ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი გაიქცა — რა ხდებოდა ზუგდიდში
ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი დრო 6 საათზე ამოიწურა. 04:48 წუთზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა მძევალი, 43 ადამიანი თავისუფალია და სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
სტატიაში განახლებადი ინფორმაციის შეტანა შეწყდა. ზუგდიდში ბანკის ძარცვასთან დაკავშირებულ ახალ ამბებს შეგიძლიათ On.ge-ს ვებგვერდზე გაეცნოთ.
11:32
ამ დროისთვის ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია. მედიაში მის გაქცევასთან და აფხაზეთში გადასხვლასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა დაზუსტებით რამის თქმა შეუძლებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ.
11:08
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს დე-ფაქტო მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ არ ფლობს არანაირ ინფორმაციას, თუ სად იმყოფება თავდამსხმელი, რომელიც გუშინ ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა SOVA-მ გაავრცელა.
მედიის ცნობით, შამბა ამტკიცებს, რომ არ იცის, თავდამსხმელი ნამდვილად ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა თუ არა. იმავეს აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსი, რუსტამ ლატიპოვი.
"რუსეთთან ერთად მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შევიდეს", — განაცხადა ლატიპოვმა.
მედიის ინფორმაციით, გალის რაიონის დე-ფაქტო მეთაური კონსტანტინე ფილია, ასევე, აცხადებს, რომ თავდამსხმელი ვერ შეძლებს, ე.წ. საზღვრის მდინარე ენგურით გადაკვეთას.
10:10
ირაკლი კვარაცხელიამ, რომლის მეშვეობითაც თავდამსხმელი მედიასთან კონტაქტობდა, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ისაუბრა, რა ხდებოდა ბანკში და როგორ კონტაქტობდა თავდამსხმელი სამართალდამცავ უწყებებთან.
"თავიდან ის [თავდამსხმელი] იყო აგრესიული, შემდეგ ყველამ ერთად მოახერხა, რომ ის ადამიანი კომუნიკაბელური გახადა. ბიჭები წაიყვანა, ორმა თვითონ გამოთქვა სურვილი, მესამე თვითონ [თავდამსხმელმა] დაასახელა. სამართალადამცავ უწყებებთან სხვა მძევლის საშუალებით კონტაქტობდა. ერთ-ერთს 112-ში დაარეკინა და მერე იმ ნომერზე ეკონტაქტებოდნენ სამართალადამცავები. თავდამსხმელი უსმენდა მძევალს და ეუბნებოდა, რა პასუხი გაეცა მათთვის. იყო მომენტი, როცა თვითონაც ჩაერთო ლაპარაკში. მე დავალებული მქონდა მედიასთან კომუნიკაცია", — განაცხადა ირაკლი კავრაცხელიამ.
05:30
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ განაცხადა, რომ ისიც და მძევლებიც კარგად არიან.
05:00
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე არ პასუხობს კითხვას, წაიღო თუ არა თავდამსხმელმა თანხა.
"დეტალებს ვერ მოგახსენებთ, გვაცალეთ მუშაობა", — ასე უპასუხა მან როგორც ამ, ასევე, სხვა კითხვებს საქმის დეტალების შესახებ.
04:48
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა მძევალი თავისუფალია და სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.
შსს ადასტურებს, რომ თავდამსხმელს სამ მძევალთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა გაყვა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", – აცახდებენ უწყებაში.
შსს არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ მისცეს თუ არა თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა და შეძლო თუ არა მან თანხით გაქცევა.
04:47
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამივე მძევალი გათავისუფლებულია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
04:31
რუსთავი 2-ის განცხადებით, ერთ-ერთმა მძევალმა მათ სატელეფონო ინტერვიუში დაუდასტურა, რომ უკვე თავისუფლები არიან. მისი თქმით, თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა. ამ ეტაპზე შსს ინფორმაციას ისევ არ ავრცელებს.
04:29
ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში შენობაში შეჭრისთანავე მოიყვანა. მისი თქმით, მომხდარს შენობის გარედან იღებდა უცხო ადამიანი, რომლის მიმართულებითაც თავდამსხმელმა ორჯერ გაისროლა.
კვარაცხელიამ განმარტა ისიც, როგორ მოუწია თავდამსხმელისთვის შუამავლის როლის შესრულება მედიასთან.
