აპოლო VS არტემისი — ხომალდების შედარება
1960-იან წლებში კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას დაედო საფუძველი: ადამიანმა პირველად დადგა მთვარეზე ფეხი. ეს საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის გამართული კოსმოსური რბოლის დროს მოხდა და მის ერთგვარ კულმინაციურ აქტადაც კი იქცა.
პირველად ადამიანები მთვარეზე NASA-ს აპოლოს მისიის ფარგლებში გაეშვნენ, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ ადამიანს მთვარეზე ფეხი აღარ დაუდგამს, თუმცა NASA-მ ამ პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა და ახალი, არტემისის პროგრამის იდეაც გაჩნდა. არტემისი სააგენტოსთვის საკმაოდ ამბიციური გეგმაა — პირველი მისიის განხორციელება 2023 ან 2024 წელს იგეგმება. რა თქმა უნდა, მისიისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ორი პროგრამის გარკვეული სეგმენტი შეგვედარებინა და თითოეული მათგანის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები წარმოგვეჩინა.
ამჯერად მისიების ხომალდები შევადარეთ. აპოლოს მისიის დროს სამი ძირითადი ხომალდი გამოიყენებოდა, არტემისის დროსაც სწორედ სამს გამოიყენებენ, ესენია: გამშვები მოდული, მთვარეზე დამშვები მოდული და განკარგვის მოდული. გაშვების მოდული, რა თქმა უნდა, რაკეტაა, რომელიც სხვა დანარჩენს ორბიტაზე აგზავნის. დამშვები მოდული კი უშუალოდ მთვარეზე ეშვება. მთვარის ზედაპირზე გასაგზავნი მასის თითოეული კილოგრამისთვის რაკეტის 200 კგ-ა საჭირო, შესაბამისად, დამშვები მოდული რაც შეიძლება მსუბუქი უნდა იყოს.
როგორც ცნობილია, დამშვებ მოდულს დედამიწის ატმოსფეროს გავლა თავად არ უწევს, სწორედ ამიტომ, შესაძლებელია იგი მინიმალურად იყოს აღჭურვილი. მაგალითად, შესაძლოა, რომ მას დამშვები ფეხებიც კი ჰქონდეს, რომლებიც იმდენად სუსტია, რომ დედამიწაზე მოდულის წონას ვერ გაუძლებდა. ისინი მხოლოდ მთვარის მცირე გრავიტაციის პირობებისთვისაა შექმნილი.
განკარგვის მოდული კი უშუალოდ ასტრონავტებისთვისაა შექმნილი, ისინი მის შიგნით მისიის უმეტეს დროს ატარებენ, თუმცა იგი ყველაზე მნიშვნელოვან როლს აფრენისა და ატმოსფეროში შემოსვლის დროს ასრულებს. განკარგვის მოდულმა ატმოსფერულ ფრენას უნდა გაუძლოს, განსაკუთრებით კი უკან დაბრუნებას, რაც ნამდვილად ძალიან რთული პროცესია. სწორედ ამიტომ, მოდული მაღალი ტემპერატურისგან დამცავი ფარითაა დაფარული.
განკარგვის მოდული
როგორც ვიცით, აპოლოს მისიის დროს გამოყენებული კაფსულის სიგანე 3,9 მეტრს შეადგენდა, არტემისის ორიონის კაფსულის სიგანე კი 5 მეტრია. აპოლოს კაფსულის მოცულობა 6,2 კუბურ მეტრს შეადგენდა, ორიონის კი 9 კუბური მეტრი იქნება.
შესაბამისად, ორიონის კაფსულა უფრო დიდი იქნება და იგი 6 ასტრონავტის ტარებას შეძლებს. თუმცა, მისიის დროს, დიდი ალბათობი კაფსულაში მხოლოდ 4 ასტრონავტი განთავსდება. აპოლოს მისიის დროს კი ეს რიცხვი 3-ს უდრიდა, მიუხედავად იმისა, რომ კაფსულა ტექნიკურად 5 ადამიანს იტევდა.
აღსანიშნავია, რომ ორიონის კაფსულა აპოლოს კაფსულასთან შედარებით ბევრად მსუბუქია, მისი მასა 26 520 კგ-ა, როცა აპოლოს კაფსულის მასა 28 800 კგ-ს შეადგენდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორიონის კაფსულისთვის მისი წონა ერთგვარი უპირატესობაა.
დამშვები მოდული
რაც შეეხება დამშვებ მოდულს, ამჟამად ოთხი განსხვავებული მოდულის შესახებ მოგვიწევს საუბარი, რადგან აქედან სამი კომერციული პროგრამის ფარგლებში, არტემისის მისიისთვის იქმნება.
