გრენლანდია 2019-ში წუთში საშუალოდ მილიონ ტონა ყინულს კარგავდა
გლობალური დათბობის გამო ჩრდილოეთ პოლუსი დაბალ სიმაღლეებთან შედარებით ორჯერ სწრაფად თბება. გამდნარი ყინული კი ზღვის დონის მატების მთავარი მიზეზია. წინა წელს ყინულის საფარი საერთო ჯამში 532 მილიარდი ტონით შემცირდა.
დედამიწაზე ყინულის დნობის სატელიტური მონაცემების შეგროვება 2003 წელს დაიწყო. იმ წელს 225 მილიარდი ტონის დნობა დაფიქსირდა. 2019 წელს კი ამ რაოდენობის ყინული თითქმის მხოლოდ ივლისის თვეში დადნა, ხოლო საერთო მაჩვენებელი 2003 წლის მონაცემზე ორჯერ მაღალი იყო.
გრენლანდიის ყინული მთლიანად რომ დადნეს, ზღვის დონე დაახლოებით 6 მეტრით აიწევს. 2019 წლის ყინულის უპრეცედენტოდ მასშტაბური დნობა მეცნიერებმა იმას მიაწერეს, რომ გრენლანდიის გარშემო თბილი ჰაერი სულ უფრო ხანგრძლივი პერიოდებით ნარჩუნდება.
ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები ყინულს მუდმივად კარგავენ, თუმცა შემდეგ აღიდგენენ. 1981-2010 წლებში ყინულის მხოლოდ 64% დნებოდა და შემდეგ ნორმას უბრუნდებოდა, 2019 წელს კი დნობა ყინულის 96%-ს შეეხო. პრობლემა ისაა, რომ დროთა განმავლობაში, გლობალურ დათბობასთან ერთად, ყინული თავდაპირველ მდგომარეობას არ უბრუნდება.
არქტიკის საგანგაშო დნობის შეფერხება, მკვლევრების თქმით, სათბურის აირების შემცირებით შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ ყინულის დნობა ერთგვარ ჯაჭვურ რეაქციას განაპირობებს. ყინულის ერთ-ერთი თვისება ისაა, რომ ის მზის დასხივებას ირეკლავს. როცა ყინული დნება, დასხივების არეკვლა ნაკლებად ხდება, რაც კიდევ უფრო მეტ დათბობას იწვევს და ყინულის საფარის დამატებით შემცირებას განაპირობებს.
კვლევის ავტორები იმასაც ამბობენ, რომ მომავალში ჩრდილოეთ პოლუსზე ყინულის დნობის ტენდენცია, დიდი ალბათობით, გაუარესდება.
ჩრდილოეთ პოლუსზე ყინულის სწრაფი დნობა საგანგაშოა, თუმცა გრენლანდიის ყინული ბოლომდე, სავარაუდოდ, დიდხანს არ დადნება. თბილი ჰაერით არქტიკული ყინულის სრულ გალღობას, შესაძლოა, საუკუნეები დასჭირდეს, ამ პროცესის შებრუნებისთვის კი დრო ჯერ კიდევ გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ პოლუსის ყინული ბოლომდე ახლო მომავალში არ გადნება, არსებული ტენდენცია მაინც ძალიან პრობლემურია და ის სანაპიროებთან მცხოვრებ ადამიანებს საფრთხეს უკვე დღეს უქმნის.
კომენტარები