ბიზნესიდან ამერიკის პრეზიდენტობამდე — ვინ არის დონალდ ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე მეორედ სცადა ბედი. პირველად, 2016 წელს მან დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა, დღეს კი ჯო ბაიდენის კონკურენტია. ხმების დათვლის პარალელურად, ტრამპმა საკუთარი გამარჯვება უკვე გამოაცხადა. მას სურს, ქვეყნის სათავეში 2024 წლამდე დარჩეს.
პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა, მაგრამ თუ საზოგადოების განწყობას დავუჯერებთ, ტრამპის კონკურენტი უპირობო ლიდერია, თუმცა ამერიკელი ხალხი მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვებას არც წინა არჩევნებზე ვარაუდობდა. მიუხედავად ამისა, 4 წლის წინ სცენარი მაინც რესპულიკელის სასარგებლოდ განვითარდა და 70 წლის ასაკში ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა.
დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ინტერესი ჯერ კიდევ 1987 წელს ჰქონდა. ოფიციალურად კი, საკუთარი კანდიდატურა მან 2015 წელს წამოაყენა.
"ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას სრულად აიღებს და მას ისევ დიადს გახდის", — განაცხადა ტრამპმა წარდგენისას და სწორედ ამ სლოგანით წარმართა თავისი საარჩევნო კამპანია. დღეს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტრამპის დაპირებას, "გახადოს ამერიკა ისევ დიადი" საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს.
ბიოგრაფია მოკლედ
დონალდ ჯონ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს ნიუ-იორკში, უძრავი ქონების წარმატებული დეველოპერის, ფრედ ტრამპისა და მერი მაკლაუდის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები გერმანიიდან და შოტლანდიიდან იყვნენ.
13 წლის ასაკში ტრამპი სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს. იქ 1959-დან 1964 წლამდე იყო. 1964-1966 წლებში ბრონქსში, ფორდჰემის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ პენსილვანიაში, უორტონის სკოლაში, ეკონომიკის მიმართულებით სწავლობდა.
1960-იან წლებში, ტრამპის უფროსმა ძმამ, ფრედმა პილოტობა გადაწყვიტა. სწავლის დასრულების შემდეგ, აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა პილოტი ძმა ჩაანაცვლა და მამის ბიზნესის მართვაში აქტიურად ჩაერთო. მოგვიანებით, 1981 წელს, ფრედ ტრამპი ალკოჰლთან დამოკიდებულების გამო გარდაიცვალა. დონალდ ტრამპის თქმით, ამ ინციდენტის გამო, ალკოჰოლსა და სიგარეტს იგი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავს არიდებდა.
კოლეჯის შემდეგ ტრამპი სრულიად ჩაერთო მამის სამშენებლო ბიზნეს საქმიანობაში. 1971 წელს მამის საკუთრებაში არსებული კორპორაციების თავმჯდომარე, ხოლო 1974 წელს პრეზიდენტი გახდა. კომპანიას მოგვიანებით სახელი გადაარქვა და ტრამპის ორგანიზაცია უწოდა.
მართალია, ტრამპი პროფესიულად მამის კვალს გაჰყვა, მაგრამ საკუთარი ბიზნესი მაინც განსხვავებულად და უფრო ამბიციურად წარმართა. ბრუკლინისა და ქუინსის შემდეგ, თავისი ნიშა მანჰეტენზე იპოვა. აქ რამდენიმე გრანდიოზული პროექტი წარმატებით დაასრულა და მეხუთე ავენიუზე, 68 სართულიანი ტრამპ თაუერიც ააშენა.
უძრავი ქონების პარალელურად, წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა შოუბიზნესშიც. 1996 წლიდან 2015 წლამდე სილამაზის კონკურსების: მის სამყაროს, მის ამერიკისა და მის თინეიჯერი ამერიკას მფლობელი იყო. 2004 წელს კი NBC-ის ეთერში მისი სატელევიზიო გადაცემის, მოსწავლის (The Apprentice), დებიუტი შედგა. როგორც ცნობილია, აღნიშნულმა შოუმ ტრამპს 213 მილიონი დოლარი მოუტანა. ის რამდენიმე წიგნის ავტორიცაა.
