10 რამ, რაც ვეგანს არასდროს არ უნდა უთხრათ
მსოფლიოში ვეგანების რიცხვის ზრდასთან ერთად იმატებს ვეგანიზმთან დაკავშირებული სტერეოტიპების რაოდენობაც. ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით უარი თქვეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მოხმარებაზე, ხშირად ცინიზმის და დისკრიმინაციის სამიზნედ იქცევიან ხოლმე. ამასთან, არსებობს ბევრი გავრცელებული კითხვა თუ მოსაზრება, რომლის მოსმენაც ხშირად გვიხდება ვეგანებს და, სიმართლე ითქვას, ეს არცთუ სასიამოვნოა. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანის შესახებ მოგიყვებით.
1. "მცენარეებს არ სტკივათ?"
დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ სალათის მომზადებისას კიტრი ჩუმ ცრემლს არ ღვრის, თუმცა მცენარეებს რომ ნერვული სისტემა არ გააჩნიათ, ეს დამტკიცებული ფაქტია. სასხვათაშორისოდ კი ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვეგანები არა მხოლოდ ფაუნას, არამედ ფლორასაც იცავენ. ყოველწლიურად უზარმაზარი ფართობების გაუტყევების მიზეზი სწორედ ის ფერმებია, რომელთა გასაშენებლადაც ულმობლად იჩეხება ხეები.
2. "ვეგანები სექტანტები არიან"
მეტიც! ვეგანური პიცის ნაჭერი ილუმინატის სიმბოლოა.
სინამდვილეში, ვეგანიზმი, გარკვეულწილად, მართლაცაა იდეოლოგია. თუმცა იგი თანასწორობას და ყველა სულიერის დაფასებას ეფუძნება.
სწორედ ამიტომ, ვეგანიზმი ეწინააღმდეგება რასიზმს, სექსიზმს, ჰომოფობიას, ტრანსფობიას და ყოველგვარ სხვა დისკრიმინაციის ფორმას.
ვეგანები ხშირად იბრძვიან არა მხოლოდ იმ ცხოველთა დასაცავად, რომელთა ექსპლუატაციასაც სხვადასხვა ინდუსტრია ეწევა, არამედ ადამიანების თანასწორუფლებიანობისთვისაც.
3. "ღმერთმა იმისთვის შექმნა ცხოველები, რომ ვჭამოთ"
რეალურად, ეს ასე არ არის. გარდა იმისა, რომ არსებობს არგუმენტებით გამყარებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ევოლუციური, ანატომიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ადამიანები მცენარისმჭამელები არიან, ამასთან, ქრისტიანული ნარატივიც ამ საკითხზე სწორხაზოვან პოზიციას არ გამოხატავს.
და თუმცაღა ძველ აღთქმაში ხშირად გვხვდება მსხვერპლშეწირვის ტრადიცია, ახალი აღთქმის არაერთი ნაწილი ნათლად მიუთითებს ამ ტრადიციის გაუქმებაზე. თავის მხრივ, სადავოა, უკავშირდება თუ არა საქართველოში გავრცელებული დღესასწაულის, ზვარაკის შეწირვით აღნიშვნის წესი ქრისტიანულ ტრადიციებს, რამდენადაც მსხვერპლშეწირვა წარმართულ პერიოდშიც გავრცელებული პრაქტიკა იყო.
4. "ხორცს თუ არ ჭამ, როგორ ძღები?"
დაბალანსებული ვეგანური კვება რომ ჯანმრთელობის პრობლემებს არ იწვევს, როგორც ეს გავრცელებული მოსაზრებითაა მიჩნეული, არაერთი კვლევითი ინსტიტუტის მიერაა დამოწმებული. თუმცა, ამასთანავე, ვეგანური საკვები ძალიან გემრიელია და დიდად საეჭვოა, დანაყრების პრობლემა შეგექმნათ. დამწყები ვეგანებისთვის არაერთი გზამკვლევია შედგენილი, რომლებიც მცენარეული კვების დაწყებასა და მდიდარი ვეგანური სამზარეულოს შეცნობაში დაგეხმარებათ.
5. "ვეგანები ფიზიკურად სუსტები არიან"
გასულ წელს ვეგანმა ათლეტმა, დანა გლოვაცკამ, მსოფლიო რეკორდი დაამყარა სტატიკურად გაჩერებაში. იგი უძრავ პოზიციაში 4 საათისა და 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა (წინა რეკორდი 3 საათი და 30 წუთი იყო) და კარიერულ მიღწევასთან ერთად ორი დიდი სტერეოტიპიც დაამსხვრია ქალებისა და ვეგანების სისუსტის შესახებ.
ვეგანია მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩიც. თუმცა, თუ წარმატებული ვეგანი სპორტსმენების ისტორიებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის, შეგიძლიათ, თავად სცადოთ რამდენიმე კვირით სწორი და დაბალანსებული ვეგანური კვება და საკუთარ ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებს დააკვირდეთ.
6. "ცხოველები ფერმებში კარგად გრძნობენ თავს"
ორუელის ცნობილ რომანში თუ ალეგორიებს ყურადღებას არ მივაქცევთ და ისტორიას პირდაპირ გავიგებთ, მაინც საინტერესო დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ ამბისგან.
