მეცნიერებსა და ანტივაქსერებს შორის ინფორმაციული ომი კვლავ მიმდინარეობს
მეცნიერებს COVID-19-ის ვაქცინის უსაფრთხოებაში საზოგადოების დარწმუნება უჭირთ. ამას ისიც ამწვავებს, რომ ანტივაქსერულ, მისინფორმაციულ (ინფორმაცია, რომელიც ტყუილია, მაგრამ მისი მიზანი შეგნებულად ზიანის მიყენება არ არის) კამპანიაში ცნობილი სახეები აქტიურად ერთვებიან.
ანტივაქსერულ მოძრაობაში სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები ერთიანდებიან, ხოლო მათ საპირწონედ სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოება, სახელმწიფო სტრუქტურები და ასევე ცნობადი სახეები გვევლინება.
COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის შესახებ ვნებათაღელვა უკვე ხელშესახებ მასშტაბებს აღწევს, რაც ფართო საზოგადოების პოზიციებიდანაც ნათლად ჩანს.
"მე ასე მესმის, რომ უსაფრთხო ვაქცინის დამზადებას 2-3 წელი სჭირდება. ამიტომაც, ვერ წამომიდგენია, რომ ასე მოკლე დროში უსაფრთხო ვაქცინა დამზადდეს", — აღნიშნავს 42 წლის მასწავლებელი გაერთიანებული სამეფოდან The Guardian-თან საუბარში და იქვე ამატებს, რომ იგი "ნაადრევ ვაქცინას" კომპეტენტური ხელისუფლების პირობებში უფრო დიდ ნდობას გამოუცხადებდა.
"მე ანტივაქსერი არ ვარ. მე დაჩქარებული წესით შექმნილ, თითქმის გამოუკვლეველ და მინიმალურად ეფექტიან ვაქცინას ვეწინააღმდეგები. უპირატესობას უსაფრთხოების სტანდარტულ პროტოკოლებსა თუ გვერდითი მოვლენების კვლევას ვანიჭებ და არა ამ საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის მოფიქრებულ ფარსს", — მასწავლებლის სათქმელს იზიარებს სხვა გამოკითხულიც, რომელმაც კომენტირებისას ვინაობის გამხელა არ ისურვა.
გამოკითხულთა შორის იყვნენ ექსტრემალური შეხედულებების მქონე ადამიანებიც, რომლებიც არსებულ სიტუაციას ბილ გეიტსს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ფარმაკოლოგიურ გიგანტებსა და პოლიტიკოსებს შორის არსებულ "ინტერესთა კონფლიქტს" მიაწერენ.
მისინფორმაციის ონლაინ გავრცელება ვაქცინის ძიების კრიტიკულ პერიოდს ემთხვევა. დასავლელი ექსპერტები განსაკუთრებულ შეშფოთებას რუსული ვაქცინის გაუმჭვირვალე კვლევის გამო გამოთქვამენ. ამ უკანასკნელს კლინიკური კვლევა ჯერ არ დაუსრულებია, ლიცენზია ისე მიენიჭა. ამას ასევე დაემატა AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის დროებითი პაუზაც.
ლონდონის სამეფო კოლეჯის საჯარო პოლიტიკის პროფესორი, ბობ დაფი, თავისი კვლევით ადგენს, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 53% აუცილებლად, ან დიდი ალბათობით აიცრებოდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. მკვლევარის აზრით, მეცნიერების უნდობლობასა და კონსპირაციული თეორიის მომხრეებსა თუ მთავრობის მიმართ მუდმივად ეჭვით შეპყრობილ ადამიანებს შორის მკაფიო კავშირი არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ აცრებზე გარკვეული ჯგუფების დარწმუნება რთულია, თუმცა საზოგადოების უმრავლესობა არსებული კრიზისიდან გამოსავალს უწყვეტად ეძებს და მათ ვაქცინების მიმართ მაღალი ნდობა გამოარჩევთ.
კომენტარები