გენიოსის კულტის მითი — რატომ ამბობენ ჭკვიანი ადამიანები სისულელეებს
ლინუს პოლინგი იყო ამერიკელი ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი, ქიმიური ინჟინერი, ავტორი და მშვიდობის აქტივისტი, რომელსაც 850-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. ის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეცნიერად მოიაზრება და მას 2 ნობელის პრემია აქვს.
პოლინგი კვანტური ქიმიის და მოლეკულური ბიოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისმა მიგნებებმა ქიმიაში რევოლუცია მოახდინა და საფუძველი ფრენსის კრიკის, ჯეიმს ვოტსონის და როსალინდ ფრანკლინის კვლევებს დაუდო, რის შედეგადაც დნმ-ის ორმაგი ჯაჭვის სტრუქტურის აღმოჩენა გახდა შესაძლებელი. ამ უკანასკნელმა მიგნებამ კი ბიოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ რევოლუციას დაუდო საფუძველი.
ზემოხსენებული დამსახურებების მიუხედავად, ლინუს პოლინგი ცოტა საეჭვო "სამეცნიერო საქმიანობებსაც" ეწეოდა, როგორიცაა მისი "ორთომოლეკულური მედიცინა" და მეგავიტამინების თერაპია. მარტივად რომ ითქვას, პოლინგი დარწმუნებული იყო, რომ ვიტამინების გიგანტური დოზების მიღება რიგ დაავადებებს, მათ შორის კიბოს კურნავდა.
პოლინგის მტკიცებები სამეცნიერო საზოგადოებისთვის ძალიან აბსურდული იყო, რასაც ისიც დაერთო, რომ მისი მიგნებების ექსპერიმენტული გამეორება ვერ ხერხდებოდა. შედეგად, ამერიკელ პედიატრთა აკადემიამ და ამერიკის ფსიქიატრთა აკადემიამ პოლინგის მეგავიტამინების თეორიას "საშიში" უწოდა. პოლინგის "თეორია" თავისი აბსურდულობით ჰომპეოპათიისგან და ასტროლოგიისგან ძალიან შორს არ იყო.
იმის გამო, რომ პოლინგი, ამასთან, წარმატებული მეცნიერი იყო და მსოფლიოს გარშემო გენიოსადაც კი მოიაზრებოდა, ბევრმა მის საკმაოდ მავნე რეკომენდაციებს დაუჯერა, რითაც საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა.
პოლინგის მაგალითი იმის ნათელი ილუსტრაციაა, რომ ხანდახან ჭკვიანი ადამიანებიც უშვებენ შეცდომებს და ხშირად ეს შეცდომები ძალიანაც თვალსაჩინოა. ამის მიუხედაბად, მოაზროვნის რეპუტაცია ხალხის თვალში მის საეჭვო მიგნებებსაც სარწმუნოს ხდის. იმავე მაგალითს რომ მივუბრუნდეთ, ადამიანების რაღაც ნაწილმა, გადაწყვიტა, რომ პოლინგის მტკიცებები ვიტანიმებთან დაკავშირებით ჭეშმარიტი იყო, სამედიცინო საზოგადოება კი ცდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საზოგადოებაში "გენიოსის" არქეტიპი ბატონობს.
ხალხს მოსწონს ისეთი ისტორიები, სადაც ერთი ინდივიდი კონსენსუსს უპირისპირდება; ის უარყოფს კონვენციურ სიბრძნეებს; აქვს ახალი, რადიკალურად განსხვავებული იდეები, რომელთა სისწორესაც ის, ეული გენიოსი დროთა განმავლობაში, არნახული შრომით და ნიჭით ამტკიცებს.
მეცნიერებზე (და არამხოლოდ) მსგავსი წარმოდგენების შექმნა ძალიან საშიში რამ არის — როგორც მთლიანად საზოგადოებისთვის, ისე მეცნიერებისთვისაც.
საიდან მოდის გენიოსის ცნება
თომას კარლაილი, მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანელი ისტორიკოსი წერდა, რომ "მსოფლიო ისტორია არაფერია, თუ არა დიდი ადამიანების ბიოგრაფია". გადახედეთ პრაქტიკულად ნებისმიერი მსოფლიო ან თუნდაც საქართველოს ინსტორიის სახელმძღვანელოს და აღმოაჩენთ, რომ ამ წიგნების ავტორები კარლაილის სენტიმენტებს იზიარებენ.
ისტორიაზე ფიქრისას ჩვენ გვახსენდება ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონი, ჩინგიზ-ყაენი და სხვა მსგავსი გავლენიანი ფიგურები. მიუყევით მეცნიერების ისტორიას და გამორჩეული მკვლევრების სახელები შეგხვდებათ — იქნება ეს ნიუტონი, ბორი, აინშტაინი თუ სტივენ ჰოკინგი. ამ ადამიანებმა მეცნიერების განვითარებაში მართლაც დიდი წვლილი შეიტანეს, თუმცა სამეცნიერო წრეებს მიღმა მათი "იმიჯი" ძალიან განსხვავებულია.
ისტორიას დიდი ადამიანები წარმართავენ და ჩვენ ყველას გზას გვიკვალავენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასეთი გენიოსის მიღმა ასობით და ათასობით ადამიანის ძალისხმევაა, მათი სახელები ნაკლებად გვამახსოვრდება. ნაპოლეონს არცერთი ომი მარტოს არ მოუგია — ფრონტის ხაზზე ათასობით ჯარისკაცი იბრძოდა. იმავენაირად, აინშტაინს ზოგადი ფარდობითობის თეორია მარტოს არ შეუმუშავებია — ის ეყრდნობოდა დაგროვილ სამეცნიერო ცოდნას, რომელსაც თავის კვლევებში ციტირებდა.
შესაძლოა, გაგიგიათ ფრაზა — "ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერიაო". ალბათ იმის შესახებაც გსმენიათ, რომ ერთ სფეროში ძალიან წარჩინებული ადამიანები, სხვა დარგებშიც გამოირჩევიან. ერთი შეხედვით, ეს სიმართლესთან ახლოა.
გენიოსის ფენომენით მოხიბლულმა მეცნიერებმა შეამჩინეს, რომ სკოლაში რაიმე ერთი მიმართულებით განვითარებული ბავშვები წარმატებას სხვა მიმართულებაშიც აღწევდნენ. ამასთან დაკავშირებით, ბრიტანელმა ფსიქოლოგმა, ჩარლზ სპიერმანმა საინტერესო რაღაც შენიშნა:
ბავშვები, რომლებიც IQ ტესტის — მაგალითად, "მეხსიერების" სეგმენტში მაღალ ქულებს იღებდნენ, ტესტის სხვა კატეგორიებშიც — მაგალითად, პროგრესული მატრიცების, იმავე კანონზომიერების პოვნის ნაწილშიც მაღალ შედეგებს აჩვენებენ. ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით, სპიერმანმა ივარაუდა, რომ ადამიანებს "ზოგადი ინტელექტი" აქვთ. ლოგიკა კი ასეთია: თუ მავანს მაღალი ზოგადი ინტელექტი აქვს, მაშინ ის სხვადასხვა დარგში იქნება წარმატებული.
გენიოსის თანამედროვე ცნება სწორედ ინტელექტზე არსებულ ზემოხსენებულ წარმოდგენას ეყრდნობა.
როგორ გახდნენ გენიოსები ახალი ღმერთები
იმის გამო, რომ საზოგადოებაში არსებობს წარმოდგენა, თითქოს რაიმე სფეროს გამორჩეული მოღვაწეები მაღალ IQ-იანი გენიოსები არიან, ასეთი ადამიანებისადმი იმავე სოციუმში ერთგვარი უპირობო ნდობა არსებობს.
მაგალითად, ალბერტ აინშტაინს 1952 წელს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს. ეს დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა თუ გავითვალისწინებთ, რომ აინშტაინის პოლიტიკური აქტივიზმის მიუხედავად, ის პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა და ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. შესაბამისად, აინშტაინმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
აინშტაინის მაგალითი ტყუილად არ მომიყვანია. ცოტა ხნის წინ აშშ-ში გამოიცა ისტორიული მოვლენებით შთაგონებული მხატვრული ფილმების სერიები, სახელწოდებით Genius, რომელშიც ყოველი სერია თითო გენიოსს ეთმობა — იქნება ეს პაბლო პიკასო თუ ალბერტ აინშტაინი. ამ სერიალში ზემოხსენებული ადამიანების დამსახურებების ეკრანიზაცია ცოტა კომიკურიც კია.
მაგალითად, ერთ-ერთ სცენაში აინშტაინი ვნებით უხსნის სტუდენტებს რაღაცას, როცა ფარდობითობის თეორიას მიაგნებს. სერიალი სავსეა გენიოსების ასეთი "ევრიკა" მომენტებით. სამეცნიერო აღმოჩენების ასე წარმოჩენა სასაცილოდ იმიტომ გამოიყურება, რომ რეალური მეცნიერული კვლევა ძალიან განსხვავებულია.
ტერენს ტაო, მათემატიკოსი, რომელმაც ფილდსის მედალი მოიგო (ყველაზე პრესტიჟული პრიზი მათემატიკაში) ამბობს, რომ ეს "მარტოხელა გენიოსის" არქეტიპი რომანტიზებული მითია, რომელსაც რეალობასთან არაფერი საერთო არ აქვს. მისი თქმით, მიგნებები მეცნიერებაში მრავალწლიანი შრომის და სხვა მეცნიერების ნაშრომებზე დაყრდნობის შედეგად კეთდება.
მეცნიერების "შიდა სამზარეულოს" შესახებ ბევრმა არ იცის, ამიტომ ხშირად პოპულარულ კულტურაში და მედიაში წარმოჩენილ მოაზროვნეთა ხატებს სიმართლედ აღვიქვამთ. როდესაც ტელევიზიაში პოლიტიკურ საკითხზე სასაუბროდ ცნობილ მეცნიერს ან ავტორს წარადგენენ, ინტერვიუს დაწყებამდე ჟურნალისტები ხშირად ამბობენ: "დამსახურებული ენათმეცნიერი", "ნობელიანტი ფიზიკოსი" ან "[რომელიღაც] ლიტერატურული პრიზის მფლობელი". მსგავსი რეგალიების ჩამოთვლის სურვილი იმაზე მიანიშნებს, რომ ინტელექტი ჩვენს საზოგადოებაში განსაკუთრებულად დაფასებულია და მედია ხშირად სწორედ ამით მოიპოვებს ჩვენს ყურადღებას და ნდობას.
რეალურად კი არანაირი გარანტი არ გვაქვს იმისა, რომ ნობელიანტი ფიზიკოსი საერთაშორისო პოლიტიკაში უკეთ ერკვევა, ვიდრე რიგითი პიროვნება, რომელიც იმავე საკითხებით ინტერესდება.
აღსანიშნავია, რომ "ზოგადი ინტელექტის" იდეა მთლიანად ეყრდნობა სტანდარტიზებულ ტესტზე მიღებული შედეგების კორელაციებს. არ არსებობს საბუთი იმისა, რომ ის მართლაც არსებობს, ან რომ ეს სტანდარტიზებული ტესტი ადამიანის თუნდაც პოლიტიკურ კომპეტენციას ასახავს.
მეტიც, IQ ტესტი, როგორც ჩანს, ინტელექტის ძალიან ნაკლოვანი საზომია. მასზე უკეთ აკადემიურ მოსწრებას, ისევე როგორც ცხოვრებისეულ წარმატებას, ბევრი სხვა სოციოლოგიური ფაქტორი წინასწარმეტყველებს, როგორიცაა ოჯახური მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.
მომავალი გენიოსების ძიებაში
ლუის ტერმენი ამერიკელი ფსიქოლოგი და ევგენიკოსი იყო, რომელმაც საფუძველი "დასაჩუქრებულ ადამიანთა კვლევას" 1921 წელს დაუდო. ტერმენმა ასობით მაღალი IQ-ს მქონე ბავშვის შესახებ ცხოვრებისეული ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. მოპოვებული მასალა კი 5 წიგნში და მონოგრაფიაში შეაჯამა.
ტერმენის მეთოდოლოგია ასეთი იყო: მან კალიფორნიის საჯარო სკოლებიდან ამოარჩია ბავშვები, რომლებმაც IQ ტესტებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს. ამის შემდგომ ტერმენი და სტენფორდის თანამშრომლები ამ ბავშვებს ყოველწლიურად უკავშირდებოდნენ და მათი აკადემიური მოსწრების, მომავალში კი სოციალური, ოჯახური და სამუშაო სტატუსის შესახებ ცნობებს აგროვებდნენ.
ტერმენის კვლევას მეორენაირად "გენიოსობის გენეტიკურ კვლევას" ეძახიან, რადგან ბევრს სჯეროდა, რომ მაღალი IQ გენეტიკური იყო და რომ IQ განსხვავებები ხშირად რასებს შორისაც კი არსებობდა, რაც, თავის მხრივ, რასობრივი ბიოლოგიური განსხვავებების შედეგი გახლდათ. ეს უკანასკნელი მოსაზრება დღეს ფართოდ გაკრიტიკებული და უარყოფილია.
საინტერესო ისაა, რომ ტერმენის კვლევამ გენიოსები ვერ აღმოაჩინა. ანუ, მეორენაირად რომ ითქვას, ტერმენის კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც მაღალი IQ-ებით გამოირჩეოდნენ, ჩვეულ ცხოვრებას მიყვნენ. ზოგი ბუღალტერი გახდა, ზოგი მასწავლებელი და ა.შ.