ფორბსის მონაცემებით, აშშ-ს პრეზიდენტი 2,5 მილიარდი დოლარის მფლობელია. ამის ფონზე კი, The New York Times-მა 2020 წლის 27 სექტემბერს ჟურნალისტური გამოძება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ტრამპი 10 წლის მანძილზე გადასახადებს არ იხდიდა, ხოლო 2016-17 წლებში მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა.
მილიარდელი პრეზიდენტი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი, ჩეხი სპორტსმენი და მოდელი, ივანა ზელნიკოვაა. მათ სამი შვილი — ივანკა, დონალდ უმცროსი და ერიკი შეეძინათ. წყვილის ურთიერთობა 1990 წელს დასრულდა. 1993-1999 წლებში ტრამპი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა მსახიობ მარლა მეიპლისთან, რომელთანაც მას ერთი შვილი ჰყავს. რაც შეეხება, პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი მასთან ქორწინებაში 2005 წლიდან არის და ერთი საერთო შვილი, ბარონ უილიამი ჰყავს.
ტრამპის პოლიტიკა და სკანდალები
მილიარდელი ბიზნესმენის პოლიტიკური ცხოვრება ამერიკის პრეზიდენტობამდე მრავალფეროვანი არ ყოფილა. 1980-იან და 2000-იან წლებში ვრცელდებოდა ხმები კენჭისყრაში მისი მონაწილეობის შესახებ, მაგრამ 2000 წელს მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და ამის ნაცვლად, გამოუშვა წიგნი — ამერიკა, რომელსაც ვიმსახურებთ, სადაც თავისი ეკონომიკურად კონსერვატიული შეხედულებები ჩამოაყალიბა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ, უკვე 2012 წელს გამოჩნდა პოლიტიკაში და ყურადღება ბარაკ ობამას მიმართ გავრცელებული ყალბი განცხადებებით მიიქცია. იმ პერიოდში ტრამპი ამტკიცებდა, რომ დემოკრატი ობამა ამერიკაში არ იყო დაბადებული.
2016 წელს მისი კამპანია მეტწილად კონტროვერსიული იყო. მაგალითად, ვრცელდებოდა ინფორმაცია ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. კერძოდ, აშშ-ის დაზვერვის სამსახურებს მიაჩნდათ, რომ ეს პროცესი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო მართული და არჩევნებში ტრამპის მეტოქის, ჰილარი კლინტონის დამარცხებას ემსახურებოდა. კოლუმბიის ფედერალურმა სასამართლომ რუსული კომპანია, ინტერნეტ კვლევების სააგენტო, ე.წ. ტროლების ფაბრიკა, 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და 13 პირს ბრალი წაუყენა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი აღნიშნულს უარყოფდა, მოგვიანებით ამერიკის სადაზვერვო სამსახურის დასკვნას იმის შესახებ, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, დაეთახნმა.
2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში სადავო იყო მისი დაპირებებიც. ტრამპი ამერიკელ ხალხს მექსიკისა და აშშ-ს საზღვარზე კედლის აშენებას ჰპირდებოდა. იგი, ასევე, ეხებოდა ქვეყანაში მუსლიმების შესვლის აკრძალვას. გარდა ამისა, კამპანიის პერიოდში ხშირი იყო ტრამპის რასისტული, სტერეოტიპული თუ ქსენოფობიური განცხადებებიც.
რა გაქვთ დასაკარგი? — ასე მიმართა 2016 წელს აფროამერიკელ ამომრჩეველს დონალდ ტრამპმა.
"სიღარიბეში ცხოვრობთ, სკოლები არ გაქვთ კარგი, არ გაქვთ არც სამუშაოები, 58 პროცენტი თქვენი ახალგაზრდებისა უმუშევარია, რა ჯანდაბა გაქვთ დასაკარგი?", — განაცხადა ტრამპა.
მსოფლიო გაოცებული იყო, როცა ტრამპი პრეზიდენტი გახდა. მან საარჩევნო კოლეგიის საჭირო 270 ხმაზე მეტი, 304 მოაგროვა და დემოკრატი კლინტონი დაამარცხა. იმ პერიოდში, მოქმედი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ტრამპის კონკურენტის მხარდამჭერი იყო, ტრამპი კი, ობამას პოლიტიკის ღია მოწინააღმდეგე. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ ორი ლიდერისკენ მიემართა. წინასაარჩევნოდ მათ შორის არსებული დაძაბული გარემოს მიუხედავად, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს მშვიდ გარემოში შეხვდნენ. ტრამპმა ობამასთან თანამშრომლობის სურვილიც კი გამოთქვა.
