მარსზე თავშესაფრების გაკეთება მწერების პოლიმერის გამოყენებით შეგვიძლია — მკვლევრები
მკვლევრების გუნდი ამბობს, რომ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორგანული პოლიმერი მარსზე მშენებლობაში დაგვეხმარება.
ქიტინი დედამიწაზე ძალიან გავრცელებული ორგანული ნივთიერებაა, რომელსაც უამრავი ცხოველი აწარმოებს. მაგალითად, ბევრი მწერის ეგზოჩონჩხი, სოკოს უჯრედის კედლები და ფეხსახსრიანები დიდი რაოდენობით ქიტინს შეიცავს.
სინგაპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრების გუნდი, ხავიერ ფერნანდესის ხელმძღვანელობით, სპეციალური მატერიის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ქიტინისგან და მარსის მსგავსი ნიადაგისგან შედგება.
მეცნიერებმა საკმაოდ მარტივი ქიმიური პროცესით ახალი სამშენებლო მასალა მიიღეს, რომლითაც მარსული საცხოვრებლის მინიატურული მოდელი შექმნეს.
ფერნანდესის თქმით, სამშენებლო მასალა მსუბუქი ბეტონივითაა. მკვლევრები ამბობენ, რომ სამომავლოდ ისინი ქიტინის გამოყენებით და 3D პრინტერით დამატებით ხელსაწყოების და ნაგებობების მოდელების შექმნას გეგმავენ.
ფერნანდესი ამბობს, რომ ბიოლოგიით შთაგონებულმა ტექნოლოგიებმა შეიძლება ახალი ტიპის წარმოებას დაუდონ საფუძველი. მისი თქმით, მსგავსი ბიოტექნოლოგია დედამიწაზე მდგრადი განვითარებისთვის და კოსმოსურ ცივილიზაციად გახდომისთვის აუცილებელია.
კომენტარები