როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი ინფორმაცია და ანგარიშები ინტერნეტ თაღლითებისგან
მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაში ერთ-ერთ საბაზისო საჭიროებას, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შემდეგ, უსაფრთხოება და დაცულობა წარმოადგენს. 21-ე საუკუნეში ეს ტერმინი მხოლოდ ფიზიკურ უსაშიშროებასთან არ ასოცირდება და მოიცავს ციფრულ უსაფრთხოებასაც.
დღესდღეობით საბანკო ოპერაციების დიდი ნაწილი სხვადასხვაგვარი ციფრული არხებით ხორციელდება — მობილბანკი, ინტერნეტბანკი და სხვა საშუალებები იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ნებისმიერ დროსა და ადგილას აკონტროლოთ თქვენი ანგარიშები. სწორედ უნივერსალურობა, სიმარტივე და ცნობიერების ნაკლებობა აქცევს მომხმარებლების ნაწილს თაღლითობის მსხვერპლად, ასეთი ფაქტები კი, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია.
ეგრეთ წოდებული ფიშინგი ინტერნეტთაღლითობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ინგლისური ტერმინი "თევზაობას" ნიშნავს და თაღლითებიც ერთგვარი მებადურები არიან, რომელთა ნადირობაც ხშირ შემთხვევაში მეტად დახვეწილი და გამოცდილი პრაქტიკით ხორციელდება. მისგან თავდაცვა მხოლოდ მომხმარებლისა და მომსახურების შემსრულებლის — ამ შემთხვევაში, ბანკის — თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ერთი მხრივ, ბანკმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების არაერთგვაროვანი მექანიზმების შეთავაზება, მეორე მხრივ კი თქვენ უნდა იცოდეთ როგორც საფრთხეების, ასევე მათგან თავდასაცავად ბანკისგან შემოთავაზებული სერვისების შესახებ.
ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ ბანკები მომხმარებელს უსაფრთხოების მრავალფეროვან და ინტეგრირებულ სისტემას სთავაზობენ. გარდა იმისა, რომ საბანკო ოპერაციების, მათ შორის ინტერნეტმაღაზიაში პროდუქტის შეძენისა თუ სხვა პლატფორმაზე თანხის გადარიცხვის დროს საჭიროა SMS კოდით მისი შესრულების დადასტურება, ამასთან ინტერნეტ და მობილბანკის პროფილზე შესვლისას მომხმარებელი გადის ორეტაპიანი ავტორიზაციის პროცედურას და კვლავ SMS კოდის შეყვანის შემდეგ შეუძლია ანგარიშების ციფრული მართვის პლატფორმაში შესვლა. დამატებითი უსაფრთხოების ზომაა 15 წუთიანი უმოქმედობის შემთხვევაში პირადი პროფილიდან ავტომატური გამოსვლაც.
რა და რატომ არის საჭირო?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერნეტთაღლითობის შემთხვევები მეტად ხშირია, განსაკუთრებით ისეთ მომხმარებელთა შორის, რომლებიც დიდი ინფორმაციას არ ფლობენ საკუთარი უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ბარათის მონაცემები მხოლოდ თქვენს საკუთრებაშია და მათ დაცვაზე პასუხისმგებელიც თქვენ ხართ. მათი გაზიარება მესამე პირისთვის სერიოზულ რისკს ქმნის, რომ თაღლითობის ან თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდეთ.
მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომელ მოწყობილობებსა და ქსელებს იყენებთ საკუთარ ანგარიშებზე წვდომისათვის — აუცილებელია, ტელეფონში, სადაც მობილბანკი გაქვთ და კომპიუტერში, საიდანაც ინტერნეტბანკის საკუთარ ანგარიშზე შედიხართ, ანტივირუსული პროგრამები გეყენოთ. იმ მოწყობილობებზე, რომელზე წვდომაც თქვენ გარდა სხვა პირსაც აქვს, ნუ დაამახსოვრებინებთ სისტემას პაროლს ან მომხმარებლის სახელს.
გაითვალისწინეთ ქსელური კავშირიც — ნუ გამოიყენებთ უცნობ ან საჯარო მოხმარების Wi-Fi კავშირებს, სასურველია, პლატფორმით უშუალო სარგებლობის პროცესში გამორთოთ Bluetooth-იც.
არ დაგავიწყდეთ პაროლები და მათთან დაკავშირებული სირთულეებიც — წვდომა საბანკო ანგარიშზე უფრო სერიოზული საქმეა, ვიდრე ფეისბუქანგარიშზე — ამდენად, საჭიროა, პაროლი რთულ კომბინაციას მოიცავდეს და სასურველია, მისი მსგავსი პაროლი სხვა პლატფორმებზე არ გქონდეთ გამოყენებული. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პაროლი დასამახსოვრებლად არ ჩაწეროთ ისეთ ადგილას (ბლოკნოტში, მაგალითად), რომელიც, შესაძლოა, მესამე პირის ხელში ჩავარდეს.
რა არის ანკესის სატყუარა?
