თამარა მეარაყიშვილი 45 წლისაა. დაიბადა და გაიზარდა ახალგორში. ახლაც იქ ცხოვრობს და მშობლიური რაიონის მიტოვებას არ გეგმავს, მაგრამ არც ის უნდა, საკუთარ სახლში საოკუპაციო რეჟიმის ტყვე იყოს. ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას 3 წელია ვერ ახერხებს. დე-ფაქტო პროკურატურა მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეს აწარმოებს და ხან ყალბი დოკუმენტების, ხან კი მათივე დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პარტიის წევრების ცილისწამებას აბრალებს. თამარას ჩამორთმეული აქვს დოკუმენტები და არ აქვს რეგიონის დატოვების უფლება.

ინტერვიუს ჩაწერა სოციალური ქსელით მოგვიწია. პარალელურად სახლის საქმეებს აკეთებდა. ცომის მოზელა დააპირა, სოდა დააკლდა და მაღაზიაში წავიდა. ტელეფონი არ გაუთიშავს, გზადაგზა ინტერვიუს ვაგრძელებდით. მესმოდა, როგორ ჩაკეტა კარი, ჩაიარა კიბეები, ქართულად მიესალმა რამდენიმე გამვლელს და გააგრძელა საუბარი იმაზე, თუ როგორ დევნიდა ბიბილოვი. ვკითხე, რამდენად უსაფრთხო იყო მისთვის ამ თემაზე ქუჩაში ხმამაღლა საუბარი. "რაღას მიზამენ?" — მკითხა და ენერგიულად გააგრძელა.

მოგვიანებით გავიგე, რომ სახლიდან გასვლისას ყოველთვის ტელეფონზე საუბრობს. ამ ფორმით თავს იზღვევს, რომ მისმა ახლობლებმა იცოდნენ სად არის და შემთხვევით ისევ არ "გაუჩინარდეს" KGB-ს დაკითხვის ოთახში.

ბავშვობა

მშვიდი ბავშვი არ ყოფილა. ახლობლები ეუბნებიან, სანამ სიარულს ისწავლიდი, მანამ ლაპარაკი დაიწყე და მხარ-თეძოზე წამოკოტრიალებული ითხოვდი, საჭმელი მომიტანეთო.

თამარა მეარაყიშვილის ბავშვობა

თამარა მეარაყიშვილის ბავშვობა

ფოტო: თამარა მეარაყიშვილი / FB

ბაღში მღეროდა. სკოლაში ყველა კლასგარეშე წრეში ჩაერთო, რისი ინტერესიც ჰქონდა და მეტიც, ისეთ აქტივობებში ცდილობდა მონაწილეობას, რაც დიდად არ აინტერესებდა — შეიძლება მერე მომეწონოსო. მშობლები სთხოვდნენ მხოლოდ უფასო კურსებზე ევლო, რადგან ფინანსურად უჭირდათ. თამარა ცდილობდა ეს ბალანსი დაეცვა და მაქსიმალურად დაკავებული ყოფილიყო. ახლა ვერ ხვდება, როგორ ასწრებდა ამდენს.

"ესეთი ბავშვობა მქონდა — სწავლაც მიყვარდა, შატალოებიც, სკოლის ღონისძიებებიც, ექსკურსიებიც და მეგობრებიც. რაც ჩემი ინტერესი არ იყო, ვცდილობდი, რომ იქაც თავი შემეყო, ეგებ და ჩემი ინტერესი აღმოჩენილიყო".

პირველი სამსახური 14 წლისამ დაიწყო, ფოსტალიონად. თავიდან ზაფხულში გაზეთებს არიგებდა, მალე პენსიაც ანდეს და მუშაობა სკოლის პარალელურადაც გააგრძელა.

"ჩემი პაპიდა, პაპაჩემის და, მუშაობდა ფოსტაში გაზეთებისა და ამანათების დამხარისხებლად. იქ გავიგე, რომ ერთ-ერთი ფოსტალიონი, რომელიც ჩვენს უბანში იყო, გავიდა შვებულებაში. შევთავაზე, მე ვიმუშავებ მის ნაცვლად-მეთქი. უფროსი კარგად მიცნობდა, სკოლის შემდეგ იქ ვიყავი ხშირად, პაპიდას ვეხმარებოდი ხოლმე. როცა ვკითხე, გურამი ძია, შეგიძლიათ ფოსტაში მიმიღოთ-მეთქი, გაეცინა და მითხრა, ვცადოთო".

თამარა მეარაყიშვილის ბავშვობა

თამარა მეარაყიშვილის ბავშვობა

ფოტო: თამარა მეარაყიშვილი / FB

განათლება

სკოლა რომ დაამთავრა, თოჯინების თეატრის მსახიობობა სურდა. თბილისში გამოცდაზე მოუმზადებელი მივიდა, არ იცოდა, რომ უნარ-ჩვევები უნდა ჩაებარებინა, ამიტომ ვერ მოხვდა. იქვე შესთავაზეს, კინომცოდნეობის კურსები გაევლო, სადაც რეგიონის სტუდენტებს იღებდნენ. ჩააბარა, მაგრამ მალევე დაუსწრებლად გააგრძელა სწავლა. მაშინ 1992 წელი იყო, ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირება და ქაოსი იზრდებოდა, თამარას კი თემქიდან რუსთაველზე ხშირად ფეხით უწევდა სიარული, რაც უსაფრთხო არ იყო.

თბილისიდან ახალგორში დაბრუნდა, მუშაობა დაიწყო და დიპლომის დაცვისთვის ემზადებოდა, მაგრამ 1993 წელს მოიტაცეს. ეს ქორწინება მალე დასრულდა.

"ჩვენი ქორწინება არ იყო სიყვარულზე დაფუძნებული. თითქმის არ ვიცნობდი. იმ პერიოდში სულ ასე იქმნებოდა ოჯახები: ვიღაც დაგინახავდა, იტყოდა, მოვიტაცებო. ოჯახი არ შედგა, თუმცა საერთო შვილი გვყავს და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს".

ომი

ვერ იხსენებს რაიმე სახის დაპირისპირებას, უთანხმოებას ან წყენას ეთნიკური ოსებით დასახლებულ რეგიონში. პირიქით, მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, რომ ომამდე ერთმანეთის წარმომავლობაზე არაფერი იცოდნენ. ეს არც სჭირდებოდათ.

"ერთმანეთთან გვქონდა იდეალური დამოკიდებულება. ამას მე კი არ ვამბობ, როგორც ქართველი, ჩემს ოს მეგობრებსაც უთქვამთ, რომლებიც ომამდე ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ. კულტურა, ტრადიციები ერთმანეთთან გვქონდა შერწყმული".

ცხინვალელი ოსები, ვინც ჩამოვიდნენ ახლა აქ, ახალგორელ ქართველებსა და ოსებს ერთ ჯგუფში გვაერთიანებენ, ისინიც კი გრძნობენ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ

თამარა მეარაყიშვილი

სეპარატისტული განწყობების გაღვივება თამარამ 2006 წელს შენიშნა, როცა რეგიონში დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. პირველად მაშინ შეეშინდა.

"უცებ გავიგეთ, რომ აქ უნდა ჩატარებულიყო ალტერნატიული არჩევნები კოკოითის საპრეზიდენტოდ. გაგვაცნეს ვინმე დიმა სანაკოევი, რომლისთვისაც უნდა დაგვეჭირა მხარი, რამდენიმე ახალგორელი მისი ფორმალური "კონკურენტი" იყო. პირველად მაშინ გაგვიჩნდა არასასიამოვნო შეგრძნება და მივხვდით, რომ საშიში იყო, როცა არჩევნების წინა ღამით სამხედროები დავინახეთ. რეალობაში პირველად მაშინ ვნახე. მე სადაც ვცხოვრობდი, ცენტრალური ქუჩა არ იყო, ცოტა მიუვალი ადგილი იყო და იქ სპეცრაზმელების მოსვლა ნიშნავდა, რომ დაავალეს. ასეთ პირობებში ჩატარდა არჩევნები".

არჩევნების შემდეგ ეთნიკური განსხვავებულობაზე ხაზგასმა და ქართველების მიმართ არასასიამოვნო დამოკიდებულებაც ახსოვს.

"შემდეგ უკვე დაიწყო ეთნიკური ოსების მიმართ ცოტა მეტი ყურადღების გამოხატვა. არ მომწონდა ეს. ვუთხარი, რატომ უნდა წაიყვანო ადამიანი დასასვენებლად ეთნიკური წარმომავლობის გამო-მეთქი. ჩემი შვილი ოსი იყო, მაგრამ ისიც კი ვერ მოხვდა ზღვაზე წამსვლელების სიაში. ცდილობდნენ, რაღაც ნიშნებით ხაზგასმას და გამორჩევას".

თუმცა ეს ხელმძღვანელი პირების პოზიცია იყო და არა ხალხის. მრავალწლიანი მეგობრობა ამით არ დაზარალებულა. ყველაფერი ომმა შეცვალა.

აგვისტოს ომი

აგვისტოს ომი

ფოტო: EPA

"ჩვენთან ომის შემდეგ გაჩნდა აგრესიული განწყობები. ადგილობრივები, რომლებიც ომამდე თავს კარგად გრძნობდნენ, უფრო ლაღები იყვნენ და მათი უფლებები უფრო მეტადაც იყო დაცული, ახლა ამბობენ, რომ ქართველები ცუდად ექცეოდნენ და ხმას ვერ იღებდნენ. ეს გამოგონილია, რომ ცხინვალში აჩვენონ ვიჩაგრებოდითო და ამით ბონუსები მიიღონ. მე არ ვამბობ მატერიალურ სარგებელს — უფრო მეტად "პატრიოტები" ჩნდებიან ასე".

2008 წლის ომის დროს ახალგორი დაბომბვას გადაურჩა და თამარას მეხსიერებაში აგვისტოს დღეები სერიალებისა და საინფორმაციო გამოშვებების მონაცვლეობად შემორჩა. ახალგორში სიმშვიდე იყო, ტელევიზორში ყურმოკრულის კი მორიგ სამხედრო დაპირისპირებად აღიქვამდნენ, რაც იქ აღარ უკვირდათ.

სიტუაციის დაძაბვა მაშინ აღიქვეს, როცა 11-12 აგვისტოს მოსახლეობამ გადინება დაიწყო. თამარა ოჯახთან ერთად დარჩა.

"ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშნული პირები მიდიოდნენ, თან მიჰქონდათ ნივთები. ამ დროს არსად უსაფრთხო არ იყო, სხვა ქალაქებშიც არეულობა იყო და საზოგადოებრივი ტრასნპორტიც არ მოძრაობდა. ჩემი ოჯახი აქ იყო, ჩემი შვილი, და და მშობლები. გადავწყვიტეთ, რომ თუ გადავრჩებით, ერთად გადავრჩეთ. სად წავსულიყავით, რითი წავსულიყავით, დაყოფა არ გვინდოდა, ამიტომ დავრჩით".

15 აგვისტოს ოძისის საგუშაგოსთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. ამ დროს ახალგორში აღარც სამხედრო კომისარიატი იყო, აღარც პოლიციის სამმართველო. მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი და 30 მოსახლე. 16 აგვისტოს კი ეკლესიაში შეკრებილ ხალხს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის უფროსმა აცნობა, რომ ჯარისკაცები ახალგორისკენ მიდიოდნენ და ურჩია გაქცეულიყვნენ.

თავის საშველად რამდენიმე ადამიანი ტყეში გაიქცა. თამარამ მხოლოდ ტელეფონის წაღება და დედასთან სამსახურში გავლა მოასწრო. დედა მცხობელი ჰყავს და უფროსის ნებართვის გარეშე სამსახურიდან გასვლაზე უარი თქვა. სანამ ჯარისკაცები სოფელში შედიოდნენ, მოსახლეობა კი ტყეში იხიზნებოდა, ის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად პურს აცხობდა.

"დედაჩემი ძალიან პასუხისმგებლიანია. საქმეს არ მივატოვებო და დარჩა. ჩვენ გვეშინოდა, ვიმალებოდით. ასე ღრმად და შორს არცერთხელ არ ვყოფილვარ იმ ტყეში. ერთმანეთს ვაგულიანებდით ვიაროთო, არავინ მოგვდევდა, მაგრამ ამ შეგრძნებით მივდიოდით.

ჩემი შვილის გარდა კიდევ ერთი ბავშვი იყო და მოხუცები სასაცილო ისტორიებს და ზღაპრებს უყვებოდნენ, ძველ ამბებს, რომ ეცინათ და არ ენერვიულათ. მე ცოტა მოშორებით დავდიოდი, სადაც ტელეფონი იჭერდა — ვრეკავდი, დაბაში დარჩენილებთან ვცდილობდი გამერკვია, რა ხდებოდა, რა მოლოდინები იყო".

