ხელოვნური ინტელექტი — "საოცარი ახალი სამყარო"

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ტერმინი ხელოვნური ინტელექტი (Artificial Intelligence) პირველად 1956 წელს, აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ სემინარზე გაჟღერდა. შესაბამისად, ავტომატიზირებული არსებების გაჩენა მეოცე საუკუნეს უკავშირდება, მაგრამ ყველა ტექნოლოგიას ფესვები უძველეს წარსულში, მითებსა და ლეგენდებში აქვს გადგმული.

ხელოვნური არსებები მითებსა და ლეგენდებში

თუ მითებსა და ლეგენდებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ადამიანები ხელოვნურად შექმნილ არსებებზე ოდითგანვე ფიქრობდნენ. ერთ-ერთი ასეთი უძველესი არსება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება. ლეგენდის თანახმად, ტალოსი ზევსის დავალებით დედალოსმა შექმნა. ტალოსი ნამდვილი გიგანტი იყო და მთლიანად ბრინჯაოსგან გახლდათ დამზადებული. ის ერთგვარი რობოტის მისიას ასრულებდა და კუნძულ კრეტას ნაპირებს იცავდა.

გვახსოვს კვიპროსის ლეგენდარული მეფის — პიგმალიონის ამბავიც, რომელმაც თავისი ცხოვრება, ძირითადად, ეულად განვლო. ის საუცხოოდ ხატავდა და ქმნიდა სკულპტურებს. მეფე ადამიანებს ნაკლებად ენდობოდა და მიაჩნდა, რომ თავისთვის სასურველ ქალს ვერასდროს იპოვნიდა. მან უბადლო სილამაზის ქალწულის ქანდაკება — გალატეა შექმნა. მეფე ხშირად უყურებდა გალატეას ქანდაკებას და მალე შეუყვარდა კიდევაც. საბოლოოდ, ამ ლეგენდაში ქანდაკება ცოცხლდება და შემქმნელი უყვარდება.

პიგმალიონი და გალატეა

ხელოვნური ინტელექტის იდეა და პირველი ნაბიჯები

მეცხრამეტე საუკუნიდან, მოაზროვნე მანქანების და ხელოვნური ადამიანების იდეა ლიტერატურაში ჩნდება. იწერება "ფრანკენშტეინი", მას მალე კარელ ჩაპეკის რომანი მოჰყვება — "როსუმის უნივერსალური რობოტები" და სწორედ ასე და აქედან ჩნდება სიტყვა "რობოტი".

ხელოვნური ინტელექტის გაჩენამდე, მასზე ფილოსოფოსებიც ფიქრობდნენ. ფილოსოფიისთვის ხელოვნური ინტელექტის ამოსავალი ეფუძნებოდა ვარაუდს, რომ ადამიანის ფიქრის მექანიზირება შესაძლებელია. ამაზე ფიქრობდა არისტოტელე და ბევრი შემდგომი მოაზროვნე. მაგალითად, ლაიბნიცი იმასაც ამბობდა, რომ ადამიანის აზროვნება შეიძლება დაექვემდებაროს მექანიკურ კალკულაციას.

ნელ-ნელა, ეს თეორიები მატერიალურ ფორმებს იღებდა. ჯორჯ ბაირონის ქალიშვილს, ადა ლავლეის პირველ პროგრამისტს უწოდებენ. ის ქმნიდა ალგორითმებს პირველი მთვლელი მანქანისთვის, რომელიც ბრიტანელმა მათემატიკოსმა და ინჟინერმა — ჩარლზე ბებიჯმა დააპროექტა. თუმცა, რეალური პირველი კომპიუტერი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა. ეს იყო მასიური დანადგარი და მას ომში იყენებდნენ, რათა დაშიფრული შეტყობინებები გაეტეხათ.

აქედან მოყოლებული, მეცნიერებმა სერიოზულად დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე ფიქრი. 1955 წელს, ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა პირველად გამოიყენა ტერმინი "ხელოვნური ინტელექტი". ხოლო 1956 წელს ხელოვნური ინტელექტი დაფუძნდა, როგორც სამეცნიერო დისციპლინა.

