ალასკაში, გამდნარი ყინულის გამო, "მეგა-ცუნამის" საფრთხეა
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ალასკის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს ღია წერილით მიმართეს. მათი მტკიცებით, ალასკაში გამდნარი ყინულის გამო, მომდევნო ორ ათწლეულში უპრეცედენტო მასშტაბის ცუნამია მოსალოდნელი. მეტიც, მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს უახლოესი 12 თვის მანძილზეც კი მოხდეს.
მთებში გამდნარი ყინულის გამო, გაყინული ქვები არასტაბილური ხდება და მეწყერი შეიძლება ცუნამიში გადაიზარდოს. ამ მასშტაბების გლობალური კატაკლიზმის შედეგები რთულად წინასწარმეტყველებადია.
მთებიდან წამოსული ქვების გიგანტური მასა Barry Arm-ის წყლის რეზერვში ჩაიყრება, რაც უზარმაზარი ტალღის წარმოქმნას განაპირობებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ყინულის სწრაფი დნობის გამო, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
მსგავსი რამ 1958 წელს უკვე მოხდა, როცა მიწისძვრის გამო ქვების დიდი მასა წყალში ჩაიყარა და შედეგად, ცუნამის ყველაზე დიდი ტალღა (სიმაღლეში 524 მეტრი) წარმოიქმნა. მას თვითმხილველები ატომურ აფეთქებასაც ადარებენ.
შედარებით ახალი გიგანტური ცუნამი, მსგავსი ბუნებრივი გარემოებების გამო, 2015 წელს, ტაან ფიორდში დაფიქსირდა, როცა 193 მეტრი სიმაღლის ცუნამის ტალღა წარმოიქმნა.
ამჟამად, ალასკაში გიგანტური ცუნამი გარდაუვალი ნამდვილად არ არის. ბოლო წლის მანძილზე, ქვები საერთოდ არ დაძრულან. თუმცა, პრობლემაც სწორედ ესაა. ძალიან რთულია იწინასწარმეტყველო, როდის და რა სისწრაფით შეიძლება ჩამოწვეს მეწყერი.
ამჟამად, Barry-ის მყინვარის აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს. ატმოსფეროს და ოკეანის შემსწავლელი ეროვნული ადმინისტრაცია, სხვა რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, მოვლენების შესაძლო განვითარებას იკვლევს.
შედარებით უფრო ზუსტი მიახლოებებისა და ანალიზის გაკეთებამდე, მეცნიერები, ზოგადად, კლიმატის ცვლილებისა და შედეგად ყინულის სწრაფი ლღობის საშიშროებაზე საუბრობენ. ასეთი შემთხვევები კი მსოფლიოს გარშემო შეიძლება გახშირდეს.
კომენტარები