2017 წლის 27 იანვარს ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 120 დღით 7 მუსლიმურ ქვეყნიდან ხალხის ამერიკაში გადასვლა შეზღუდა. ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტკისა ფონზე, ის ამ ინიციატივას "ეროვნული უსაფრთხოების" ინტერესებით ხსნიდა.
გარდა ამისა, ტრამპს ქსენოფობიური დამოკიდებულება აქვს მექსიკელების მიმართ. მისი თქმით, ისინი "მოძალადეები" არიან და ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებას უწყობენ ხელს. ამ საკითხზეც კრიტიკის მიუხედავად, ახლაც გრძელდება მისი მოწოდებები მექსიკასთან კედლის აშენების შესახებ. 2020 წლის სექტემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სამხრეთის საზღვარაზე 300 მილის ბარიერის აშენება დაასრულა.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაძლიერდა სასამართლოს კონსერვატიული ფრთა. მან 4 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე წარადგინა, მათ შორის ბოლო იყო 48 წლის ემი კონი ბარეტი, რომელიც აბორტის მოწინააღმდეგეა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლებმა — მათ იმედი აქვთ, რომ გაუქმდება უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც აბორტი დასაშვები გახდა.
პრეზიდენტი თავისი განცხადებების გამო ხშირად ხვდებოდა მედიისა და საზოგაოდების კრიტიკის ქვეშ. მაგალითად, 2020 წლის 23 იანვარს რასისტული განცხადება გააკეთა — კორონავირუსს "ჩინური ვირუსი" უწოდა და მის აღსაწერად ტერმინი "კუნგ ფლუ" (kung flu) გამოიყენა. პრობლემური იყო ტრამპის საუბარი საკუთარი მხარდამჭერების მიმართაც. ერთ-ერთი კამპანიის წარმართვის დროს, ტრამპმა თქვა, რომ მისი მომხრეები იმდენად ერთგულები არიან, თუნდაც ვინმეს იარაღიდან ესროლოს, მათ ხმას მაინც არ დაკარგავს. ამასთან, 2019 წელს ტრამპმა კონგრესის წარმომადგენელი ქალების, კერძოდ კი, ფერადკანიანი დემოკრატების შესახებ დატვითა და მოუწოდა, იმ ქვეყნებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ჩამოვიდნენ.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 4 წელი მისი მედიასთან ღიად ნეგატიური დამოკიდებულებითაც გამოირჩეოდა. აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა არაერთხელ გამოუცხადა სიტყვიერი ომი ამერიკელ ჟურნალისტებს. The New York times-ს, ABC-ის, CNN-ს ტრამპმა "საზოგადოების მტრები" და "ფეიკ ნიუსების" მედიები უწოდა. ასევე, ერთ-ერთი კონფერენციის დროს ახალი ამბების რეპორტიორი ოთახიდან გააძევა. მილიარდელი პრეზიდენტი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც ჟურნალისტმა მას ემიგრაციასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვები.
ამასთან, ტრამპი არაერთხელ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებასა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებში. ABC-ის ცნობით, ასეთი ქცევა, დაახლოებით, 18 ქალის მიმართ ჰქონდა. ბოლოს მსგავსი შემთხვევა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა, როცა ყოფილმა მოდელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მასზე სექსუალურად იძალადა. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ "ყალბ ამბებს" უწოდებს. ასევე, სკანდალური იყო 2018 წელს პორნო ვარსკვლავის, სტორმი დენიელსის განცხადებებიც. მისი თქმით, 2016 წლის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპის ადვოკატმა მას 130 ათასი დოლარი გადაუხადა, რომ გაჩუმებულიყო და ტრამპთან ძველი ურთიერთობის შესახებ არაფერი ეთქვა. დენიელსის განმარტებით, მის ოჯახს ემუქრებოდნენ, ამიტომ დუმილი არჩია.
