თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

ინტერნეტი, განსაკუთრებით, სოციალური ქსელები და ონლაინ მედია საზოგადოებრივი აზრის მიზნობრივად მანიპულირების იარაღად იქცა. ყოველდღე ეს მასშტაბები იმდენად იზრდება, რომ მისი შეჩერება ყველასთვის გამოწვევაა. ყალბ ინფორმაციას აგრესიის გაღვივებაც შეუძლია, საიდანაც ძალადობამდე უკვე ერთი ნაბიჯია. მსოფლიო სხვადასხვა მეთოდით ცდილობს დეზინფორმაციასთან გამკლავებას, თუმცა საზოგადოების მისგან დაცვა მაინც პრობლემად რჩება.

როგორ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციის ტალღას, როგორ ამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია — ის კითხვებია, რომელზეც პასუხი ხშირად ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აქვთ, არადა მათ უნდა ჰქონდეთ ის მექანიზმები, რომელიც თავის დაცვაში დაეხმარებათ.

ამ კითხვებზე პასუხების მარტივად მიღებას ემსახურება დეზინფორმაციის წინააღმდეგ შექმნილი არაერთი ინტერნეტ თამაში, რომლის კონტენტიც მხოლოდ გასართობი ხასიათის არ არის.

გაგაცნობთ სწორედ ასეთ 7 თამაშს, რომელიც მომხმარებელს ეხმარება გაიგოს ყველაფერი ყალბი ამბების შესახებ, ისწავლოს მათი ამოცნობა, გაფილტრვა და სწორედ ამის შემდეგ შეძლოს მასთან გამიჯვნა. ამასთან, თამაშები გვეხმარება გავიგოთ — როგორ იქმნება ყალბი ამბები და რა ეტაპების გავლა უწევს ტროლებისა და ბოტების დაჯგუფებას, სანამ საზოგადოებას მასობრივად შეიყვანს შეცდომაში.

1. Bad News

შემქმნელი: DROG; University of Cambridge;
ტიპი: როლური თამაში;
მიზანი: ყალბი ამბების შექმნის ტექნიკების სწავლება.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვნახოთ, როგორ იქმნება ყალბი ამბები. Bad News თამაშია, რომელსაც ყალბი ამბების ვაქცინასაც უწოდებენ და ის დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ სწორედ მათი შექმნის სპეციფიკა. თამაშის განმავლობაში, თავად ჯდები დეზინფორმაციის გამავრცელებლების სკამში და ამისთვის სულ რამდენიმე ეტაპის გავლა მოგიწევს.

თავიდან უბრალოდ სოციალური ქსელის გაბრაზებული მომხმარებელი ხარ, რომელსაც არც გამომწერები ჰყავს და საზოგადოების სანდოობითაც, მაინცდამაინც, ვერ სარგებლობს. თამაშის ყველა მომდევნო ნაბიჯი კი გეხმარება, ეს ორი კრიტერიუმი თანდათან, დააკმაყოფილო.

ოფიციალური სერტიფიკატი: ახლახანს დეზინფორმაციის ოსტატი გავხდი!

თამაშის მიხედვით, Fake News-ების შექმნის პროცესში, საწყის ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ აზრზე შენი გავლენა გაზარდო. ამიტომ, ცდილობ, არა მხოლოდ როგორც რიგითმა მოქალაქემ დააფიქსირო საკუთარი პოზიცია, არამედ შექმნა ყალბი ანგარიშები და სენსაციური, მაგრამ მცდარი ინფორმაციის დახმარებით, ცნობადობა აიმაღლო.

თუმცა, ყალბი ანგარიშით დიდხანს ვერ მოატყუებ საზოგადოებას, არა? იმისთვის, რომ Fake News-ის "საამაყო ავტორი" გახდე, საჭიროა საკუთარი საიტი გქონდეს და ისე აამუშავო, რომ მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად გაიზარდოს. ამისთვის თამაში რამდენიმე ხერხს გასწავლის.

მაგალითად, უნდა გაითვალისწინო, რომ იმ შემთხვევაში, თუ მკითხველს მოსაწყენ კონტენტს შესთავაზებ, მათი რაოდენობა შემცირდება. ამიტომ აუცილებელია, გამოიყენო მანიპულაციის მეტი ტექნიკა და ადამიანებს მიაწოდო ამბები, რომელიც მათ ემოციებთან ითამაშებს. შესაბამისად, შენ ისეთ ე.წ. ჰედლაინს ქმნი, რომელიც საზოგადოების ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს და სტატიაზე გადმომსვლელთა რიცხვი გაიზრდება. თამაში, ასევე, გასწავლის, რომ ყველა ყალბი ამბის მოგონებას შექმნას, მცდარი ინფორმაციის გამოგონება არ სჭირდება. საკმარისია უკვე არსებული ინფორმაცია "სკანდალურად" შეფუთო და მკითხველს ისე მიაწოდო.

მომდევნო ეტაპის მიხედვით, ყალბი ამბის შექმნას ხელს ბოტების გუნდიც უწყობს. მათი გამოყენებით შენი მკითხველის არა მხოლოდ რიცხვს, არამედ ჩართულობას ისე ზრდი, რომ შემდეგ რეალური მომხმარებელიც გემატება, თუმცა ერთგული — არა. შესაბამისად, დეზინფორმაციის გავრცელების მორიგ ხერხს, კონსპირაციულ თეორიებს მიმართავ. აქვე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგი საზოგადოების არა ვიწრო, არამედ ძალიან ფართო ჯგუფს უნდა აინტერესებდეს. შესაბამისად, შენ იმ თემატიკას წამოწევ წინ, რაც დიდი ხანია მილიონობით ადამიანს აინტერესებს. მაგალითად, არის თუ არა კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღი და სხვა. ამგვარად, თამაში გეხმარება, საბოლოოდ ყალბი ამბების ექსპერტად იქცე და ნახო, როგორ იქმნება იგი.

2019 წელს Bad News-თან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევაც გამოქვეყნდა, სადაც განხილულია, რომ აღნიშნული თამაში ადამიანს ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის გამომუშავებაში ეხმარება. ეს კი იმით გამომდინარეობს, რომ მას შემდეგ რაც მოთამაშე ყალბი ამბების შექმნის სტრატეგიასა და სპეციფიკას სწავლობს, იგი უფრო სკეპტიკური ხდება მისთვის მიწოდებული ინფორმაციებისადმი.

2. The Interland

შემქმნელი: Google;
ტიპი: როლური თამაში;
მიზანი: ინტერნეტის უსაფრთხოდ მოხმარების და დეზინფორმაციისგან თავის დაცვის სწავლება.

"გახდი ინტერნეტ სამყაროს თავდაჯერებული მკვლევარი" — ეს თამაშის, სახელად The Interland-ის მთავარი გზავნილია. იგი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და მისი მიზანია, ყველას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, ინტერნეტ სივრცის ძირითადი მახასიათებლები შეასწავლოს და აუხსნას, როგორ იყვნენ სოციალურ სამყაროში უფრო დაცულები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.

თამაში რამდენიმე სეგმენტს აერთიანებს და თითოეულ მათგანს სხვადასხვა დანიშნულება გააჩნია. მათ შორის ერთი გვასწავლის, რომ ინტერნეტ სივრცეში პოზიტიური ენერგიის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე გვაჩვენებს საკუთარი თავის შესახებ რა ინფორმაციის გავრცელებაა უმჯობესი; მესამე გვიხსნის, როგორ დავიცვათ კონფიდენციალურობა; მეოთხე კი ყალბ ინფორმაციას ეხება და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ იგი.

იყავით ინტერნეტ ლეგენდები.

