მკვლევრებმა ტვინში მამრობითი სექსუალური სურვილების წარმომქმნელი ადგილი იპოვეს
ახალი კვლევის ფარგლებში მკვლევართა გუნდმა მამრობითი სექსუალური სურვილების კერას ტვინის იმ სპეციფიკურ უბნებში მიაგნო, სადაც გენი არომატაზაა წარმოდგენილი. გენი მამრობითი სქესის ორგანიზმში სექსუალურ ქცევას უზრუნველყოფს. შესაბამისად, სექსუალური სურვილის დაქვეითებისას მისი ხელოვნური გაზრდა, ხოლო კომპულსიური სექსუალური ქცევის დროს მისი შემცირებაა შესაძლებელი.
ტვინში არომატაზა ტესტოსტერონს ესტროგენად გარდაქმნის, რაც კაცის სექსუალურ აქტივობას იწვევს. ზრდასრული ადამიანის ტვინში მისი სრული ფუნქცია აქამდე არ შეუსწავლიათ.
"ეს არის პირველი საკვანძო მიგნება, რომელიც იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ როგორ ასტიმულირებს ტესტოსტერონი სექსუალურ სურვილს", — განაცხადა კვლევის ავტორმა სერდარ ბულუნმა.
გუნდმა ექსპერიმენტები თაგვებზე ჩაატარა — როდესაც მათი ტვინიდან არომატაზა გამოდევნეს, მამრი თაგვების სექსუალური აქტივობა 50%-ით შემცირდა.
"მამრმა თაგვებმა სექსის მიმართ ინტერესი თითქმის დაკარგეს. არომატაზა ესტროგენების წარმოქმნისთვის საკვანძო ფერმენტია. ესტროგენი როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვისაც მნიშვნელოვანია — იმისთვის, რომ კაცში სექსუალური სურვილი წარმოიქმნას, საჭიროა ტესტოსტერონი ესტროგენად გარდაიქმნას", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჰონგ ჟაომ.
ბულუნის თქმით, თუკი ნორმალურ მამრ თაგვს მდედრთან ერთად მოვათავსებთ, იგი მის დევნას დაიწყებს და ეცდება, მასთან სექსი ჰქონდეს. ხოლო თუკი ტვინიდან არომატაზას გამოვდევნით, მათი სექსუალური აქტივობა — ისევე, როგორც შეჯვარების სიხშირე — მნიშვნელოვნად შემცირდება. ასეთ დროს მამრი თაგვები მდედრებით დაინტერესებულები საერთოდ აღარ არიან.
მკვლევრების თქმით, ეს მიგნება სექსუალური სურვილების აშლილობებისთვის მკურნალობის ახალი გზების მოძებნაში დაგვეხმარება. შემცირებული სექსუალური სურვილი, რომელსაც სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური აშლილობა ეწოდება, საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და, შესაძლოა, სხვადასხვა მედიკამენტის — მაგალითად, ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენაც კი იყოს. ისეთი ტიპის მკურნალობა, სადაც პაციენტის არომატაზას რაოდენობას გაზრდიან, ადამიანებს სექსუალური სურვილის დაბრუნებაში შეიძლება დაეხმაროთ.
რაც შეეხება სექსუალური სურვილის გაძლიერებას, ამ მდგომარეობას სექსუალური სურვილის კომპუსლიური აშლილობა ეწოდება და არსებული მეთოდით მისი მკურნალობა არომატაზას ინჰიბიტორით ხდება. თუმცა ამ მეთოდს საკმაოდ ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს. კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალ მედიკამენტებს მსგავსი გვერდითი მოვლენები არ ექნება, რადგან ისინი უშუალოდ ტვინის კონკრეტული რეგიონებისკენ იქნება მიმართული.
კვლევა ჟურნალ Endocrinology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები