ევროპული საქართველოს წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის ოლქში აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლები მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა.

"დღეს ორი კაცი არის პასუხისმგებელი ოპოზიციის ვერ შეთანხმებაზე: ეს არის მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი. იყო დრო, როდესაც ენმ-ს ერთი ნაწილი, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილს აბრალდებდა 2012 წლის წაგებას, 2020 წელი კი მთლიანად იქნება სააკაშვილის და მერაბიშვილის პასუხისმგებლობა. ვანო მერაბიშვილი არ არის ენმ-ს არც ფორმალური და არც არაფორმალური ლიდერი, მან ისიც ვერ უზრუნველყო, რომ სიაში მოხვედრილიყო, მაგრამ მას დიდი წვლილი მიუძღვის მოლაპარაკებების ჩაშლაში", — თქვა ბობოხიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, იგი მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს, ხოლო პარტიულ კოალიციას — არა. ამის შემდეგ მან თავისი პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ "ინკლუზიური" მთავრობის მომხრეა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა შეთანხმების მთავარი ჩამშლელი.