კომბინატორები, როგორც ვახსენეთ, გამოცდილ მეთოდებს მიმართავენ, რათა ანკესზე მსხვერპლი ადვილად წამოაგონ. მიზნის მისაღწევად ისინი ერთგვარ სატყუარებს — მომხიბვლელ და სასურველ შეთავაზებებს — იყენებენ, შემდეგ კი ანგარიშს ეპატრონებიან და მსხვერპლთან კონტაქტს წყვეტენ.
"მებადურებმა", შესაძლოა, რამდენიმე გზით სცადონ თქვენთან დაკავშირება: ელფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით ან თუნდაც ვებგვერდით, რომელზეც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდით.
ამ უკანასკნელის შემთხვევაში სასტარტო ინდიკატორების გამოყენება მარტივია — უნდა დააკვირდეთ, რამდენად ავთენტიკური ვებგვერდია, წარმოაჩენს თუ არა იგი სანდო ორგანიზაციას. ხშირ შემთხვევაში, გამოცდილი კიბერთაღლითები მაქსიმალურად მიმსგავსებულ ვიზუალს და საკვანძო ნიშნებს იყენებენ, რათა გვერდი, ერთი შეხედვით, ნამდვილი გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში მსხვერპლად არა მხოლოდ თქვენ, არამედ ის ორგანიზაციაც შეიძლება იქცეს, რომლის სახელითაც თაღლითი გიკავშირდებათ. ორგანიზაცია, შესაძლოა, თქვენი ბანკიც იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში, აუცილებელია, ოფიციალურ ნომერზე ან ცხელ ხაზზე დაუკავშირდეთ მას და გადაამოწმოთ მოწოდებული ინფორმაციის ვალიდურობა და გამოთხოვნილი ინფორმაციის საფუძველი.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა თაღლითობის შემთხვევები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით. როდესაც ოპერაციის განხორციელებისთვის კონკრეტული ინფორმაციის გაზიარება იმეილის საშუალებითაა საჭირო, დარწმუნდით, რომ მონაცემს შესაბამის ადრესატს უზიარებთ — მიმღები ელფოსტის მისამართის ვალიდურობის რამდენიმე ამოსაცნობი ნიშანი არსებობს; უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზაციებს ხშირ შემთხვევაში "ეთ" (@) სიმბოლოს შემდეგ საკუთარი ბრენდის დასახელება ან აბრევიატურა აქვთ მითითებული, მისი სისწორის გადამოწმება კი ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ. გარდა ამისა, თაღლითები გრამატიკას დიდად არ სწყალობენ, ამდენად იმეილში, შესაძლოა, მართლწერის წესებიც უგულებელყოფილი იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ორგანიზაციის წარმომადგენელ პირთან მუდმივი კონტაქტია, თუნდაც სატელეფონო, განსაკუთრებით, რეკვიზიტების ცვლილების დროს.
3D უსაფრთხოების სისტემა ინტერნეტსივრცეში ვაჭრობისას უსიამოვნო შემთხვევებისგან დაგიცავთ. უმეტეს შემთხვევაში, ბანკის მომხმარებლებისთვის სერვისით სარგებლობა უფასოა, მისი გამორთვა კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, გამორთვის სურვილი გქონდეთ — 3D უსაფრთხოების სერვისით თქვენ შეგიძლიათ, თავი დაიზღვიოთ იმ ტრანზაქციებისგან, რომელთა განხორციელებაც თქვენი მიზანი არ ყოფილა და მოხდა მესამე პირის მიერ.
როცა რომელიმე ინტერნეტმაღაზიის ვებგვერდს ან სხვა პლატფორმას სტუმრობთ, სადაც ციფრულად გადახდაა საჭირო, მნიშვნელოვანია, სერვისით სარგებლობისას გვერდს ჰქონდეს უსაფრთხოების სისტემა. მისი საშუალებით მონაცემების შეყვანისას ვებგვერდი გადაგამისამართებთ გვერდზე, სადაც მხოლოდ SMS კოდის შეყვანის შემდეგ შეძლებთ გადახდას. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა რამდენიმე წკაპით მეტს მოითხოვს, იგი არაერთ პოტენციურ საფრთხეს აგარიდებთ და რაც მთავარია, მონაგიჭებთ უსაფრთხოების და დაცულობის განცდას — მასლოუს პირამიდის საბაზისო მოთხოვნილებას.
მაშინაც კი, თუ უნებლიეთ კიბერთაღლითობის მსხვერპლი გახდით ან უსიამოვნო ფაქტი შეგემთხვათ — მაგალითად, ბარათი დაკარგეთ — ბანკი რამდენიმე გზას გთავაზობთ ანგარიშების დასაცავად, მათ შორის ბარათის დისტანციურად დაბლოკვას ინტერნეტ და მობილბანკის საშუალებით, ან უშუალოდ ფილიალში მისვლით. როცა საქმე პირადი მონაცემებისა და ანგარიშების უსაფრთხოებას ეხება, მნიშვნელოვანია, აქტიური კომუნიკაცია გქონდეთ ბანკის წარმომადგენელთან.
ასევე იხილეთ:
კომენტარები