როცა ორგანული ნაერთების და ბიოლოგიური სისტემების ურთიერთქმედებაზეა საუბარი, საბოლოოდ ყველაფერი მიკროსკოპულ ელექტროსტატიკურ ურთიერთქმედებამდე დადის. განსხვავებული მუხტები ერთმანეთს იზიდავენ, ერთნაირად დამუხტული ნაწილაკები კი ერთმანეთს განიზიდავენ.

ძალიან გამარტივებულად რომ ვთქვათ, კორონავირუსი ადამიანის უჯრედს სწორედ ამ სხვაობის არსებობის გამო ემაგრება. კორონავირუსის Spike ცილას (წაწვეტებული ადგილი, რომლითაც ვირუსი მასპინძელ უჯრედს ემაგრება) ძალიან პატარა, 10 ნანომეტრიანი დადებითად დამუხტული რეგიონი აქვს. ხოლო, ადამიანების იმ რეცეპტორებს, რომლებსაც კორონავირუსი ემაგრება, უარყოფითი მუხტი აქვთ.

იმის გამო, რომ კორონავირუსის დადებითად დამუხტული რეგიონი ძალიან პატარაა, მეცნიერებმა მისი აღმოჩენა მხოლოდ ახლაღა შეძლეს. ისინი ვარაუდობენ, რომ Spike ცილის დადებითად დამუხტული რეგიონი ვირუსის სისუსტეა, რადგან ჰიპოთეტურად ისეთი წამლების შექმნაა შესაძლებელი, რომლებიც ვირუსის ამ მახასიათებლით ისარგებლებენ.

მეცნიერებმა, რომლებმაც ეს აღმოჩენა გააკეთეს, ვირუსის დადებითად დამუხტული ნაწილი უარყოფითად დამუხტული ნაწილაკით დაბლოკეს, რამაც კორონავირუსს უჯრედთან მიმაგრებაში ხელი შეუშალა.

ამის გამო ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა შემუშავდეს წამალი, რომელიც იმავე პრინციპით იმუშავებს. თუმცა, მსგავსი პრეპარატის შექმნა საკმაოდ რთული ამოცანაა და მის წარმატებით ამოხსნას დიდი ხანი დასჭირდება.