თიბისი გამოწერის ახალ, ინოვაციურ მოდელზე გადავიდა — გაიგეთ მეტი
ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო. მაშინ, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, ადამიანები წიგნებს, გაზეთებსა და პერიოდულ გამოცემებს იწერდნენ — თვეში ერთხელ განსაზღვრულ თანხას იხდიდნენ და სანაცვლოდ ახალ ამბებსა თუ საყვარელი ავტორების ტექსტებს ეცნობოდნენ. ასე ჩამოყალიბდა გამოწერის ბიზნეს მოდელი, რომლის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა თანდათან წარმოუდგენელი ხდება: ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ Netflix-ზე საყვარელ სერიალებს ვუყურებთ; სხვადასხვა პლატფორმაზე ვუსმენთ მუსიკას; ვკითხულობთ წიგნებს და ვთამაშობთ თამაშებს. ახლა კი ყველაფერი უფრო მოსახერხებელი გახდა — ჩვენი ფინანსების კიდევ უფრო ეფექტიანად მართვისა და საბანკო მომსახურების გასამარტივებლად თიბისიმ გამოწერის ბიზნეს მოდელი დანერგა.
"ბანკი გამოწერით" ინოვაციურ, მომავლის საბანკო მოდელადაა აღიარებული და არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც სიახლეს წარმოადგენს. მისი მთავარი მიზანი კი მომსახურების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა და, ამავდროულად, გამარტივებაა.
"ჩვენი, თიბისის სტრატეგიაც სწორედ ესაა — გავუმარტივოთ მომხმარებლებს ცხოვრება. გამოწერის მოდელიც ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის ბანკთან ურთიერთობის მარტივი ფორმა და გზაა, რომლითაც ჩვენი მომხმარებლებისთვის სერვისებით სარგებლობა კიდევ უფრო მოსახერხებელი ხდება", — გვიყვება ტატო ნორაკიძე, თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგისა და ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი.
მომსახურება კი მართლაც საგრძნობლად მარტივდება — ამიერიდან მომხმარებლებს საბანკო სერვისების ცალ-ცალკე შეძენა აღარ მოუწევთ. SMS სერვისის ჩასართავად, ბარათის დაზღვევისა თუ სხვა უამრავი საბანკო პროდუქტით სარგებლობისთვის უკვე სხვადასხვა ხელშეკრულების დადება საჭირო აღარაა. ყველაფერი სამ ნაკრებში ერთიანდება — ნაკრები 2₾; ნაკრები 5₾ და ნაკრები 10₾ ყველა ტიპის მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს მოიცავს. ისინი ერთმანეთისგან მომსახურების ყოველთვიური ან ყოველწლიური საკომისიოთი; საბანკო სერვისების ტარიფებით; ნაკრებში შემავალი პროდუქტებითა და სატარიფო პაკეტის მომსახურების ღირებულებით განსხვავდება. რაც მთავარია, ნაკრების გამოწერისას ექვსი სხვადასხვა ფერის Visa Gold ბარათიდან ერთ-ერთს ირჩევ, მეორეს კი საჩუქრად იღებ.
"ყოველთვიური საკომისიოსა და ერთიანი ხელშეკრულების ქვეშ საბანკო სერვისებით სარგებლობა მარტივი ხდება. სიმარტივის გარდა, მომსახურების ძველსა და ახალ მოდელს შორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ფასის ხელმისაწვდომობაა, თითოეული ნაკრები კი სხვადასხვა უპირატესობით გამოირჩევა", — ამბობს ტატო. ამგვარად, დაჯგუფებული მომსახურების ნაკრები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე მათი კომპონენტები დაგიჯდებოდათ ცალ-ცალკე შეძენისას.
ტატო ნორაკიძე გვიყვება, რომ სანამ ზემოთხსენებულ სამ ნაკრებში შემავალ კომპონენტებს განსაზღვრავდნენ, გუნდმა ბევრი იკვლია: "მრავალი კვლევა ჩავატარეთ იმის დასადგენად, თუ რა უნდა შესულიყო თითოეულ ნაკრებში. გვინდოდა, მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები შეგვეკრიბა და ბანკთან ურთიერთობაში ახალი სისხლიც შემოგვეტანა. შედეგად, სამ ნაკრებთან ერთად მომხმარებლებს ვერტიკალურ, სუპერ-ფერად Visa Gold ბარათებს ვთავაზობთ", — ამბობს ის.
თიბისიმ გამოწერის მოდელის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა და, როგორც ტატო გვიყვება, უკვე ვებგვერდის tbccard.ge მეშვეობით ძალიან ბევრმა მომხმარებელმა შეიძინა სასურველი ნაკრები. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმარტივე მისი გამოწერისასაც იგრძნობა — ნაკრებს იწერთ როგორც ვებგვერდიდან, ისე ფილიალში მისვლით. ონლაინ გამოწერის შემთხვევაში მომხმარებლები სასურველი ფერის ბარათს, მითითებულ მისამართზე, კურიერის მეშვეობით მიიღებენ. "მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მოსწონთ ფერადი ბარათები, ნაკრების კუთხით კი სამომავლო უკუკავშირს აუცილებლად გავითვალისწინებთ, სიახლეებად გარდავქმნით და მომსახურებას უფრო მრავალფეროვანს გავხდით", — ამბობს ტატო.
აღსანიშნავია ის, რომ ბანკი სრულიად გადადის გამოწერის მოდელზე. ხოლო თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ორი — ციფრული და ფიზიკური ნაკრები დიდი ხნით ადრე იყო ხელმისაწვდომი.
"თიბისის მომხმარებლებს პროდუქტებისა და სერვისების დიდი არჩევანი აქვთ. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მათ თავიანთ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული მომსახურება მარტივად, დროის დახარჯვის გარეშე მიიღონ, ეს სერვისები დავაჯგუფეთ, შევკარით სამ განსხვავებულ ნაკრებად, მათ გასააქტიურებლად კი ერთი ხელშეკრულება და ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადი საკმარისია", — გვიხსნის ტატო და დასძენს, რომ სწორედ ეს არის "აქ და ახლა" პრინციპი — მიიღო მომსახურება, მარტივად, დაუყოვნებლივ, შენთვის სასურველი ადგილიდან.
გამოწერის ბიზნეს მოდელი უკვე განიხილება, როგორც საბანკო მომსახურების მომავალი, ხოლო თიბისი საქართველოს ბაზარზე პირველია, რომელიც "ბანკი გამოწერით" სტანდარტს ამკვიდრებს. თიბისის გუნდი კი, როგორც გამოწერის მოდელის მიმართულებით, ისე პროდუქტებისა და მომსახურების განახლების კუთხით, მომავალში უფრო მეტი სიახლის დანერგვას გეგმავს.
კომენტარები