თამაშის ამ სეგმენტის სახელწოდებაა "რეალობის მდინარე" და შენი, როგორც მოთამაშის მისიაა, იგი ისე გადალახო, რომ მცდარი ამბავი ფაქტებისგან გამიჯნო. მისი დახმარებით ვსწავლობთ, როგორ დავიცვათ თავი, როცა ყალბი ინფორმაციის მსხვერპლნი თავად ვხდებით. ნაპირთან უსაფრთხოდ მისასვლელად 10 შეკითხვას უნდა უპასუხო. კითხვები ეხება, როგორც სპამ შეტყობინებებს, ასევე, ახალ ამბებს, რომელთა ნამდვილობაც ეჭვქვეშ დგება.

იმისთვის, რომ რეალური და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ და გავიგოთ, ჩვენთვის მოწოდებული რომელი ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, იგი რამდენიმე წყაროსთან უნდა გადავამოწმოთ და დავრწმუნდეთ — ამბავს, ინფორმაციას ან შეტყობინებას სანდო ვებსაიტისგან ვიღებთ თუ არა. ამ თამაშის წარმატებით დასრულების შემდეგ შეგიძლია დარწმუნდე, რომ The Interland ამ ყველაფრის სწავლაში დაგეხმარება.

3. Choose Your Own Fake News

შემქმნელი: Pollicy;
ტიპი: როლური თამაში;
მიზანი: გადაუმოწმებელი ინფორმაციით გამოწვეული საფრთხეების ჩვენება.

აირჩიე საკუთარი ყალბი ახალი ამბავი.

თამაში, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკაში დეზინფორმაციის ტალღის შესაჩერებლად შეიქმნა მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. Choose Your Own Fake News საწყის ეტაპზე სამი პერსონაჟიდან ერთ-ერთის არჩევას გთხოვს. შენ თამაშს სწორედ ამ პერსონაჟის ცხოვრებით აგრძელებ და მოვლენების განვითარებასაც მისი პერსპექტივიდან აკვირდები.

იგი, რეალურად, პატარა სპექტაკლივითაა და გიხატავს სცენარს, თუ რა გავლენას მოახდენს შენს ცხოვრებაზე ინტერნეტში ნანახი დეზინფორმაციამ. ეს ეხება, არა მხოლოდ ყალბ ამბებს, არამედ სოციალურ ქსელში მომრავლებულ რეკლამებსაც. ის გაჩვენებს, რომ კარგად შეფუთულმა სარეკლამო ჰედლაინებმა, შესაძლოა წარმოუდგენელი პრობლემების წინაშე დაგაყენოს, ამიტომ აუცილებელია, ინფორმაცია გადაამოწმო და მისი სანდოობა ყოველთვის ეჭვქვეშ დააყენო.

ამ თამაშს არ ჰყავს გამარჯვებული ან დამარცხებული, უბრალოდ საშუალებას გაძლევს სცენარი თითონ განავითარო და ნახო, მოახერხებ თუ არა დეზინფორმაციის იდენტიფიცირებას.

თამაშის ბოლოს, შემოთავაზებულია 7 ტიპის დეზინფორმაციის განმარტება. ამის მიხედვით, ვიგებთ, რომ მკითხველის თუ სოციალური ქსელის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა სხვადასხვა გზით რიგ ჯგუფებს ძალიან მარტივად შეუძლიათ. შენ კი მანიპულირებას რომ თავი აარიდო, აუცილებელია სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და არ ენდო ყველაფერს, რასაც ინტერნეტ სივრცეში კითხულობ.

4. Factitious

შემქმნელი: American University Game Lab;
ტიპი: როლური თამაში;
მიზანი: ყალბი ამბების ამოცნობის მთავარი ელემენტების სწავლება.

გადადი მარჯვნივ, თუ ფიქრობ, რომ სტატია ნამდვილია. გადადი მარცხნივ, თუ ფიქრობ, რომ იგი ყალბია.

ამ თამაშში ყალბი ამბების იდენტიფიცირებას ისწავლი. Factitious გაჩვენებს უკვე გამოქვეყნებულ სტატიებს, თუმცა თავდაპირველად არ ამჟღავნებს, რომელი მათგანი რომელი მედიის პროდუქტია. შესაბამისად, თუ ამბებს აქამდე შენთვის სანდო გამოცემებზე დაყრდნობით ფილტრავდი, ხვდები, რომ ამჯერად სანამ ბოლომდე დაიჯერებ, ჯერ კარგად უნდა გაეცნო შინაარსს. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტ, კონკრეტული ახალი ამბავი ნამდვილია თუ ყალბი, იგი გისახელებს, როგორც მედიას, ასევე ყალბი ამბების იდენტიფიცირებისთვის საჭირო მთავარ ელემენტებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყალბი ამბების გამორკვევაში გეხმარება, სტატიის დეტალურად გაცნობაა, არ უნდა გამოგრჩეს მთავარი ელემენტი — წყარო. აღმოაჩენ, რომ აქ შემოთავაზებული ყალბი ამბების უმრავლესობას, თუ ყველას არა, სანდო და ღია წყარო არ ჰყავს, ან მასში საერთოდ ვერ ვიგებთ, ვისზე დაყრდნობითაა დაწერილი კონკრეტული ამბავი. ეს კომპონენტი მედიაპროდუქტს სანდოობას უკარგავს.

ასევე, გამაფრთხილებელი ნიშნებია შეცდომები მართლწერასა და გრამატიკაში. მედია, რომელიც ყალბ ამბავს გაწვდის, არც იმაზე ზრუნავს, რომ მისი "ჟურნალისტური ნამუშევარი" ხარისხიანი იყოს.

5. Troll Factory

შემქმნელი: Yle News Lab;
ტიპი: როლური თამაში;
მიზანი: ე.წ. ბოტების სისტემის მუშაობის სპეციფიკის სწავლება.

მოიპოვე გავლენა სოციალურ მედიაში შიშისა და უნდობლობის გავრცელებით. რამდენი ადამიანის ჩათრევას შეძლებ?

ფინური Yle’s News Lab-ის მიერ შექმნილი ეს ინტერნეტ თამაში გასწავლის, როგორ მოიპოვო გავლენა საზოგადოების აზრზე.

Troll Factory-ში ქმნი სოციალურ მედიის მომხმარებელზე "მორგებულ" კონტენტს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ემოციურ მდგომარეობაზე მანიპულირებ. იწვევ შიშს, ეჭვს, ბრაზს და ა.შ. აქ ვნახავთ, როგორ ავრცელებს ე.წ. ტროლების ქარხანა ყალბ ამბებს და როგორ მუშაობს ბოტების სისტემა, იმისთვის, რომ მედიის გავლენა გაიზარდოს.

პროცესი შემდეგნაირია: თავდაპირველად ირჩევ თემას, თუმცა იგი ფართო აუდიტორიისთვის უნდა იყოს საინტერესო. შემდეგ სწავლობ მთავარ ეტაპებს, რაც გეხმარება დეზინფორმაციის "კარგი" გამავრცელებელი გახდე. მათ შორისაა, სწორად შერჩეული მკითხველი და პოსტების რეკლამირება.

რეკლამა, ანუ შენი კონტენტის გავრცელებაში ფულის გადახდა ერთ-ერთი მახასიათებელია, რაც ე.წ. ტროლების ქარხნებს ახასიათებთ. შენ ყიდულობ ყალბ მომხმარებლებს, რომლებიც გეხმარებიან სოციალურ ქსელში საკუთარი გავლენა გაზარდო და ჩამოყალიბდე მედიად, რომელსაც ადამიანები ენდობიან. წერ იმას, რისი წაკითხვაც სურთ და შენს პროდუქტს ფუთავ ისე, რომ მკითხველის ემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედო.

6. Post Facto

შემქმნელი: Amanda Warner; Tamar Wilner;
ტიპი: როლური თამაში;
მიზანი: ამბის გადამოწმების ტექნიკის სწავლება.

