმიერი ახლობელი, რომელიც "მოგხედავთ" და თავისი ყურადღებით ერთგვარი წნეხის ქვეშ მოგაქცევთ.
აუცილებელია, თქვენს პარტნიორს გაანდოთ, რისი მიღწევა გსურთ — მიზანი, დავალების ან პროექტის დასრულება — ნებისმიერი დიდი თუ პატარა საქმე. უკეთეს შემთხვევაში, იგი თავადაც გაგანდობთ საკუთარ გეგმებს, ამდენად, ერთმანეთის გადამოწმებას და ამით ბიძგის მიცემას ყოველთვის შეძლებთ.
ასევე, კარგი იქნება, თუკი ისეთ ადამიანებს მოძებნით, ვინც თქვენს დასახულ მიზანს უკვე მიაღწია. მათი განვლილი გზით ბევრ რამეს შეიტყობთ, ახლოს გაცნობით კი თავადაც ბევრ რამეს გასწავლიან საკუთარი გამოცდილებიდან. ამასთან, სხვისი წარმატებულობის დანახვაც შეიძლება მოტივატორად იქცეს და, საჭიროების შემთხვევაში, პირველი ნაბიჯის გადადგმა გაგიადვილოთ.
პროკრასტინაცია, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, თავადაც ირაციონალური ქმედებაა, შესაძლოა, სათანადო გააზრების გარეშე გვიბიძგებდეს გადაწყვეტილების მიღებისაკენ. Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები