ავსტრალიელმა მკვლევრებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ზედა კიდურების დამბლის მქონე ადამიანებს ფიქრებითა და თვალის მძრაობებით ტექსტის დაწერის, ელექტრონული ფოსტის გაგზავნის და კიდევ სხვა ონლაინ დავალებების შესრულების საშუალებას მისცემს.

ამისათვის მათ შექმნეს სტენტროდი - ასანთის ღერის ზომის მოწყობილობა, რომელიც ტვინის მოტორული კორტექსის გვერდით თავსდება. აქ იგი კისრის სისხლძარღვის გავლით ხვდება. იგი იყენებს უსადენო ტექნოლოგიას, რათა დაუკავშირდეს კომპიუტერის ოპერატიულ სისტემას. კომპიუტერი ტვინის სიგნალებს ბრძანებებად გარდაქმნის, ადამიანი კი, თვალის დახმარებით კონტროლს ამყარებს კომპიუტერზე.

ეს ტექნოლოგია უკვე წარმატებით გამოიყენა მოტორული ნეირონული დაავადების (MND) მქონე ორმა პაციენტმა. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ მელბურნის უნივერსიტეტის, მელბურნის სამეფო საავადმყოფოსა და ფლორის ნეირომეცნიერებებისა და მენტალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის მკვლევრები.

ფილ ო'კიფმა, ავსტრალიის ვიქტორიას შტატიდან, შეძლო კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულების გადიდება უბრალოდ ამაზე ფიქრით. გარდა ამისა, იგი ფიქრებით სულ უფრო და უფრო უკეთესად აკონტროლებს კომპიუტერის კურსორს.

ფილ ო'კიფი

ფილ ო'კიფი

ფოტო: www.abc.net.au

60 წლის ო'კიფს MND-ს დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს, ახალი მოწყობილობის იმპლანტთან ერთად ცხოვრება კი ამ წლის აპრილში დაიწყო. "ის ადამიანის ტვინს ახალი, განსხვავებული მოქმედების შესრულებაში ავარჯიშებს. ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია" - ამბობს იგი მელბურნის უნივერსიტეტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ო-კიფს მაუსზე დაწკაპუნება თავისი მარცხენა ფეხის გადააადგილებაზე ფიქრით შეუძლია, კომპიუტერზე სხვა დავალებების შესასრულებლად კი მან შესაბამისი მოქმედებებზე უნდა იფიქროს.

კვლევის თანაავტორის თქმით, ეს მოწყობილობა პაციენტებს დამოუკიდედბლობის შეგრძნება უჩენს

კვლევის თანაავტორის თქმით, ეს მოწყობილობა პაციენტებს დამოუკიდედბლობის შეგრძნება უჩენს

ფოტო:

University Of Melbourne; www.abc.net.au

ჟურნალ NeuroInterventional Surgery-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, მკვლევრების მიზანი იყო პირველად შეექმნათ ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის სხეულის შიგნიდან იმუშავებდა. "ეს ტექნოლოგია მართლაც კარგ შედეგს იძლევა" - განუცხადა ABC-ს მელბურნის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნიკოლას ოპიმ.

ექსპერიმენტში მონაწილე მეორე ადამიანი 75 წლის გრეჰემ ფელსტედია, რომელიც ასევე MND-ით იტანჯება. მას იმპლანტი გასული წლის აგვისტოში შეუყვანეს ტვინში.

"ფელსტედს უნდოდა თავის ცოლს თავისუფლად ევლო ბაღში თუ საყიდლებზე, მუდამ ის გვერდით არ მდგარიყო და მუდამ მასზე არ ეზრუნა", - ამბობს ექიმი ოპი. "ახლა მას უკე შეუძლია თავის მეუღლეს ტელეფონითაც დაუკავშირდეს და მესიჯიც მიწეროს, ამ გზით ქალბატონი ფელსტედი დროს საკუთარი თავისთვისაც გამონახავს, გრეჰემი კი დამოუკიდებლად ცხოვრებასაც ისწავლის", - აღნიშნა მან.

ორივე პაციენტი, ო'კიფიც და ფელსტედიც ამ ტექნოლოგიას მეთვალყურეობის გარშე, სახლის პირობებში ყოველდღიურად იყენებენ.

ფოტო: University Of Melbourne; www.abc.net.au

დოქტორი ოპი ვასკულარული ბიონიკის ლაბორატორიის თანამეთაურია მელბურნის უნივერსიტეტში და ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი Synchron-ში, პროექტის კომერციულ პარტნიორში.

ამ კვლევის ფინანსური მხარდამჭერი, თავიდან, აშშ-ს თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო და ავსტრალიის ეროვნული ჯანდაცვისა და სამედიცინო კვლევის საბჭო იყო, შემდეგ კი მათ 1.4 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს ავსტრალიის მთავრობისგან, რათა იგივე ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ სიდნეისა და ბრისბენის საავადმყოფოებშიც.

ამჟამად, იმპლანტის გამოყენება უკვე მესამე პაციენტმაც დაიწყო. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მალე ეს მოწყობილობა კომერციულ პროდუქტად იქცევა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უამრავი პარალიზებული ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში იგეგმება ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომლის საშუალებითაც პაციენტი შეძლებს რობოტული კიდურების კონტროლს და მისი ფუნქციები კომპიუტერული მოწყობილობების კონტროლს გასცდება", - ამბობს ექიმი ოპი.

"ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ეს მოწყობილობა მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ დამეხმარებოდა, რადგან მე მაინც ვერ შევძლებდი საკუთარ ხელებზე კონტროლის დამყარებას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მათ, ვინც მომავალში გამოიყენებს ამ ტექნოლოგიას, ბევრად მეტის საშუალება ექნებათ და მიხარია, რომ ჩემი ექსპერიმენტში მონაწილეობით ამ პროცესის დაჩქარებას ვუწყობ ხელს", - ამბობს ო'კიფი. მკვლევრები ამბობენ, რომ მეტი მონაწილის ჩართულობა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამ ტექნოლოგიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერქპესტივები და უსაფრთხოება შეისწავლონ.

ამ ექსპერიმენტის დროს გვერდით მოვლენებს ან საზიანო ეფექტებს ადგილი არ ჰქონია.