ქალები საქართველოდან - ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის
ქალები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან თუ სოფლიდან, საჯაროდ, რეალურ ისტორიებს ჰყვებიან საკუთარ იდენტობაზე, ცხოვრებაზე, ბავშვობაზე, ოჯახსა თუ შვილებზე.
ფეისბუქ გვერდზე, ქალები საქართველოდან, ყოველღიურად ქვეყნდება მათი ისტორიები, რომლებმაც გადაწყვიტეს სხვებისთვის გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, მიღწევები ან ვერმიღწეული მიზნები. მათ გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებამ უფრო ნათლად დაინახოს, თუ რა სოციალური, ან სხვა სახის პრობლემების წინაშე შეიძლება იდგნენ ქალები საქართველოდან.
სოციალური პროექტი, "ქალები საქართველოდან", ქალთა საინიციატივო ჯგუფის, ქალის ხმის მიერ ხორციელდება. პროექტის ავტორები არიან მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე და ნინო გამისონია, მონაწილეთა ფოტოების ავტორები - ნინა ბაიდაური და სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.
On.ge გთავაზობთ რამდენიმე ისტორიას:
მონიკა ქობალია, 15 წლის, ზუგდიდი
"მინდა რომ ერთხელ მაინც გადავუშალო ადამიანებს გული საკუთარ ცხოვრებაზე და კარგი იქნება ჩემი მსმენელები, ქალები თუ იქნებიან.
8 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა. მე და დედიკო დავრჩით. იმისათვის, რომ სკოლაში სრულფასოვნად მესწავლა, ჩამეცვა, სასკოლო ნივთები მეყიდა, შემოსავალი გვჭირდებოდა. მანამდე მამა არაფერს მაკლებდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ ეკონომიურად გაგვიჭირდა. დედიკომ სასურსათო მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და ელემენტარულ ნივთებს, რაც ბავშვს სჭირდებოდა, არ მაკლებდა. თუმცა ჩემს კლასელებთან შედარებით, არც ისე კარგად ჩაცმულ-დახურული ვიყავი. განსაკუთრებულად არასდროს მეცვა. ჩემს კლასელებს ჩემზე უკეთ ეცვათ, დასასვენებლად დადიოდნენ, მასწვალებლებთან ემზადებოდნენ. მე ეს არასდროს მქონია. იყო ისეთი პერიოდიც მთელი წელი ერთი ხელი ტანსაცმელი მქონდა მხოლოდ და არც ისე ახალი და არც ისე მოდური ფეხსაცმელი მეცვა. ამის გამო მახსოვს, ბევრჯერ გავმხდარვარ კლასელების დაცინვის ობიექტი. ბევრჯერ მიტირია და მტკენია გული, და მისაყვედურია დედასთვის, რატომ არ მაქვს კარგი ტანსაცმელი.
ერთხელ მახსოვს, კლასელმა მომაძახა, დედაჩემი მასწავლებელია და დედაშენი კი გამყიდველიო. არადა არ ვთვლი, რომ რომელიმე პროფესია დასაძრახია. მაგრამ ისე დამამცირებლად, ისეთი ირონიული ტონით მითხრა, რომ ძალიან მეტკინა გული. მაგრამ ახლა, ამ გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, იცი რას ვხვდები? იმას, რომ ასეთმა ცხოვრებამ კი არ გამაბოროტა, არამედ უბრალოება მასწავლა. უბრალოებაზე კარგი კი არაფერი არ არის, იმიტომ, რომ როცა უბრალო ხარ და არა ქედმაღალი, მაშინ შეგიძლია იყო ყველას მიმართ თანასწორი იმიტომ, რომ ზემოდან ქვევით არავის უყურებ.
11 წლის ვიყავი, დედიკო რომ რუსეთში სამუშაოდ გაემგზავრა. რაღაც პერიოდი რომ გავიდა, აღარ მეკონტაქტებოდა, არ მირეკავდა. თურმე დედა ძალიან ავად გამხდარა და მიმალავდნენ. ერთხელ მახსოვს, გვიან ღამით დამირეკა და თავისი ავადმყოფობის შესახებ მომიყვა. მაშინვე მივხვდი, რომ მალე დაიღუპებოდა. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა.
დედიკოს გარდაცვალების შემდეგ მოსიარულე გვამივით ვიყავი.
ამან კიდევ იცი რა მასწავლა? ბრძოლისუნარიანობა. მე ვიცოდი, რომ იმისათვის რომ უკეთესი ცხოვრება მქონოდა, უნდა მიმეღო განათლება, რომ დამემკვიდრებინა ჩემი ადგილი. ჯერ ჟურნალისტობა მინდოდა, წერა დავიწყე ჩემით და ვთამაშობდი, ვითომ ინტერვიუებს ვწერდი. მერე ინტერნეტით მედია გაკვეთილების კურსი მოვძებნე და გავიარე. ამის მერე სამეგრელოში მოქმედ თითქმის ყველა მედია გამოცემაში და რადიოში გავიარე სტაჟირება. ყველგან მინდა ვიყო. ბებია მეუბნება ხანდახან, გაჩერდი შვილო, ეს შენს ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებსო, მაგრამ ისეთი ადამიანი ვარ, რომ მინდა ყველაფერში მივიღო მონაწილეობა და ყველაფრისგან მივიღო გამოცდილება. მინდა რომ ჩემით მოვიწყო საკუთარი ცხოვრება. ყველა საკუთარ ცხოვრებაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი და არ არის სწორი, როცა ცდილობ რაღაცეები დააბრალო ბედს ან უბედობას.
კიდევ იცით რა არის გულსატკენი? რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევ, მით უფრო მეტად გაფასებენ ადამიანები. ის კლასელები, რომლებიც დამცინოდნენ, ახლა, როცა ბევრ აქტივობაში ვარ ჩართული, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობ, რადიო გადაცემებს ვაკეთებ, ყველასთვის კარგი და საყვარელი მეგობარი გავხდი.
ჩემს თანატოლ გოგოებს ვურჩევდი, ადრეული ასაკიდან მიეჩვიონ დამოუკიდებლად პატარ-პატარა გადაწყვეტილებების მიღებას. როცა მშობლები გიმაგრებენ ზურგს, არაფერზე არ გიწევს ძალისხმევა, სასათბურე პირობებში იზრდები და ეს თითქოს გაჩლუნგებს, ბრძოლისუნარიანობას გიკარგავს. ახლა ვკითხულობ ბლეზ პასკალის აზრებს, და ეს მოაზროვნეც იმიტომ მომწონს, რომ ნაადრევი ასაკიდან დაიწყო საკუთარი თავის განვითარება.