აქ მოთამაშეები სხვადასხვა ამბავს რობოტის, სახელად FactyPlex5000-ის თვალით ეცნობიან. მისი მთავარი დანიშნულებაა ამოიცნოს ყალბი ამბები და შეისწავლოს მისთვის დამახასიათებელი ნიშნები. Post Facto მარტივ ხრიკებს გასწავლით, რათა ამბის გადამოწმების (Fact Checking) უნარები გამოიმუშავოთ.

რეალურად გამოქვეყნებული ყალბი ამბის წაკითხვის შემდეგ, მოთამაშეს ეკითხებიან, რა ემოციები გამოიწვია მათში სტატიამ, რადგან დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფების მთავარი მიზანი, სწორედ ადამიანის ემოციებით მანიპულირებაა. ამის შემდეგ იწყება გამოძიების პროცესი. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია, რადგან აქ წარმოჩენილი მიგნებები მოთამაშეს საშუალებას აძლევს ამბის გადამოწმების უნარები განავითაროს.

პირველი — აუცილებელია სტატია კრიტიკული თვალით წაიკითხოთ. შემდეგ, უნდა დააკვირდეთ, შეიცავს თუ არა ის ისეთ ნიშნებს, რაც მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. მაგალითად, ვინ არის გამომქვეყნებელი? ჰყავს თუ არა სანდო წყარო? რამდენად გამართულია სტატია და როგორ არის ის დაწერილი?

თუმცა არსებობს ყალბი ამბები, რომელიც წყაროებითაა გაჯერებული. ეს კიდევ უფრო ართულებს ამოვიცნოთ, რეალურია თუ არა ამბავი. ამისთვის, თამაში გვეუბნება, რომ გამოვიყენოთ ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი Google-ის საძიებო სისტემა, გადავამოწმოთ სტატიაში მოხსენიებული პირები, ინფორმაცია და სხვა.

მთავარი, რასაც აქ ვიგებთ ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადამოწმების ეტაპები რთული და ხშირად დამღლელია — მაინც აუცილებელია, რადგან დეზინფორმატორ ჯგუფებს ჩვენზე მანიპულირების უფლება არ მივცეთ.

7. Fake It To Make It

შემქმნელი: Amanda Warner;
თამაშის ტიპი: როლური თამაში;
მიზანი: ყალბი ამბების შექმნის მთავარი მახასიათებლების სწავლება.

ფოტო: propagandacritic.com

ამ თამაშშიც ახალი ამბების შემქმნელი ხარ და აუდიტორიის ემოციებზე მორგებული მედია შენ თვალწინ ვითარდება. მნიშვნელოვანია, სტატიები იყოს ისეთი, რომ ადამიანში ბრაზი ან სხვა, მძაფრი ემოციები გამოიწვიოს.

Fake It To Make It გაჩვენებს, როგორ იგეგმება სამიზნე აუდიტორიის მოძიება და რატომ არის მნიშვნელოვანი, სწორად შეურჩიო შენს სიახლეებს მკითხველი. ამისთვის, თამაში აღწერს, დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ხრიკს — შენი პროდუქტის თემატურ ჯგუფებში გაზიარებას. სწორედ ეს გეხმარება გაზარდო არა მხოლოდ შენი მედიის ცნობადობა, არამედ მოიზიდო ერთგული მკითხველი, რომელიც სკანდალური ჰედლაინების შესაბამისად იყენებს შენს პროდუქტს და დიდად არ აინტერესებს, რას წერ.


დასკვნა

ფოტო: Manu / Dribbble

ახლა, როცა ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი წარმოუდგენლად გაზრდილია, ხოლო თამაშები, მეტწილად, მოზარდების ყოველდღიურობაა, Fake News-ების წინააღმდეგ შექმნილი ონლაინ გასართობი პლატფორმების როლი მეტად მნიშვნელოვანია. ასე საზოგადოება დეზინფორმაციასთან გამკლავებასა და ინტერნეტ სივრცეში საკუთარი ძალებით თავის დაცვას, უწყინარი გართობის პარალელურად სწავლობს.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.