ამის პარალელურად, ნევროლოგიაში კვლევებმა აჩვენეს, რომ ტვინი შედგება ნეირონების ელექტრონული ქსელისგან. თავის მხრივ, ალან ტიურინგმა წამოწია საკითხი, რომ ნებისმიერი გამოთვლა შეიძლება მოხდეს ციფრულად. ამ იდეების გაერთიანებით, მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია ინტელექტი ხელოვნურად წარმოიქმნას.

ალან ტიურინგმა ტესტიც გამოაქვეყნა, რომელიც არა ხელოვნურ ინტელექტს, არამედ ადამიანს უტარდება. ტესტის დროს ადამიანი ეკონტაქტება კომპიუტერს და ადამიანს, ისე რომ მათ ვერ ხედავს. თუ ტესტის მონაწილე ვეღარ გაარჩევს ადამიანი პასუხობს თუ კომპიუტერი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კომპიუტერმა გამოცდა ჩააბარა.

პიონერები, ამ მხრივ, ჩეთბოტები იყვნენ. ჩეთბოტი, კომპიუტერული პროგრამაა, რომელსაც შეუძლია ადამიანთან ტექსტური კომუნიკაციის დამყარება. დახვეწილ ჩეთბოტთან საუბრისას, შეიძლება, კომპიუტერულ პროგრამას რამდენიმე წუთი ესაუბროთ და გეგონოთ, რომ ის ადამიანია. პირველი ასეთი ჩეთბოტი 1966 წელს შეიქმნა. მას ელაიზა ეწოდა. ელაიზა შეკითხვებს ადამიანურად პასუხობდა. მასთან მოსაუბრეებს უჭირდათ გაერჩიათ, ადამიანი იყო ელაიზა თუ პროგრამა. თუმცა, თავად ელაიზას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას ამბობდა, მისი სასაუბრო ენა პროგრამულად წინასწარ იყო გაწერილი. ელაიზა იმდენად მნიშვნელოვანი სიახლე იყო, რომ მისი სახელობის ტერმინიც გვაქვს - ელაიზას ეფექტი.

ნელ-ნელა კომპიუტერები ისე განვითარდნენ, რომ ადამიანებს სხვადასხვა ინტელექტუალური დავალებების შესრულებაში აჯობეს. 1997 წელს კომპიუტერმა “Deep Blue” ჭადრაკის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი — გარი კასპაროვი დაამარცხა.

რა ხდება დღეს?

მითიური მექანიზირებული არსებები დღეს რეალობად იქცნენ. ისინი საუბრობენ, ახორციელებენ ურთულეს გამოთვლებს, თამაშობენ ინტელექტუალურ თამაშებს, ქმნიან სხვადასხვა ტექნოლოგიებს და რაც მთავარია, სწავლობენ.

ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს ისეთი ფორმა, როგორადაც მას ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკაში წარმოგვიჩენენ. თუმცა, დღევანდელი მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია. მას იყენებს თითქმის ყველა წამყვანი კომპანია, იქნება ეს Google თუ Apple. სწორედ ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისას, ან გინდაც, სმარტფონით სურათების გადაღებისას.

ხელოვნური ინტელექტი წარმოებაშიც აქტიურად გამოიყენება. ასევე, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის, ინდუსტრიის, ფინანსების, კომუნიკაციისა და ბევრი სხვა მიმართულებით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ტრანსპორტირება - თვითმართვადი ავტომობილი, რომლებიც მძღოლის ძალისხმევის გარეშე გადაადგილდება, ჯერ მასიურად არ გვხვდება. თუმცა, უკვე ბევრი ახალი თაობის მანქანა იყენებს ხელოვნური ინტელექტის გარკევულ ფორმას, იქნება ეს ხმოვანი ასისტენტი თუ გზის ანალიზის ფუნქცია.

ჯანმრთელობა - სულ მცირე ხნის წინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, ავტომატურ ქირურგ რობოტს და ვირტუალურ ასისტენტს, რომელიც პაციენტზე ზრუნავს. ასევე, დღეს არსებობს ტომოგრაფიული სურათის ავტომატური შემსწავლელი, რომელსაც დიაგნოზის დასმა ზუსტად შეუძლია.

