ბრიტანეთში COVID-19-ის ვაქცინას, სავარაუდოდ, ახალ წლამდე მიიღებენ
COVID-19-ის არც ერთ ვაქცინას კლინიკური ტესტირება სრულად არ გაუვლია. ამის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფოს ვაქცინის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე - კეიტ ბინგემი აცხადებს, რომ მოწყვლადმა ჯგუფებმა ვაქცინა, შესაძლოა, ნაადრევად მიიღონ.
კეიტ ბინგემი ამბობს, რომ ვაქცინა "ვერცხლის ტყვია" არაა, რომელიც ერთ ღამეში ყველაფერს ნორმაში დააბრუნებს. ის ამბობს, რომ ვაქცინა ყველას, სავარაუდოდ, ვერ დაიცავს. თუმცა, ბინგემი მაინც ოპტიმისტურია. მისი თქმით, ვაქცინა ბევრისთვის მაინც იმუშავებს და ხშირ შემთხვევაში, სიმპტომების სიმძიმესაც შეამსუბუქებს.
ბინგემის თქმით, ნაკლებად ალბათურია, რომ ვაქცინამ ერთჯერადად იმუშაოს. ანუ, COVID-19-ზე აცრა ადამიანებს, სავარაუდოდ, რამდენიმე წელში ერთხელ მოუწევთ.
თავიდან ვაქცინის ლიმიტირებული რესურსი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ვერ აიცრება. შესაბამისად, მთავრობამ და ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთიანმა კომიტეტმა (JCVI) უნდა გადაწყვიტოს, თავდაპირველად ვინ მიიღებს ვაქცინას.
JCVI-ში ამბობენ, რომ ვაქცინის განაწილება საჭიროების მიხედვით უნდა მოხდეს. ანუ, თავდაპირველად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები (მოხუცები, თავშესაფრების მუშაკები და ა.შ) უნდა აიცრან.
ამ დროისთვის, ბრიტანეთში 6 პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. კლინიკურ ტესტებში კი ყველაზე წინ ოქსფორდის ვაქცინაა. თუმცა, ბინგემის თქმით, სხვადასხვა პოპულაციისთვის, სავარაუდოდ, სხვადასხვა ვაქცინა იქნება საჭირო.
ბინგემი ამბობს, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ ვირუსმა მნიშვნელოვანი მუტაცია განიცადა, ვაქცინის ახლიდან შემუშავება გახდება საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად მთელი მსოფლიო გაერთიანდა, პანდემიამდელ მდგომარეობას ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ვერ დავუბრუნდებით.
ბინგემი იმედოვნებს, რომ 2022 წლისთვის ბრიტანეთში პირბადეების ტარების აუცილებლობა აღარ იქნება და რომ ამ დროისთვის, არც სოციალური შეხვედრები იქნება პრობლემა.
კომენტარები