აპოლოს პროგრამის დროს აპოლოს დამშვები მოდული გამოიყენებოდა, რომელსაც LEM-საც უწოდებენ ხოლმე. იგი Grumman-ის მიერ შეიქმნა. მოდულის სიმაღლე 7, სიგანე კი 9 მეტრს შეადგენდა. მოდული საწვავით სრულად მომარაგების შემთხვევაში 16 400 კილოგრამს იწონიდა. მას მთვარის ზედაპირზე ორი ასტრონავტის გადაადგილება და იქ 75 საათის განმავლობაში დარჩენა შეეძლო.
როგორც აღვნიშნეთ, არტემისის პროგრამის შემთხვევაში მისიებისთვის სამი კომპანია ემზადება. მათ მიერ შემუშავებული სისტემების შესახებ ამჟამად ბევრი რამ უცნობია, თუმცა მცირე ინფორმაცია მაინც მოგვეპოვება. კომპანიები, რომლებიც მისიისთვის ემზადებიან, არიან:
- ეროვნული გუნდი The Blue Origin-ის ხელმძღვანელობით;
- Dynetics;
- SpaceX.
2021 წლისთვის NASA აქედან მხოლოდ ორს აარჩევს.
ეროვნული გუნდი Blue Origin-ის, Lockheed Martin-ისა და Northrop Grumman-ის ელემენტებს იყენებს. მოდულის სიგანე 9,3, სიგრძე კი 11 მეტრს შეადგენს. ეროვნული გუნდის დამშვები, დიდი ალბათობით, Blue Origin-ის რაკეტით იფრენს, თუმცა, შესაძლოა, რომ გუნდმა სხვა რაკეტებიც გამოიყენოს. მსგავსი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
რაც შეეხება Dynetics-ის დამშვებს, იგი საკმაოდ დაბალია - მისი სიგრძე 4,5, სიგანე კი 9,5 მეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მოდულის დიზაინი საკმაოდ უჩვეულოა. იგი დამშვები ძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ხელახალი გამოყენებაც რამდენიმე მისიისთვისაა შესაძლებელი.
როგორც აღვნიშნეთ, კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე SpaceX-იცაა. დამშვებ მოდულად კომპანიის Starship განიხილება, რომელსაც აეროდინამიკური თვისებები და ტემპერატურისგან დამცავი ფარი არ გააჩნია, თუმცა მას დამატებითი დამშვები ძრავები აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ SpaceX-ის განცხადება Starship-ის ხელახალი გამოყენების შესახებ ცოტა დამაბნეველია. ეს 50 მეტრის სიგრძის, 1000 კუბური მეტრის მოცულობის მქონე მოდული მთვარის ზედაპირზე მხოლოდ ერთხელ უნდა დაეშვას და მუდმივად იქ იყოს. თუმცა, იმისათვის, რომ მისი ხელახალი გამოყენება შეძლონ, საჭიროა იგი დედამიწის ორბიტაზე დაბრუნდეს, რაც მარტივი ნამდვილად არ არის.
რაკეტები
რაც შეეხება რაკეტებს. როგორც ცნობილია, არტემისის მისიის დროს SLS რაკეტას გამოიყენებენ. აპოლოს დროს კი მოდული რაკეტა Saturn V-ით გაუშვეს. დედამიწის მცირე ორბიტამდე SLS-ის მოცულობა 95 ტონას შეადგენს, Saturn V-ის მოცულობა კი 140 ტონას შეადგენდა.
აღსანშნავია, რომ SLS-ის მეორე 1B ვერსიაც არსებობს, რომელსაც სამომავლო მისიების დროს გამოიყენებენ. თუმცა 1B ვერსიაში მოცულობა შეცვლილი არ არის და მას უფრო ძლიერი ზედა ფაზა ექნება, რაც ორბიტალური მანევრის განხორციელებას აუმჯობესებს და ხომალდის მთვარემდე მისასვლელ ტრაექტორიაზე დასაყენებლად გამოიყენება.
ამ ორი პროგრამის სხვადასხვა მოდული ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. საბოლოოდ, იმის თქმა, თუ რომელი მათგანი იყო უფრო უკეთესი, საჭიროა არტემისის მისიის განხორციელებას დაველოდოთ.
რა თქმა უნდა, ხომალდების გარდა, პროგრამებს უამრავი სხვა ასპექტი გააჩნიათ, რომელთა შედარებაც შეგვიძლია, იქნება ეს უსაფრთხოებისა თუ კომპიუტერული სისტემები, გაშვებისა და დაშვების ადგილები, ტრაექტორიები და ა.შ. მათ შესახებ კი უახლოეს მომავალში მოგიყვებით.
არტემისის პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი მისია მთვარეზე ბაზის გაშენების წინაპირობაა. ასევე იგი განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად შევძლებთ მარსამდე მიღწევას, რადგან უამრავი ტექნოლოგიის გამოცდა, რომელიც მარსის მისიების დროს უნდა გამოიყენონ, სწორედ მთვარეზე იგეგმება.
კომენტარები