საგარეო პოლიტიკა
ტრამპის მმართველობის 4 წელი რამდენიმე დასამახსოვრებელი მოვლენით გამოირჩეოდა. მაგალითად, 2018 წლის 8 მაისს ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკა ირანის ბირთვულ შეთანხმებას დატოვებდა. ტრამპის თქმით, ამ შეთანხმებას რეალური ძალა არ ჰქონდა. ამასთან, ექსპერტების შეფასებით, დიდი იყო ტრამპის როლი იმაში, რომ ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ. ტრამპმა ამ მოვლენას "ისტორიული მიღწევა" უწოდა. შეთანხმება მიღწეული იქნა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე ტრამპი ისრაელის პრემიერ მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ბაჰრეინის მეფეს, ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას ესაუბრა.
გარდამტეხი იყო მისი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან. დონალდ ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელმაც სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა და ჩრდილოეთ კორეაში ფეხი დადგა. შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დემილიტარიზებულ ზონაში ჩასვლის სურვილის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. სადემარკაციო ზონაში ტრამპმა გადაკვეთა საზღვარი, რომელიც ორ ქვეყანას შორის მშვიდობისა და დიპლომატიური ურთიერთობების სიმბოლოა.
ამასთან, მისი პრეზიდენტობის დროს შეიცვალა ურთიერთობა ჩინეთთანაც. კერძოდ, ტრამპმა ქვეყანასთან სავაჭრო ომი წამოიწყო. პანდემიის გავრცელებათან ერთად კი, ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო გამწვავადა. დონალდ ტრამპი კორონავირუსის წარმოშობასა და მასობრივად გავრცელებას სწორედ ჩინეთს უკავშირებს. გარდა ამისა, 5 ნოემბერს აშშ-მ პარიზის კლიმატის შეთანხმებაც დატოვა.
ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როცა ტრამპს 2019 წლის დეკემბერში აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა. პრეზიდენტს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი. კერძოდ, ამის მიზეზი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი იყო, რა დროსაც ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ გამოძიება დაეწყო 2020 წლის არჩევნებში მისი იმ დროისთვის სავარაუდო კონკურენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ. საბოლოოდ ეს პროცესი თებერვალში დასრულდა და ამერიკის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში გაამართლა.
ტრამპი და საქართველო
2016 წელს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებასთან ერთად, გაჩნდა გარკვეული ეჭვი, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა საფრთხის ქვეშ დადგებოდა. მაგალითად, ბევრის აზრით, ამ დროს ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა შემცირდებოდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთისადმი უფრო მტკიცე და მკაცრი პოლიტიკა აქვს.
2017 წელს ტრამპმა საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
"საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია", — ვკითხულობთ წერილში.
ამასთან, 2017 წლის 8 მაისს, საქართველოს მაშინდელ პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა, რა დროსაც ტრამპმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ამერიკას მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებთ.
მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, 2017 წელს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დაუჭირა მხარი. გარდა ბევრი პრობლემური საკითხისა, დოკუმენტში საქართველოზეც იყო საუბარი. კერძოდ, კანონპროექტში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაუბრკოლებელ შესვლას ითვალისწინებს.
"რუსეთის ფედერაცია იყენებდა და კვლავ აგრძელებს საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის, სადაზვერვო ოპერაციებისა და პროპაგანდისტული კამპანიების გამოყენებას, რაც წარმოადგენს მკაფიო საფრთხეს ევროპისა და ევრაზიის სახელმწიფოებისთვის", — ნათქვამია კანონპროექტში.
2019 წელს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. იგი ნიუ იორკში დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ დიპლომატიური მიღებას დაესწრო.
2020 წელს კი, როცა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოულოცა, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა უნდა გაგრძელდეს. ამასთან, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას განაგრძობდა.
და ბოლოს, უნდა ითქვას ისიც, რომ ტრამპი საქართველოში ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე იმყოფებოდა. 2012 წელს ის ქვეყანას სტუმრობდა, როგორც ბიზნესმენი და ბათუმში ტრამპ თაუერის აშენებას გეგმავდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პროექტზე მუშაობა არ გაგრძელებულა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართა და საარჩევნო უბნებიც დახურულია, თუმცა ამ დრომდე შეუძლებელია იმის თქმა, ვინ გახდება მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნის პრეზიდენტი.
ასევე წაიკითხეთ:
კომენტარები