ბიოფარმაცევტულ კომპანიაში მომხდარი გაჟონვის შედეგად ჩინეთში ბრუცელოზის ეპიდემიაა
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, რამდენიმე ათასი ადამიანი ბიო-ფარმაცევტული კომპანიიდან გაჟონვის შედეგად მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის მთავრობა ავრცელებს.
განსუს პროვინციის დედაქალაქის, ლანჩჟოუს ჯანდაცვის კომისიამ მოწამვლის 3 245 შემთხვევა აღწერა. ინფიცირებულები ბრუცელოზით ავადობენ, რომელიც ადამიანს შინაური ცხოველებისგან გადაედება. მისი გამომწვევი ბაქტერია Brucella გახლავთ.
ამას გარდა, დამატებით 1 401 ადამიანის ტესტის წინასწარ პასუხიც დადებითი იყო. მიუხედავად ინფიცირებულთა დიდი რაოდენობისა, ქალაქის ჯანდაცვის კომისია აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევას სიკვდილი არ მოჰყოლია. ლანჩჟოუში 2,9 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ამჟამად ტესტირება მხოლოდ 21,847 ადამიანს ჩაუტარდა.
ბრუცელოზს "მალტის ცხელებას" ან "ხმელთაშუაზღვის ცხელებასაც" უწოდებენ. ამ დაავადების სიმპტომებში შედის: თავისა და კუნთების ტკივილი, ცხელება და ზოგადი საერთო სისუსტე. მაშინ, როცა ეს სიმპტომები ნაკლები სიმწვავით იჩენს თავს, ზოგიერთი ჩივილი შეიძლება ქრონიკულ ფორმაში გადავიდეს, მაგალითად: ართრიტი ან ზოგიერთი შინაგანი ორგანოს შეშუპება. ბრუცელოზი ადამიანიდან ადამიანს ძალიან იშვიათად გადაეცემა, როგორც ამას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახური (CDC) იუწყება. იგი, უმეტესად, ინფიცირებული პირუტყვის ხორცის ჭამით ან ბაქტერიის შესუნთქვით გადადის. სავარაუდოდ, სწორედ ამ უკანაკსნელი გზით გავრცელდა დაავადება ლანჩჟოუში.
ეპიდემიური აფეთქება სწორედ ამ ქალაქში მდებარე ბიოფარმაცევტული ფაბრიკიდან გაჟონვამ გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტი შარშან ზაფხულში მოხდა. კომპანია ცხოველებისათვის ბრუცელოზის ვაქცინებს ამზადებდა, მაგრამ, როგორც ირკვევა, ისინი სადეზინფექციოდ ვადაგასულ ხსნარებს იყენებდნენ. შედეგად, ქარხნიდან გარემოში გამოყოფილ აირში ბრუცელოზის გამომწვევი ბაქტერია სრულად განადგურებული არ გახლდათ.
დაინფიცირებულმა აირმა ბაქტერიის შემცველი აეროზოლი წარმოქმნა, რომელიც ქარმა ლანჩჟოუს ვეტერინარული კვლევითი ინსტიტუტისკენ წაიღო. სწორედ აქ დაფიქსირდა პირველი ეპიდაფეთქება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სამთავრობო მედია, Xinhua ავრცელებს.
სხვა ინფიცირებულებს ლანჩჟოუს უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები შეადგენენ. ეპიდაფეთქება ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონამდე, ხეილუნძიანის პროვინციამდეც კი გავრცელდა. როგორც ირკვევა, გაჟონვის დროს ამ პროვნიციის 13 მცხოვრები ბიოფარმაცევტულ ქარხანაში მუშაობდა.
ეპიდაფეთქებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სამხარეო და მუნიციპალურმა ოფიციალურმა უწყებებმა მოკვლვევა დაიწყეს. იანვარში სახელმწიფომ გაჟონვაში ეჭვმიტანილ ფარმაცევტულ კომპანიას ვაქცინის წარმოებაზე ლიცენზია შეუჩერა და ბრუცელოზის წინააღდეგ დამზადებული კიდევ ორი ვაქცინა ბრუნვიდან ამოიღო. ჯამში, ლანჩჟოუში მდებარე ქარხანაში დამზადებულ 7 პროდუქტს შეუწყდა ლიცენზია.
თებერვალში საწარმომ საჯარო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ინციდენტში ბრალდებული 8 ადამიანი სამაგალითოდ დასაჯა. მათ ასევე ხაზგასმით მიუთითეს, რომ გაწმენდითი სამუშაოებისთვის ისინი ადგილობრივ ოფიციალურ სტრუქტურებთან მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ, ხოლო დაზარალებულებისათვის საკომპენსაციო პროგრამასაც შეიმუშავებდნენ.
ლანჩჟოუს ჯანდაცვის კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქში მდებარე 11 საჯარო ჰოსპიტალი ინფიცირებული პაციენტებისათვის უფასო და რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას ჩაატარებს. კომპენსაციის შესახებ მათ განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი.
ბრუცელოზი ჩინეთში განსაკუთრებით 1980-იან წლებში გავრცელდა. თუმცა, კლინიკური შემთხვევების სტატისტიკამ, ვაქცინის შექმნისა და პრევენცია-კონტროლის მექანიზმების დახვეწის შემდეგ, საგრძნობლად იკლო. მიუხედავად ამისა, ბრუცელოზის ეპიდაფეთქებები მსოფლიოს თავს პერიოდულად ახსენებს. 2008 წელს ბოსნიაში ეპიდაფეთქების შედეგად დაახლოებით ათასი ადამიანი დაინფიცირდა.
აშშ-ის ფედერალურ მთავრობასა და ხორცის მწარმოებელ ინდუსტრიას ბრუცელოზი მილიარდობით დოლარი უჯდება. როგორც ირკვევა, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში მცხოვრები მდედრი ბიზონების 60% ბრუცელოზის გამომწვევი ბაქტერიის მატარებელია.
კომენტარები