ინდუსტრია — შეიძლება ითქვას, რომ ეს სფერო ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ხელოვნურ ინტელექტზე და ავტომატურ მომსახურებაზე. მაღალი ხარისხის რობოტებს, ადამიანზე სწრაფად და დიდი დროის განმავლობაში შეუძლიათ მუშაობა.

რა არის ხელოვნური ინტელექტი დღეს

თუ რა არის კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტი და რა ფორმით გვხვდება ის, ამაზე Animachatbotics-ის დეველოპერ, თემურ ჩიჩუას ვესაუბრეთ, რომელიც მანქანური დასწავლის მეთოდის გამოყენებით, ქართული ენის ბუნერივ დამუშავებაზე მუშაობს.

"როდესაც ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, სასურველია, არ წარმოვიდგინოთ ის მხოლოდ ანდროიდი რობოტის სახით, როგორც მას პოპკულტურა გვთავაზობს. არამედ, უნდა გავიაზროთ, რომ ხელოვნური ინტელექტი, ეს არის "ჭკვიანი პროგრამების" ნაკრები, რომელიც მომართულია კონკრეტული ამოცანის გადაჭრისკენ.

ამ პროგრამებს, არსებული კლასიკური პროგრამებისგან განსხვავებით, შეუძლიათ სწავლა და ადაპტირება, კონკრეტულ შემთხვევაში, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მისაღებლად.

რასაკვირველია, ეს ამოცანა შეიძლება იყოს ხელოვნური სხეულის მართვაზე მორგებული, მაგრამ დღეს ამ მიმართულების ამოცანების უმრავლესობა მონაცემების დამუშავების გაუმჯობესებაზე, ანუ მანქანური დასწავლის განვითარებაზეა ორიენტირებული.

ადამიანის მსგავსად, ხელოვნური ინტელექტის სწავლების პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება, ესენია: ინფორმაციის მიღება, ანალიზი, სტრუქტურიზაცია და დამუშავებული შედეგის დამახსოვრება.

ეს ქმნის ერთგვარ «გამოცდილებათა» ნაკრებს, რომლის მიხედვითაც შეუძლია, როგორც აქამდე ნასწავლის მსგავსი მიმდევრობების აღმოჩენა, ასევე მომავალი შედეგების განჭვრეტაც.

სწორედ ამ მიმართულებით იყენებენ დღეს ტექნო გიგანტები ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. ყოველდღიურად, ექსაბაიტობით ინფორმაციის მიმოცვლა ხდება ციფრულ სამყაროში, რაც საშუალო ნოუთბუქის მეხსიერებას 3 მილიონჯერ აღემატება. ხელოვნური ინტელექტი აკვირდება ამ მონაცემებს, პოულობს მსგავსებებს (ერთგვარ პატერნებს), ამ მონაცემების მიხედვით სწავლობს, იზრდება და განჭვრეტს მომავალს

ჩვენ რადგან ამ დიდი კომპანიების მომხმარებლებად ვითვლებით, ისინი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით აკვირდებიან ჩვენს წინა ნაბიჯებს და ცდილობენ მომავალი ნაბიჯისთვის სასურველი პროდუქტი შემოგვთავაზონ. თუმცა, ეს ამ ტექნოლოგიის გამოყენების მხოლოდ ერთ-ერთი კომერციული ნაწილია", — გვიყვება თემურ ჩიჩუა.


როგორც უკვე ავღნიშნეთ, ხელოვნური ინტელექტი, ეს არის სფერო, რომელიც თავის თავში ქვედარგებს და მიმართულებებს მოიცავს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი მანქანური დასწავლაა და როგორც თემური ამბობს, "სწორედ ეს საფეხური განსაზღვრას თუ «რამდენად განათლებულია ხელოვნური ინტელექტი». თუ გავავლებთ პარალელს ადამიანთან, რაც უფრო მეტი ცოდნა და ინფორმაციული რესურსი აქვს მას, მით უფრო დიდი შანსია, რომ ოპტიმალური და მართებული გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა, მხოლოდ დიდი ინფორმაცია არ არის საკმარისი კარგი ხელოვნური ინტელექტის მოდელის შესაქმნელად".

