MIT-ის მკვლევრები ამბობენ, რომ ვენერას ღრუბლებში სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია
50 წლის წინ კარლ სეიგანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ვენერაზე, შესაძლოა, მიკროსკოპული სიცოცხლე არსებობდეს. როგორც ჩანს, ეს აზრი ზოგი მეცნიერისთვის ახლაც რელევანტურია. MIT-ის მკვლევარმა სარა სიგერმა და მისმა ამ საკითხზე მომუშავე გუნდმა დეტალური ჰიპოთეზა შეიმუშავეს. კერძოდ, მათ განსაზღვრეს, როგორ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე ისეთ დაუნდობელ გარემოში, როგორიც ვენერას ატმოსფეროა.
როგორც აღმოჩნდა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ვენერას ატმოსფერო ისეთი ავტოტროფი ბაქტერიებით იყოს სავსე, რომელიც გოგირდს ულტრაიისფერი დასხივებისგან დასაცავად და ფოტოსინთეზისთვის იყენებენ. ვენერას ატმოსფეროს ზედა შრეები საკმარისად გრილია იმისთვის, რომ მსგავსი ბაქტერიები გადარჩნენ, თუმცა ატმოსფეროს უფრო დაბალ სიმაღლეებზე ისინი მომენტალურად დაიწვებოდნენ, რადგან ვენერა ძალიან ცხელი პლანეტაა.
სიგერის ჰიპოთეზის მიხედივთ, რომელიც Astrobiology-ში გამოქვეყნდა, მიკრობები ატმოსფეროს ზედა შრეებში ცხოვრობენ, მრავლდებიან და მუდმივ პოპულაციას ინარჩუნებენ. იმავე დაშვების თანახმად, ეს მიკრობები ნელ-ნელა ზედაპირისკენ ეშვებიან, ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, კვდება, თუმცა ზოგი ბაქტერია, შესაძლოა საკმარისად დაბლა არ ეშვება და სიცოცხლეს "დაძინებულ" მდგომარეობაში იქამდე ინარჩუნებს, სანამ ისევ ზედა შრეში არ აღმოჩნდება.
ცხადია, ეს ჰიპოთეზა ძალიან სპეკულატიურია, ამას სიგერიც აცნობიერებს. თუმცა მზარდი ინტერესის გამო, არაა გამორიცხული, რომ ვენერაზე ზონდი გაეშვას, რომელიც ატმოსფეროში სიცოცხლის ძიებას დაიწყებს.
კომენტარები