მეცნიერებმა ადამიანის ტვინის პირველი "ცოცხალი" ანევრიზმა შექმნეს
ტვინის ანევრიზმა სიცოცლისთვის საშიში წარმონაქმნია, რომელიც სისხძარღვებში სისხლის დინებას უშლის ხელს. მისი მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულ და რთულ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. საუკეთესო პროცედურებიც კი მაღალ რისკს შეიცავს. ეს ექიმების მხრიდან უკანასკნელი მცდელობაა იმისა, რომ ტვინი დაზიანებას, ადამიანი კი დაღუპვას გადაარჩინონ.
ანევრიზმას მკურნალობის ახალი გზების მოსაძიებლად და უკვე არსებულის გასაუმჯობესებლად, მკვლევართა ჯგუფმა Tk ინსტიტუტიდან, 3D პრინტერის საშუალებით ეგრეთ წოდებული პირველი "ცოცხალი" ანევრიზმა შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს აქამდეც შეუქმნიათ ხელოვნური ანევრიზმა, ამ შემთხვევაში მკვლევართა ჯგუფმა პირველად გამოიყენა ადამიანის უჯრედები ცოცხალი სტრუქტურის შესაქმნელად და მასზე სამედიცინო ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ამ გზით, ისინი შეძლებენ დაინახონ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს მისი განკურნება ცოცხალი ადამიანის ტვინში.
მეცნიერთა გუნდმა "ცოცხალი" ანევრიზმის ფორმირება 3D პრინტერის გამოყენებით შექმნილი სისხლძარღვებით მოახერხა. სისხლძარღვების "დასაბეჭდად" კი მათ ადამიანის ტვინის ცოცხალი უჯრედები გამოიყენეს. შემდეგ მათ პატარა სისხლძარღვს კათეტერი მიუერთეს და იგი პლატინიუმის ხვიებით ამოავსეს, რათა სისხლდენა შეეჩერებინათ. ანევრიზმას მკურნალობისას სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ ექიმები ყველაზე ხშირად.
როდესაც ანევრიზმის ხვიებით სავსე ნაწილში მეცნიერებმა სისხლის პლაზმა გაუშვეს, აღმოჩნდა, რომ ამ უბანზე სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნა დაიწყო.
"მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის ბევრი პერსპექტიული ვარიანტი არსებობს, ბევრ მათგანს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი", - ამბობს თავის განცხადებაში მონიკა მოია, გუნდის ხელმძღვანელი ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიიდან (LLNL) და ჟურნალ Biofabrication-ში გასულ კვირას პროექტის შესახებ გამოქვეყნებული ნაშრომის თანაავტორი.
"ცხოველების მოდელზე ანევრიზმას მკურნალობის გზების შესწავლა საკმაოდ არაეფეფქტურია, რადგან ამ შემთხვევაში პროცესის მიმდინარეობასა და მკურნალობის ეფექტზე პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია. გარდა ამისა, ანევრიზმის გეომეტრიის გაკონტროლებაც არ ხერხდება. ადამიანის ანევრიზმის in vitro (ღია გარემოში, სხეულის გარეთ) შესწავლა კი შეიძლება მისი განკურნვის ახალი მეთოდების მოძიებაშიც კი დაგვეხმაროს.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ 3D ანევრიზმის გამოყენებით შეძლებენ სხვადასხვა ზომისა და ფორმის სისხლძარღვების შექმნას, რადგან ეს წარმონაქმნი ყველა ადამიანში გასნხვავებული ფორმით ყალიბდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ცდილობენ იდეალურად გაიმეორონ ის, თუ როგორ გამოიყურება ანევრიზმა მთელ რიგ ადამიანთა სხეულებში.
გუნდმა ასევე გამოიყენა კომპიუტერული მოდელები, რათა ქირურგების დახმარებით შეერჩიათ საუკეთესო ტიპის ხვიები, რომლებიც წარმონაქმნის სამკურნალოდ გამოიყენება.
"არსებითად, ექიმს საშუალება ექნება უბრალოდ სკანერით გადაიღოს დაავადებული ადამიანის ტვინი, შეიყვანოს გამოსახულება პროგრამაში, რომელიც მის 3D მოდელს შექმნის და მკურნალობის დაწყებამდე დააკვირდეს სისხლის დინამიკას სისხლძარღვებში. პროგრამამ ასევე უნდა შეძლოს მკურნალობის სიმულირება და შესაბამისად, მისი საშუალებით ექიმმა უნდა შეძლოს ისეთი ხვიის შერჩევა, რომელიც საუკეთესო შედეგის მიღებას უზრუნველყოფს", - განაცხადა უილიამ ჰაინესმა, კვლევის თანაავტორმა ასევე LLNL-დან.
"ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ანევრიზმის პერსონალიზებული მოდელების შექმნა, რასაც ქირურგი მკურნალობის საუკეთესო მეთოდის შესარჩევად გამოიყენებს", - აღნიშნავს უილიამ ჰაინესი.
კომენტარები