"ქვევრი" ალბათ ბევრჯერ გვინახავს და ამ კომიკური და გამოუვალი (ყველანაირი გაგებით) მდგომარეობიდან თავის დაღწევის ჩვენი ვერსიებიც ბევრჯერ გაგვითამაშებია წარმოსახვაში.

მაგრამ, სავარაუდოდ, არ დავფიქრებულვართ, როგორ შეძლებოდა ამ უსიამოვნო ინციდენტის თავიდან აცილება, ან სულ მცირე, როგორ უნდა მიგვეღო ასეთ სიტუაციაში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება.

ქვევრში ჩარჩენილი ოსტატის ამბავმა ლიტერატურისა და კინემატოგრაფისთვის დაუვიწყარი სიუჟეტი კი შექმნა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, უფრო მეტად, პრობლემების თავიდან აცილებასა და გონივრულ გადაწყვეტილებებს ვამჯობინებთ, მით უფრო, როცა საქმე ფულს ეხება.

ამირან ხიმშიაშვილმა, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელია, მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების გაკვეთილი ქართულ კინოში მოგზაურობად აქცია. ამ პროექტით ის ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული გახდა. კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით დაარსდა.

ამირანის პროექტის — "Finმფრენი: ფინანსური მოგზაურობა ქართულ კინემატოგრაფიაში" ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ქართული ფილმები და სიუჟეტებისა და პერსონაჟების მაგალითებით ფინანსური საკიხები განიხილეს. მაგალითად, "ქვევრის" გმირის ისტორიაზე მოსწავლეები მსჯელობდნენ: ვინ უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზარალი? რა ფინანსური რისკების თავიდან აცილება შეიძლებოდა დაზღვევით და როგორი სადაზღვევო პაკეტი დაიცავდა ფილმის გმირს? "სამანიშვილის დედინაცვალში" ისინი მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ რისკებსა და გაუთვალისწინებელ ხარჯებს აკვირდებოდნენ, ხოლო "შერეკილების" პერსონაჟების გადაწყვეტილებებს სესხის, ინოვაციისა და ინვესტიციის ჭრილში განიხილავდნენ. ერთ-ერთ პრაქტიკულ დავალებაში კი მოსწავლეებმა პლატონის ("სამანიშვილის დედინაცვალი") "ბიზნეს-გეგმა" გააანალიზეს და ფინანსური ანალიტიკოსების როლში ახალი გეგმა შეიმუშავეს.

ფოტო: ბაზისბანკი

"კინო იმიტომ ავირჩიე, რომ ფინანსურ განათლებაზე საუბრისას არ მინდოდა, ბავშვებისთვის კიდევ ერთი სახელმძღვანელოს მსგავსი გაკვეთილი შემეთავაზებინა. კინოს გამოყენების პრაქტიკა მანამდეც მქონდა, მაგრამ ამ პროექტში ის უკვე უბრალოდ ილუსტრაცია აღარ იყო. ფილმი თავად გახდა სასწავლო რესურსი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები მსჯელობდნენ, კამათობდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და საკუთარ ცხოვრებასთან ავლებდნენ პარალელებს", — ამირან ხიმშიაშვილი, ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული.

არცთუ შორეულ წარსულში ფულზე საუბარი კარგ ტონად არ მიიჩნეოდა, განსაკუთრებით კი — მოზარდებისგან. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ ხშირად უწევთ ფულთან დაკავშირებული პატარ-პატარა არჩევანის კეთება. ასევე, ხედავენ, რომ მათი ცხოვრების ბევრი ასპექტი მშობლებისა და უფროსების ფინანსურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. დღეს ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება და ფინანსური განათლება მოზარდებს იმ კითხვებზე პასუხების პოვნაში ეხმარება, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩნდება.

"მოზარდებს ფინანსური საკითხების შესახებ უფრო მეტი წარმოდგენა აქვთ, ვიდრე ზოგჯერ ჩვენ გვგონია, თუმცა ეს ცოდნა ხშირად ფრაგმენტულია. მათ იციან ფულის გამომუშავების, ხარჯვისა და დაზოგვის შესახებ, მაგრამ ყოველთვის ვერ აკავშირებენ ამ ყველაფერს ერთმანეთთან და ვერ აფასებენ ფინანსური გადაწყვეტილების გრძელვადიან შედეგს.