ტყეში დამალულებს ადგილობრივი წამოეწიათ, რომელიც ჯარისკაცებმა გამოუშვეს და დააბარეს:

"ტელეფონები ანათებს და თუ მშვიდობიანი მოსახლეობაა, ჩამოვიდნენ, თუ არადა ჩავთვლით, რომ სნაიპერები არიან და ცეცხლს გავხსნითო".

სხვა გზა არ ჰქონდათ, უკან დაბრუნდნენ. გამოგზავნილი პირი კი ამშვიდებდა, რომ ჯარისკაცებს შორის რამდენიმე ახალგორელი ოსი იყო და არაფერს დაუშავებდნენ. ასეც მოხდა.

"როგორც აღმოჩნდა, ეს ჯგუფი სპეციალურად გამოჰყვა რუსებს, რომ აქ რამე სისასტიკე არ ჩაედინათ. მაგ მხრივ გადავრჩით".

ჯარისკაცებით და ტანკებით გარშემორტყმულ სახლში თამარა მეორე დღეს მშვიდად ვერ გაჩერდა. აინტერესებდა, ქუჩაში რა ხდებოდა.

აგვისტოს ომი

აგვისტოს ომი

ფოტო: AP Images

"მეორე დღეს სახლიდან გავედი, ამხანაგს ვუთხარი, ვნახოთ, რა ხდება, როგორები არიან. კადრი მახსოვს — ბეტეერები, ტანკები. პირველი რაც იყო, მაგათი გარჩევა ვისწავლე ერთმანეთისგან. ჯავშანტექნიკაზე სულ უამრავი ადამიანი იჯდა. ერთი აშკარად 10-11 წლის ბავშვი იყო და აღვნიშნე, რა პატარაა და ავტომატი ჰკიდია-მეთქი. იქიდან გადმომძახეს, გაფუჭებული უჭირავს და ნუ გეშინიათო".

ომის შემდეგ 33 წლის მარტოხელა დედა ოკუპირებულ რეგიონში დარჩა. არ იცოდა, რა განწყობით მივიდოდა დე-ფაქტო ხელისუფლება, არ იცოდა, რა რეალობაში მოუწევდა ცხოვრება, მაგრამ წასვლა არ უნდოდა.

ახლა მეშინია, როგორ გავბედე მარტო შვილთან ერთად დარჩენა. ჩემთვის უცხო რეალობაში ვიყავი სრულიად მარტო, ახლობელი ადამიანი ძალიან ცოტა დარჩა

თამარა მეარაყიშვილი

სამსახური

სამხედროების გამოჩენიდან 4 დღეში, თამარას სამსახური ეწყებოდა. 20 აგვისტოს ოფიციალურად უნდა გასულიყო და იმაზე ფიქრი აწუხებდა, როგორ მოქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში უკვე ქართველი გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე აღარ იყო, ნებართვისთვის მაინც მათ დაუკავშირდა.

"ეს იმდენად მოულოდნელი იყო, შეიძლება იმათ ჩათვალეს, რომ არასერიოზულია და მიპასუხეს, როგორც გინდა ისე მოიქეციო. სიტუაცია რომ დაწყნარდა, ერთი თვის შემდეგ, 20 სექტემბრიდან გავედი სამსახურში. არავინ არ დადიოდა მაშინ, ზოგი წავიდა, დარჩენილებს კი ეშინოდათ".

სამსახური თამარასთვის ბევრს ნიშნავდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი 1998 წელს გახდა და ამ საქმეში მთელ ენერგიას დებდა. 2014 წლამდე ამ თანამდებობაზე იყო და მის შესანარჩუნებლად რამდენჯერმე მოუწია სასამართლოში ბრძოლა ხან ქართულ, ხან კი ოსურ მხარესთან. სანამ იმ სივრცეში მუშაობის საშუალება ჰქონდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ ბავშვებისთვის საინტერესო გარემოდ ექცია.

თამარა მეარაყიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბავშვებთან ერთად

თამარა მეარაყიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბავშვებთან ერთად

ფოტო: თამარა მეარაყიშვილი / FB

ომის შემდეგ ცდილობდა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ყოფილიყო ადგილი, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ იგრძნობდნენ თავს. სტუმრების მოწვევა უკვე უჭირდა, ზამთარში კი, გაყინვისგან რომ დაეცვა, ბავშვები თავის სახლში დაჰყავდა, რადგან შეშას აღარც ქართული მხარე და აღარც ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელმძღვანელობა აღარ აძლევდა.

თამარას ცხოვრება მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმს არ გაურთულებია. ის ნაწყენია საქართველოს ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებზეც და მათ ხელოვნურ ბარიერებსა და უყურადღებობაში ადანაშაულებს.

როცა მთხოვდნენ, უარს არასდროს ვეუბნებოდი. ყოველთვის ვაძლევდი პირობას და ვცდილობდი, ეს პირობა შემესრულებინა. ყოველთვის ვაკეთებდი მათთვის იმას, რაც ჩემი შვილისთვის მინდოდა

თამარა მეარაყიშვილი

"მაშინ ქართული მხარე ამბობდა, რომ იქ არ უნდა დავრჩენილიყავით და წამოვსულიყავით. ამბოდნენ, არ გვინდა ისეთი წარმოდგენა შეიქმნას, რომ მანდ მუშაობა და ცხოვრება შეიძლებაო. მე ამაზე უარი განვაცხადე და სხვა გზების ძიება დავიწყე. ექსკურსიაზე და კონცერტებზე დამყავდა ბავშვები, ვცდილობდი მომეძებნა სპონსორები, ან, უბრალოდ, დახმარების მსურველები, ვინც სამუშაო მასალებს, სახატავს და საძერწს მაინც მოგვცემდა. ვცდილობდი ბავშვები თბილისში მეტარებინა, მაგრამ ქართველი სამხედროები გვაბრკოლებდნენ".

თამარა იხსენებს, რომ ერთხელ ბავშვებმა ანონსი ნახეს და თბილისში უცხოეთიდან ჩამოსული საცირკო დასის ნახვა მოუნდათ. ნაცნობების წყალობით სპონსორების მოძიება სცადა. ზოგს გზის თანხა სთხოვა, ზოგს კვების, ნაწილს ბილეთის და ბავშვები მაინც წაიყვანა.