ტერმანის კვლევა თავის დროზე სოციოლოგმა პიტრიმ სოროკინმა გააკრიტიკა. მან აჩვენა, რომ ტერმანის მიერ შერჩეულმა მაღალი IQ-ს მქონე ბავშვების ჯგუფმა ისეთივე წარმატებას მიაღწია, როგორსაც მათ მსგავს ოჯახურ გარემოში გაზრდილი, შემთხვევით შერჩეული ბავშვები მიაღწევდნენ.
ისიც აღსანიშნავია, რომ რაც უნდა რეალური იყოს "ზოგადი ინტელექტის" ცნება, დღეს, როდესაც "გენიოსები" თავიანთ სპეციალობის მიღმა, ზოგად საკითხებზე საუბრობენ, ხშირად ძალიან მწარედ ცდებიან. ამის მიზეზი ისაა, რომ დღეს მეცნიერებაში, ისევე როგორც სხვა დარგებში, იმდენი ინფორმაციაა დაგროვილი, რომ ზოგი უკიდურესად ვიწრო სპეციალობით მუშაობასაც კი უზარმაზარ დროს უთმობს.
ადრე თუ იყვნენ ფილოსოფოსები, რომლებიც კომპეტენტურად საუბრობდნენ მათემატიკაზე, ბიოლოგიაზე თუ ხელოვნებაზე, ახლა ასეთი ინდივიდები ნაკლებად გვხვდება. ცხადია, მავანი მრავალმხრივ განსწავლული შეიძლება იყოს, თუმცა ყველა სფეროში ექსპერტული ცოდნის დაგროვება დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია.
გენიოსების პასუხისმგებლობა
ლინუს პოლინგი და მისი მეგავიტამინების თეორია, რომელიც სტატიის დასაწყისში განვიხილეთ, საკმაოდ საზიანო აღმოჩნდა.
მაგალითად, 1996 წლის კვლევა, რომელიც მწეველებზე ვიტამინ A-ს და ბეტაკერატინის გავლენას იკვლევდა, პოლინგის გარდაცვალების შემდეგ შეწყდა, რადგან კვლევაში მონაწილეებში ფილტვის კიბოს სიხშირე 28%-ით გაიზარდა, სიკვდილიანობა კი — 17%-ით.
გენიოსებად წოდებული ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში საქმიანობისას შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიეს, ბევრისთვის სამაგალითოა. ამით ეს გენიოსები ხშირად სარგებლობენ და თავიანთი ექსპერტიზის მიღმა სფეროებში დაუსაბუთებელ მოსაზრებებს ფაქტებად ასაღებენ.
მაგალითად, თვე არ გადის, რომ The Smiths-ის მორისიმ რამე სასტიკად ქსენოფობიური არ თქვას, ან ჯოან როულინგს ტრანსფობიური კომენტარი არ დასცდეს. არადა, ეს ადამიანები ხელოვნების დარგში გენიოსებად მოიაზრებიან. იმავენაირად, ბოლო დროს COVID-19-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ილონ მასკსაც ადანაშაულებენ. მასკის ტვიტებს მეცნიერები მუდმივად ეხმაურებიან და აკრიტიკებენ, თუმცა მასკის ხმა — იმის გამო, რომ ბევრისთვის ის "გენიოსია" — უფრო ხმამაღლა ისმის.
საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ, უმჯობესი იქნება, რომ გენიოსის კულტი დროთა განმავლობაში გაქრეს. გენიოსის იარლიყი ხშირად ადამიანს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ავტორიტეტულობას ანიჭებს. ამგვარად, გენიოსად წოდებული მეცნიერები უბრალოდ "სელებრითებს" ემსგავსებიან, რომლებსაც თავიანთი ფანები ჰყავთ და უპირობოდ სჯერათ კერპების.
სამეცნიერო გარღვევის გაკეთებაში დიდი წვლილი გამართლებას აქვს: ხშირად მეცნიერი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდება ხოლმე და ისეთი რამეს შენიშნავს, რასაც სხვა არ დაკვირვებია.
მეცნიერებაში გარღვევები მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობით ხდება. აინშტაინი რომ არ არსებულიყო, ფარდობითობის თეორიას და ფოტოელექტრულ ეფექტს ალბათ სხვა აღმოაჩენდა.
თუმცა სანამ მაინც ვუსმენთ და ვუყურებთ გენიოსებს, უმჯობესია, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და საჯარო პლატფორმა საზოგადოების კეთილდღეობისთვის გამოიყენონ.
კომენტარები