მინდა რომ ამ საზოგადოებაში ჩემი ადგილი მოვიპოვო, ის ადგილი, საიდანაც ვერავინ ვერ გამაგდებს იმიტომ, რომ ვიცი, რომ ეს ჩემი პატარა ადგილია. სამომავლოდ გეგმაში მაქვს ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც დახმარებას გაუწევს და გააძლიერებს ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს".
ლია ტაბატაძე, 34 წლის, თბილისი
"თეოდორა არის 6 წლის, დადის ბაღში და საქართველოს პორტიჯის ასოციაციაში, სადაც ჩართულია ადრეული განვითარების პროგრამაში 2-3 თვის ასაკიდან. ახლა ამთავრებს ამ პროგრამას და მერე სკოლაში შევა, ოღონდ ჯერ არ გადაგვიწყვეტია რომელ სკოლაში. ეს ცოტა რთული საკითხია, ინკლუზიური განათლების ხარისხის გამო. დიდი ისტორია მოვიტოვეთ 6 წლის განმავლობაში და მეც ჩემს შვილთან ერთად ვიზრდები.
თეო როდესაც დაიბადა, უნდა ვაღიარო, რომ საერთოდ არ ვიცოდი რა იყო დაუნის სინდრომი, ამას ყოველთვის ვამბობ. ჩემი მთავარი სტრესი და შიში მოდიოდა არცოდნიდან. პირველი შოკი ზუსტად ეს იყო, რომ არ იცი რა მდგომარეობაში ხარ, რატომ ხარ, რა დააშავე თუ რაღაც და ესეც სტიგმებიდან მოდის ზუსტად. ათას რაღაცას ფიქრობ, სად დაუშვი შეცდომა და თურმე არანაირ შეცდომას არ უშვებ (!). ბუნებაა ასეთი მრავალფეროვანი და როგორც ფოთოლს ვერ იპოვი მსგავსს, ისე ადამიანები არიან განსხვავებულები. ესეც, მრავალფეროვანი სამყაროს ერთ-ერთი გამოხატულებაა. აღმოვაჩინე, რომ თურმე დაუნის სინდრომი არც მემკვიდრული არის, არც შეცდომების გამო ხდება, არც იმის გამო, რომ არასწორი ორსულობის პერიოდი გქონდა და ა.შ.
პრაქტიკულად ამ ყველაფერზე თვითგანათლება მივიღე. თეოს დაბადებამ ძალიან ბევრი რამე მასწავლა. პირველ რიგში, მე გამზარდა როგორც მშობელი და როგორც სპეციალისტი. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობებში ექსპერტიც კი ვარ ბევრი მიმართულებით.
პირველი პროტესტი რაც გაჩნდა ჩემში იყო, რომ ქართველი ბავშვების ფოტოებს და ამბებს ვერ ვხედავდი. უცხოურ საიტებზე ვნახულობდი, როგორ აქტიურობენ და საუბრობენ მშობლები. ამიტომ, პირველი რაც გავაკეთე იყო გვერდი "დაუნის სინდრომი" ფეისბუქზე, სადაც ჩემს შვილზე ვწერდი რაღაცეებს, მის ფოტოებს ვდებდი. მაშინ თვეების იყო თეო. ბევრი გამომეხმაურა, იწონებდნენ, აზიარებდნენ... შემდეგ აღმოვაჩინე ორგანიზაცია "კავშირი ჩვენი ბავშვები", რომელიც ჩემნაირი მშობლის მიერ ყოფილა თავის დროზე დაფუძნებული, რომელმაც გააკეთა საქართველოს პორტიჯის ასოციაცია და ადრეული განვითარების პროგრამა. ეს იყო ნინო ცინცაძე. დავმეგობრდით და იქიდან მოყოლებული ერთად დავიწყეთ პროექტების კეთება.
ძირითადი ჩვენი მიმართულება იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ასე დავიწყეთ 21 მარტის აღნიშვნა, რომელიც გაერომ დაამტკიცა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. პირველ წლებში ასეთი მასშტაბური არ იყო კამპანიები და არც მედია ინტერესდებოდა დიდად. ეს ძალიან მწყინდა. ვურეკავდით, ვეხვეწებოდით, რომ მოსულიყვნენ და გაეშუქებინათ. მერე თუ მოვიდოდნენ, სტერეოტიპულ სიუჟეტებს აკეთებდნენ. ჩვენც ნელ-ნელა ვისწავლეთ მედიასთან სწორი კომუნიკაცია და მათაც ვასწავლით, როგორ უნდა გააკეთონ სიუჟეტი. მედიაც იზრდება. წლევანდელი კამპანიის დროს წარმოუდგენელი ამბავი იყო. არც ერთ მედიას ჩვენ აღარ დავდევდით, აქეთ დაგვყვებოდნენ და გვთხოვდნენ პრეს-რელიზებს.
რა თქმა უნდა, მშობლების მხრიდან ამაზე ღიად საუბარი, არ იყო მარტივი თავიდან. ჩვენ ხომ ყველა მიჩვეული ვართ, რომ მსგავსი ამბები დავმალოთ და უცებ ამაზე საუბარი, თავიდან ბევრ მშობელს გაუჭირდა. არც ჩემთვის არ იყო მარტივი. პირველად ჩემს ბიძაშვილთან ვთქვი, რომ თეოს აქვს დაუნის სინდრომი და მახსოვს, ძალიან გამიჭირდა. თითქოს ამომგლიჯეს, ძლივს ამოვთქვი. სანამ დიაგნოზი არ დავიჭირე, ბოლომდე ვერ დავიჯერე. თან ისე გაწოდებენ ინფორმაციასაც, მაგალითად პირდაპირ მითხრა ერთ-ერთმა გენეტიკოსმა, რომ არაფრის იმედი არ გქონდეს, შენი შვილი ვერ გიცნობს, შეიძლება დედა ვერ დაგიძახოსო. 4 თვიდან დავიწყეთ მკურნალობა. მერე რომ მოვიძიე აღმოვაჩინე, რომ არაფერია სამკურნალო. იმ ქრომოსომას ვერაფერს ვერ შველი, არის და არის თავის ადგილზე და მივხვდი, რომ ბიზნესია ზოგიერთი ექიმისთვის, მშობლების შოკირებით ფული აკეთოს. ზოგს იმასაც კი ეუბნებოდა, შენ შვილი ბუნების შეცდომაა და არ უნდა გაეჩინა ღმერთსო.
ის, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და მისი ვალდებლებაა, დედები ვაკეთებთ საქართველოში. დიახ, ჩვენ ვცვლით საზოგადებრივ დამოკიდებულებებსაც და გარემოსაც ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის. სახელმწიფო გვერდზე უნდა ედგას მარტოხელა დედას და მით უმეტეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დედას. მე პირადად სახელმწიფო არაფერში დამდგომია გვერდზე. ორი შვილით მარტო ვცხოვრობ, რადგან მამა არამარტო სახლიდან, ქვეყნიდან წავიდა და პასუხისმგებლობების აღებაზე უარი თქვა. მარტო ვუმკლავდები ამდენ პრობლემას. გავიარეთ ძალიან ბევრი რამ, არამარტო საზოგადოებასთან, ექიმებთან თუ განათლების სისტემასთან ხმალამოღებული ბრძოლა, საკუთარი პირადი პრობლემებიც ძალიან ბევრი მქონდა. ორი პატარა ბავშვით რომ ხარ მარტო ქალი და ჯერ ქირით ცხოვრობ, მერე გირით და ასე მომთაბარე ცხოვრებით. თან დილით რომ გავდიოდი 7 საათზე, ღამე 12-მდე ვერ შევდიოდი, რადგან სხვადასხვა ადგილას მიწევდა მუშაობა და დამატებით საზოგადოებრივი საქმეების კეთება. დედაჩემი მეხმარება, თორემ მე რომ მარტო ვყოფილიყავი, ახლა ვიქნებოდი სოციალურად დაუცველი და შეიძლება სადმე თავშესაფარშიც ამომეყო თავი. დავიღუპებოდით ამ სახელმწიფოში მე და ჩემი შვილები. ეს ასეც ხდება ხშირად და მე უბრალოდ გამიმართლა, რომ დედა მყავს და ძლიერი ოჯახი, რომელიც ზურგს მიმაგრებს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაქმება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს. ამიტომაც, სოციალური საწარმო "ბაბალე" დაახლოებით ორი წლის წინ გავაკეთეთ და ნელ-ნელა ვიმკვიდრებთ თავს. საკმაოდ რთულია, რადგან ჩვენი ძირითადი სამიზნე არის ინტელექტუალური დარღვევები და განვითარების შეფერხება, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ასე ვთქვათ. ბევრ რამეზე გვიწევს მუშაობა, რომ მივიყვანოთ ეს ადამიანები იმ კონდიციამდე, რომ გამომუშავდეს პროფესიული უნარები, შეძლონ დროის მენეჯმენტი, სამუშაოს შესრულება და ა.შ., რომ დავასაქმოთ. მოკლედ, აქაც ბევრ პრობლემასთან გვიწევს ჭიდილი, მაგრამ ჩვენც ვიზრდებით და ამათაც ვასწავლით. უკვე მაღაზიაც გვაქვს და ჩვენი სახელოსნოც. ძირითადად სადღესასწაულო და ყოველდღიურ ფუნქციურ ნივთებს ვქმნით. მოკლედ, ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ განვახორციელებთ".
ოლღა კალინა, 33 წლის, რუსთავი
"დავიწყებ იქიდან, რომ მაქვს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი. ეს დიაგნოზი მივიღე 21 წლის ასაკში, როდესაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში. სულ მინდოდა მეცნიერული კარიერა, ბიოლოგია მაინტერესებდა. დამატებით ლაბორატორიაშიც დავდიოდი, როცა ბაკალავრიატში ვსწავლობდი იმისათვის, რომ მიმეღო შანსები კარიერის გასაგრძელებლად.
იმ დროს ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური არ იყო, ანუ 90-იანი წლები იყო, თან მამაც გარდამეცვალა. შესაბამისად, ოჯახიდან არანაირი მხარდაჭერა არ მქონდა, გარდა ელემენტარული გზის ფულისა და ხშირად მიწევდა ცუდ პირობებში მეცადინეობა იმისათვის, რომ რაღაც შედეგი მიმეღო. ერთხელ მახსოვს კონფერენციაზეც ფეხით წავედი. მე რუსთავში ვცხოვრობ, კონფერენცია კი თბილისში იმართებოდა და ორი საათი მოყინულ გზაზე მივდიოდი, ძლივს მივედი. მაშინ შეიძლება ყველას უჭირდა, მაგრამ მე მაინც გამონაკლისი ვიყავი. თან მე ეროვნული უმცირესობა ვარ და იმ დროს მიჭირდა ქართული ენა ძალიან იმიტომ, რომ ნაკლებად სოციალური ვიყავი, თან როცა სულ უცხოენოვან წიგნებში ხარ და არც ტელეპროგრამებია... მოკლედ, ძალიან გამიჭირდა კავშირისა და კომუნიკაციის დამყარება. მაინცადამაინც ამაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს პირობები არის რისკ-ფაქტორები, შემდგომში რაღაცა პრობლემების განვითარების კუთხით. ბევრი ფსიქო-სოციალური ფაქტორი მოქმედებს ადამიანზე და აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა ეს ფაქტორი ჯამში, არა მხოლოდ გენეტიკური მიდრეკილებები და ბიო-ქიმიური რეაქციები. ჩემს შემთხვევაში იყო ეს გარემო პირობები, რამაც გამოიწვია დაავადების პროვოცირება. უნივერსიტეტში ვსწავლობდი და იმ დროს გამიჩნდა შეგრძნება, რომ ვერ შევძლებ ჩემი მიზნის მიღწევას იმიტომ, რომ მაგისტრატურაში უკვე ვიყავი და უცებ გავიგე, რომ არ არის გზა წინ ჩემთვის, ანუ იყო იქ იდეეების დონეზე ჩემი გაგზავნა მოსკოვში, მაგალითად, სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო იყო შეუძლებელი. ეს უდიდესი სტრესი იყო ჩემთვის და ძალიან უცებ განვითარდა ასეთი ფსიქიკური მდგომარეობა, რის შედეგადაც აღმოვჩნდი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუმცა ეს იყო ხანმოკლე პერიოდით. ამის მერე მომიწია ფსიქოტროპული წამლების მიღება. ყოველთვის ვაკეთებდი აქცენტს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებზე და ის ფაქტი, რომ შენი გონება უკვე შენ არ გეკუთვნის და არ შეგიძლია, როგოც ბაზა გამოიყენო, ეს იყო დიდი დარტყმა ჩემთვის.
მეორე მხრივ, როცა აღმოვჩნდი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შოკში ვიყავი იმიტომ, რომ ძალიან დიდი პრობლემები იყო ადამიანის უფლებების კუთხით. ეს, თითქოს, იყო საავადმყოფო, მაგრამ არანაირი ინფორმაცია, ვთქვათ, შენი ადგილ-მდებარეობის შესახებ, უფლებების შესახებ, დაავადების ან მკურნალობის შესახებ იმ დროს არ იყო. ახლაც ნაკლებად ხდება ინფორმირება პაციენტების, როგოც ვიცი. მონიტორინგი არ მიმდინარეობდა და ძალიან საშინელი პირობები იყო. მაგალითად, აბაზანაში არ იყო შუქი, ნახევარი მეტრი ჭუჭყი იყო შიგ და ტილები დადიოდნენ. ასევე, ერთი ბიჭი გარდაიცვალა უცებ, მხოლოდ ერთი მედდა იყო იქ კეთილი მეტ-ნაკლებად და გვეხმარებოდა, რომელმაც თქვა რომ ფსიქოტროპული წამლების ზედოზირების გამო მოკვდა ეს ბიჭი. კიდევ, ექიმი ვინც იყო იმ დროს, დედაჩემს წინასწარ სთავაზობდა გადახდას, როდესაც დედამ თქვა, რომ მინდა ჩემი შვილის გაყვანა ფსიქატრიულიდანო და ა.შ.. ბევრი პრობლემა იყო და არანაირად არ ვიყავით დაცულები.