"როცა ბავშვები მიმყავდა, გვაჩერებდა ქართული საგუშაგო და ამბობდნენ, რომ ეს ბავშვები არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები და შეიძლება, რამე საფრთხე შეექმნათ. რატომღაც თვლიდნენ, რომ თუ ხელისუფლება არ გვიკეთებდა ამას, ჩემს თავზე არ უნდა ამეღო. ხშირად იმასაც გვაძახებდნენ, თუკი იმათთან აირჩიეთ ცხოვრება, იმათ გაგიკეთონ, ცირკი იმათ არა აქვთო?. ხშირი იყო დამცინავი დამოკიდებულება, მაგრამ ბავშვებს სურვილს მაინც ვუსრულებდი".

თამარა მეარაყიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბავშვებთან ერთად

თამარა მეარაყიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბავშვებთან ერთად

ფოტო: თამარა მეარაყიშვილი / FB

თამარა სამხედროებს ნაცნობი იურისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უმკლავდებოდა.

"ბევრი ადამიანია, ვინც გვეხმარებოდა, ადამიანურად. არასდროს მოუთხოვიათ ამის გახმაურება, ან ფოტოს დადება. ამას ჩუმად აკეთებდნენ.

პირდაპირ მივიდოდი ხოლმე და ვეკითხებოდი, ხომ არ შეგიძლიათ, უფასოდ რამე გაგვიკეთოთ. არ მახსენდება, ვინმეს ეთქვა, რომ ჩვენ ამ გამომუშავებაზე ვცხოვრობთ და ვერ გავაკეთებთო".

მოგვიანებით, როცა ჯგუფურად გასვლაზე აბრკოლებდნენ, მოიფიქრეს და მშობლებს ბავშვები თბილისში სამი დღის განმავლობაში ეტაპობრივად გაჰყავდათ, დედაქალაქში კი დათქმულ დროს იკრიბებოდნენ. ასეთივე გზებით ცდილობდა შეეტანა ოკუპირებულ რეგიონში წიგნები, საჩუქრები და საძერწი საშუალებები. ახლაღა ხვდება, რომ ბევრჯერ გარისკა და საშიშ სიტუაციაში ჩაიგდო თავი.

"ჩემს ცხოვრებაში, ოჯახის შემდეგ, ყველაზე დიდი ადგილი უკავია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს. ყველანაირი რისკის ფასად ვცდილობდი სიახლე შემეტანა. ხანდახან ერთი თვის ან ერთი წლის შემდეგ მივმხდარვარ, რომ საშიში იყო და მიფიქრია, ეს როგორ გავრისკე, მაგრამ ღირდა".

თამარა მეარაყიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბავშვებთან ერთად

თამარა მეარაყიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბავშვებთან ერთად

ფოტო: თამარა მეარაყიშვილი / FB

2009 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სამსახურიდან გაათავისუფლა. თამარამ იჩივლა, აღადგინეს და განაცდურიც აუნაზღაურეს. 2010 წელს იმავე ხალხმა გაათავისუფლა, ისევ იჩივლა, მაგრამ აღარ აღადგინეს. ამის შემდეგ, დე-ფაქტო ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდა. 2014 წელს მათაც გაათავისუფლეს და მიზეზად სამსახურში დაგვიანება დაუსახელეს. თამარამ ისევ იჩივლა, არც ამჯერად აღადგინეს. ყოველ ჯერზე გათავისუფლების მიზეზი ხელისუფლების კრიტიკა აღმოჩნდა.

"ქართული გამგეობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჩემს მუშაობასთან პრობლემები არ ჰქონდათ, მაგრამ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი და ეს იყო მიზეზი, რის გამოც გამათავისუფლეს.

ოსებმა როცა გამათავისუფლეს სამსახურიდან, ისინიც მაფრთხილებდნენ, რომ შემეწყვიტა კრიტიკა, თუ არადა გამიშვებდნენ".

სამსახურის დაკარგვის შემდეგ თამარა სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, პროექტებში იყო ჩართული, თუმცა ეს სტაბილური შემოსავალი არ არის და თავის გატანა ისევ დამოუკიდებლად მოუწია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სისტემა მთელი ძალით დაუპირისპირდა.

გამოძიება

თამარ მეარაყიშვილის საქმის დეტალები

თამარ მეარაყიშვილის საქმის დეტალები

ფოტო: თამარა მეარაყიშვილი / FB

2017 წელს ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს მასშტაბით გადაადგილება შეეძლო, თბილისში, შვილთან წასვლა დაგეგმა. საღამოს ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ თამარა არც თბილისში იყო და არც ახალგორში. ამ დროს ის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურს დაკითხვის ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

ოფიციალურად არ გახმაურებულა, თუმცა ცნობილია, რომ თამარას გათავისუფლებაში განსაკუთრებული როლი საერთაშორისო ორგანიზაციებმა ითამაშეს, პასიური, კი საქართველოს ხელისუფლებამ. თამარას აზრით, ის ერთადერთი ადამიანია, ვისზეც ცხელი ხაზი არ გააქტიურდა და სახელმწიფომ ძებნა არ გამოაცხადა.

"ვფიქრობდი, რაც არ უნდა მოხდეს, თუ ცოცხალი გადავრჩი, მაინც არაუშავს. ბევრ რამეზე ვფიქრობდი — რომ შეიძლება გამაუპატიურონ, მცემონ, დამამწყვდიონ, მაგრამ ვიმეორებდი, რომ მთავარია გადავრჩე და ყველაფრის აღდგენა და რეაბილიტაცია შეიძლება. გადავრჩი", — ამბობს ის და დეტალებზე არ საუბრობს.

გატაცებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 2017 წლის 16 აგვისტოს დე ფაქტო ხელისუფლებამ თამარას ოფიციალური დევნა დაიწყო, ის თბილისიდან დაბრუნებული დააკავეს. თან წაიღეს ყველაფერი, რაც ჰქონდა, ქვაბების დატოვების უფლებაც კი არ მისცეს. დაკავებისას არ განუმარტეს, რატომ.

"მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გავიგე, რომ დაკავებული ვიყავი პოლიტიკური პარტიის წევრების ცილისწამებაზე და ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ მე კომენტარი მივეცი მედიას, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ეს იყო, რა თქმა უნდა, საბაბი ჩემი დაპატიმრების. სინამდვილეში, ესენი ფიქრობენ, რომ მე ქართულ უშიშროებასთან ვთანამშრომლობ და სჭირდებოდათ მიზეზი ჩემს ბინაში მოულოდნელი ჩხრეკის, რასაც მიაღწიეს".

"ცილისწამება", რომლის გამოც მაშინ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მეარაყიშვილი ამოიჩემა, ეხო კავკაზაში დაიბეჭდა. სამოქალაქო აქტივისტის პოზიციიდან მეარაყიშვილი ყვებოდა, რომ ბიბილოვის პარტიის, ედინაია ოსეტიას წევრები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალ პორტფელებს ელოდნენ და მოსახლეობას "ცვლილებებზე" აფრთხილებდნენ. თამარა ინტერვიუში ამბობდა, რომ საავადმყოფოში პარტიის რამდენიმე წევრმა პერსონალს ურეცეპტოდ მოსთხოვა წამლები, გააპროტესტა ინტერიერი და ა.შ.

ანატოლი ბიბილოვი და თამარა მეარაყიშვილი. ფოტო გადაღებულია ბიბილოვის ინიციატივით, 2012 წელს ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნაზე.

ანატოლი ბიბილოვი და თამარა მეარაყიშვილი. ფოტო გადაღებულია ბიბილოვის ინიციატივით, 2012 წელს ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნაზე.

ფოტო: თამარა მეარაყიშვილი / FB

სწორედ მსგავსი ფრაზების გამო ბიბილოვმა მეარაყიშვილის დევნა იმ მუხლით დაიწყო, რომელსაც რუსეთშიც კი ერიდებიან, რადგან ცილისწამება არც ისე ადვილი დასამტკიცებელია.

ბიბილოვის მიზანი, თამარასთვის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დაებრალებინა, უშედეგო აღმოჩნდა — მოსასმენი აპარატურის ნაცვლად, დე-ფაქტო უწყებების საცავში მოდური ჟურნალები და თამარას ტუჩსაცხი აღმოჩნდა.

"კონკრეტული ადამიანები არწმუნებდნენ, რომ სახლში აპარატურას და დოკუმენტებს ვმალავდი. ვერაფერი იპოვეს, წაიღეს ჩემი შვილის ბავშვობის დროინდელი ფოტოფირები და ოქმში ჩაწერეს, რომ ამოღებული ჰქონდათ "გლიანცევი ჟურნალ" [მოდური ჟურნალი]. მხოლოდ იმიტომ წაიღეს, რომ პუტინის სახე ეხატა ზედ და გინება ეწერა".

დაკითხვაზე მისულს ორი გამომძიებელი დახვდა. მათგან ერთ-ერთი, დათო გურწიევი მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე წითელი ცირკულარით ძებნილი გახდა. თამარა ამბობს, რომ დაკითხვაზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"მიყვიროდნენ, ხარ ფსიქიკურად შეშლილი, ავადმყოფიო. მეუბნებოდნენ, კაცი გინდა და ვერ ისვენებ ამიტომო. რომ გამოვედი დაკითხვიდან, დავპოსტე, რომ ასეთი სიტყვებით მომმართავდნენ.

პოსტებში ჩემს შეფასებებს არ ვაძლევდი, აღვწერდი რა მოხდა. ერთ-ერთმა გამომძიებელმა, ბიაზროვმა კომენტარიც მისცა ამ პოსტის გამო. ამტკიცებდა, ჩვენ ვკითხეთ დაოჯახებული ხომ არ ხარო, ვკითხეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ გაქვთო და ამან ესე აღიქვაო".

მართალია, გამომძიებელი დისკრედიტირებას ცდილობდა და მის სიტყვებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ეს თამარასთვის მარცხს კი არა, ახალი ბრძოლის ველს ნიშნავდა. მაშინ მიხვდა, რომ მისი სტატუსის გამო თავის მართლება მოუწიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ საჯარო პოსტები დაიცავდა.

"ყველამ იცის, თუ შეურაცხყოფას მომაყენებენ ან ცუდად მომექცევიან, პირდაპირ დავწერ. ეს არის ჩემი თავდაცვის იარაღი. თან ვქმნი ისტორიას და ამას ვინახავ".

თამარ მეარაყიშვილის ფოტოები ე.წ. სასამართლოს წინ

თამარ მეარაყიშვილის ფოტოები ე.წ. სასამართლოს წინ

ფოტო: თამარა მეარაყიშვილი / FB

მალევე ყველა ე.წ. სასამართლო პროცესზე დაიწყო წერა. ჩაკეტილ სისტემაში ინფორმაცია არ დაიმალა და კონსპირაციის თეორიების მოყვარულებისთვისაც კი ცხადი გახდა, რომ მისი საქმე მხოლოდ ბიბილოვის ინტერესი იყო. ბრალდების და გამოძიების მიმდინარეობის აბსურდულობის საჩვენებლად თამარამ პერფორმანსიც კი დაიწყო — #თავისუფლებატუჩსაცხს, რომელიც ნივთმტკიცებად საქმეში დიდი ხანი იდო.

თამარა მეარაყიშვილი საპროტესტო პლაკატით — "600 დღე, #თავისუფლებატუჩსაცხს"

თამარა მეარაყიშვილი საპროტესტო პლაკატით — "600 დღე, #თავისუფლებატუჩსაცხს"

ფოტო: თამარა მეარაყიშვილი / FB

მარტში თამარას მეორე საქმე "დააწიეს" და ამჯერად ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდება წაუყენეს. მისი განმარტებით, დე-ფაქტო უწყება ყალბად მიიჩნევს განცხადებას, რომელიც პასპორტის მისაღებად დაწერა.

"დღემდე ჩემი ადვოკატი იმას უხსნის, რომ ფიზიკური პირის მიერ დაწერილი განცხადება, რომელიც არ არის ტიტულიან ფურცელზე, რომელსაც არ აქვს ბეჭედი და შტამპი, ვერ იქნება ოფიციალური დოკუმენტი.

მაგრამ ამას იმისთვის ხომ არ აკეთებენ, რომ დაადგინონ დამნაშავე ვარ თუ არა, აკეთებენ იმისთვის, რომ გამაწვალონ და აი, გამოსდით, რადგან კანონი უფლებას აძლევს, პირველ ინსტანციაში დააბრუნონ საქმე".

სულ იმას ვეუბნები, რა გინდოდათ, ვიყავი ჩემთვის, ვითხოვდი მხოლოდ წყალს და ტუალეტს ბავშვებისთვის და თქვენვე გადაიყვანეთ პოლიტიკაში ყველაფერი.

თამარას ადვოკატი წარმოშობით ყაზახი რუსეთის მოქალაქეა. ადგილობრივი ადვოკატი ვერ აიყვანა, რადგან მათი ლიცენზია დე-ფაქტო იუსტიციის სამინისტროზეა დამოკიდებული და დარწმუნებული არ არის, რომ რისკზე წავიდოდნენ.

ეს საქმეები უკვე მესამე წელია გრძელდება და საბოლოო განაჩენამდე პროკურატურამ ე.წ. შინაპატიმრობა მოითხოვა. თამარა ვერ მუშაობდა და ადვოკატისა და ე.წ. სასამართლო პროცესებზე ჩასასვლელი ხარჯის დაფარვას ვერ ახერხებდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ედგნენ გვერდით, თუმცა ეს საკმარისი არ იყო და რამდენჯერმე ხმამაღლა სთხოვა დახმარება საქართველოს მთავრობას. ამბობს, რომ პასუხები ბიუროკრატიული იყო: "მიმართეთ დევნილთა სამინისტროს" და "თქვენ დევნილის სტატუსი არ გაქვთ, ვერ დაგეხმარებით".

მიმართავდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შტაბის წევრებს, ჟენევის დისკუსიების თანათავმდჯომარეებს, პრემიერს, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, წითელ ჯვარს და ცდილობდა მიექცია ყველას ყურადღება. უშედეგო მცდელობების შემდეგ, შიმშილობაც დაიწყო. თუმცა, საბოლოოდ, გზა ისევ თავისით, საზოგადოების დახმარებით გაიკვლია და დე-ფაქტო უწყებას ე.წ სასამართლო პროცესები ყველა ინსტანციაში მოუგო.

ამის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმმა თამარას საქმე ისევ პირველ ინსტანციაში დააბრუნა და ახალი მსვლელობა მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უკანონო პატიმრობის ვადა ისევ გაიწელა.

საოკუპაციო რეჟიმი სასჯელის სახედ პატიმრობას არ ითხოვს — პირობითი ვადა სურთ, რაც ამყარებს ეჭვებს იმაზე, რომ მიზეზი პოლიტიკური დევნაა და არა რეალური დანაშაულის არსებობა.

"ამათ უბრალოდ უნდათ რომ ნასამართლეობა ჩამეწეროს და ისტორია გამიფუჭდეს, რადგან ჰგონიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მინდა.

სასამართლოზე პირდაპირ ვუთხარი, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებს და თუ ამას გააკეთებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პოპულარობას გაზრდიდნენ. ვუთხარი, როდესმე ხელისუფლება შეიცვლება და რეაბილიტაციას შევძლებ, რაში გჭირდებათ ეს-მეთქი. ავუხსენი, რომ ბროშების კეთება მომწონს და ამის გაგრძელებას ვაპირებ მომავალშიც, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, რატომ უნდა დავნებდე. ხომ არ მომკლავენ, რომც დამიჭირონ".

ოკუპირებულ რეგიონში ხუმრობენ, აქ პოლიტიკურ დღის წესრიგს ორი ადამიანი ქმნის: თამარა მეარაყიშვილი და ანატოლი ბიბილოვი, რომელიც მეარაყიშვილის წამოჭრილ პრობლემებს პასუხობსო.

იზოლაცია

ქუჩაში კი გავდივარ, მაგრამ ეს ხომ არ არის თავისუფლება

თამარა მეარაყიშვილი

თამარა კორონავირუსის პანდემიით გართულებულ ცხოვრებას არ შეუშინებია. ან რა შეაშინებდა, როცა ახალგორი ისედაც იზოლირებული იყო და ჩაკეტილი გზის პირობებში მოსახლეობა თვეობით ვერ ტოვებდა რეგიონს, თავად კი საოკუპაციო რეჟიმს სახლში ჰყავდა გამოკეტილი და რეგიონიდან კი არა, დასახლებიდანაც ვერ გადიოდა. ერთხელ იხუმრა კიდეც, გზას თუ გახსნიან და ჩემი შვილის ნახვას შევძლებ, სახლში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ფოტოებს დავკიდებო.

"ქუჩაში კი გავდივარ, მაგრამ ეს ხომ არ არის თავისუფლება. მეზობელ სოფელში ვერ ჩავალ დედაჩემის ძმასთან, საშვი მჭირდება. ერთადერთი, ცხინვალში შემიძლია ჩასვლა და სასამართლოშიც ყველა განყოფილებაში არ შემიძლია შესვლა, რადგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენაა საჭირო, რომელიც არ მაქვს".

იზოლაცია არ გაუჭირდა. მეტიც, კომფორტის ზონაც კი შეიქმნა. მუსიკას რთავდა, ცეკვავდა, ვარჯიშობდა, კულინარიას ეუფლებოდა, მცენარეებს უვლიდა, ხელსაქმით იყო დაკავებული და ბროშებს ამზადებდა, რომლებიც მისი შემოსავლის წყაროა.

თამარ მეარაყიშვილის გაკეთებული ბროშები

თამარ მეარაყიშვილის გაკეთებული ბროშები

ფოტო: თამარა მეარაყიშვილი / FB

"ვისწავლე მარტოობა და მასთან გამკლავება. ხალხი სულ მეუბნება, უი, ნეტა შენ, როგორ უძლებ ამ ყველაფერს. ვეუბნები, კი არ ვუძლებ, ჩემი ცხოვრება ესაა და საერთოდ არ მაინტერესებს, გარეთ რა ხდება. შეიძლება, გავიდეს ერთი კვირა და არ გავიდე გარეთ, არაფერი საქმე არ მაქვს და რატომ გავიდე. არც მაწუხებს ეგ, გეფიცები".

ყველაზე რთული ფინანსური ნაწილი იყო. დახმარებისთვის სახელმწიფოს ისევ მიმართა, ისევ უარი მიიღო. იცის, რომ დევნილის სტატუსს არ აკმაყოფილებს, იცის რომ ჯანმრთელია და არც ამის გამო ეკუთვნის დახმარება, მაგრამ სჭირდება, რომ ბიუროკრატიული კრიტერიუმები მასაც ითვალისწინებდეს და სახელმწიფო ხედავდეს.

