როგორ ხდება უჯრედში pH ბალანსის შენარჩუნება
მეცნიერებმა პირველად მოახერხეს მოლეკულური არხების ვიზუალიზაცია. ეს არხები ტვინის უჯრედებში pH-ის დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ ფუნქციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგი უჯრედებს სიცოცხლეს უნარჩუნებს და ინსულტისა და ტვინის სხვა დაზიანებების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.
PAC, იგივე პროტონ-აქტივირებადი ქლორიდის არხები, უჯრედის მემბრანაშია განლაგებულიდა და არეგულირებს პატარა მოლეკულების - ქლორიდის იონების უჯრედის შიგნით შემოსვლას და გასვლას. ეს უჯრედებს აძლევს იმის საშუალებას, რომ შეიგრძნონ და რეაგირება მოახდინონ გარემო პირობებზე.
"PAC სულ ახლახანს იქნა აღწერილი, თუმცა მათ უჯრედის ცხოველმყოფელობისთვის, უფრო კონკრეტულად კი ტვინისთვის, კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ", განაცხადა ვან ანდელის ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორმა და დღეს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა ვეი ლუმ. "ჩვენი ახალი სურათები ახალ აღმოჩენასთან ერთად, რომელიც ამ არხების მუშაობის მექანიზმს გვიჩვენებს, გვთავაზობს საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რომ ამ დარგში დიდი ხნის მანძილზე წამოჭრილ კითხვებს გაეცეს პასუხი. იგი წარმოდგენას შეგვიქმნის იმის თაობაზეც, თუ რა თერაპიული დანიშნულება აქვთ ამ არხებს.
მოლეკულური არხების ვიზუალიზაციით მიღებულ სურათებზე მოცემულია ყვავილების თაიგულის მსგავსი სტრუქტურა, რომლის ნაწილებიც გარემოში pH-ის დონის საპასუხოდ იცვლის კონფიგურაციას.
როცა pH ტუტედან მჟავაში გადადის, მთავარი pH სენსორი თავისი "დასვენების" ადგილიდან გადიდის "მჟავა ორმოში", რაც იმის სიგნალია, რომ არხი, რომელიც იონებს უჯრედიდან გარეთ უშვებს, ღია უნდა იყოს. ეს სპეციფიური მექანიზმი აქამდე არასდროს შეუსწავლიათ მეცნიერებს.
კვლევა ვან ანდელის ინსტიტუტის ლუს ლაბორატორიისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ პროფესორისა და კვლევის თანაავტორის, ჟაოჟუ ციუს მეთაურობით მომუშავე გუნდის კოლაბორაციით შეიქმნა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის გუნდმა გასულ წელს პირველებმა განუცხადეს PAC-ის აღმოჩენა ჟურნალ Science-ს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია PAC-ის სტრუქტურის ამოხსნა, ვინაიდან ამ საკითხის შესწავლამ შეიძლება ერთ დღეს ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოახდინოს გავლენა.
კომენტარები