26 წელი პრეზიდენტად — ვინ არის ლუკაშენკო და რა ხდება ბელარუსში
"ჩვენ, ბელარუსელები, მშვიდობიანი ხალხი ვართ" — ასე იწყება ბელარუსის ეროვნული ჰიმნი. ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მახასიათებელი სწორედ ისაა, რომ ისინი ამტკიცებენ, თითქოს მათ ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ ირღვევა და ინარჩუნებენ, იცავენ შიდა ეროვნულ სტაბულურობას.
"ევროპის უკანასკნელი დიქტატორი" — ალექსანდრე ლუკაშენკოს შესახებ ასეთ შეფასებას არცთუ ისე იშვიათად შეხვდებით. აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის აზრით კი, ბელარუსი "ტირანიის ავანპოსტია". ქვეყნის ავტორიტარული მმართველის "მზრუნველობითმა" და "მფარველობითმა" მიდგომებმა, მას კიდევ ახალი ზედმეტსახელი, batka შესძინა, რომელიც მამას ნიშნავს.
9 აგვისტოს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებია და ბოლო პერიოდში პირველად, ლუკაშენკოს ძალაუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
მისი არჩევნების გზით დამარცხების შესაძლებლობა ქვეყნის ისტორიული განვითარების ფონზე საკმაოდ უჩვეულოდ ჩანს. 1994 წლის შემდეგ ყველა არჩევნებში, სადაც იგი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, მეტოქეებს გზიდან სხვადასხვა ფორმით იშორებდა. მაგალითად, 2010 წლის არჩევნებზე მასობრივი დაუმორჩილებლობის ორგანიზების ბრალდებით ოპოზიციის კანდიდატები ციხეში ჩასვა. 2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნების წინ კი, 26 წლის განმავლობაში პირველად, ლუკაშენკო სრულად ვერ აკონტროლებს მოვლენებს ბელარუსში. ქვეყანას კი შანსი აქვს, თავისი მომავალი შეცვალოს.
ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტი 1994 წელს გახდა, ამ დრომდე კი სხვადასხვა პოლიტიკურ საქმიანობაში იყო ჩართული. 1970-იან წლებში პოლიტიკური საკითხების ინსტრუქტორად იმუშავა და 5 წელი წითელ არმიაში იმსახურა. ის მუშაობდა კომუნისტთა ახალგაზრდულ ორგანიზაციაშიც. 1982-90 წლებში აქტიურად მონაწილებდა კოლექტივის საქმიანობაში, 1990 წელს კი ბელარუსის სსრ-ს პარლამენტის წევრად აირჩიეს, სადაც შექმნა ფრაქცია, სახელწოდებით კომუნისტები დემოკრატიისთვის. აღსანიშნავია, რომ 1991 წლის დეკემბერში ის იყო ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია საბჭოთა კავშირის დაშლის შეთანხმებას. 1994 წელს მან რუსეთის სახელმწიფო დუმას მიმართა თხოვნით, შეექმნათ ახალი სლავური სახელმწიფოების კავშირი. 1994 წლის შემდეგ ის მხარს უჭერდა რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობის დამყარებას და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამდა, რასაც ადასტურებს არაერთი ორმხრივი შეთანხმება. 1996 წელს მან დააჯერა ამომრჩევლები, მიეღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რითაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაიხანგრძლივა. ერთი შეხედვით, უკვე პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე ცხადად ჩანდა მისი მიდრეკილება ავტორიტარიზმისკენ. მისმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა, მათ შორის მედიაში და სამოქალაქო საზოგადოებაში განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობებმა, ბელარუსის ევროპული სამეზობლოსგან იზოლირება გამოიწვია.
ამას ემატება ისიც, რომ ლუკაშენკოს და რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტს, ბორის ელცინს, მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ, რაც შემდგომში ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში გადაიზარდა. ამას მოჰყვა 1999 წელს მათ შორის დადებული მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნას ისახავდა მიზნად.
ლუკაშენკოს პრეზიდენტობის ვადა 1999 წელს იწურებოდა, მან საქმიანობა 2001 წლამდე გააგრძელა, ხოლო 2001 წელს მეორედ იქნა არჩეული. 2004 წლიდან მან ისევ დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებაზე ფიქრი, რითაც მესამე ვადით პრეზიდენტობის უფლებას მოიპოვებდა. შედეგად, 2006 წელს მან არჩევნები მოიგო.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვანმა აქტორებმა ჩატარებული არჩევნები დაგმეს, ევროკავშირმა კი ლუკაშენკოსა და მის გარემოცვას თავის წევრ სახელმწიფოებში შესვლა აუკრძალა, 2010 წელს მან კიდევ ერთი არჩევნები "მოიგო", რომელიც ხმის მიცემის პროცედურის უხეში დარღვევებით გაიმართა. იგივე მდგომარეობა იყო 2016 წლის არჩევნებზეც.
26 წლის მანძილზე ლუკაშენკომ ბელარუსზე ინსტიტუციური კონტროლი დაამყარა — შექმნა საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის დამცავი სისტემა. ქვეყნის წამყვანი სფეროების კონტროლით ის ახერხებს პროტესტების ჩახშობასაც.
სახელმწიფო სექტორის ეკონომიკური დომინირებიდან გამომდინარე, ბელარუსელთა უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ სფეროს ჩამოშორებულია. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადია უნივერსიტეტების უდიდესი ნაწილიც — თუკი სტუდენტები პოლიტიკურ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, შეიძლება სასწავლო დაწესებულების დატოვებაც მოუწიოთ.
პროტესტის ორგანიზებას ხელს უშლის მძლავრი ბიუროკრატიული მექანიზმიც, ვინაიდან მცირე პროტესტის გამართვასაც კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნებართვა სჭირდება. ბელარუსში, ისევე როგორც სხვა პროპაგანდისადმი მოწყვლად ქვეყნებში, სადაც შეიმჩნევა რუსული რბილი ძალის პირდაპირი თუ ირიბი გავლენა, ხშირია საპროტესტო იდეის დისკრედიტაციის მცდელობებიც.
ავტორიტარული რეჟიმი ხომ სწორედ ასეთია — სისტემა, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ლიდერის ან პატარა ელიტების ხელში, რომლებიც ხშირად ქვეყანას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მართავენ. ალექსანდრე ლუკაშენკო მკვეთრად გამოხატული ავტორიტარია. ქვეყანაში პირველი და უკანასკნელი დემოკრატიული არჩევნები 1994 წელს ჩატარდა, ხოლო 2004 წლის 17 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმით მან საკუთარი თავი დაასაჩუქრა და მოიპოვა უფლება, ბელარუსის სამუდამო პრეზიდენტი გამხდარიყო.
ლუკაშენკო მმართველობის პერიოდიდანვე იყენებდა ნაცად სტრატეგიას — ავრცელებდა იდეას, რომ მის ლიდერობას ალტერნატივა არ აქვს. სისტემის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ისიც, რომ არსებობს რამდენიმე ოპოზიციური პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა მათ მთავრობა პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაციისთვის იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკო განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობით არასდროს გამოირჩეოდა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასასჯელადაც მათ ციხეში ჩასმას არ ერიდებოდა, ამ არჩევნებზე სიტუაცია გართულდა. ის წინასაარჩევნო პერიოდში არნახული წნეხის ქვეშაა — ოპოზიციის მიტინგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა იყო.
