როგორ იმუშავებს პარლამენტი, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის
ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების ლიდერები არ გამორიცხავენ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.
რა მოხდება, თუ ისინი მართლაც არ შევლენ პარლამენტში? On.ge-მ შესაბამისი მუხლები კანონმდებლობაში გადაამოწმა, ასევე, აზრი ჰკითხა იურისტებს.
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომის ჩანიშვნისა და წარმართვისთვის აუცილებელია დეპუტატების სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 76 დეპუტატი ადგილზე იმყოფებოდეს. ამდენი წევრი პარლამენტში ქართულ ოცნებას, მაღალი ალბათობით, ეყოლება. ანუ საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა ჩატარდება.
სწორედ მათ პირველ სხდომაზე უნდა ცნონ ახალი დეპუტატების ლეგიტიმურობა. პარლამენტის სრული უფლებამოსილებისთვის საჭიროა წევრების 2/3, ანუ 100 დეპუტატი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, ამას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.
როგორც მენაბდე განმარტავს, პარლამენტს უფლება აქვს შეუდგეს მუშაობას, თუ პირველ სხდომას დაესწრება სრული შემადგებლობის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 76 დეპუტატი და ისინი ცნობენ წევრთა 2/3-ის, ანუ მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილებას.
"ჯერ ცნობა ხდება უფლებამოსილების და მერე გადადგება ეს ხალხი. რაც არ გაქვს, იმაზე უარს ვერ იტყვი", — განმარტავს ვახუშტი მენაბდე.
მენაბდე ამბობს, რომ დეპუტატს გადადგომის უფლება უფლებამოსილების ცნობის შემდეგ აქვს, მაგრამ ეს პარლამენტის მუშაობას ხელს ვერ შეუშლის.
"60-მა ადამიანმა რომ თქვას, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, პარლამენტი მაინც შეიკრიბება და უფლებამოსილი იქნება სამართლებრივად. პოლიტიკური ლეგიტიმაცია სხვა საკითხია", — ამბობს მენაბდე.
On.ge-ს კითხვას, რა მოხდება, თუ არჩეული დეპუტატები უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ გადადგებიან და საკანონმდებლო ორგანოში დარჩება 100 წევრზე ნაკლები, მენაბდე ასე პასუხობს:
"გადადგებიან და აღარ იქნებიან დეპუტატები. დარჩება პარლამენტი იმდენი დეპუტატით, რამდენიც იქნება, დარჩენილი შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას უფლებამოსილების ამოწურვამდე", — ამბობს ვახუშტი მენაბდე.
იურისტი გიორგი ჩიტიძეც ამბობს, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა შესაძლებელია, თუ მას ფიზიკურად ესწრება 76 დეპუტატი.
"76 დეპუტატი ცნობს მინიმუმ 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მანდატს და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი მანდატზე უარის თქმა. ანუ, მანდატის მიღებამდე, მასზე უარს ვერ იტყვი, ყველა ვარიანტში ცნობენ, თუ 76 დეპუტატი შეიკრიბება პირველ სხდომაზე", — წერს ის Facebook-ზე.
ჩიტიძე მიუთითებს, რომ ეყრდნობა საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, კანდიდატს უარი შეუძლია თქვას დეპუტატად არჩევამდე ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა.
რის საფუძველზე ცნობს პარლამენტი დეპუტატის უფლებამოსილებას და რა შემთხვევაში შეიძლება არ ცნოს
ეს არის პროცესი, როცა მოწმდება, ხომ არ არის წინააღმდეგობა კანდიდატის პერსონალურ მახასიათებლებსა და კანონის მოთხოვნებს შორის. როგორც ვახუშტი მენაბდე On.ge-სთან განმარტავს, ამგვარი წინააღმდეგობა შეიძლება იყოს სასამართლოში შეტანილი სარჩელი კონკრეტული პირის პარლამენტის წევრად არჩევის უკანონობის შესახებ ან პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში ცესკო არჩევნების შედეგების სიას სამანდანტო კომისიას სრულად გადასცემს და თუ 76 დეპუტატი ფიზიკურად შეიკრიბა, სხვების უფლებამოსილებასაც ცნობენ.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ ოპოზიციას დეპუტატის მანდატის მიღებამდე მასზე უარის თქმა არ შეუძლია, ხოლო როცა ამ მანდატს მიიღებენ, არჩევნების შედეგების მიხედვით, ისინი უკვე იქნებიან 100-ზე მეტნი და შესაბამისად, პარლამენტიც უფლებამოსილი ხდება, მუშაობა გააგრძელოს. მეტიც, თუკი ოპოზიცია მაინც გადაწყვეტს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას გააგრძელებს და ეს ლეგიტიმური იქნება. ცხადია, ამისთვის საჭიროა 76 დეპუტატი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ქართულ ოცნებას, მაღალი ალბათობით, ეყოლება.
რას ამბობენ ოპოზიციასა და ქართულ ოცნებაში
მანდატებზე უარის თქმის იდეამ ჯერ კიდევ ღამით, არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ გაიჟღერა, როცა ცესკო-ს თქმით, ხმების 28% იყო დათვლილი.
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი და პროპორციული სიის მეორე ნომერი, თაკო ჩარკვიანი პირველი იყო, ვინც ღიად განაცხადა უარი უკვე მოპოვებულ საპარლამენტო მანდატზე.
გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეკრების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ სამომავლო გეგმად მანდატებზე უარის თქმა განიხილება.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ კი თქვა, რომ პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
"პირადად მე ამ პარლამენტში არ შევიდოდი", — განაცხადა მან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმაც იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის.
მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდა, უარი თქვან მანდატებზე.
მანდატების შესახებ ლელოს პოზიცია უცნობია, თუმცა, ისინი ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.
რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდს, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმურობას მხოლოდ საზოგადოება წყვეტს, ხოლო თუ ოპოზიცია დათმობს ყველა მანდატს და არ მიიღებს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, ეს იქნება უარის თქმა მოქალაქეების არჩევანზე.
მამუკა მდინარაძე კი ვარაუდობს, რომ ქართულ ოცნებას პარლამენტში, მინიმუმ, 92 წევრი ეყოლება. ამასთან, ის მიუთითებს, სწორედ, კონსტიტუციის 38-ე მუხლზე, რომელიც 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უშვებს შესაძლებლობას, რომ პარლამენტმა მუშაობა 76 წევრითაც გააგრძელოს.
რას გადაწყვეტს ოპოზიცია, ამ დრომდე უცნობია. გარდა საჯარო შეხვედრებისა, მიმდინარეობს შიდაპარტიული კონსულტაციებიც.
კომენტარები