"ამ ადამიანმა ჯერ ერთ-ერთ მძევალს სთხოვა, რომ დაერეკა 112-ში და დაარეკინა. შემდეგ მასვე სთხოვა, რომ ფეისბუქზე მოეძებნა TV პირველი და დაკავშირებოდა მათ. ამ ადამიანმა უთხრა, რომ ის არ სარგებლობდა ფეისბუქით. შემდეგ გადავიდა მეორე ადამიანთან, რომელმაც უთხრა, რომ მისი ტელეფონი დამჯდარი და გათიშული იყო, მერე მესამესთან, რომელსაც ინტერნეტი არ ჰქონდა და მერე მოვიდა ჩემთან და ისარგებლა ჩემი ფეისბუქით. მოდებული ჰქონდა ავტომატი და მეუბნებოდა რა უნდა მელაპარაკა. მეც ვიმეორებდი", — განუცხადა მან რუსთავი 2-ს.
01:58
On.ge-ს წყარომ მიაწოდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რა ხდებოდა დღისით ზუგდიდში, ბანკში, სადაც შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.
00:57
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის 43 მძევალი გათავისუფლებულია, თუმცა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა.
"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს", — აცხადებენ უწყებაში.
დამატებითი ინფორმაცია თავდამსხმელისა და მასთან ერთად მყოფი მძევლების შესახებ შსს-ს არ გაუვრცელებია.
00:36
მედიებში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ერთ-ერთ მძევლად სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფებიან თავდამსხმელი და მძევლები.
22:41
ტელეკომპანია იმედის კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სამ მძევალთან ერთად შენობიდან გამოვიდა და ტერიტორია დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, სად და რა მიმართულებით წავიდა ის და დაკავებულია თუ არა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.
ერთ-ერთმა მძევალმა, რომელიც ამ დროის განმავლობაში მედიას ეკონტაქტებოდა ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ პოლიციის წარმომადგენელმა ფული მიიტანა და მძარცველთან ერთად ტერიტორიას რამდენიმე წუთში დატოვებდა. მისი თქმით, სამი კაცის გარდა, ყველა გაუშვეს.
სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დანარჩენმა მძევლებმა შენობა დატოვეს და ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რამდენიმე წუთის წინ On.ge-მ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი დაკავებულია. უწყებისგან დასტურის არარსებობის გამო, აღნიშნული მასალა ჩასწორდა და მოგვიანებით ვებგვერდიდან წაიშალა. On.ge ბოდიშს უხდის მკითხველს შეცდომაში შეყვანისთვის.
21:14
ზუგდიდში ბანკში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა. რამდენი მძევალია დარჩენილი ზუსტად უცნობია.
20:21
ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეირაღებულ თავდამსხმელს უკვე 6 საათია მძევლები ჰყავს აყვანილი. შსს-ს განცხადებით ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, 14:21 საათზე მიიღეს.
20:05
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებებით, ზუგდიდში შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმშ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ორი მძევალი მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა.
გარდა ამისა, ბორცვაძემ სთხოვა მედიასაშუალებებს, რომ შემთხვევის ადგილი პირდაპირ ეთერში არ გააშუქონ.
19:58
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დამატებით ორი მძევალი გაათავისუფლა.
19:32
მთავარი არხის ინფორმაციით, კიდევ ერთმა მძევალმა დატოვა შენობა.
18:55
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა.
18:17
შსს-ს კრიტიკული განცხადების პასუხად მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოითხოვა, უწყებამ განმარტოს, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა მძევალს მუქარით არეკინებენ. მისი თქმით, დაემორჩილებიან უწყების ინსტრუქციას, მაგრამ ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას მომხდარზე.
"როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? არ უნდა ჩავრთოთ, რამაც შეიძლება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯაროდ მკაფიო და ცალსახა პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძიმეს შედეგებზე. ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას", — წერს გვარამია.
18:13
ქართულმა ოცნებამ მიმდინარე სპეცოპერაციაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც ოპოზიცია და მედია გააკრიტიკა. მისი მტკიცებით, კონკრეტული მედია საშუალებების ქმედებები "საგანგაშოა" და ამან დანაშაულის აღკვეთას ხელი არ უნდა შეუშალოს.
მანვე აღნიშნა, რომ მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი მოქმედების შესრულების შესაძლებლობა.
17:51
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგზე მოითხოვა, რომ მედიებმა გათიშონ ლაივსიგნალი ადგილიდან, წიანაღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს.
მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ დამნაშავის პირდაპირ ეთერში ჩართვა ხელს უშლის სამართალდამცავების მოქმედებას.
