ბუზები ოპტიკური ილუზიით ჩვენსავით ტყუვდებიან
ოპტიკურ ილუზიას — ფენომენს, რომლის დროსაც თვალი რეალობას სწორად ვერ აღიქვამს — ნეირომეცნიერები ათწლეულებია, იკვლევენ. თუმცა ეს ცრუ გამოსახულებები, დიდი ალბათობით, ადამიანებს ამაზე გაცილებით დიდი ხანია, რაც ატყუებენ.
ახალი კვლევის მიხედვით, ხილის ბუზის თვალები მაღალი კონტრასტის დროს მარტივად ტყუვდება და მოძრაობას იქ ხედავს, სადაც იგი არაა.
რთული თვალის მქონე უხერხემლო ცხოველის ეს თვისება ძალიან ჰავს ჩვენსას და იგი მილინობით წლის განმავლობაში მიმდინარე განსხვავებული ევოლუციის შემდეგაც კი არსებობს.
"ბუზისა და ადამიანის საერთო წინაპარი ნახევარი მილიარდი წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ ორმა სახეობამ მოძრაობის აღსაქმელად მსგავსი სტრატეგიები გამოიყენა. ამ სტრატეგიების შესწავლა ადამიანის მხედველობის სისტემის უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება", — განაცხადა კვლევის ავტორმა.
გუნდმა დაადგინა, რომ ხილის ბუზები ხერხემლიანების მსგავსად სტატიკურ გამოსახულებაში ილუზორულ მოძრაობებს ხედავენ, რადგან მათ ისეთივე ბაზისური ნეირონული სქემა აქვთ, როგორიც ჩვენ, ოღონდ ჩვენი ბევრად კომპლექსურია.
ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ ბუზისა და ადამიანის თვალები ერთობ განსხვავებულად ვითრდებოდა, თუმცა ახალმა გენეტიკურმა კვლევებმა დაადგინა, რომ ყველა ცხოველის ტიპს თვალთან დაკავშირებით მსგავსი გენეტიკური საფუძველი აქვთ. ამის გამო ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობდა, რომ არსებობდა მხოლოდ ერთი ორიგინალი თვალი, მილიონობით წლის განმავლობაში კი იგი დაიტოტა და უამრავ სხვადასხვა თვალად იქცა.
მსგავსებების დანახვა საკმაოდ ადვილია. აქამდე ჩატარებულმა ოპტიკური ილუზიის კვლევებმა აჩვენა, რომ პრიმატები, კატები და თევზები მოძრაობას ხედავდნენ მაშინ, როდესაც იგი არ იყო. მაგრამ ამის აღმოჩენა ევოლუციურად ისეთ დაშორებულ არსებასთან, როგორიც ხილის ბუზია, არასდროს მომხდარა. რაც ერთობ დასანანია, რადგან ხილის ბუზს პატარა ტვინი აქვსდა ეს მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ნეირონების აქტივობა ახლოდან გამოიკვლიონ.
ზოგიერთი მტკიცებულების მიხედვით, მოძრაობას სტატიკურ გამოსახულებებში იმიტომ ვხედავთ, რომ ამ ფოტოებს მაღალი კონტრასტი აქვთ, რასაც ჩვენი ტვინი უფრო სწრაფად ამუშავებს — მონაცემები ტვინში ისეთი თანმიმდევრობითაა განლაგებული, რომ მოძრაობის ილუზია იქმნება.
რადგანაც ხილის ბუზის ტვინზე საკმაოდ ბევრი რამ ვიცით, მკვლევრებმა მათზე ექსპერიმენტის ჩატარება შეძლეს. როდესაც ისინი სტატიკური გამოსახულების სიახლოვეს დაფრინავდნენ, რომელიც ილუზორულ მოძრაობას ქმნიდა, ხილის ბუზებუ სურათისკენ მიბრუნდნენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი მოძრაობას ხედავდნენ.
ბუზის ტვინში, მოძრაობა პირველად მიმართულების ამომრჩევმა ნეირონებმა, T4-მა და T5-მა დააფიქსირეს, ხოლო როდესაც მკვლევრებმა ეს ნეირონები ამოკვეთეს, მოძრაობის ილუზია გაქრა.
მართალია, ოპტიკური ილუზიის შესახებ ჯერ იდევ ბევრი რამაა უცნობი, თუმცა აღნიშნული კვლევა წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ხილის ბუზებში ამ მოვლენის საფუძლიანად გამოკვლევა დაგვეხმარება, იგი ადამიანებშიც შევისწავლოთ.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები