როგორ შეცვალა COVID-19-მა მომხმარებლების ქცევა — Visa-ს კვლევა
Visa-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიცვალა მომხმარებლების ჩვევები და ქცევა მსოფლიოში დამკვიდრებული მუშაობის ახალი ნორმების ფონზე. აღნიშნული კვლევისთვის Visa-მ გამოკითხვა 40 ქვეყანაში, მათ შორის სინგაპურშიც ჩაატარა.
კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (59%) უპირატესობას უნაღდო ანგარიშსწორებას ანიჭებს და ამისთვის პლასტიკურ ბარათებსა და მობილურ აპლიკაციებს იყენებს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 68% ანგარიშსწორების ციფრული მეთოდების გამოყენებას პანდემიის დასრულების შემდეგაც აპირებს.
"ჩვენი კვლევის მიზანი იყო, უფრო ღრმად შეგვესწავლა მომხმარებლების ქცევის ცვლილებები არსებულ რეალობაში. ადამიანები ამ პერიოდში სულ უფრო მეტად იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს, COVID-19-მა კი ამ პროცესს მხოლოდ ხელი შეუწყო" , — აღნიშნავს Visa-ს რეგიონალური მენეჯერი სინგაპურსა და ბრუნეიში, კუნალ ჩატერჯი.
ახალ რეალობაში მრავალმა მომხმარებელმა პირველად გამოიყენა ელექტრონული კომერციის პლატფორმა და შედეგად, დიდი ალბათობით, ონლაინ შოპინგი მსოფლიოში სულ უფრო დიდ პოპულარობას მოიპოვებს. მიღებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ სინგაპურელთა 40% მომავალში უფრო ხშირად მიმართავს ონლაინ შოპინგს, რაც ემთხვევა გლობალურ ტენდენციებს, სადაც იგივე პასუხი გამოკითხულთა 32%-მა გასცა.
"ჩვენ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Visa-ს ყოველი მეხუთე მომხმარებელი, რომელსაც 2019 წელს არცერთხელ არ გამოუყენებია ელექტრონული კომერციის პლატფორმა, წელს პირველად ყიდულობს ნივთს ინტერნეტის საშუალებით. ისინი, ძირითადად, ყიდულობენ საკვებს, ფარმაცევტულ პროდუქციას და ფარავენ სატელეკომუნიკაციო ხარჯებს. მომხმარებლები ასევე ინტერნეტ მაღაზიებითა და ფასდაკლებების ვებგვერდებითაც სარგებლობენ. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ელექტრონული კომერციის მოხმარება ფიზიკურ მაღაზიაში შოპინგთან შედარებით 10-ჯერ სწრაფად იზრდება", — ამატებს კუნალი.
მართლაც, სინგაპურში გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ ონლაინ შოპინგის დროს მათ უფრო კარგი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიაში მისვლის დროს. აღნიშნული შედეგები ემთხვევა სხვა ქვეყნებში ჩატარებულ გამოკითხვას, სადაც იმავეს რესპოდენტთა 35% აცხადებს.
"იმ ფონზე, როცა მომხმარებლები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ონლაინ შოპინგს, Visa-სთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ბიზნესთან, რათა გავაუმჯობესოთ ციფრული გამოცდილება, რაც უსაფრთხოებას, კომფორტსა და სიმარტივეს გულისხმობს", — აცხადებს კუნალი.
მომხმარებლები ყველაფერთან ერთად უფრო ეკონომიურებიც გხდნენ. გამოკითხულ სინგაპურელთა 65% დიდ ყურადღებას აქცევს პროდუქციის ფასს — მსოფლიოში გამოკითხულთა შორის იგივე პასუხი 59%-მა გასცა. სინგაპურში გამოკითხულთა 51% პროდუქციის ფასზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს, მსოფლიოს მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 45%-ია.
"ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული შედეგები ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობას საგადასახადო ეკოსისტემის ფარგლებში და მის გარეთ. Visa განაგრძობს საკუთარი მონაცემების დამუშავებას, ინოვაციური პრაქტიკული გადაწყვეტების დანერგვასა და ჩვენი გლობალური ქსელის გამოყენებას კომპანიების მხარდასაჭერად ეკონომიკის აღდგენის პერიოდში", — აცხადებს კუნალი.
კომენტარები