33 რუსი დაქირავებული სამხედროს დაკავებამ ქვეყანაში უპრეცენდენტო დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი. დაძაბული ვითარება მომავალ არჩევნებს უკავშირდება, რომელიც 9 აგვისტოსაა ჩანიშნული. მოსალოდნელი იყო, რომ პრეზიდენტი, რომელიც 26 წელია ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია, არჩევნებში "გამარჯვებას მოიპოვებდა". თუ აქამდე ეს სცენარი გარდაუვალი იყო, ამ კვირაში სიტუაცია შეიცვალა — ლუკაშენკო მწვავე ზეწოლას განიცდის როგორც რუსეთიდან ეკონომიკური ინტეგრაციის პირობების გამო, ასევე დასავლეთიდან ადამიანის უფლებებზე განხორციელებული ზეწოლის გამო.
"ლუკაშენკოს ისტორიაში პირველად სამ ფრონტზე უწევს ბრძოლა" — აცხადებს ალექსანდრ ფედუტა, პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც 1990-იან წლებში ლუკაშენკოს დამხმარედ მუშაობდა.
კუთხეში მიმწყვდეული ლიდერი, ამ კვირაში მასობრივი პროტესტის საპასუხოდ, სამხედრო ბაზაში არეულობის ჩასახშობად განკუთვნილ სამხედრო შენაერთებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ ქუჩის პროტესტების უბრალოდ არ დაუშვებდა.
ბელარუსში აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სხვადასხვა განცხადება კეთდება.
ფედუტა ლუკაშენკოს ქმედების ნებისმიერ შედეგს ლიდერისთვის წამგებიან ვარიანტად განიხილავს: "თუ ის არ ისვრის (იგულისხმება პროტესტის ძალადობრივი გზით ჩახშობა), ეს მის სისუსტეზე მიუთითებს, ხოლო თუ ისვრის, ეს მისი პოლიტიკური სიკვდილი იქნება".
9 აგვისტოს ჩანიშნული არჩევნები უდავოდ საინტერესო იქნება. გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ არ მოუწოდებს, თუმცა თუკი ეს მისგან დამოუკიდებლად მოხდება, პროტესტს აუცილებლად შეუერთდება.
თავად ტიხანოვსკაიას წინასაარჩევნო კამპანია მარტივ დაშვებებზე დგას: გამოუშვან ციხიდან პოლიტიკური პატიმრები და ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ მის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეებს არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირება შეუზღუდა, ოპოზიციის მთავარი იმედების წყარო სვეტლანა ტიხანოვსკაიაა, რომელიც ერთადერთი კანდიდატია მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკურად გააქტიურება მეტწილად პერსონალურ მოტივებს ეფუძნება — მისი ქმარი, პოპულარული ოპოზიციონერი ბლოგერი, სერგეი ტიხანოვსკი, მაისის შემდეგ რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლია და ციხეში ზის.
ოპოზიციის მთავარი სახეების აზრით, ლუკაშენკო ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ტიხანოვსკაიას ოპოზიციური ფლანგის ორი მთავარი ქალი აქტივისტი შეუერთდა, რაც ბელარუსის პატრიარქალურ პოლიტიკურ ლანდშაფტში საკმაოდ უჩვეულოდ ჩანს.
"დამოუკიდებლობა ჩვენი მთავარი ღირებულებაა, ჩვენ არ ვყიდით მას, ჩვენ არ ვვაჭრობთ თავისუფლებით", — აცხადებს ტიხანოვსკაია.
ოპოზიციური ფლანგი რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას თვლის, "თუმცა დამოკიდებულების შემცირება ეფექტური ეკონომიკურის სისტემის ქონას საჭიროებს".
"20 წლის მანძილზე რაც მუშაობდა, ისიც აღარ მუშაობს, სწორედ ესაა, რის გამოც მთელი ერი საპროტესტო სულისკვეთებით გაერთიანდა", — ამბობს ოპოზიციის მთავარი ლიდერი.
