აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელიც მზესთან ვენერაზე ახლოს იმყოფება
ასტრონომებს ასტეროიდების პოპულაციის სხვადასხვა მოდელი აქვთ შექმნილი, რომლებიც ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 1 კმ. ზომის ასტეროიდები მზესთან ვენერაზე ახლოს მდებარეობენ. ამ მოდელების პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ მსგავსი ციური სხეულები აქამდე არავის დაუფიქსირებია.
ახლა კი სწორედ ერთ-ერთი ასეთი ასტეროიდი შენიშნეს. თუკი მისი არსებობის დამტკიცებას შეძლებენ, ასტეროიდთა პოპულაციის არსებული მოდელების განახლება გახდება საჭირო. ახალ ასტეროიდს 2020 AV2 უწოდეს და მისი დიამეტრი 2 კილომეტრს შეადგენს. ეს აღმოჩენა საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან მოდელებს ვენერას ორბიტის შიგნით მსგავსი ზომის ასტეროიდების არსებობა ნავარაუდები არ ჰქონდათ. შესაბამისად, მისი არსებობა, შესაძლოა, ასტეროიდების ახალ პოპულაციაზე მიანიშნებდეს, ან ის, შეიძლება, პოპულაციის ყველაზე დიდი წარმომადგენელი იყოს.
ამჟამად ჩვენთვის ერთი მილიონამდე ასტეორიდის არსებობაა ცნობილი და მათი უმეტესობა დედამიწის ორბიტის გარეთ მდებარეობს. 2020 AV2 პირველად იანვრის დასაწყისში შეამჩნიეს, თვის ბოლოსთვის კი მასზე დაკვირვებები დაიწყეს. როგორც ჩანს, ასტეროიდი მთავარი ასტეროიდული სარტყლის შიდა მხრიდან, მარსსა და იუპიტერს შორის არსებული რეგიონიდან აღმოჩნდა მზის სიახლოვეს.
ასევე არსებობს შანსი, რომ 2020 AV2 მთავარი ასტეროიდული სარტყლიდან სულაც არ იყოს. მოდელები აჩვენებს, რომ მერკურის ორბიტის შიგნით რეგიონია, საიდანაც, შესაძლოა, ასტეროიდები მოდიოდნენ.
2020 AV2, შესაძლოა, ამჟამინდელ ორბიტაზე სამუდამოდ არ გაჩერდეს. გუნდის მიერ ჩატარებული სიმულაციების მიხედვით, არის შანსი, რომ ასტეროიდი მზის სისტემიდან სამუდამოდ გაიტყორცნოს.
როდესაც იგი პირველად აღმოაჩინეს, მეცნიერები პირველ რიგში სწორედ იმით დაინტერესდნენ, თუ საიდან დაიწყო მისი მოგზაურობა და სად დამთავრდებოდა იგი. მათი თქმით, ასტეროიდები ვენერასკენ მზის სისტემის შორეული მხარეებიდან მიემართებიან
"ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც იგი ორბიტას თავს დააღწევს, გრავიტაციის მიერ გატყორცნაა, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ იგი ვენერასა ან მერკურზე შეჯახებით დაასრულებს მოგზაურობას", — აცხადებენ მკვლევრები.
კვლევა პრე-პრინტ სერვერ arXiv-ზე გამოქვეყნდა.
კომენტარები