ცხოველები ფერმებში ისევე "კარგად" გრძნობენ თავს, როგორც — ტყვე საპატიმროში, სანამ გილიოტინაზე გაიყვანენ. ისინი იქ ისევე გრძნობენ თავს, როგორც ნებისმიერ სივრცეში ექსპლუატაციის მიზნით გამომწყვდეული ცხოველი გრძნობს — იქნება ეს ცირკი, დელფინარიუმი თუ კვლევითი ლაბორატორია.
7. "ვეგანები აგრესიულები ხართ/სულ ჭკუას არიგებთ ხალხს"
მითია თუ რეალობა მოსაზრება, რომ ვეგანები აგრესიულები ან, პირიქით, გამორჩეულად მშვიდობისმოყვარულები არიან?
რასაკვირველია, მითია. ვეგანიზმი კავშირში არ არის ადამიანების ინდივიდუალურ ხასიათთან. ის არც რელიგიაა საკუთარი წესებით, თავის მიმდევრებს რომ მათი შესრულებისკენ მოუწოდოს. თუმცა, არსებითად, იგი სულაც არ გამორიცხავს რადიკალურობას. 1989 წლის აპრილში ცხოველთა განმათავისუფლებელი ფრონტის აქტივისტები არიზონას უნივერსიტეტის ლაბორატორიის ხუთ შენობაში შეიჭრნენ, გადაწვეს ორი მათგანი და გაათავისუფლეს 1200-ზე მეტი ცხოველი, რომელთაც ლაბორატორიული ცდებისთვის იყენებდნენ. არაფორმალური ჯგუფის არსებობის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი რეიდი იყო, თუმცა ეს მოძრაობა, რომელსაც წევრები 40-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს, ხშირად აწყობს მსგავს "არეულობას" ცხოველების დასახსნელად.
რაც შეეხება ჭკუის დარიგებას — მიუხედავად იმისა, რომ ვეგანებს ხშირად საყვედურობენ ამის გამო, ეს ბუნებრივი ქმედებაა. ვეგანიზმი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის არც რელიგია და არც სექტა, თუმცა არის იდეა. როდესაც თქვენ რაიმე იდეას ემხრობით, ცდილობთ მის პოპულარიზებას და ჭეშმარიტების დამტკიცებას. მით უმეტეს, თუ ეს იდეა ისეთ კეთილშობილურ მიზანს ეფუძნება, როგორიც თანასწორუფლებიანობაა. ურიგო არ იქნებოდა, გაგვეხსენებინა, რომ მსოფლიო ისტორიის გარკვეულ პერიოდში სამართლებრივად სწორი იყო რასიზმიც, მონათმფლობელობაც, ჰოლოკოსტიც და სხვა არაერთი დანაშაულებრივი ქმედებაც.
8. "ცხოველები თუ არ ვჭამეთ, ველურ გარემოში ვერ გადარჩებიან/გადაშენდებიან"
"შენ ვალდებული ხარ, იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე", — ამ სიტყვების ავტორის შეხსენება ალბათ არცაა საჭირო. ძროხა ადამიანის კარმიდამოს თავისი ნებით ნამდვილად არ მოდგომია. მისი რძეც მხოლოდ საკუთარი ხბოსთვისაა განკუთვნილი და იმ ყველაფრისდა მიუხედავად, რაც ველურ გარემოში ელოდება, ალბათ მაინც ურჩევნია, თავი დააღწიოს ტყვეობას — სადაც გამუდმებით ექსპლუატაციას უწევენ, შემდეგ შვილს ართმევენ, ბოლოს კი სასაკლაოს გზას უყენებენ.
გადაშენებას რაც შეეხება, ალბათ თვალთმაქცობაა ბიომრავალფეროვნებაზე საუბარი, მაშინ, როცა ადამიანთა მოდგმის კონსუმერულ კულტურას ფლორის და ფაუნის დიდი ნაწილი ეწირება ჩაცმისთვის, კვებისთვის, გართობისა და კომფორტისათვის.
9. "ჯერ ადამიანები დაიცავით"
ვეგანების უმეტესი ნაწილი ადამიანს და დანარჩენ ცხოველებს ერთ საფეხურზე აყენებს. კი, ხშირად ცხოველთა ექსპლუატაციის საილუსტრაციოდ ისინი ხატავენ პარალელურ სამყაროს, სადაც როლები შეცვლილია და სწორედ ადამიანებს იყენებენ საკვებად, ჩასაცმელად და გასართობად, თუმცა ამის მიზანი მხოლოდ იმ სისასტიკის თვალსაჩინოდ წარმოჩენაა, რომლის მსხვერპლიც ცხოველები არიან.
ადამიანს კი ვეგანებიც ისევე იცავენ, როგორც არავეგანები. ეს იმ დისკუსიას ჰგავს, ფრაზას "შავკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია" რომ მოჰყვა. ვეგანიზმი ამბობს, რომ "ცხოველთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", თუმცა წინადადების ბოლოს უდავოდ იგულისხმება "ც" ნაწილაკი — "ცხოველთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია".
10. "ცხოველთა სიცოცხლე უმნიშვნელოა"
ამ მოსაზრების უსაფუძვლობაში ერთხელ და სამუდამოდ დასარწმუნებლად, უყურეთ შონ მონსონის დოკუმენტურ ნამუშევარს, დედამიწელები.
ამავე თემაზე:
კომენტარები