ციმბირის ტბაში 10 000 წლის მამონტის ძვლები იპოვეს
იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყინულს სწრაფად ალღობს, ბევრი ნამარხი აშკარავდება. ამის ნათელი მაგალითი ციმბირია, სადაც ბოლო დროს არაერთი პალეონტოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა.
ამჯერად რუსმა მეცნიერებმა ციმბირის ერთ-ერთი ტბაში, იამალის ნახევარკუნძულზე მამონტის უჩვეულოდ კარგად შენახული ძვლები იპოვეს, რომელსაც კანი და ხრტილები აქვს შერჩენილი. რთული პირობების გამო მამონტის ძვლების სრულად შეგროვებას ორი ექსპედიცია დასჭირდა.
ახლადაღმოჩენილ მამონტს კვლევაში მონაწილე მეცნიერის საპატივსაცემოდ, სავარაუდოდ, ტადიბეს დაარქმევენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ განამარხებული მამონტი 15-20 წლის იყო, როცა მოკვდა. სიმაღლეში კი ის დაახლოებით 3 მეტრია.
მიუხედავად იმისა, რომ მამონტის ნარჩენები კარგად იყო შენარჩუნებული, ძვლების მოპოვება მაინც რთული აღმოჩნდა.
"თავიდან გვეგონა, რომ ძვლები ანატომიურად სწორ ფორმაში იყო შენახული. თუმცა, მეორე დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ასე მხოლოდ ცხოველის ჩონჩხის უკანა ნაწილი იყო განლაგებული", — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, ანდრეი გუსევი, — "დანარჩენი ძვლები ქაოტურად იყო მიმოფანტული".
აღსანიშნავია, რომ ძვლებთან ერთად მეცნიერებმა ცხოველის კორპოლიტები (განავალი) იპოვეს, რაც მკვლევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაა, რომ შესაბამისი ანალიზით ცხოველის დიეტაზე და გარემო პირობებზე უკეთესი წარმოდგენის შექმნაა შესაძლებელი.
ამ დროისთვის მამონტის სიკვდილის მიზეზები უცნობია, რადგან მის ძვლებს და კანის ნარჩენებს დაზიანებები არ აღენიშნება.
კომენტარები