მოსწავლეებს ყველაზე მეტად მოსწონდათ ის მომენტი, როდესაც ნაცნობი ფილმი ან პერსონაჟი მოულოდნელად ფინანსურ "ქეისად" იქცეოდა. ძალიან საინტერესო იყო მათი რეაქცია კითხვაზე: "მე რომ მის ადგილას ვიყო, რას გავაკეთებდი?" აქ უკვე უბრალოდ სწორი პასუხის მოძებნა აღარ იყო საჭირო, მათ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა დაეცვათ.

ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ფინანსური განათლების მიზანიც — მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში ამოცნობა და უნარად გადაქცევა", — ამირან ხიმშიაშვილი.

კონკურსში შესული პროექტების რაოდენობამ და შესრულების ხარისხმა აჩვენა, რომ სკოლებში ფინანსური განათლებით მასწავლებლები სულ უფრო და უფრო აქტიურად ინტერესდებიან. ფინანსური განათლების საკითხები ეტაპობრივად შევიდა სკოლებში და მასწავლებლებისთვის სწავლების პროცესში მისი გამოყენების არაერთი შესაძლებლობა გაჩნდა. ამ მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატორია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ", რომლის საქმიანობას წლებია მხარს უჭერს ბაზისბანკი. ბანკის მხარდაჭერით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებიც ფინანსური განათლების საკითხებს მოსწავლეებისთვის უფრო პრაქტიკულ და საინტერესო გამოცდილებად აქცევს.

"ფინანსური წიგნიერება ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარია, რომელიც გვეხმარება, უკეთ გავიგოთ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები და პასუხისმგებლობით დავგეგმოთ მომავალი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურ განათლებას ბავშვობიდანვე მიექცეს ყურადღება და მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებას დაუკავშირდეს.

ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა, რომ ბაზისბანკი უკვე წლებია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" სხვადასხვა ინიციატივის პარტნიორია. განათლების მხარდაჭერა ჩვენი კორპორატიული პასუხისმგებლობის სტრატეგიული მიმართულებაა და გვჯერა, რომ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა გრძელვადიან შედეგს ქმნის.

ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მონაწილე მასწავლებლების პროექტები ამ პროცესის კარგი მაგალითია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი შემოქმედებითი მიდგომა — ისინი ფინანსურ საკითხებს მოსწავლეებისთვის ნაცნობ თემებსა და ყოველდღიურ გამოცდილებას უკავშირებენ. ასეთი პრაქტიკა ფინანსურ განათლებას უფრო გასაგებსა და საინტერესოს ხდის და, ამავდროულად, აჩენს გამოცდილებას, რომლის გაზიარებაც სხვა სკოლებსა და მასწავლებლებსაც შეუძლიათ", — ტაპი ზაქარიაძე, ბაზისბანკ ჯგუფის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

"ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი შარშან გამოცხადდა ბაზისბანკის მხარდაჭერით. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ განათლება ბავშვებს მომავლისთვის ამზადებს; ფინანსური განათლება კი განსაკუთრებულია, რადგან "მომავალი" აქ ძალიან კონკრეტული და ხელშესახებია: ეს არის პირველი ხელფასი, პირველი კონტრაქტი, პირველი სესხი ან ბიზნესი — პირველი დიდი ფინანსური არჩევანი.

OECD-ის ანგარიშებში ხშირად შეხვდებით ფრაზას: ფინანსური განათლება უნდა დაიწყოს სკოლაში. მე ან წინადადებას დავამატებდი: ფინანსური განათლება იწყება სკოლაში, მაგრამ ცოცხლდება მასწავლებლებში. სახელმძღვანელო მოსწავლეს აძლევს ინფორმაციას, მასწავლებელი კი მას გამოცდილებად აქცევს. სწორედ ამიტომ მიიჩნევს ეროვნული ბანკი ფინანსურ განათლებას პრიორიტეტად და პარტნიორების ჩართულობით მუდმივად უჭერს მხარს მასწავლებლებს პროექტებითა და რესურსებით", — ქეთევან ახალკაცი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოში ფინანსური განათლების მიმართულებით მასწავლებლების, სკოლებისა და მოსწავლეების მზარდი ინტერესი შემთხვევითი არ არის. OECD—ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) რეკომენდაციებშიც ფინანსური განათლების პროგრამებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობის გასაძლიერებლად ერთ-ერთ გზად სწორედ კონკურსები, კონფერენციები და ჯილდოებია დასახელებული. საქართველოში ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის - წარმოაჩინოს პრაქტიკული და საინტერესო მეთოდები, რომლებიც მხოლოდ კლასში არ დარჩება და სხვა მასწავლებლებისთვისაც იქცევა მოტივაციად.