COVID-19-ის ვაქცინების გვერდით მოვლენებზე მეტად ღიად უნდა ვისაუბროთ — Wired
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შედეგად, ისეთი ვაქცინის შემუშავება, რომელიც ახალ დაავადებას გაუმკლავდება, კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.
ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ეს პროცესი ძალიან დაჩქარებულად მიმდინარეობს. ამ დროისთვის რამდენიმე ექსპერიმენტულ ვაქცინაზე მიდის მუშაობა. ამჟამინდელი მონაცემებით, ბევრი მათგანი საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა, Wired-ის რეპორტაჟის მიხედვით, ფარმაცევტული კომპანიები გვერდით მოვლენებთან ასოცირებული რისკების სერიოზულობას სრულად არ აჩვენებენ.
ამ პერიოდისთვის ტესტირების ბოლო ფაზაზე გადავიდა ამერიკული ბიოტექნოლოგიების კომპანიის, Moderna-ს ვაქცინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 30 ათას მოხალისეზე გამოიცდება. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კი ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა, შესაძლოა, სექტემბრისთვის იყოს მზად. მეცნიერები ვაქცინას "უსაფრთხოს" უწოდებენ და დასძენენ, რომ მას მსუბუქი გვერდითი მოვლენები აქვს.
თუმცა, Wired-ის მიხედვით, შესაძლოა, გვერდითი მოვლენების "სიმსუბუქეზე" ხაზგასმა უბრალო პიარ კამპანია იყოს. რეალური რისკების "მსუბუქი გვერდითი მოვლენების" ევფემიზმით შენიღბვა კი საბოლოო ჯამში საზოგადოების ვაქცინაციის მიმართ განწყობაზე, დიდი ალბათობით, უარყოფითად აისახება. თუ ბაზარზე ვაქცინის გაშვების შემდეგ გვერდითი ეფექტები იმაზე მძიმე აღმოჩნდება, ვიდრე ამას ამა თუ იმ ფარმაცეპტულ კომპანიაში აცხადებდნენ, საზოგადოებამ, შესაძლოა, მისადმი ნდობა დაკარგოს.
Wired-ის სტატიის მიხედვით, სიმპტომების სიმძიმე-სიმსუბუქეს უშუალოდ ფარმაცევტული კომპანიები თავისით განსაზღვრავენ. ამასთან, ისიც ვიცით, რომ მონაცემების მიხედვით, ოქსფორდის ჯგუფის შემუშავებულმა ვაქცინამ მოხალისეების 10%-ში 38 სიცხე და გახანგრძლივებული თავის ტკივილები გამოიწვია.
Wired-ის სტატიაში ნათქვამია, რომ პოტენციური ვაქცინის სარგებელი მის გვერდით მოვლენებს ნამდვილად გადაწონის. თუმცა იმისთვის, რომ მომავალში ვაქცინაცია მასობრივი ხასიათის იყოს, საზოგადოებამ ვაქცინის შესახებ ყველა დეტალი უნდა იცოდეს.
კომენტარები