ნახევარი წელი გათიშულ მდგომარეობაში ვიყავი მართლა, ანუ ისედაც დიდხანს მძინავს და ფსიქოტროპული წამლების შემდეგ, სულ ძილის ქვეშ ვიყავი. უნივერსიტეტში დავდიოდი თან, ვაგრძელებდი, ანუ მანამდე იმდენი გავაკეთე უბრალოდ ჯგუფელებისთვის და ა.შ., რომ მეხმარებოდნენ ჩემი ნაშრომის გაკეთებაში. იმის შეგრძნება, რომ დაკარგულია შენი ყველა ადგილი, პლიუს ოჯახშიც დაკარგულია ავტორიტეტი და თვითრწმენა, საშინელება იყო ჩემთვის. ვფიქრობდი, ალბათ, ყველა მართალი იყო და არ იყო საჭირო ასეთი დიდი მიზნის დასახვა, უბრალოდ საჭირო იყო ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება და დაქორწინება-მეთქი. არადა მანამდე მე სხვა სტილით ვცხოვრობდი და მჯეროდა, რომ ეს არის სწორი და მე მართალი ვარ.
ამ დარტყმის შემდეგ, აღარ შემეძლო დარწუნებით იგივეს თქმა. სულ დედასთან ერთად დავდიოდი, ისე ვაკეთებდი ყველაფერს, როგორც სხვები თვლიდნენ საჭიროდ, ჩაცმულობასაც კი სხვების მითითებით ვირჩევდი.
ეს დიდხანს არ გაგრძელდა. ერთი კონფერენცია იმართებოდა თბილისში, სადაც ჩემი მოხსენება იყო საჭირო. ძალიან ვნერვიულობ ხოლმე პრეზენტაციების წინ, იმ დროსაც ვნერვიულობდი და ფსიქიატრთან როცა მივედი დისპანსერში ვთქვი, რომ თუ შეიძლება რჩევა მომეცით რა დასამშვიდებელი წამალი მივიღო, რომ არ ვინერვიულო-მეთქი. იმ დროს ჯერ მქონდა რწმენა ფსიქიატრების მიმართ. ამის პასუხად მან გამიორმაგა ფსიქოტროპული წამლების დოზა. ნუ, ისედაც გათიშული დავდიოდი და გაორმაგება უკვე გასაგები იყო ჩემთვის - საერთოდ ვეღარ გავალ სახლიდან ამ დოზის მიღების შემდეგ. ეს რომ ვუთხარი ფსიქიატრს, გულგრილად მიპასუხა, რომ „შენ ავადმყოფი ხარ. აბა რა გინდოდა?! წიგნების კითხვა შენ რაში გჭირდება? წადი და დედას დაეხმარე სამზარეულოში“. ასეთი განსაკუთრებული სიმძაფრით ხდება გენდერული სტერეოტიპების გამჟღავნება, როცა საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალს. მოკლედ, ამის შემდეგ არამხოლოდ ეჭვი შემეპარა, რომ ექიმი მართალია, საერთოდ გადავწყვიტე, რომ მას არ აინტერესებდა ჩემი, როგორც პაციენტის მდგომარეობა და მეც აღარ უნდა მჯეროდეს მისი დასკვნების. საერთოდ, შევწყვიტე წამლების მიღება. ეს საკმაოდ სახიფათო ნაბიჯია, შემიძლია ვთქვა და ვიცი, რომ ბევრი ადამიანი დაინვალიდდა ამის შედეგად. თუ უცბად წყვეტ, ეს ძალიან ცუდია, ძალიან.
ნახევარი წლის მერე მეტ-ნაკლებად გასუფთავდა ჩემი ორგანიზმი წამლებისგან და უცბად დავიწყე ლექსების წერა, პოემაც კი დავწერე, ანუ ტვინმა ისევ დაიწყო მუშაობა, ანალიზის და აზროვნების უნარი დამიბრუნდა. მერე გადავწყვიტე, რომ უნდა გავაგრძელო მუშაობა იმ თეორიაზე, რაზეც მანამდე ვმუშაობდი ბიოლოგიაში და როცა გავაგრძელე მუშაობა, დიდი დატვირთვა წავიდა ტვინზე და ხელმეორედ მივიღე ეს ფსიქოზური მდგომარეობა. აღმოვჩნდი სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც შედარებით უფრო უკეთესი პირობები იყო, მაგრამ კარგი არა ნამდვილად - ისევ ინფორმაციის არარსებობა, ისევ პაციენტები ეხმარებოდნენ ერთმანეთს, სიცივე და გასათბობად რეზინის ფეხსაცმელების დანთება პაციენტების მიერ და შედეგად ინტოქსიკაცია. ასევე, იძულებითი მკურნალობა, ან როდესაც ინექციები კეთდებოდა სხვა პაციენტების თანდასწრებით, ანუ ყურადღებას არ აქცევენ, რომ შენ სირცხვილის გრძნობა გაქვს და არ გინდა სხვების თანდასწრებით ეს გიკეთონ.
იქიდან ერთი თვის მერე გამოვედი. პაციენტები ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ, კარგად გვესმოდა ერთმანეთის და ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე მათგან იმ დროს. მეც მინდოდა დავხმარებოდი, ერთ-ერთ გოგოს ჰქონდა ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები და როდესაც გავედი დაწესებულებიდან, მისთვის ადვოკატების მოძიება შევეცადე. ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას დავეკონტაქტე, რომელიც ამ ადამიანების უფლებებზე მუშაობდა. ისინი ძალიან დაინტერესდნენ ჩემით და გარკვეული პერიოდის შემდეგ მითხრეს, რომ ინგლისში ხომ არ წახვალო სემინარზე, რადგან სჭირდებოდა ინგლისურის მცოდნე დიაგნოზის მქონე ადამიანი. თავიდან შიში მქონდა, მაგრამ დავთანხმდი მაინც და წავედი. ეს იყო სემინარების სერია, სამჯერ მომიწია ინგლისში წასვლა. იქ ვიგრძენი თავი ადამიანად და დამეწყო რეაბილიტაციის პროცესი, პრინციპში, ფსიქოლოგების, სოც-მუშაკებისა და ყველანაირი დახმარების გარეშე. მე გამიმართლა უბრალოდ, მოვხვდი საინტერესო ადგილას და გავცოცხლდი.
მერე უკვე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან მივიღე შემოთავაზება, რომ პროექტი იწყებოდა და ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო დიაგნოზის მქონე ადამიანი. ქართულიც ძალიან მიჭირდა მაშინ და ვთვლიდი, რომ არც ჩემი გამოცდილება შეესაბამებოდა იმ პოზიციას, ამიტომ რთული პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც დავთანხდი, რადგან ყოველთვის იყო ჩემზე სოციალური მდგომარებიდან გამომდინარე ზეწოლა. ახლა კიდევ დაიწყო ახალი ეტაპი და დიდი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ომბუდსმენთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფში ჩართულობა და ვარ ერთ-ერთი ექსპერტი. დავდივარ ციხეებში, იზოლატორებში, მოხუცებულთა თავშესაფრებში, ბავშვთა სახლებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და მონიტორინგს ვახორციელებ. ასევე, ვარ ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე, 2014 წელს ამირჩიეს. მოკლედ, მე უბრალოდ გამიმართლა, რომ ჩემი პოტენციალის რეალიზება მოხერხდა, ანუ მძიმე ფსიქო-სოციალური პირობების მოგვარება მეტ-ნაკლებად და აქედან გამომდინარე, გაქრა მაპროვოცირებელი ფაქტორები ჩემს ცხოვრებაში. შედეგად, არ მივეკუთვნები მძიმე პაციენტების ჯგუფს, ვისაც მუდმივად სჭირდება გარკვეული მხარდაჭერა და თავისუფლად შემიძლია ვიარო სერვისების გარეშე, მაგრამ ბევრი ადამიანის შემთხვევაში არის საჭირო მხარდამჭერი სერვისები, რაც ჩვენთან პრაქტიკულად არ არის, სამწუხაროდ."
მაია ფელიშვილი, 42 წლის, რუსთავი
"ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე ღიად საუბარი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ისტორია შეიძლება ვიღაცას დაეხმაროს, სწორედ ღიად საუბრით და საკუთარი მაგალითით ვცდილობ ამას. ასე უფრო მარტივია საკუთარ თავში დარწმუნება და გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ხვდება ქალი, რომ ის მარტო არ არის და მის მდგომარეობაში სხვებიც ყოფილან, მაგრამ გამოსულან.
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი, რომელსაც "გათხოვება" ჰქვია, ისევე სტანდარტულად დაიწყო, როგორც ბევრი ქალის. 17 წლის სტუდენტი ვიყავი და ჩემთვის რომ ეკითხათ, იმ პერიოდში ოჯახის შექმნას არ ვაპირებდი. როცა მომიტაცა და ფაქტის წინაშე დავდექი, პირველი რაც ვიფიქრე, იყო სტერეოტიპი - მშობლებთან რომ დავბრუნდე „რას იტყვის მერე ხალხი“, თუმცა , იმისდა მიუხედავად, რომ მშობლების მხრიდან მხარდაჭერა მქონდა და შესაბამისად, სახლში წაყვანა შემომთავაზეს, მე მაინც დარჩენა გადავწყვიტე.
ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. მისი თქმით იმიტომ მოინდომა ასაკით პატარას მოყვანა, რომ „მის ჭკუაზე გაეზარდა“.
მერე ოჯახს უნდა მოერგო... სადაც მიდიხარ, შენი პრეტენზიები უკანა პლანზე უნდა გადაწიო. სულ თავიდან რაღაც-რაღაცებს ვერ აღვიქვამდი და ვაცნობიერებდი. ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემს გადაკეთებას ცდილობდნენ.
იმ პერიოდში გორში მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი და მიწევდა რაიონიდან ჩასვლა. ეს გარკვეულ პრობლემას ქმნიდა იმ მხრივ, რომ შეიძლებოდა უბრალოდ არ გავეშვი. არასოდეს მიხსნიდა მიზეზს, რატომ არ მიშვებდა, უბრალოდ ასეთ ხასიათზე იყო. რაღაც მომენტში მიშვებდა, რაღაც მომენტში - არა.
იქვე რაიონში, სადაც ვცხოვრობდი სამუშაო გამოჩნდა. იქ გამიშვა, თუმცა იყო დღეები, როცა მეუბნებოდა „აი, დღეს არ წახვალ სამსახურში“. ამისი მიზეზი და ახსნა არ არსებობდა. „რატომ?“ ამ კითხვას არასოდეს ჰქონდა პასუხი. „მე ასე მინდა“ და მორჩა! ასევე პრობლემა იყო ის, რომ მე ზუსტად ისე უნდა მეაზროვნა, როგორც ეს ქმარს უნდოდა. საკუთარი „მე“-ს გამოვლენის სურვილიც არ მქონდა. ვფიქრობ, რომ უფრო ძლიერი გოგო რომ შეხვედროდა, უფრო ძლიერი, ჩამოყალიბებული ხასიათით, უფრო ზრდასრული - ასე ვერ მოექცეოდა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რასაც საზოგადოება გვასწავლის ქალებს, რომ უნდა ვიყოთ მორჩილებაში, რომ უნდა დავუჯეროთ ქმარს და ისე უნდა მოიქცე, როგორც მის ოჯახს უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებდა ჩემზეც და შესაბამისადაც ვიქცეოდი.
მის შემთხვევაში სახეში გარტყმა ძალადობად არ ითვლებოდა. თუკი ერთი შემოგარტყა "რა პრობლემაა, აქ არაფერი ისეთი არ არის!". მე ეკონომიკურადაც მასზე ვიყავი დამოკიდებული და შესაბამისად, ტანსაცმლის არჩევა იყო, თუ მეგობრებთან ურთიერთობა - ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათზე იყო ჩემი ქმარი.
12 წელი გააზრებულად ამ მდგომარეობაში ვცხოვრობდი. გააზრებულად როგორ იცი? მთელი თავისი დამოკიდებულებით, რომ ეს არის ოჯახი, მე ის უნდა შევინარჩუნო, მოვითმინო რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მე ქალი ვარ!
პირველად, როცა წინააღმდეგობაში მოვედი საკუთარ თავთან, ეს იყო იმის გაცნობიერება, რომ შვილები წამოიზარდნენ. გავიაზრე, რომ შვილებსაც ამ ძალადობრივ სიტუაციაში მოუწევდათ ცხოვრება. გარშემო სხვებიც ასე ცხოვრობდნენ. უმეტესწილად ყველა ქალი ამ მდგომარეობაში ცხოვრობდა. როცა შვილებზე ფიქრი დავიწყე, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრების შეცვლა იყო საჭირო. თუმცა ვფიქრობდი, რომ ეს ერთობლივად უნდა მომხდარიყო.
შემდეგ საცხოვრებელიც შევიცვალეთ, გარემო შეიცვალა და თითქოს, ურთიერთობაც უნდა შეცვლილიყო, მაგრამ უფრო დამძიმდა ურთიერთობა. მეც უფრო გავიზარდე და მივხვდი, რომ ასე ყოფნა აღარ შეიძლებოდა. თუმცა, გაქცევაზე და წასვლაზე არ ვფიქრობდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის შეიცვლებოდა, როგორც ბევრი ქალი ფიქრობს.
შემდეგ როცა პოლიციის აკადემიის ვარიანტი გამოჩნდა და აღმოჩნდა, რომ მე შეიძლებოდა მესწავლა და მემუშავა, აი, მაშინ წავაწყდი კიდევ ერთ პრობლემას. მისი მხრიდან ჩემი აღიარება იყო საჭირო, რომ მე რაღაც შემეძლო. როცა ვუთხარი, რომ პოლიციის აკადემიაში უნდა მესწავლა მითხრა „კი ბატონო, ისწავლე“, ოღონდ ამას დაცინვით ამბობდა. მამაჩემის მხრიდანაც წინააღმდეგობას წავაწყდი, მახსოვს მოვიდა და ჩემს ქმარს ჰკითხა „სად უშვებო?“. ჩემმა ქმარმა დაცინვით უპასუხა "წავიდეს და ნახოს რა შეუძლია, მუხლებზე მოვა ისევ ჩემთანო“.
მამაჩემს ხმა არ ამოუღია და გასვლისას მითხრა: „წადი მამა და ისწავლე და აჩვენე რა შეგიძლია! ყველანაირად დაგიდგები გვერდში". ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბიძგი იყო, რამაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. აკადემიაში რომ დავიწყე სწავლა, პირველ რიგში საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ შემეძლო რაღაცის გაკეთება.
კანონები რომ გადავშალე, მივხვდი, რა მდგომარეობაშიც ვართ და სად ვცხოვრობ. ქალს არ უშვებენ სასწავლებლად, არ უშვებენ სამუშაოდ, არ უშვებენ ინტერნეტთან იმიტომ, რომ რამდენად ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებ და რაც ნაკლები ეცოდინება, მით ნაკლები პრეტენზია ექნება. ასე იქცევიან კომპლექსიანი მამაკაცები. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, როცა ვეპასუხებოდი და სრულიად უმიზეზოდ დამარტყა, მითხრა, იმიტომ დაგარტყი, რომ ლაპარაკში ვერ გჯობნიო.
ერთხელ ვიღაცას შეაგინა ქუჩაში და ვუთხარი სრულიად უმიზეზოდ რატომ აგინებ ვიღაცას, ეგრე ხომ შეიძლება მეც შემაგინონ უმიზეზოდ-თქო და მომიტრიალდა და მე გამარტყა სახეში. აბსოლუტურად ლოგიკიდან ამოვარდნილი დამოკიდებულება ჰქონდა. კიდევ იმას ამბობდა, რომ თუ ქალი გეუბნება მარჯვნივ წადიო, შენ მარცხნივ უნდა წახვიდეო. ქალი ყოველთვის რაღაც სისულელეს გეუბნებაო. ეს ყველაფერი ყოველდღიურობაში რომ მეორდება - ძალიან დამთრგუნველია.
სანამ პოლიციაში დავიწყებდი მუშაობას, უკვე მომწიფებული იყო ყველაფერი, რომ მე მისგან წამოვსულიყავი. მერეც ვცადე რამდენჯერმე ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ როცა საკუთარი თავის შესაძლებლობებში დავრწმუნდი, გადავაფასე ბევრი რამ და უფრო მეტად მივხვდი რა მინდოდა, როგორ მინდოდა მეცხოვრა - იქ დაბრუნება ნამდვილად აღარ მომინდა.
ალბათ, გარკვეულწილად იმაში გამიმართლა, რომ ადვილად დავშორდით, ანუ არ ჰქონია ბევრი სხვა მოძალადესავით დამახასიათებელი დადევნება, მოკვლითა და დასახიჩრებით ან თუნდაც ბავშვებით შანტაჟი. ეს არ ყოფილა. არ დამჭირვებია, რომ დახმარებისთვის მიმემართა პოლიციისთვის, ან ახლობლებისთვის. ჩემს მშობლებსაც ვუთხარი, რომ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ჩარევა არ იყო საჭირო.
ჩემთვის ეს ოჯახის დანგრევა კი არა - გადარჩენა იყო. დღეს მე პოლიციის ოფიცერი ვარ, მეათე წელია ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ვიბრძვი, იქნება ეს საპოლიციო საქმიანობა, პირადი ნაცნობობა, ტრენინგები და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები თუ უბრალოდ მეგობრული რჩევა სოციალური ქსელის საშუალებით. მინდა ყველა ქალმა გამოიჩინოს გონიერება და მსხვერპლად ყოფნის საშინელ განცდას დააღწიოს თავი".
ანიჩკა ბებო, 82 წლის, ხადას ხეობა, სოფელი წკერე
"18 წლის ვიყავი შავები რომ ჩავიცვი: ჯერ მშობლები დამეღუპა, მერე ქმარი, შემდეგ შვილი. წკერე ხადას ხეობის ბოლო სოფელია, მთის წვერზე არის გაშენებული და აქ მას შემდეგ ვცხოვრობ რაც გავთხოვდი. 21 წლისა ვიყავი მაშინ. ახლა ჩემი შვილები და შვილიშვილები ზოგი ქალაქში, ზოგიც ფასანაურის ახლო სოფლებში ცხოვრობენ. მე აქ მარტო ვარ ზაფხულშიც და ზამთარშიც. ზაფხულში შვიდი-რვა კომლი იკრებს თავს. როგორც კი აცივდება ყველანი ქვევით მიდიან და ვრჩებით მარტო 2 კომლი: მე - მარტო და ჩემი მეზობელი ცოლ-ქმარი.
ზამთარში წკერეში თითქმის არავინ ამოდის.
როცა მოთოვს, მხოლოდ ტრაქტორს შეუძლია მოსვლა, ისიც ქვედა ხიდამდე და მერე ფეხით უნდა იაროს მგზავრმა. მახსოვს, ადრე საქონელს აკვლევინებდა მოსახლეობა გზას და მერე მარხილებით დავდიოდით ზევით და ქვევით. ახლა ზამთარში გაუდაბნოებულია აქაურობა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ადრე, წკერეში და სხვა ახლომახლო სოფლებში 4-კლასიანი სკოლები იყო და ბავშვები იქ დაჰყავდათ მშობლებს. ქვეშეთშიც იყო სკოლა-პანსიონი და მერე ბავშვები იქ აგრძელებდნენ სწავლას და დარჩენაც შეეძლოთ, რომ ყოველდღე თოვლში კილომეტრები არ ქონოდათ გასავლელი. ახლა სკოლები აღარ გვაქვს. მარტო ქვეშეთშია საჯარო სკოლა და ბავშვებს ხომ არ დატოვებენ ოჯახები საშუალო განათლების გარეშე?! ამიტომ აიყრებიან ხოლმე აგვისტოში და მიდიან ივნისამდე ქვევით: ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგიც პატარა ქოხში, რომ როგორმე შვილებმა საშუალო განათლება მიიღონ. ასე იცლება სოფლები. ამიტომაც დაიცალა წკერე.
ვცდილობ შემოდგომაზე, სანამ კიდევ მანქანებს ამოსვლა შეუძლიათ, მოვიმარაგო ზამთრის სანოვაგე. ძალიან დავბერდი, ფეხები მტკივა და ვეღარც საქონელს ვუვლი, ვერც ბოსტანს. ამიტომ ყველაფერს ვყიდულობ და ვიმარაგებ, რომ ზამთარში არაფერი მომაკლდეს, თორემ აქ არც მაღაზიაა და ვერც ვერავის გავაგონებ ხმას, რამე რომ დამჭირდეს. პენსია 216 ლარი მაქვს და დახმარება 50 ლარი. პენსიას მარტო ქვედა სოფელში თუ აიღებ, ამიტომ ჩემით ვერ ჩავდივარ და იქაურ სოფლელებს ვთხოვ, ჩემს მაგივრად აიღონ და შემინახონ. როცა კი ვინმე ამოივლის მანქანით, ვთხოვ-ხოლმე, რომ წამიყოლოს, შენახული პენსიის გამოსართმევად.
მახსოვს 3 წლის წინ ზამთარში სულ მარტოკა ვიყავი. 3 თვის განმავლობაში ადამიანის ჭაჭანება არ იყო. ჰოდა ვიყავი მარტო და ხალიჩების და წინდების ქსოვით ვირთობდი თავს. საღამოობით ფანდურზე ვუკრავდი და ასე ვერთობოდი. მაშინ ტელევიზორიც არ მქონდა და საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, რომ მეგრძნო, ცოცხალი ვიყავი. მაშინ ვიფიქრე, ერთი პატარა კნუტი როგორ გამართობდა: დაველაპარაკებოდი, მოვუყვებოდი ჩემს ამბებს, მოვეფერებოდი...
მატყლთან მუშაობა ძალიან მიყვარს: მატყლს ვრეცხავ, ვჩეჩავ და ვართავ ძაფს. ამ ძაფებსაც მე ვღებავ. მომწონს ნაირნაირი ფერები, მახალისებს. ზამთარში მოქსოვილ წინდებს ზაფხულში ტურისტებზე ვყიდი. წკერეში ბევრი ტურისტი ამოდის, ზოგმა რუსულიც კი არ იცის და ერთმანეთს ვერაფერს ვაგებინებთ, მაგრამ იმით ვხალისობ, რომ ფოტოებს მიღებენ, თან ჩემი ნახელავიც მოსწონთ. ერთმა ტურისტმა 300 ლარის წინდა იყიდა ჩემგან, ალბათ თავისი ოჯახის წევრებისთვის. უცხოელებს უფრო მოსწონთ მატყლის ნაქსოვი ნივთები. თორემ ახლა იმდენი თანამედროვე ტანსაცმელი შემოვიდა, ვიღას ახსოვს მატყლის წინდა.
როგორც მთის მუდმივ მაცხოვრებელს, ზამთარში გაზი უფასო მაქვს. მარტო მაისიდან ოქტომბრამდე ვიხდი გაზის საფასურს. მაგრამ სახლში წყალი არ მომდის და გზის გადაღმიდან მომაქვს ვარცლებით, რომ სარეცხი დავრეცხო. გაგეცინებათ, მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს ღმერთთან, რომ როცა წამიყვანს, ზამთარში ნუ იზამს ამას. არ მინდა ხალხი შევაწუხო ამ მთის წვერზე თოვლში ფეხით ამოსვლით".
ფატიმა რომანოვა, 27 წლის, თბილისი
"დავიბადე მამრობითი სქესის, თუმცა ვარ ინტერსექს ადამიანი, ანუ ადამიანი, ვისაც აქვს xx ქრომოსომა. სხვებს ბავშვობიდანვე არ ვგავდი და ამას ყველა მატყობდა ოჯახში, მითუმეტეს იმის პირობაზე, რომ 8 დედმამიშვილიდან, სადაც 4 ბიჭია, ყველაზე გამორჩეული მე ვიყავი. ჩამოყალიბების პროცესში მეტყობოდა, რომ სხვანაირი აღნაგობა მქონდა: გამოკვეთილი წელი, მკერდი, ფეხები... ხშირად უკითხავთ ჩემზე "ეს გოგო ვისია?"
ჩაგვრა, ძალადობა, ბულინგი - ეს ყველაფერი სკოლიდან დაიწყო. კლასში კარადაში მკეტავდნენ ხოლმე, შიგნით ასაფეთქებლებს მიყრიდნენ, მიბრახუნებდნენ. მიყვიროდნენ: "რაო პიდარასტო, მოგწონს სიბნელეში? კაცი ჰო არ შემოგიგდო?" ან ჩამომაცმევდნენ ნაგვის ურნას თავზე და ცოცხებს მირტყამდნენ... ამას 13-14 წლის ბავშვები მიკეთებდნენ.
სწავლის პერიოდში სკოლის ტუალეტში ერთადერთხელ ვარ შესული, ისიც მასწავლებლების ტუალეტში. ისე მეშინოდა, რადგან ვიცოდი იქ რაც მოხდებოდა, რომ დამჩაგრავდნენ, რომ დამაშინებდნენ, რომ ცუდად მომექცეოდნენ და ისევ დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდებოდი. იყო ცრემლები, ტირილი... თუმცა, სახლში ამის შესახებ ვერაფერს ვამბობდი. ვერ ვამბობდი, რომ პიდარასტს მეძახდნენ. ამის აღიარება ორმაგად რთული იყო. შიში და სირცხვილი ახლდა ამ ყველაფერს თან.
