ქვა, რომელიც 600 ათასი წლის შემდეგ მარსზე ბრუნდება
ქვის პატარა ნაწილი მიმდინარე კვირაში კოსმოსში გაიტყორცნება. მარსის ქვის ნაწილი პაწაწინა მონეტის ზომისაა და იგი 30 ივლისს წითელი პლანეტისკენ მარსის როვერთან ერთად გაეშვება.
ინჟინრების თქმით, ქვას, რომელიც ლონდონში მდებარე ისტორიის მუზეუმის შემოწირულობაა, Perseverance-ზე არსებული დეტექტორების შემოწმებისთვის გამოიყენებენ — მას შემდეგ, რაც იგი წითელ პლანეტაზე დაეშვება და წარსულში არსებული სიცოცხლის ნიშნების ძებნას დაიწყებს.
"როდესაც ინსტრუმენტებს რთავ, სანამ მათ უშუალოდ კვლევის დროს გამოიყენებ, საჭიროა, რომ ისინი შემოწმდნენ. მათი შემოწმება კი ისეთ უცხო ნივთიერებებზე გიწევს, რომელთა შესწავლასაც აპირებ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ინსტრუმენტების შესამოწმებლად ისეთი ქვის გამოყენება, რომელიც იქ წარმოიქმნა, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა", — განაცხადა პროფესორმა კაროლინ სმიტმა.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ქვა, რომელსაც როვერთან ერთად აგზავნიან, მარსზე წარმოიქმნა: "პაწაწინა გაზის ბუშტუკებს, რომლებიც მეტეორიტის შიგნით არიან დატყვევებულები, ზუსტად მარსის ატმოსფეროს შემადგენლობა აქვთ, სწორედ აქედან ვიცით, რომ ქვა მარსიდანაა".
მკვლევრები ფიქრობენ, რომ მარსელი მეტეორიტი მაშინ წარმოიქმნა, როდესაც ასტეროიდი ან კომეტა პლანეტას დაახლოებით 600-700 ათასი წლის წინ დაეჯახა და ნარჩენები კოსმოსში გავრცელდა. ერთ-ერთი ნაწილი კი დედამიწაზე აღმოჩნდა. მეტეორიტი ცნობილია როგორც SAU 008 და იგი 1999 წელს ომანში აღმოაჩინეს, შემდეგ კი ისტორიის მუზეუმში მოათავსეს.
Perseverance-ზე არსებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი, Sherloc, მარსზე არსებული ქვების ქიმიურ შემადგენლობას შეისწავლის და დაადგენს, შეიცავენ თუ არა ისეთ ორგანულ ნივთიერებებს, რომლებიც ოდესღაც არსებულ სიცოცხლეზე მიგვანიშნებს.
"ეს ქვა, რომელიც მარსზე იგზავნება, სპეციალურად შევარჩიეთ, რადგან იგი საჭირო ნივთიერებებს შეიცავს და ასევე ძალიან მაგარია. ზოგიერთი სხვა მარსული მეტეორიტი, რომელიც ჩვენ მოგვეპოვება, ძალიან სუსტია", — აცხადებს სმიტი.
როდესაც როვერი საკვლევად საინტერესო ქვებს ამოარჩევს, იგი მათ მოაგროვებს, შემდეგ კი სხვა დაგეგმილი მისიის ფარგლებში ისინი დედამიწაზე ანალიზისთვის ჩამოვა.
კომენტარები