როგორც აღვნიშნეთ, სამოქალაქო პროტესტი უპრეცენდენტო მასშტაბებს აღწევს. 19 ივლისს მინსკში გამართულ დემონსტრაციაზე 10 000 ადამიანი იყო, ხოლო იგივე ქალაქში 11 დღის შემდეგ საპროტესტო ტალღას 63 000 ადამიანი შეუერთდა. თუმცა ქვეყანაში საპროტესტო სულისკვეთება დღითიდღე იზრდება-ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 6 აგვისტოს უფრო მასშტაბური პროტესტის ჩატარებას გეგმავენ.
ხმის მიცემის პროცესი ბელარუსში ლუკაშენკოს მიერ მკაცრად კონტროლდება. ერთადერთი წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაქვეყნა, ამჟამინდელი პრეზიდენტი 72.3%-ით იგებს. სხვა, ოპოზიციური მედიის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, არჩევნების შედეგებს მეორე ტური გადაწყვეტს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი აქამდე ლუკაშენკოს ტრადიციული მოკავშირის, რუსეთის იმედი ჰქონდა, ბოლო პერიოდში მათ შორის ურთიერთობების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება. ამის მიზეზი მათი ეკონომიკური კავშირები გახდა — ისინი ვერ შეთანხმდნენ ნავთობპროდუქტებით მომარაგების კონტრაქტის პირობებზე.
ამასთან, ლუკაშენკომ თავისი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი, მასზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებაში და მისი მეტოქე ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამას ემატება ისიც, რომ გასულ კვირას მინსკში 33 რუსი სამხედრო დააკავეს, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმის მოწყობასა და ამით პოლიტიკურ ცხოვრებაში დესტაბილიზაციის შეტანას აპირებდნენ. რუსეთის მტკიცებით, სამხედროები, რომლებიც მინსკში დააპატიმრეს, ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მიდიოდნენ და ბელარუსის ტერიტორიაზე უბრალოდ გავლით მოხვდნენ.
ალექსანდრ ფედუტას აზრით, "ლუკაშენკო ცდილობს აჩვენოს, რომ თუკი მის არჩევნებს ვინმე წინააღმდეგობას უწევს, ისინი რუსეთიდან არიან ინსპირირებულნი". აღსანიშნავია, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მოჰყვა ლუკაშენკოს საჯარო გამოსვლა, სადაც სცადა, რომ საკუთარი თავი პუტინისგან განსხვავებულ კონტექსტში წარმოეჩინა.
არსებობს მოსაზრებაც, რომ პროტესტის ტალღის გაღვივება ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებულმა საკითხებმაც გამოიწვია. ლუკაშენკო თავდაპირველად ბელარუსში Covid-19-ის გავრცელებას უარყოფდა, თუმცა ახლანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 70 000 მდეა. BBC-ის კორესპონდენტის, სარა რაინსფორდის განცხადებით, მიმდინარე პროტესტმა გამოავლინა ღრმა უკმაყოფილება როგორც ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმისადმი, ისე მისი არასერიზოული დამოკიდებულებისადმი კორონავირუსის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკომ 1994 წლიდან არჩევნების შედეგებზე არასამართლიანი ზეწოლით თუ პირადი ინტერესის გამო კონსტიტუციური შესწორებების მიღებით, ყველა არჩევნები მოიგო და ევროპის დიქტატორის ტიტულიც მოიპოვა, 2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნებზე უპრეცენდენტო გამოწვევის წინაშე დადგა. მასობრივი პროტესტი, რომელიც ერთი მხრივ, პოსტპანდემიურ ეკონომიკურ სტაგნაციას და მეორე მხრივ, მთავრობის მიერ პრობლემების უგულებელყოფას ეფუძნება, არჩევნებზე უდიდეს გავლენას მოახდენს. თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ არჩევნებზე არ იქნებიან დამოუკიდებელი დამკვირვებლები, რაც ოპტიმისტური ვარაუდის თამამ საფუძველს არ იძლევა. საბოლოოდ, ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში და რამდენად ძლიერი იქნება საპროტესტო მუხტი, თუკი არჩევნებს ლუკაშენკო მოიგებს.
კომენტარები