რაც შეეხება სხვა წამყვან ქვედარგებს, მათ შორისაა მანქანური ხედვა - ვიზუალური მასალიდან ინფორმაციის ამოღება გამოსახულ ობიექტებსა და პროცესებზე. თემურის თქმით, ეს მიმართულება აქტიურად გამოიყენება თვითმართვად მანქანებში, გზის გრაფიკული დამუშავების მიხედვით მანევრის განსაზღვრისას.

"გვაქვს ენის დამუშავებაც. უშუალოდ, ენის ბუნებრივი დამუშავება ემსახურება ტექსტური მასალის ანალიზს. ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი დარგია. მას ვხვდებით ვირტუალურ ასისტენტებსა და ჩეთბოტებში. საინტერესოა მანქანური მეტყველებაც. ის უზრუნველყოფს აუდიომასალის ტექსტად, ხოლო ტექსტის აუდიომასალად გარდაქმნას. ეს უკანასკნელი პოპულარულია ხმოვან ასისტენტებში, როგორიც არის Amazon-ის "ალექსა" ან Apple-ის "სირი". ამ უნარების ათვისებით, ხელოვნური ინტელექტი ხდება მულტიმედიური არსება, რომელსაც ადამიანთან სრულყოფილი კომუნიკაცია შეუძლია", — ამბობს თემურ ჩიჩუა.

ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა რა ფინანსებთან გვაქვს საქმე, როდესაც ხელოვნურ ინტელექტზე ვსაუბრობთ. საინვესტიციო სიახლეების უდიდესი პლატფორმის Learn Bonds-ის მონაცემების თანახმად, დღეს ხელოვნური ინტელექტის ბაზარი 22.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ხოლო 2025 წლის პროგნოზით, ის 126 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ხელოვნური ინტელექტი საქართველოში

ზემოთ ვსაუბრობთ მსოფლიოზე, თუმცა, საინტერესოა თუ რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში. ქართველი მეცნიერების ინტერესი ხელოვნურმა ინტელექტმა სამოცდაათიანი წლებიდან მიიპყრო. იმართებოდა შეხვედრები და დისკუსიები, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ირაკლი გვერდწითელი. ბუნებრივია, ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესი დღეს უფრო დიდია. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობენ. სწორედ ერთ-ერთი მათგანია თემურ ჩიჩუა.

"ციფრული სამყაროს გაფართოებამ ინტერნეტი აქცია სწავლისა და ინფორმაციის მიღების უმნიშვნელოვანეს რესურსად. დღეს აღარ არის აუცილებელი ამა თუ იმ ქვეყანაში ფიზიკურად ყოფნა. ინტერნეტში ყოველდღიურად ახალი გაკვეთილები, კვლევები თუ სამეცნიერო ნაშრომები თავსდება. შესაბამისად, თუ გაქვს ინტერნეტთან წვდომა, სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია ფეხდაფეხ მიყვე განვითარების ტალღას. თეორიული ცოდნის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რადგან უამრავი ონლაინ რესურსი, კურსი თუ ინდივიდუალური ვიდეო ან ბლოგი არსებობს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დაუფლებისაკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება მსურველს.

დარგის პოპულარიზაციისთვის, ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან Amazon და Google
აქტიურად სთავაზობენ მომხმარებელს უფასო კომპიუტერულ რესურსს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის.

ამასთან, საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გვაქვს კვლევითი ცენტრი, რომლის რესურსითაც შესაძლებელია მაღალი დონის გამოთვლითი სამუშაოების ჩატარება. სწორედ მათი ხელშეწყობით ვმუშაობ ქართული ენის ბუნებრივ დამუშავებაზე და სრულყოფილი ქართული ენის ციფრული მოდელის შექმნაზე.

ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოში არიან ჯგუფები და კომპანიები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა დარგზე მუშაობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოურ ბაზარზე. შესაბამისად, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ამ დარგით დაინტერესებული მკვლევარი შეძლებს პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების და რეალური შედეგის მიღებას", - გვიყვება თემურ ჩიჩუა.

გარდა ზემოთ ხსენებულისა, საქართველოში რამდენიმე სტარტაპი ცდილობს ხელოვნური ინტელექტის კუთხით, ქართულ ბაზარზე სიახლეების შემოტანას. მსგავს კომპანიებს შორისაა systemcorp, PulsarAI, OptioAI, MaxinAI და ა.შ. ამ ეტაპზე, მათ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე კომპანიებისთვის არაერთი პროდუქტი აქვთ შექმნილი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ინტეგრირებული. მაგალითად, დისტანციური ვერიფიკაციებისა თუ ხმის ამოცნობის სისტემები. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტის ბაზარი, ქართულ კონტექსტშიც, მზარდია.

ხელოვნური ინტელექტი და კორონავირუსი

როდესაც ვსაუბრობთ არსებულ რეალობაზე, რთულია გვერდი აუარო გლობალურ პანდემიას. პანდემიის ფონზე, კორონავირუსმა ხელოვნური ინტელექტის და ავტომატური მექანიზმების განვითარების საჭიროება კიდევ უფრო დაგვანახა.

მაგალითისვის, ჩინეთმა დაამტკიცა, რომ ხელოვნური ინტელექტი კრიზისის მართვისთვის პერსპექტიული ალტერნატივაა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყანამ ჯანდაცვის სფეროს დახმარება და გავრცელების კონტროლი შეძლო. ხელოვნური ინტელექტი რადიოლოგიაშიც ჩაერთო, რითაც დიაგნოზის დასმის სისწრაფე საგრძნოლად გაიზარდა.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები სხვა ქვეყნებმაც გამოიყენეს. ჩვენ ჩეთბოტები უკვე ვახსენეთ, ჯანდაცვის სისტემებს ისინიც აქტიურად ეხმარებიან. კანადურმა სტარტაპმა Stallion.Ai ვირტუალური ასისტენტი შექმნა, რომელიც ადამიანებს ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხობს. ის ადამიანებს აწვდის ინფორმაციას და იძლევა რეკომენდაციებს ვირუსისგან თავის დასაცავად. ეს ყველაფერი კი გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებს ძალიან ეხმარება.

stallion.ai

stallion.ai

ამასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი კამერის გამოყენებით წამიერად ზომავს ტემპერატურას და შეუძლია ამოიცნოს ადამიანი, რომელიც პირბადეს არ იყენებს. ასეთი ტექნოლოგიები საქართველოშიც ბევრგან გვხვდება. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებაზე თემურიც მუშაობს:

"Covid19-ის გარშემო გამოჩნდა უამრავი პროექტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვირუსის და მისი სიმპტომების ანალიზსა და იდენტიფიცირებაზეა ორიენტირებული. ამ გზით შესაძლებელი ხდება გავრცელების მიმდევრობაზე დაკვირვება და მომავალი ნაბიჯების წინასწარ განჭვრეტა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი წარმატებული ფორმაა ჩათბოტი – პროგრამა, რომელსაც ადამიანთან ტექსტური კომუნიკაციის დამყარება შეუძლია.

საქართველოში პანდემიის პერიოდში AnimaChatbotics-ის გუნდმა შექმნა თერაპიული სახის ფუნცქიონალური ჩეთბოტი „სივრცე 19“. ჩეთბოტს შეუძლია ადამიანთან საუბარი, პანდემიასთან დაკავშირებული მისთვის საჭირო განახლებად ინფორმაციის, რეკომენდაციებისა და სიახლეების მიწოდება", — ამბობს თემურ ჩიჩუა.

ტოტალური კონტროლი, სამუშაო ადგილები და შიშები

როგორც ვხედავთ, უსაზღვროდ დიდია სასარგებლო შედეგების სია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას სდევს თან. შესაბამისად, მოწყობილობები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, გვაკვირდებიან. სწორედ ამ პროცესით სწავლობენ მოწყობილობები ჩვენს ქცევებს, ცდილობენ გაგვიგონ, რომ შეძლონ ჩვენთან უკეთესი, უფრო შედეგიანი «ურთიერთობის» დამყარება.

მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, ვისაც ასეთი მომავლის ეშინიათ. ისინი ტოტალურ კონტროლზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს წაართმევს. თემური ამბობს, რომ ეს საკითხი ბევრად კომპლექსურია.

"მანქანები უკვე წლებია ასრულებენ იმ ამოცანებს, რომელსაც ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე ადამიანი ასრულებდა. ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, შეასრულოს ჩვეულებრივ პროგრამებზე ბევრად კომპლექსური დავალებები, დროის უფრო მცირე მონაკვეთში.

ეს, რასაკვირველია, გამოიწვევს ადამიანურ რესურსზე მოთხოვნის შემცირებას კონკრეტული მიმართულებებით, ტექნოლოგიის განვითარებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მუდმივად იცვლება ადამიანის სამუშაო გარემოც. არც ისე დიდი ხნის წინ, კომპიუტერის გამოჩენის გამო, ბევრი წინასწარმეტყველებდა სამუშაო ადგილების შემცირებას. დღეს კი სწორედ კომპიუტერის დახმარებით, თუნდაც პანდემიის პირობებში, უამრავმა ადამიანმა შეძლო სამსახურის შენარჩუნება ან ახალი პროფესიის ათვისება.

ხელოვნური ინტელექტის განვითარებას რეალობის გარდასახვის არანაკლები პოტენციალი აქვს, რადგან ამგვარ სამყაროში, ძირეულად შეიცვლება ადამიანის ყოველდღიურობა, როლი და საცხოვრებელი გარემო.

ეს პროცესი, მთლიანობაში, საკუთარი თავის, როგორც ადამიანის, როგორც ინდივიდის გადააზრებაშიც გვეხმარება, თუმცა ამ პროცესში დაგროვილი უამრავი ინფორმაცია, მისი შიგთავსიდან გამომდინარე, შესაძლოა, იქცეს ძლიერ იარაღად. ხოლო დღესდღეისობით, ამ იარაღის სწორედ გამოყენების პასუხისმგებლობა არა ხელოვნურ ინტელექტზე, არამედ ადამიანზეა", — გვიყვება თემურ ჩიჩუა.

"საოცარი ახალი სამყაროს" პერსპექტივები

როგორც ჩვენი ყოველდღიურობიდან ვხადავთ, კომპიუტერის პროცესორული შესაძლებლობები უკვე გახდა ადამიანის გონებრივი რესურსის ერთგვარი გარე დანამატი. ხელოვნური ინტელექტი ამ დანამატის გაუმჯობესებას და ადამიანზე ოპტიმიზირებას გვპირდება.

ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ხანაში. ამის საკუთარი თავისთვის შეხსენება კი ჩვენი სმარტფონის, ან სოციალური ქსელის გამოყენებისასაც კი შეგვიძლია. თუნდაც, ის ალგორითმები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როდის რომელი რეკლამა ვნახოთ სოციალური ქსელის "სქროლვისას", ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობიან. სულ მალე კი, მასობრივ გამოყენებაში ჩაეშვება თვითმართვადი ტრანსპორტის საშუალებები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. უცხოურ ბაზარზე, მომსახურების სექტორში ვხვდებით სრულად ავტომატიზირებულ მაღაზიებს (Amazon Go Store). სერვისის მომწოდებლად ან ოპერატორად კი სულ უფრო მეტი ციფრული ასისტენტი და ჩეთბოტი გვევლინება.

რთულია გადაჭრით ვთქვათ, როდის გაუტოლდება ინტელექტით ციფრული არსება ადამიანს, რადგან უამრავი მსგავსი წინასწარმეტყველებიდან ამ დრომდე არც ერთი გამართლდა. თუმცა, ერთი რისი თქმაც ზუსტად შეგვიძლია, ისაა, რომ წინ ძალიან საინტერესო, "საოცარი ახალი სამყარო" გველოდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