ალან ტურინგი ლეგენდარული ინგლისელი მათემატიკოსი იყო, რომელმაც კომპიუტერულ მეცნიერებას და ავტომატათა თეორიას დაუდო საფუძველი. ამას გარდა, 1952 წელს ტურინგის გამოქვეყნებულმა სტატიამ ჩვენი წარმოდგენა ბიოლოგიაზეც შეცვალა.

სტატიაში ტურინგი განიხილავს საინტერესო კანონზომიერებას, რომელსაც დღეს უბრალოდ ტურინგის კანონზომიერებას ეძახიან. ტურინგის თქმით, გარკვეული ერთსახოვანი სისტემების "შეშფოთებისას" სტაბილური კანონზომიერებები წარმოიქმნება.

ბუნებრივ სამყაროში გარკვეული ფორმები მეორდება — იქნება ეს ყვავილის აგებულება თუ ზოლები რაიმე ცხოველის კანზე. მსგავსი ფორმების წარმოქმნა ხშირად სწორედ ტურინგის კანონზომიერებით აიხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ ტურინგის კვლევა 1952 წელს გამოქვეყნდა, ბუნებაში ამ თეორიის მაგალითებს მეცნიერები დღემდე პოულობენ. კანონზომიერების ერთ-ერთი შედარებით ახალი მაგალითი "იდუმალი წრეებია", რომელსაც უდაბნოს ბალახები წარმოქმნიან. მათი არსებობა პირველად სამხრეთ აფრიკაში დადასტურდა.

თავიდან მეცნიერებს ეგონათ, რომ ამ "წრეებს" ნიადაგზე აფრიკული ტერმიტების აქტივობა წარმოქმნიდა. თუმცა, მოგვიანებით "ჯადოსნური წრეები" ავსტრალიაშიც გაჩნდა, ამიტომ ტერმიტების თეორია მცდარი გამოდგა.

ფოტო: Stephan Getzin/University of Göttingen

ახლა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მცენარეები მსგავს ფორმებს წყლის ლიმიტირებული რესურსის მაქსიმალურად ოპტიმალური მოხმარების მიზნით, თავისით წარმოქმნიან. ეს ალბათური ჰიპოთეზაა, თუმცა სამწუხაროდ ფიზიკოსები, რომლებიც მსგავს მოდელირებებს აკეთებენ, თავიანთი მოსაზრებების დასამტკიცებლად საველე ექსპერიმენტებს ნაკლებად ატარებენ.

"ვეგეტაციის თეორიულ მოდელებს და ემპირიულ საბუთებს შორის დისბალანსია", — ამბობს გოტინგენის უნივერსიტეტის მკვლევარი სტეფან გეტსინი, რომელმაც ჰიპოთეზის დასაბუთება თავის თავზე აიღო და გუნდთან ერთად დასავლეთ ავსტრალიაში გაემართა.

ეკოლოგებმა დრონების მეშვეობით "ჯადოსნური წრეები" დეტალურად შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტურინგის კანონზომიერება ყველაზე თვალსაჩინო ისეთი ბალახების მიერ გაკეთებულ ფორმირებებშია, რომლებიც წყალს ყველაზე მეტად საჭიროებენ.

მეორენაირად რომ ითქვას, ეკოლოგების მიგნება პირველი საბუთია იმისა, რომ უდაბნოს წრეების ფორმირება მართლაც შეიძლება, ტურინგის კანონზომიერებით აიხსნას.

მკვლევრების თქმით, ჯადოსნური წრეები ერთგვარი კოოპერაციის შედეგია. ისინი თავიანთი გარემოს ცვლილებით, ძალიან რთულ პირობებში ახერხებენ გადარჩენას.

მათემატიკური მოდელების დასადასტურებლად დამატებით საველე სამუშაოებია საჭირო, თუმცა ეს კვლევა მისტიკური ფენომენის ამოხსნაში მნიშვნელოვნად გვეხმარება.

კვლევა Journal of Ecology-ში გამოქვეყნდა.