1 400 წლის ვიკინგის ძვლები, რომელსაც ყვავილის ვირუსი აღმოაჩნდა
მეოცე საუკუნეში ყვავილის ვირუსმა დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი შეიწირა. ვარიოლას ვირუსით გამოწვეული დაავადება, საბედნიეროდ დღეს, დამარცხებულია, თუმცა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ის ყველაზე დამანგრეველი და მომაკვდინებელი ვირუსი იყო.
ჩრდილოეთ ევროპაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ვიკინგის ძვლებს კბილებში ყვავილის ვირუსის აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩნდა.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ვირუსის ეს შტამი მისი "შთამომავლობისგან" ძალიან განსხვავდება. მას სხვანაირი გენეტიკური თანმიმდევრობები და აქტიურ-არააქტიურ გენთა კრებული აქვს.
"ვირუსები სხვადასხვა გზით უფრო საშიშ ან მსუბუქ შტამებად მუტირდებიან. ეს აღმოჩენა ვარიოლა ვირუსის ევოლუციის კურსის გაგებაში დაგვეხმარება", — ამბობს კვლევის თანაავტორი ბარბარა მიუჰელმანი.
ყვავილი ადამიანებში ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ახალ აღმოჩენამდე, დაავადების ყველაზე ადრეული შემთხვევა 1600-იან წლებში ფიქსირდებოდა. ახალი გათხრების შედეგად კი ვირუსი 1 400 წლის ვიკინგების სამარხებში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ვიკინგების ცხოვრების სტილი ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობდა.
"ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ვიკინგები მთელი ევროპის გარშემო მოგზაურობდნენ. ახლა კი ისიც ვიცით, რომ მათ ამ დროს ყვავილი გადაჰქონდათ", — ამბობს არქეოლოგი ესკე ვილერსლევი.
საიდან გაჩნდა ეს ვირუსი, დღემდე უცნობია. მეცნიერებმა ისიც არ იციან, როგორ გავრცელდა ყვავილი ადამიანებში. წამყვანი ჰიპოთეზის თანახმად, ყვავილი, COVID-19-ის მსგავსად, თავდაპირველად ცხოველებში გამოჩნდა.
"ყვავილი აღმოიფხვრა, თუმცა ცხოველებიდან ახალი შტამი შეიძლება ნებისმიერ დროს გავრცელდეს", — ამბობს ვილერსლევი, — "იმ დაავადებების გათვალისწინებით, რომლებსაც ადამიანის მოდგმა ისტორიის განმავლობაში გადაჰყრია, ის, რაც არსებული ვირუსების და პათოგენების შესახებ 2020 წელს ვიცით, ზღვაში წვეთია".
კომენტარები