"კაპრიზის გამო კი არა, სასამართლოს გამო ვარ ჩაკეტილი. ამას სახელმწიფო იმ კრიტერიუმად არ აღიქვამს, რომლის გამოც დახმარება უნდა მივიღო. ჩემი მშობლები აქ ცხოვრობენ, რამდენიმე ორგანიზაციაც დამეხმარა და იმით ვიყავი, მაგრამ სახელმწიფო მჭირდება".

ოკუპაციის შედეგი

საუბრისას მეუხერხულა მეკითხა, რით დააზარალა ოკუპაციამ, რადგან ფაქტი სახეზეა — მას თავისუფლება წაართვეს. კითხვა მაინც დავსვი, მაგრამ სხვა პასუხი მივიღე. ოკუპაციის ბოროტების შედეგს თამარა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში ხედავს.

"ჩემს შვილს სტრესის შედეგად მხედველობა დაუქვეითდა. დედამ გაიკეთა ონკოლოგიური ოპერაცია და დაემატა დიაბეტი. ეს განუვითარდა ჩემზე ნერვიულობის ფონზე. ეს ჩემი შეფასება არ არის, ექიმები ამბობენ".

თამარა მეარაყიშვილი დედ-მამასთან ერთად

თამარა მეარაყიშვილი დედ-მამასთან ერთად

ფოტო: თამარა მეარაყიშვილი / FB

მეორე და მთავარი დანაკლისი კი ადამიანები არიან. თამარას ხალხთან თავისუფალი ურთიერთობა ენატრება. მისი შვილი უკვე 23 წლისაა. სანამ გადაადგილება შესაძლებელი იყო, ყოველ არდადეგებს ახალგორში ატარებდა. ახლა აღარ გამოსდის. თამარას 2 წელია სიძე ჰყავს, რომელსაც არ იცნობს.

ხალხი სულ მენატრება. ადამიანებთან დაშორება არის ჩემთვის დიდი ზარალი

თამარა მეარაყიშვილი

პროპაგანდა

რუსული პროპაგანდის მანქანა თამარასთვის უცხო არ არის. მისი მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა და კარგად იცის, როგორ უწამლავენ გონებას ადგილობრივებს. თუმცა, ამბობს, რომ ხშირად საოკუპაციო რეჟიმს კოვზი ნაცარში უვარდება და არათუ შედეგი აქვთ, დასაცინები ხდებიან.

"ბოლო პერიოდში ყოველ მეორე დღეს ქართველებიდან მომავალ საფრთხეზე, ბიოლოგიურ იარაღზე, ლუგარის ლაბორატორიასა და რაზე აღარ საუბრობენ. ხშირად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს და თვითონ ოსურ მოსახლეობას ახალისებენ, მაგრამ მაინც მიზანმიმართულად და ეტაპობრივად წამლავენ ადამიანების გონებას. პროპაგანდისტული განწყობების გავრცელებას ხელს შეუწყობდა ადგილზე ყველაფერი კარგად რომ იყოს, მაგრამ სოციალური მდგომარეობა ცუდია და გონების დაბნელების ასეთი მცდელობა ვერ მუშაობს იმ შედეგით, როგორზეც არის გათვლილი".

გზის დახურვამ მხოლოდ ქართული ოჯახები არ გაყო. აქეთა და იქითა მხარეს მოხვდნენ შერეული და ოსური ოჯახებიც

თამარა მეარაყიშვილი

მაგალითად, ის იხსენებს ე.წ საზღვრის კვეთისა და ღამურების გადაყვანის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ოსებმა ხუმრობით ბეტმენი შეარქვეს. მისი თქმით, ამ ისტორიის ადგილობრივებს იმდენად არ სჯერათ, რომ ხუმრობენ, ღამურები ჩვენვე დავიჭიროთ და მივყიდოთ საქართველოს ხელისუფლებას, ეგებ მართლა მოგვცენ ფული, რომელსაც ჩვენს "ხელისუფლებას" მივცემთ და წყალს გაგვიკეთებენ სოფლებშიო.

"ამაზე მეტი ირონია რა უნდა იყოს, რომ შენმა პროპაგანდისტულმა მცდელობამ ხალხი გაამხიარულა და პასუხად მიგითითეს რეალურ პრობლემაზე, რომელზეც არ ამახვილებ ყურადღებას.

როცა წყალი ითიშება რამდენიმე დღე, ხალხი ხუმრობს, რა ტყუილად გაყარეს ქართველები ქართული სოფლებიდან, იმათ მაინც დააბრალებდნენ, რომ წყალი გადაგვიკეტესო. ასე სარკასტულად უდგებიან".

ოსებმა სასაცილოდ აიგდეს დე-ფაქტო ხელისუფლება მაშინაც, როცა ამტკიცებდნენ, კორონავირუსით ინფიცირებულები რამდენიმე დღეში სრულად განვკურნეთო. მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერდა, რიგით დაავადებებს ვერ შველიან და უცნობი მალევე მოიგერიესო. ხუმრობდნენ, ჩვენი მედიცინა ყველაზე ძლიერიაო.

"საქართველოში ხომ გაერთიანდა ხალხი კორონავირუსის დროს ხელისუფლების გარშემო, აქ იმდენი პრობლემაა, რომ ვირუსის შიშმაც კი ვერ გადაფარა სხვა პრობლემები", — ამბობს თამარა.

თუმცა, ეს საზოგადოების ერთი ნაწილია და არსებობს მეორე ნაწილიც, რომელსაც ხანდახან მაინც აჯერებენ, ან ვერ აჯერებენ, მაგრამ "საქმეს სჭირდება", რომ ის აზრები მიიღონ.

"ოსურ ჯგუფებში ზოგჯერ ისეთი ადამიანები წერენ ქართველებს ჩვენი სისხლი უნდათო, გაგიკვირდება. ამის გამო ერთ-ერთ ადგილობრივთან კამათი მომიწია. ვკითხე, რატომ არ რცხვენია ასე ლაპარაკი, როცა ჩვეულებრივად ჩადის თბილისში, ქართულ ხელფასს და პენსიას იღებს და მისმა ოჯახმა დევნილის შემწეობაც მიიღო საქართველოს ხელისუფლებისგან. ვკითხე, როგორ იჩაგრებოდა ის, ოსი და მე, ქართველი როგორ ვიყავი უპირატეს მდგომარეობაში. პასუხად დამბლოკა".

