საუდის არაბეთში 120 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის ნაკვალევი აღმოაჩინეს
დაახლოებით 120 ათასი წლის წინ, ამჟამინდელი საუდის არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰომო საპიენსის პატარა ჯგუფი ცოტა ხნით ტბასთან საჭმლის და სასმელი წყლის შესაგროვებლად გაჩერდა. ამ ადგილს სხვა ცხოველებიც, აქლემები და სპილოებიც სტუმრობდნენ.
შესაძლოა, რომ იმდროინდელი ადამიანები ამ ცხოველებზე ნადირობდნენ კიდეც, თუმცა არქეოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ მოგზაურები ამ ადგილას დიდხანს არ გაჩერებულან.
ადგილი, სადაც 120 000 წლის წინ ადამიანები გაჩერდნენ, ნეფუდის უდაბნოს სახელით არის ცნობილი. ახალი მიგნება უფრო დეტალურ წარმოდგენას გვიქმნის აფრიკიდან მომავალი ადამიანების მიგრაციის შესახებ.
დღეს არაბეთის ნახევარკუნძული მაღალი ტემპერატურით და მშრალი უდაბნოებით გამოირჩევა, რაც იმდროინდელი ადამიანებისთვის არც ისე ხელსაყრელი გარემო იქნებოდა. თუმცა, ბოლო ათწლეულის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ტერიტორია ოდესღაც ბევრად მწვანე და ნესტიანი იყო.
კვლევის თანაავტორი რიჩარდ კლარკ-ვილსონი ამბობს, რომ ადრე, ინტერგლაციალურ პერიოდში არაბეთის უდაბნოების ადგილას ხშირი ტყეები და ტბები იყო.
უდაბნოში აღმოჩენილი ასობით ნაკვალევიდან 7 ადამიანს ეკუთვნის, დანარჩენი კი ცხოველებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ნაკვალევები ერთმანეთისგან განსხვავდება და ისინი, სავარაუდოდ, სამ სხვადასხვა ინდივიდს მიეკუთვნება.
იმის გამო, რომ უდაბნოში მკვლევრებს ქვის ხელსაწყოები და ნაგებობები არ უნახავთ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანებს აქ მუდმივი დასახლება არ ჰქონიათ და, სავარაუდოდ, ცოტა ხნით გაჩერდნენ.
არსებული მონაცემებით, აფრიკიდან წამოსული ადამიანების კვალი დაახლოებით 210-180 ათასი წლით თარიღდება. საუდის არაბეთში გაკეთბული აღმოჩენა მიგვანიშნებს, რომ ახლანდელი ევროპისკენ და აზიისკენ მიმავალი ადამიანები, სავარაუდოდ, ტბებს და მდინარეების დინებას მიჰყვებოდნენ.
კომენტარები