ქუთაისში ამ წუთებში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება. კვიცარიძემ ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველების მიერ მოქალაქეების ცემის ამსახველი ვიდეოჩანაწერები მოიპოვა და გაავრცელა. 2026 წლის სექტემბერში სასამართლომ მას ნარკოდანაშაულისთვის 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მისი ადვოკატი და ოჯახი ბრალდებას არ ეთანხმებიან.

გიორგი კვიცარიძის დედა საზოგადოებას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შვილი 17 წლით პატიმრობაში იმ მიზეზით იმყოფება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზიდან მოქალაქეების ცემის ამსახველი კადრები მოიპოვა და გაავრცელა.

"ხალხს ვთხოვ, დამიდგნენ გვერდში, ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი იმისთვის, რომ გატეხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზა, იპოვა კადრები და მიუსაჯეს 17 წელი. ამაზე ზის ჩემი შვილი და გთხოვთ ხალხო, გამოდით და დამიდექით გვერდში. ძალიან გთხოვთ, რომ ყველამ გაიგოს, რანაირ მთავრობაში ვცხოვრობთ", — აცხადებს პატიმრობაში მყოფი IT სპეციალისტის დედა ეთერ ხატისკაცი.

ქუთაისში იმყოფება პროევროპულ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ზვიად ცეცხლაძე. ის გიორგი კვიცარიძის მონახულებას გეგმავს და აცხადებს, რომ "არც ერთ პატიმარს არ მიატოვებენ ბედის ანაბარა".

"დღეს ვიმყოფებით ქუთაისში, სოლიდარობის გარკვეული გამოხატვის მიზნით ვართ ჩამოსული გიორგი კვიცარიძესთან დაკავშირებით. უნდა მოვინახულო ის საპატიმროში. იცოდეს რეჟიმმა, რომ ჩვენ არც ერთ პატიმარს არ მივატოვებთ ბედის ანაბარა, ვინც სისტემასთან არის დაპირისპირებული. ჩვენ ვიცით, რის გამოც ზის ეს კარგი მოქალაქე დღეს ციხეში. მან გარკვეული კადრები ჰქონდა პოლიციის დანაშაულებების შესახებ, შესაბამისად, ჩაუდეს წამალი და ამ ბრალდებით დღეს ის 17-წლიან პატიმრობაში იმყოფება. ყველამ იცოდეს, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, მსგავსი პატიმრები, რომლებიც დაპირისპირებული არიან რეჟიმთან, ჩვენ ყველას მოვინახულებთ, სოლიდარობას გამოვუცხადებთ. შევალ და პირადად მოვინახულებ მას, გავამხნევებ, ამავდროულად გავარკვევ, რაიმე მსგავსი პრობლემები ხომ არ არსებობს, ისეთი, როგორიც რუსთავის ციხეშია. აქედან გამომდინარე, მინდა ვუთხრა საზოგადოებასაც, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც სისტემასთან არიან დაპირისპირებული და რომლებიც შეკერილი საქმეებით სხედან, მაქსიმალური მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ. მოვუწოდებ ყველას, რომ არ დაკარგონ განსაცდელში მყოფი ადამიანებისადმი სოლიდარობა", — განაცხადა ადგილზე მყოფმა ზურაბ ცეცხლაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძის შეფასებით, რომ გიორგი კვიცარიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან მან პოლიციის მხრიდან მოქალაქეების ძალადობის ამსახველი კადრები გაასაჯაროვა და ამის გამო 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

"ყველა ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდება სისტემას და თავისი შიშველი ხელებით იბრძვის სიმართლისთვის, რომელიც ასაჯაროებს ძალადობის შემცველ კადრებს, დანაშაულის შემცველ კადრებს, მით უმეტეს პოლიციელების მხრიდან, უნდა იყოს აუცილებლად საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერილი. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით ქუთაისის ციხესთან, სადაც პატიმარი არის გიორგი კვიცარიძე, რომელსაც 17 წელი მიუსაჯეს. ეს არის სასჯელი მისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ ის იბრძვის უსამართლობასთან და მან გასაჯაროვა კადრები, რომელშიც ასახულია პოლიციელების ძალადობა", — აცხადებს ადგილზე მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე.


მიმდინარე წლის 13 ივნისს "ტვ პირველმა" გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია, როგორ ძალადობენ პოლიციელები დაკავებულ პირებზე. ტელეკომპანიის განცხადებით, ძალადობის ამსახველი 5 ვიდეოფაილი პატიმარი IT სპეციალისტის ოჯახმა მიაწოდა.

რეპორტაჟში ეთერ კვიცარიძე ჰყვება, რომ მისმა შვილმა პოლიციელების ბაზა გატეხა და ძალადობის ამსახველი 33 ვიდეოფაილის მოპოვება შეძლო, სადაც დაკავებულებს აწამებენ და სექსუალური ძალადობით ემუქრებიან.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბაზის გატეხის შესახებ შეიტყო, IT სპეციალისტი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. პატიმრის დედის თქმით, მის შვილს "ნარკოტიკები ჩაუდეს". რეპორტაჟში კვიცარიძე იხსენებს, რომ პოლიცია იმ კომპიუტერის გადაცემას ითხოვდა, სადაც ფაილები იყო შენახული, მაგრამ ოჯახმა მისი გადამალვა შეძლო.

2025 წლის 31 დეკემბერს, იმერეთში, კვიცარიძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დააკავეს. გამოძიების განცხადებით, ჩხრეკისას მას სარეალიზაციოდ გამზადებული 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ამოუღეს.

კვიცარიძის დედა "ტვ პირველთან" საუბარში აცხადებდა, რომ სასჯელის ვადის შემცირების სანაცვლოდ, ქუთაისის ციხის უფროსი მის შვილს ძალადობის ამსახველი ვიდეოების გაქრობას სთხოვდა. პატიმრის დედა ასევე გაჭიანურებულ სასამართლო პროცესსა და გაყალბებულ სასამართლო ჩვენებებზე საუბრობდა.