სახლშიც იყო ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე. ჩემი ძმები, რომელთაგანაც ერთი 2 წლითაა ჩემზე უფროსი და მეორე 7 წლით, ზიზღით მიყურებდნენ, ასეთივე კომენტარებს მიკეთებდნენ. აიღებდნენ საოჯახო ალბომს და ფოტოებში ჩემს სახეს ან ამოჭრიდნენ, ან სხვა რომელიმე ცნობილი ფეხბურთელის სახეს დააკრავდნენ ხოლმე. ასევე, ერთი სათამაშო მქონდა, დათუნია, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა. სათამაშოს პლასტმასის თავი ჰქონდა. ხშირად ჩემი ძმები სწორედ ამ სათამაშოთი მცემდნენ, მირტყამდნენ, რადგან იცოდნენ, რომ უფრო მეტკინებოდა. ამას საკუთარი ძმები მიკეთებდნენ.
დღეს ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი და მხარდამჭერია დედა. ადამიანი, რომელმაც მიმიღო ისეთი როგორიც ვარ. ადამიანი, რომელიც სულ გვერდში მიდგას. არ არსებობს ჩვენს შორის საიდუმლოება, დაფარული ამბავი. დედა ყველაზე დიდი იმედია ჩემი.
თუმცა, ყველაფრისდა მიუხედავად, მე მაინც მეშინია. მეშინია, რომ ის 13-14 წლის ბიჭები, რომლებიც სკოლაში ასე მექცეოდნენ, დღეს ჩემ გარშემო არსებობენ. მეშინია, იმის განმეორების, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვიტანდი და ვითმენდი".
ნათია გვიანიშვილი, 30 წლის, თბილისი
ჩემს იდენტობას სახელი 17 წლის ასაკში დავარქვი, მაგრამ სახელის დარქმევა არ იყო ძნელი იმიტომ, რომ გააზრება რომ ლესბოსელი ვიყავი ძალიან ლოგიკური იყო. ბავშვობიდან მომწონს ქალებთან ყოფნა, სოციალურადაც და ემოციურადაც და მოზარდობაში კიდევ სექსუალური ასპექტი რომ დაემატა, ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა.
ყველაზე უარყოფითი გამოცდილება, რაც მქონია, დაკავშირებულია ჩემს ყველაზე ახლო მეგობართან. მეათე კლასიდან ერთად ვიყავით და მეგონა ყველაფერზე შემეძლო მასთან ლაპარაკი. მიუხედავად ამისა, მაინც დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მეთქვა ის, რაც წლების განმავლობაში ვიცოდი. ხანდახან ბედნიერების გაზიარება უფრო გინდება ადამიანისთვის, ვიდრე უბედურების.
მაშინ ჩემს პირველ პარტნიორთან ახალი დაწყებული მქონდა ურთიერთობა და ვიფიქრე „აი, მეგობარს ვეტყვი, რომ კარგად ვარ“, მაგრამ ისეთი „ცივი წყალი გადამასხა“, რომ ეს იყო ყველაზე უსიამოვნო გამოცდილება, რაც მქონია. ამის მერე, პრინციპში, ჩემი სამეგობრო წრეც შეიკრა თემის გარშემო. შეიძლება ეს არაცნობიერი გადაწყვეტილება იყო. იმ პერიოდში ჰეტერო ან არათემში გაცნობილი ადამიანები, ყველა ჩამოვიშორე.
დედაჩემთან ქამინგაუთი გავაკეთე 2009 წლის 3 მარტს. ეს რიცხვიც მას ახსოვდა, მე არ მახსოვდა, ამასწინათ მითხრა. ეს მას მწარედ ახსოვს იმიტომ, რომ ძალიან ცუდად იყო, როცა ვუთხარი. ასეთი მშობლების მესმის ხოლმე, რომლებმაც არ იციან, რა უნდა უქნან უცბად ამ რეალობას. დედაჩემს რაღაც დრო დასჭირდა, მაგრამ ადაპტირდა. მანამდეც არაფერი გამიგია ჩემი მშობლებისგან ჰომოფობიური. რაღაც პერიოდის მერე რისი შიშიც ჰქონდა იყო, რომ თუ რამე ლგბტ ან ფემინისტური თემატიკის მაისურს ჩავიცვამდი სახლიდან გასვლისას, ისტერიკას იმართებდა, რომ არ მეფრიალებინა მსგავსი მაისურები ქუჩაში. ამაზე ვჩხუბობდით ხოლმე.
2013 წლის 17 მაისი მერე, როცა კინაღამ ჩაგვხოცეს... თავიდან, დედაჩემი თვითონ ამბოდა აქციაზე წამოვალო, კიდევ კარგი არ წამოვიდა... ჩემი პარტნიორიც იყო აქციაზე და სანამ ის არ ვიპოვე ავტობუსში არ ავედი და დედაჩემი რომ მანდ ყოფილიყო, ძალიან ცუდი რამე მოხდებოდა. ამ ამბების მერე, ხედავდა როგორ განვიცდიდი. ერთ დილით, სახლიდან გასვლისას მორიგი ლგბტ თემატიკის მაისური ჩავიცვი, რომელსაც აწერია „Join us, stop homophobia!“. ველოდებოდი, რომ დედაჩემი ისევ რამეს მეტყოდა და საჩხუბრად მოვემზადე. დედაჩემმა შემომხედა და თქვა: "რა კარგი მაისურია, მეც მინდა". მე ტირილი ამიტყდა. მისი მხრიდან ეს მხარდაჭერის გამოხატვა იყო. სხვანაირად ეს ემოცია ვერ გამოხატა. ეს ამბავი ყოველთვის დადებითად მახსენდება.
-
გადახედვაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა
-
გადახედვაზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ ზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს მამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
-
გადახედვაადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს ადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს
-
-
გადახედვაჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან ჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან
-
გადახედვამოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა მოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა
-
გადახედვათსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ თსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ
-
-
გადახედვახავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას ხავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას
-
გადახედვალუკაშენკო: დიქტატორი არ ვარ და არც მჭირდება, ეს ამერიკელებმა მომიგონეს ლუკაშენკო: დიქტატორი არ ვარ და არც მჭირდება, ეს ამერიკელებმა მომიგონეს
-
-
-
-
გადახედვა"აღმაშფოთებელია" — ბაიდენი ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერზე "აღმაშფოთებელია" — ბაიდენი ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერზე
-
-
გადახედვასუბარის თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტს უფლებამოსილების შეჩერებას მოსთხოვს, "ოცნება" ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს სუბარის თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტს უფლებამოსილების შეჩერებას მოსთხოვს, "ოცნება" ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს
-
გადახედვახვალ, საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება ხვალ, საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება
-
გადახედვაკესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
-
გადახედვაუკრაინის პარლამენტმა სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო სხდომა გააუქმა უკრაინის პარლამენტმა სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო სხდომა გააუქმა
-
გადახედვააშშ-მ რუსეთის 50 ბანკის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა აშშ-მ რუსეთის 50 ბანკის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
კომენტარები