თამარას შემთხვევაშიც პროპაგანდას ორივე მხარე აქვს: ნაწილი დააჯერეს, ნაწილი — ვერა. მაგალითად, ზოგიერთი ოსი ქუჩაში მადლობას უხდის იმის გამო, რომ "ამდენს ბედავს" და ჩუმად არ არის. ფარულად დახმარებას სთავაზობენ და უყვებიან, რა ხმებს ავრცელებენ მასზე.

დე ფაქტო პარლამენტის დაზიანებული წარწერა

დე ფაქტო პარლამენტის დაზიანებული წარწერა

ზოგიერთი კი, არამხოლოდ ოსი, არამედ ქართველიც, კოლექტიურ წერილს გზავნის მის წინააღმდეგ.

"4 წლის წინ აქ გაიხსნა მემორიალი ოსი და რუსი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად. ეს გავაპროტესტე და ვიკითხე, რა საჭირო იყო, რადგან ეს ხელოვნურად ქმნიდა დაძაბულობას, რომ ადამიანებს სხვანაირი ასოციაცია გასჩენოდათ და სხვანაირად ფიქრის მოტივაციას უქმნიდა, როცა ჩვენთან არც კი ყოფილა სამხედრო დაპირისპირება.

ამის გამო პასუხად თავდასხმა მივიღე. აქედან წავიდა კოლექტიური წერილი მაშინდელი პრეზიდენტის, თიბილოვის სახელზე, რომელსაც ქართველებიც აწერდნენ ხელს. ჩემზე ბევრი უარყოფითი ეწერა, რომ ქართული სპეცსამსახურების დაკვეთებს ვასრულებდი. ეს დაბეჭდა ერთ-ერთმა სახელისუფლებო გამოცემამ და ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ქართველებიც არ ეთანხმებიან მეარაყიშვილსო. იმ ხელმომწერებიდან რამდენიმემ ბოდიში მომიხადა. ზოგმა მითხრა, მაიძულესო და ზოგი ამბობდა, არ ვიცოდი რას ვაწერდიო. ეს მცდელობა იყო, ორივე მხარეს კარგად გამოჩენილიყვნენ, თორემ ვინმე კი არ გრძნობდა ამის გამო უხერხულობას".

თამარაზე ამბობენ, რომ თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე ოსურ სპეცსამსახურებთან და საჭირო დროს, საჭირო მხარეს აწვდის ამბავს. ხალხს აფრთხილებენ, მასთან საუბარს მოერიდონ, რადგან "ყველაფერს იწერს". ეს ხმები ისევ ხალხისგან მისდის და ხანდახან ბრაზდება, ზოგჯერ კი ყურადღების ღირსადაც არ მიიჩნევს.

"ზოგჯერ მე თვითონ ვბრაზდები, როცა მეუბნებიან, ასეთი რაღაც თქვეს შენზე და კი არა მჯერა, მაგრამ... თუ არ გჯერა, რატომ მეუბნები.

ამან დამაფიქრა, რომ ასეთ ხალხთან არ მქონდეს ურთიერთობა და აგერ, როცა ამდენი რაღაც არსებობს, მურაბებს და ჯემებს ვაკეთებ, ტყემალს ვხარშავ და მაგათთან ჭორაობაზე დრო როგორ დავკარგო".

დასასრული

ორსაათიანი საუბრის შემდეგ თამარამ მითხრა, ტელეფონი არ გამეთიშა, რადგან კიდევ რაღაც ჰქონდა სათქმელი. მთხოვა აუცილებლად დამეწერა, რომ ხალხის მადლიერია, რადგან მათ გარეშე ვერც სისტემის ზეწოლას გაუძლებდა და ვერც სიცოცხლის ხალისს შეინარჩუნებდა. გთავაზობთ მის მიმართვას:

"ძალიან მადლობელი ვარ ცხინვალელი მეგობრების, რომლებიც ომის მერე გავიცანი. ისინი ჩემთან სასამართლოებზე მოდიან, თუ ავტობუსზე ვერ ვასწრებ, მანქანით მემსახურებიან.

ცხინვალიდან მეგობრები ჩამოდიან, რომ ხალხმა დაინახოს, მარტო არ ვარ და არ ვიგრძნო თავი მარტო.

ყველამ გამიცნო. თონეში, მაღაზიაში ტაქსიში, უფასოდ მეხმარებიან, შეძლებისდაგვარად. იმ დღეს ტუფლები გავაკეთე და ერთი მესამედი აღარ გამომართვა ხელოსანმა, შენ ისე გიჭირს, ვერ გამოგართმევო. ვუთხარი, მაქვს მაგის ფული-მეთქი და მიპასუხა, ეგ კი არ გიჭირს, ამათ რო დაუპირისპირდი, მაგის ატანას ვგულისხმობო.

მაღაზიებში რამე თუ მომეწონება და გადადებას ვთხოვ, მეუბნებიან, წაიღე კაცო, ვიცით ვინ ხარ, სად გაიქვევიო.

ზოგს შეიძლება ეჩვენება, ოსებიც თვლიან, რომ ეს ყველაფერი მომწონს და ბედნიერი ვარ, მაგრამ ასე არაა. უბრალოდ, ასეთი ადამიანი ვარ, რომ ამით იმათ "ნერვებზე ვთამაშობ", არ ვუთმობ.

არცერთ სასამართლო სხდომაზე ერთნაირი კაბა არ ჩამიცვამს. ყოველთვის მოწესრიგებული დავდიოდი, რომ ენახათ სიცოცხლის ინტერესი ვერ დამაკარგვინეს. ახლაც, მთელი დღე მაკიაჟებს ვიკეთებ, ჩემს თავს ასე ვაიძულებ, ვითომ, სამსახურში დავდივარ. სახეს ვიწმენდ და სახლში რაღაცებს ვაკეთებ. ნაოჭებს ვუყურებ, მერე ამ ნაოჭებს ვებრძვი და შედეგი მიხარია. ასე ვცხოვრობ.

ოდესმე ყველაფერი დასრულდება და ჩემს სიმართლეს ამათაც კი დავუმტკიცებ. მანამდე მხარდაჭერა დამჭირდება და წინასწარ მადლობა ყველას, ვინც დამინახავს და მომისმენს".