TikTok აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლებს
ჩინური გიგანტი ინტერნეტკომპანიის მფლობელობაში მყოფი სოციალური მედიის, TikTok-ის წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მიმდინარე კვირაში სასამართლოში გაასაჩივრებენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 6 აგვისტოს სააღსრულებლო განკარგულებას. ამ განკარგულების თანახმად, თუ ტიკტოკს ამერიკული კომპანია არ შეიძენს, აშშ-ის ტერიტორიაზე მისი გამოყენება აიკრძალება.
ტრამპმა სოციალური მედიის წინააღმდეგ ნაბიჯები აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო სფეროში დაძაბულობის გაზრდის პარალელურად გადადგა. ამ თვის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ტიკტოკი "რჩება საფრთხედ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის". მსგავსი განცხადებების საფუძველი ისაა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლია, ტიკტოკს მომხმარებლების მონაცემების გადაცემა მოსთხოვოს.
ტიკტოკის მიერ 22 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: "იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციის შიშებს უსაფუძვლოდ მივიჩნევთ, უკვე თითქმის წელია, რაც კეთილსინდისიერად ვცდილობთ საკითხის კონსტრუქციულად მოგვარების გზის შეთავაზებას. ამის სანაცვლოდ კი მივიღეთ სათანადო სამართლებრივი პროცედურის უგულებელყოფა, რადგან ადმინისტრაცია ყურადღებას არ აქცევს ფაქტებს და ცდილობს, პირად მფლობელობაში მყოფ ბიზნესებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩაერიოს".
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, "იმისთვის, რომ კანონის უზენაესობა და ჩვენი კომპანიისა და მისი მომხმარებლების მიმართ სამართლიანი მოპყრობა უზრუნველვყოთ, საპრეზიდენტო განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების მეტი აღარაფერი დაგვრჩენია".
კომპანიაში აქამდე არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ტიკტოკს ჩინეთის მთავრობისთვის მონაცემები არასოდეს გადაუცია და იმ შემთხვევაში, თუ ამას მოთხოვნდნე, უარს იტყოდნენ. ამის მიუხედავად, 14 აგვისტოს ტრამპმა გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ტიკტოკმა ამერიკულ კომპანიას 90 დღის განმავლობაში უნდა მიყიდოს თავისი აქციები.
ამავე თვის დასაწყისში მაიკროსოფტმა დაადასტურა, რომ ტიკტოკის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სოციალური მედიის ყიდვის ინტერესი გამოთქვეს სხვა ამერიკულმა კომპანიებმაც, რომელთა რიცხვშიც არიან Twitter და პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი, Oracle. Reuters-ის მიხედვით, პლატფორმა ByteDance-ის აშშ-ში მყოფი ინვესტორების ჯგუფის მიერ დაახლოებით $50 მილიარდითაა შეფასებული.
ამასთან, ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა ტიკტოკის შესასყიდად განკუთვნილი თანხიდან წილს იმსახურებს. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი მოვლენის სამართლებრივი პრეცედენტი არ არსებობს.
ტიკტოკის თანახმად, მას 100 მილიონზე მეტი ამერიკელი მომხმარებელი ჰყავს. პლატფორმას ამჟამად დისნეის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კევინ მეიერი უდგას სათავეში.
კომენტარები