საბანაძემ განაცხადა რა მუხლებითაა დაწყებული გამოძიება და სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
17:20
მომხდარზე საქართველოს ბანკმა განცხადება გაავრცელა:
"ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს".
17:13
მძევლის საშუალებით მძარცველი TV პირველს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, ახლა შენობაში 18 მძევალია დარჩენილი. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა თავდამსხმელის მოთხოვნები.
17:07
მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა, როგორ დაუკავშირდა თავდამსხმელი მძევლის საშუალებით.
"ერთ-ერთმა ფბ ფრენდმა, რომელსაც არ ვიცნობ პირადად და არც როგორც ფბ ფრენდთან მქონია ოდესმე კომუნიკაცია, მომწერა, რომ ჩვენთან გასაუბრება სურდა ტერორისტს. მართალი გითხრათ, ისე დავიბენი, თვიდან ვერც გავიგე, რაზე იყო ლაპარაკი. გავაკეთე საერთო ჩატი ნიუსის პროდიუსერთან, თეო გილიგაშვილთან, ვისაც გაყავს ახლა ეთერში ნიუსი. მერე მოხდა ის, რაც ნახეთ ეთერში", — წერს გვარამია.
17:03
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მალხაზ თორიამ რუსთავი 2-თან განაცხადა, რომ თავმდასხმელი ბანკამდე მანქანით უცნობმა პირმა მიიყვანა. მისივე თქმით, ამ მოქალაქესთან სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ. აღნიშნული პირი, თორიას განცხადებით, თავდამსხმელთან შემხებლობაში არ იყო.
16:45
მძევალი ისევ დაუკავშირდა მთავარ არხს და განაცხადა, რომ თავდამსხმელი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმი შენობაში შეიჭრება. მანვე მოითხოვა, რომ პოლიცია პერიმეტრს მოშორდეს.
მძევალი ამბობს, რომ სამართალდამცავები კონტაქტზე არ გადიან.
16:03
თავდამსხმელი მძევლების შუამავლობით ტელევიზიებს, მთავარ არხსა და ფორმულას, დაუკავშირდა და მოთხოვნები წამოაყენა. ის ნახევარ მილიონს დოლარს, შეუიარაღებელი მომლაპარაკებლის შესვლასა და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.
ვიდეოზარით მძევალი პირდაპირ ეთერში ჩაერთო ტელეკომპანია მთავარ არხს და აჩვენა სიტუაცია ოთახში. კადრში ჩანს შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული, ნიღბიანი პირი და 17 ადამიანი, რომელიც იატაკზე ზის. მძევალი ამბობს, რომ თავდამსხმელის გარდა 18 არიან. კადრების მიხედვით, არცერთ მათგანი დაჭრილი არ არის.
გამტაცებელი ითხოვს ნაღდი ფულის ადგილზე მიტანას და ვერტმფრენს ადგილის დასატოვებლად, ან მანქანას, რომლითაც მძევლებთან ერთად ფიქრობს წასვლას. მოთხოვნების გაჟღერებას გამტაცებელი მძევალს ავალებს. მისი თქმით, თუ პირობებს შეასრულებენ, მძევლებს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს.
16:00
ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელმა 500 000 დოლარი მოითხოვა.
15:40
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.
"ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები", — აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. ეს მუხლები გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას.
ფოტო: ნიკს ლაშხი/facebook
15:30
მძევლების ნაწილი თავდამსხმელმა გამოუშვა, ნაწილი კი სამაშველო ოპერაციის დროს გამოიყვანეს.
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
15:24
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში 1 ადამიანია შეჭრილი. მათი თქმით, პოლიცია მუშაობს, რომ სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდეს.
"ზოგადად, როდესაც მიმდინარეობს ცოცხალი სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიებაზე პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის, თუმცა მე გეტყვით, რომ ახლა, ამ წუთებში, ჩემი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად", — განაცხადა გახარიამ.
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთვი 2
14:21
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამ დროს მიიღეს ინფორმაცია ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ.
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
-
უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს
გადახედვა
-
პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს
გადახედვა
-
ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO? ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO?
გადახედვა
-
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს
-
როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით
გადახედვა
-
უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
გადახედვა
-
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება
გადახედვა
-
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა
გადახედვა
-
ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
გადახედვა
-
SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება
გადახედვა
-
ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან
გადახედვა
-
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
გადახედვა

კომენტარები