საქართველოში ჩატარდა მნიშვნელოვანი კვლევა, რის შედეგადაც, მტკნარი წყლის თევზების მრავალფეროვნების პირველი მოლეკულურ-გენეტიკური შეფასება მოხერხდა. კვლევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა პროგრამის დოქტორანტმა და ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრმა — გიორგი ეპიტაშვილმა, ილიაუნის პროფესორებთან — ლევან მუმლაძესთან, ბელა ჯაფოშვილთან, ასევე, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით ჩაატარა. შესაბამისი ნაშრომი კი ცოტა ხნის წინ, Biodiversity Data Journal-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში საქართველოს მტკნარი წყლის თევზების მრავალფეროვნების პირველი მოლეკულური შეფასებაა მოცემული. საველე კოლექციების გარდა, გაანალიზებულია დნმ ბარკოდების მონაცემები, რომლებიც მიღებული იქნა აღნიშნული კვლევის ფარგლებში და აგრეთვე საერთაშორისო მონაცემთა ბაზებიდან, როგორიცაა: BOLD და NCBI GenBank.

ამჟამად, დნმ ბარკოდების ბაზაში, საქართველოს მტკნარი წყლის თევზებზე არსებობს 352 ბარკოდი, რომელიც მოიცავს 50 სახეობას, 36 გვარს და 15 ოჯახს, საიდანაც 41 სახეობის 162 დნმ ბარკოდი მიღებული იქნა ამ კვლევის ფარგლებში. სულ 22 სახეობა იქნა დაფიქსირებული კასპიის ზღვის აუზიდან, ხოლო 31 სახეობა - შავი ზღვის აუზიდან. შესწავლილ ტაქსონებს შორის 7 სახეობა აღმოჩნდა ისეთი, რომლებსაც 2 % -ზე მეტი ჰქონდათ შიდასახეობრივი განსხვავებები. კვლევის ფარგლებში აღმოჩენილ იქნა საქართველოსთვის ახალი სახეობა - ევრაზიული ქორჭილა - Gymnocephalus cernua (Linnaeus, 1758) და აგრეთვე დადასტურდა ახალი ინვაზიური სახეობის, ამურის ღორჯოს - Rhinogobius lindbergi (Berg, 1933) არსებობა საქართველოს შიდა წყალსატევებში.

გიორგი ეპიტაშვილი გვიყვება, რომ ის 2017 წლიდან, სადოქტორო თემის ფარგლებში, იკვლევს საქართველოში გავრცელებული თევზების სისტემატიკას, მრავალფეროვნებასა და გავრცელებას.

“მტკნარი წყლის თევზები ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფია დედამიწაზე და დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 18 000 სახეობას აერთიანებს. ამასთან, ეს ჯგუფი ყველაზე მოწყვლადია სხვადასხვა ფაქტორების გამო, როგორიცაა, კაშხლების მშენებლობა, წყლის დაბინძურება, არალეგალური თევზჭერა და სხვა. მაგალითისთვის, ევროპაში გავრცელებული მტკნარი წყლის თევზების 40% გადაშენების საფრთხის წინაშეა. კავკასიის რეგიონი და საქართველო დედამიწის ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია და მტკნარი წყლის თევზების სახეობრივი მრავალფეროვნება საკმაოდ მაღალია. მიუხედავად ამისა, ეს ჯგუფი ჩვენთან ნაკლებად იყო შესწავლილი და ბევრ სახეობაზე ინფორმაცია მოძველებული იყო, ან საერთოდ არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ამ თემაზე მუშაობა“, - ამბობს გიორგი ეპიტაშვილი.

როგორც გიორგისგან შევიტყვეთ, ამ კვლევის ფარგლებში, დაზუსტდება საქართველოში გავრცელებული მტკნარი წყლის თევზების სისტემატიკა, გავრცელება და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგროვდება სამომავლოდ ამ სახეობების კონსერვაციული სტატუსების შესაფასებლად, რაც მნიშვნელოვანი იქნება მათი დაცვისა და შენარჩუნებისთვის.

გიორგისთან იმაზეც ვისაუბრეთ, თუ რა მიმართულებით შეიძლება ამ მონაცემების გამოყენება.

"ამ შემთხვევაში, მტკნარი წყლის თევზების 50 სახეობა იქნა შესწავლილი, რაც საქართველოს მტკნარი წყლის იქთიოფაუნის 52%-ია და სამომავლოდ, ეს კვლევა იქნება კარგი მაგალითი, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ეკოლოგიური კვლევები ცხოველთა და მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების შესწავლისთვის. დნმ ბარკოდინგი დღეს ითვლება ყველაზე თანამედროვე კვლევის მეთოდად ეკოლოგიაში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აქტიურად განვითარდეს ეს მიმართულება", - ამბობს გიორგი.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა მყარ საფუძველს ქმნის დნმ-ზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების შეფასებისა და მონიტორინგისთვის, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, რათა ახლახან დაწყებული CaBOL (კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების) პროექტის ფარგლებში მოხდეს დამატებითი მასალის მოპოვება იმ სახეობებისთვის, რომლებსაც ჯერჯერობით დნმ ბარკოდები არ გააჩნიათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.